Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის დღიურები. გიორგი სხირტლაძე. შვედურ-ქართული ღვინის კლუბ „მარანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი

ორშაბათი, 23 ნოემბერი.

გიორგობის დილა გათენდა. 

დილის 6 საათია. უნდა მოვასწრო რესტორანში მისვლა. ხვალიდან პრაქტიკის დღეები მეწყება გოტებორგის საუკეთესო რესტორან Sjomagasinet-ში, ბევრმა ჩემმა მეგობარმა არ იცის, რომ პროფესიას ვიცვლი… მერე სერბულ ეკლესიაში უნდა მივიდე, სანთლები დავანთო, სამწუხაროა, რომ სხვა მართლმადიდებლები არ ზეიმობენ გიორგობას 23-ში. 

გარეთ ტიპიური შვედური ნოემბრის ამინდია - მოღრუბლული, ნისლიანი. წლის ყველაზე ცუდი თვეა შვედეთში. დაიწყო ეს კვირაც და სულ ექვსი დღე რჩება ქართული ღვინის პრეზენტაციამდე.  

ტრამვაით ვიმგზავრე რესტორნამდე. რესტორნის ერთ–ერთი მეპატრონე დამხვდა, გუსტავი. დამათვარიელებინა რესტორანი, გულდასმით ამიხსნა, თუ სად რა მდებარეობდა - მაცივრები, საყინულე, მშრალი ოთახები. მერე სამზარეულო დამათვარიელებინა. სულ ოთხი მოსამზადებელი განყოფილებაა სამზარეულოში - ორი  ცხელი და თითო-თითო დესერტისა და ცივი საჭმელებისთვის. არ ვიცი საქართველოში რესტორნებში როგორ არის, არ ვარ ნამყოფი მათ სამზარეულოში და შედარებას ვერ გავაკეთებ. 

მოვიდა Ulf Wagner რესტორნის მეპატრონე, გავიცანით ერთმანეთი და მისურვა წარმატებები სამკვირიან პრაქტიკაში.

Ulf Wagner ადრე მხოლოდ ტელევიზორით მყავდა ნანახი. ძალიან ცნობილი შეფმზარეულია შვედეთში  და ასევე ძალზე სახელგანთქმული სომელიეცაა. მის რესტორანს ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის სარდაფი აქვს შვედეში, ღვინოების ფასი 11000 კრონას აღწევს. იგი ბევრ გადაცემაში იღებს მონაწილეობას. ამ ადამიანის ოსტატობის წყალობით მოიპოვა რესტორანმაც მიშლენის ვარსკვლავი. 

 

სამშაბათი, 24 ნოემბერი

ლინდამ გამაღვიძა, დილის ექვსი საათია. პრაქტიკა მეწყება, რესტორანში უნდა წავიდე, რვის ნახევარზე იქ უნდა ვიყო. 

მე და ლინდა უკვე თორმეტი წელია, რაც დავოჯახდით. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი პირველი გაცნობა. საქართველოში როცა ვცხოვრობდი, არ ვიყავი ეკლესიური, ასე რომ ვთქვათ. მარტო გიორგობას და აღდგომის წინა ღამეს მივდიოდით ეკლესიაში, სანთელი რომ დამენთო,  ეს მოდა იყო -  აუცილებლად ლიტანიობას უნდა ავსულიყავით და სამჯერ დამერტყა წრე ეკლესიისთვის. შვედეთში ჩამოსვლისას გადავწყვიტე მართლმადიდებლული ეკლესიის მოძებნა, რომ სანთელი დამენთო, ვიპოვე სერბული ეკლესია და დავიწყე ამ ეკლესიაში სიარული. შემდეგ გავიგე, რომ ერთმა შვედმა ბერმა გოტებორგთან ახლოს ქალაქ ბოროსში იყიდა ადგილი და დააარსა მონასტერი. გადავწყვიტე რამდენიმე ხნით წასვლა და მონასტერში დარჩენა, გავიცანი მამა დოროთე, და ერთი კვირით იქ დავრჩი. მამა დოროთე მაძლევდა უფლებას, ქართულად წამეკითხა ფსალმუნები და ეს შინაგან სიხარულს მანიჭებდა.

ერთხელაც, ამ მონასტერში მოვიდა ლინდა და მართმადიდებლობის უფრო კარგად გაცნობა დაიწყო. ჩემი მეუღლე ეროვნებით შვედია და პროტესტანტულ ოჯახშია გაზრდილი. მისი მამა პროტესტანტული ეკლესიის მღვდელი იყო. ლინდამ გადაწყვიტა, მართლმადიდებელი გამხდარიყო და ეკლესიაში ყოველ კვირას მოდიოდა. ასე დავუახლოვდით ერთმანეთს. ერთი წლის თავზე ლინდა მოინათლა და რამდენიმე თვეში ჯვარიც დავიწერეთ. ჩვენს ჯვრისწერაზე სერბულ ეკლესიაში სამი საულიერო პირი იღებდა მონაწილეობას - მათ შორის, ქართველი მღვდელი, მამა მამუკა, რომელიც საგანგებოდ მოვიწვიეთ მიუნხენიდან. 

მე და ლინდა

პრაქტიკის  პირველმა დღემ კარგად ჩაიარა. 

საღამოთი ინგას უნდა დაუკავშირდე, ღონისძიების მოსამზადებლად სურსათი უნდა შევიძინოთ, ინგა ჩვენი კლუბის საბჭოს წევრია და კულინარიულ მხარეს განაგებს, მე ვერ ვასწრებ და ლინდას ვთხოვე, რომ ინგას საყიდლებზე მიეხმაროს.

 

ოთხშაბათი, 25 ნოემბერი

ტელეფონის მაღვიძარამ გამაღვიძა, დილის ექვსი საათია და რესტორანში წასასვლელად უნდა მოვემზადო. ხვალ მალხაზი (ხარბედია) ჩამოდის და აეროპორტში უნდა დავხვდე. 

შვედეთში ყოფნის პირველივე დღიდან ვცდილობდი, შემექმნა რამე ქართული. ვინც იცის, რა არის ემიგრაცია, კარგად მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. რამდენჯერ გამჩენია დანანების გრძნობა აქ ყოფნის დროს, როცა ეკლესიაში საღვთო ლიტურგიას ვისმენდი უცხო ენაზე; რამდენჯერ მომნატრებია ქართული გალობა და წირვა-ლოცვა. ალბათ, ამან გადამაწყვეტინა, თავიდან დამეწყო ქართული სამრევლოს ჩამოყალიბება. გოტებორგში  პირველი ლიტურგია ქართულად ჩვენი ჯვრისწერის დროს შესრულდა. 2005 წელს საპატრიარქოს ნებართვით და მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ჩამოვაყალიბეთ წმინდა ნინოს სამრევლო შვედეთში, 10 წელი იმოქმედა ჩვენმა სამრევლომ და ამ პერიოდში ბევრ ქართველ ემიგრანტს გაუხარა გული. შეძლებისდაგვარად, ვახერხებდით სასულიერო პირის მოწვევას საქართველოდან, რომ ჩაეტარებინათ საღვთო ლიტურგია. 

ღვინის კლუბის დაარსების შესახებ იდეა პირველად მას შემდეგ გამიჩნდა, როცა გავიგე ახალი ღვინის ფესტივალის შესახებ. დავუკავშირდი მალხაზს და მოვუყევი ჩემს იდეაზე. მან დახმარება აღმითქვა და 2013 წელს პირველად ახალი ღვინის ფესტივალზე შევხვდით. 

შვედეთში ალკოჰოლის გაყიდვის მონოპოლია სახელმწიფოს აქვს აღებული და სასმელების ყიდვა შეიძლება მხოლოდ Systembolaget-ის სპეციალურ მაღაზიებში. ბოლო ხუთი წელია, რაც შვედებმა დაიწყეს კარგი ღვინის დაფასება. ადრე უფრო ლუდს ეტანებოდა ხალხი და იაფ ჩილეს, ან ესპანურ ღვინოს. Systembolaget-ის მაღაზიებში რომ გაიყიდოს ღვინო, საჭიროა გაიაროს სპეციალური კომისია, თუ რამდენად აკმაყოფილებს აქაურ სტანდარტებს და რამდენად პოპულარულია ამ ქვეყნის ღვინო. ასეთ კომპანიებს, მინიმუმ, 10 000 ბოთლის შემოტანა უნდა შეეძლოთ ყოველ წელს.  ქართული ღვინის კომპანიებს ამიტომ უჭირთ შვედეთის ბაზარზე დამკვიდრება. არის რამდენიმე იმპორტიორი შვედეში, რომლებმაც ძალიან დიდი ფული ჩადეს ამ საკითხში, მაგრამ უშედეგოდ. აქ ჯერ უნდა გააცნო ქვეყანა, მისი კულტურა და ღვინის ისტორია და ამ პროცესში შესთავაზო ღვინო. მე ეს გზა ავირჩიე და ჩემს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე, დაგვეარსებინა ქართული ღვინის კლუბი „მარანი“. მიზნად დავისახეთ საქართველოსა და ქართული ღვინის პოპულარიზაცია შვედეთში. ჩვენ ვცდილობთ, შვედეთის ბაზარზე ნიადაგი მოვუმზადოთ ქართული ღვინის კომპანიებს. ჩვენი კლუბი არაკომერციულია. ამ კლუბის შექმნაში დიდი დახმარება გამიწიეს ჩემმა მეგობრებმა - წარსულში ვოლვოს PR-მენეჯერმა - მერილ ბუმანმა და ელექტრონული მაღაზიების ქსელების - netonnet-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მათიას კნუტსსონმა. მათ უცებ აიტაცეს ჩემი იდეა და მირჩიეს უფრო ფრთხილი და შედეგიანი გზა. ამას ცოტა უფრო მეტი დრო სჭირდება, მაგრამ შედეგი მოაქვს.

 

ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 

დღეს მალხაზი ჩამოდის,  წავედი სისტემბოლაგეთში და აქაური მცირე ლუდის სახარშის მიერ წარმოებული ლუდები ვიყიდე. მინდა მალხაზს გავასინჯო აქაური, განსხვავებული ლუდი. 

საღამოს ხუთ საათზე დავხვდი მალხაზს. ძალიან კმაყოფილია - პირველად არის შვედეთში. წამოვედით აეროპორტიდან და უცბად, აღმოვაჩინეთ, რომ საოცრად დიდი მთვარე ანათებდა. პირველად ვხედავდი ამხელა მთვარეს, საოცარი იყო!

ჩამოუწია ფანჯარას. აწვიმს, მაგრამ მაინც ღრმად ისუნთქავს შვედურ სუფთა ჰაერს თბილისის არცთუ ეკოლოგიური ჰაერის შემდეგ.

ვივახშმეთ, ცოტაც დავლიეთ და გავედით გიოტებორგის დასათვალიერებლად. გიოტებორგი ძალიან გავს თბილისს და უბნებიც დაახლოებით ისეა განლაგებული, როგორც თბილისში. ჩემს საყვარელ ბარშიც მივედით -The Bishops Arms-ში. აქ ხშირად დავდივარ ხოლმე. თითო ტრაპისტის ლუდი მივირთვით და ხვალინდელ გეგმებზე ვისაუბრეთ. 

მეორე დღეს მისასვლელი ვართ დიქსონის სასახლეში, სადაც საღამო ტარდება. საბოლოოდ უნდა შევამოწმო, რომ ყველაფერი რიგზეა. სისტემბულაგეთში საფერავი შევუკვეთე, თავი დავიზღვიე - სტუმრებს რომ არ ეყოთ...

 

პარასკევი, 27 ნოემბერი

ავდექით დილის 9 საათზე. ლინდამ საუზმე გაგვიმზადა. მალხაზი კმაყოფილია, კარგად დაისვენა. ვისაუზმეთ. 12 საათზე უნდა მივიდეთ დიქსონის სასახლეში, 11:15-ია. სუზანა დამხვდა დიქსონის სასახლეში - ვისაც გაქირავების საკითხი ეხება. დავათვალიერეთ კიდევ ერთხელ, შევამოწმე, რომ ყველაფერი რიგზეა და წამოვედით.

 

შაბათი, 28 ნოემბერი 

ეს დღეც გათენდა.  

მეორედ ვატარებთ ასეთ პრეზენტაციას, პირველად 19 თებერვალს გავაკეთეთ და მოწვეული გვყავდა ხოხბის ცრემლების ერთ-ერთი დამფუძნებელი ერიკ ანდერმო, რომელმაც წარუდგინა ხოხბის ცრემლების რამდენიმე სახეობის ღვინო. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში. 

შემდეგი დეგუსტაცია აპრილში გვქონდა დაგეგმილი. მოწვეული გვყავდა  რამდენიმე რესტორნის სომელიე და მფლობელები, ასევე კლუბის წევრები, მაგრამ გავაუქმეთ ეს ღონისძიება. მალხაზმა ბევრი იშრომა, თბილისში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მოგვიგროვა ღვინოები, მაგრამ ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა. ძალიან შევრცხვი ღვინის სააგენტოსთან, რომ ვერ მოვახერხეთ ტრანსპორტირება. ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა.

საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ელჩთანაც, ბატონ კონსტანტინე ქავთარაძესთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ადრე ბევრი ღონისძიება ჩაგვიტარებია ერთად და მომავალშიც ჰქონდა სურვილი, რომ დაგვხმარებოდა ღონისძიებების ჩატარებაში. თუმცა, ისე მოხდა, რომ ამჟამად უარი გამომიცხადა დახმარებაზე, მოიმიზეზა უდროობა და მერე საერთოდ ტელეფონზეც არ მპასუხობდა. არადა, ჩვენ მისგან არაფერს ვითხოვდით, ყველანაირ ხარჯს ღვინის კლუბი - „მარანი“ იხდიდა. ამის გამო აპრილის ღონისძიება ჩაგვეშალა სამწუხაროდ.

ამჟამად, საელჩოს თანამშრომლების ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა საგარეო საქმეთა სამინიტროსთან შუამდგომლობა, რომ დიპლომატიურო ფოსტით მომხდარიყო ღვინის ტრანსპორტირება. ამჯერადაც ყველანაირი ხარჯები ჩვენმა კლუბმა გასწია. მალხაზმა და ჩემმა მეგობარმა, გიორგი მახარაძემ, დიდი დახმარება გასწიეს ტრანსპორტირების ორგანიზებაში. 

დეგუსტაციამდე ორი კვირით ადრე, კულტურის ატაშემ შვედეთში - ანუკი სტურუამ შემატყობინა, რომ ღვინოები ჩამოვიდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მე და ანუკი უკვე 15 წელია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ის ადრე გიოტებორგში სწავლობდა და ცხოვრობდა.  

ანუკის მივწერე, რომ მეორე დღეს სტოკჰოლმში ჩავიდოდი ღვინოებზე, დილით ადრე მომიწია წასვლა. დაახლოებით 4 საათი უნდა გიოტებორგიდან სტოკჰოლმამდე. მივედი საელჩოში და ყველა გახარებული და  ღიმილიანი დამხვდა. ბატონმა გივიმ, საელჩოს თანამშრომელმა გამომიტანა ღვინოები და მომეხმარა მანქანაში ჩალაგებაში. გიოტებორგში გვიან ჩამოვედი. 

დიქსონის სასახლეში 12 საათისთვის მივედით. მე და მალხაზმა დავიწყეთ მაგიდების დალაგება. გადმოვიტანე ღვინოები, შევუდექით ჭიქების დაწყობას, დავგეგმეთ საღამო.

ლინდას ვთხოვე, ინგას მოსაყვანად წასულიყო, ამასობაში მათიასიც მოვიდა, პროექტორი და ტექნიკური საკითხები მას ევალებოდა. როგორც იქნა, ყველაფერი გავასწორეთ. მაგიდებიც გაწყობილია – ჭიქები, ქულერები, წყალი და ა.შ.. ამასობაში ინგა და ლინდაც მოვიდნენ და კერძებიც მოიტანეს. 

ერთი საათია დარჩენილი, საელჩოს თანამშრომლები ჩამოვიდნენ სტოკჰოლმიდან. ანუკი და გიორგი ოჯახებთან ერთად მოვიდნენ. ანსამბლ „დოლურის“ წევრებიც რეპეტიციას გადიან. 

მოახლოვდა საღამოს 5 საათი და პირველი სტუმრებიც მოვიდნენ, ყველაფერი მზად იყო დასაწყებად. მივიპატიჟეთ სტუმრები და ღონისძიება ანსამბლ „დოლურის“ ბრწყინვალედ შესრულებული მრავალჟამიერით გაიხსნა. შემდეგ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადავუხადე მობრძანებისთვის და ჩვენი კლუბის შესახებ მოვუყევი. 

ამის შემდეგ მალხაზმა სტუმრებს უამბო საქართველოსა და ქართული ღვინის ისტორიის შესახებ. დავიწყეთ ღვინის დეგუსტაცია. შიგადაშიგ იყო სიმღერები დოლურის შესრულებით. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.

 

კვირა, 29 ნოემბერი

10 საათზე გავიღვიძე. გუშინ გვიანობამდე ვალაგებდით დარბაზს. შევაჯამეთ გუშინდელი ღონისძიება. მალხაზიც და მეც კმაყოფილები ვართ, ასეთი საღამოები შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ფაქტობრივად, ჩვენი ღვინის კლუბი „მარანი“ ერთადერთია საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელიც ოფიციალურად მოქმედებს როგორც ღვინის კლუბი. მემგონი საჭიროა სახელმწიფოს მხრიდანაც იყოს ასეთი ორგანიზაციების ხელშეწყობა.

მალხაზს ჰოკეის მაისური აქვს საყიდელი ბიძაშვილისთვის, შვედეთის ნაკრების გულშემატკივარისთვის. კიდევ ბავშვებისთვის საშობაო საჩუქრები უნდა იყიდოს, მერე ხელოვნების მუზეუმი უნდა დავათვალიეროთ და საღამოს მაიასთან ვართ დაპატიჟებულნი. ვისაუზმეთ  და გამოვედით. ლინდა სახლში დარჩა, ცოტა გადაღლილი იყო გუშინდელის მერე.

ტრამვაით მივედით ულევის სტადიონამდე, სადაც გვეგულებოდა სპორტული მაღაზია. შევედით და, შვედეთის ჰოკეის ნაკრების მაისური არ ჰქონდათ. ყველა სპორტული მაღაზია მოვიარეთ და ვერსად ვნახეთ - არსად ჰქონდათ. შემდეგ პორტისკენ გავწიეთ გემების დასათვალიერებლად. აქ ბრიგანტინის მაგვარი ერთი ძველი გემი დგას. მალხაზი აღფრთოვანებული დარჩა ნანახით. წვიმა წამოვიდა და ქარიც ამოვარდა, სწრაფად შევაფარეთ თავი სავაჭრო ცენტრს და გავუყევით მუზეუმისკენ.

მუზეუმი ქალაქის ცენტრშია, ცენტრალური ქუჩის ბოლოს. გზად ბარში შევიარეთ და კრევეტები და ლუდი მივირთვით. მუზეუმში ნოლდეს გამოფენაა, მალხაზს ძალიან უნდოდა ამ ექსპოზიციის ნახვა. მუზეუმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. ზოგადად, გოტებორგი ცნობილია თავისი მდიდარი კოლექციით, სტოკჰოლმში არ აქვთ ასეთი მდიდარი არჩევანი, როგორც ჩვენთან. 

ლინდამ დამირეკა, სადილი მზად არის და მოდითო. მუზეუმიდან გამოსულები სახლისკენ გავეშურეთ. ლინდას თევზის და ზღვის ნობათის სუპი აქვს გაკეთებული, გემრიელად გეახელით და აქაური ლუდიც მივაყოლეთ. საღამომდე უნდა დავისვენოთ და მაიას ვესტუმროთ. შვიდის ნახევარზე მაღაზიისკენ გავეშურეთ, რომ ყვავილები გვეყიდა მაიასთვის.

მაია როდონაია ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. 15 წელია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, მისი მეუღლე - შელი ეროვნებით შვედია. ჰყავთ ქალიშვილი, სახელად იზაბელა, შეხედულუბით შვედს ჰგავს, ხასიათები და ტემპერამენტი - მეგრული.

მაიამ  თბილად მიგვიღო და გვიანობამდე არ გამოგვიშვა. სახლში მოვედით დაღლილები და ცოტა შეზარხოშებულები. ხვალ მალხაზი მიემგზავრება საქართველოში. ძილი ნებისა ვუსურვე. 

© გიორგი სხირტლაძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.