Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის დღიურები. მარინა კურტანიძე. კომპანია „მანდილის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი

28 დეკემბერი, ორშაბათი

დღიურები!!!

დიდი ხანია მსგავსი არაფერი დამიწერია. ბავშობაში კი ვწერდი დღიურებს. ლექსებსაც კი... მერე ჩემს შვილებს ჩემს გამოგონილ ზღაპრებსაც კი ვუყვებოდი. : ) 

ახლა ჩემი ყოველდღიური ჩანაწერები სულ სხვანაირად გამოიყურება - როდის და რამდენი სტუმერი გვყავს, როგორი „მენიუთი“; ვის და სად უნდა შევხვდე; რა და როდისაა საყიდელი; სად და რამდენი ღვინოა გასაგზავნი და ა.შ  და აუცილებელი ჩანაწერი - როდის და სად მიფრინავს იაგო : ) ეს მცირე შესავალი ყოფით დღიურზე! 

მართალია, წერას 28-ში ვიწყებ, არ შემიძლია, არ გავიხსენო გუშინდელი დღე. დღე, რომელმაც შეკრების ნეგატიური მიზეზის მიუხედავად, ბევრი დადებითი ემოცია მოიტანა. „ანდეგრაუნდში“ ჯონის და ქეთოს სახლის აღსაღდგენად ჩატარებულმა აუქციონმა ჩვენ, ყველას მომავლის რწმენა და იმედი განგვიმტკიცა.

იმედი იმის, რომ ადამიანებს შეუძლიათ გვერდში ასე დგომა და მეგობრობა;

იმედი იმის, რომ ნატურალური მეღვინეობაა მეღვინეობის მომავალი;

რომ ამ ღვინის შემქმნელი ადამიანები ასეთი კარგები და მეგობრულები არიან;

რომ კარგ ღვინოს შეუძლია კარგი ადამიანების გაერთიანება;

რომ არსებობენ კარგი ღვინის დამფასებლები და რომ კარგ ღვინოში შეიძლება კარგი ფასი გადაიხადონ და 

რომ აუცილებლად აშენდება სახლი!!!


ასეთი სასიამოვნო ემოციებით დატვირთული გათენდა 28 დეკემბერი, ოჯახის ჩვეულებრივი დილა- ბავშვები სკოლაში, ჩემი მუდმივი შეძახილის ფონზე - „ჩქარა, გაგვიანდებათ!“ იაგო - მარანში : )

თბილისის ზოოპარკში 2006 წლიდან ვმუშაობ. ეს ერთ-ერთი ის  სამყაროა, რომელიც მიყვარს. აქ შეიძლება მოწყდე ქალაქის  ყოველდღიურ ცხოვრებას და აქაური ბინადრების ცხოვრების თავისებურებებით დატკბე. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე დღეები გადვიტანეთ (13 ივნისის სტიქია) დაგვეღუპა სამი თანამშრომელი და უამრავი ბინადარი. ამ ცხოველების უმრავლესობას, თითქმის, ყოველდღე ვხედავდი. ჩემი ოთახის ფანჯარა  ლომების და ვეფხვების ვოლიერებს გადაჰყურებდა. ყველაზე საყვარელი და ცნობილი ლომის - „შუმბას“ ვოლიერი კიბიდან 3 მეტრში იყო, ამიტომ  ყოველ დილას ჩვეულებრივი რიტუალი იყო შუმბას მისალმება და მასთან „ლაპარაკი“ : ( ძალიან მიყვარდნენ პინგვინები. ყოველ დილას ვჩერდებოდი მათ ვოლიერთან და ვესიყვარულებოდი. სამწუხაროდ ისინიც აღარ არიან : ( მაგრამ, ცხოვრება გრძელდება.  ჩვენ ახალ ზოოპარკს ვაშენებთ და ახალ ცხოველებს ველოდებით.

დღეს გავიგე, რომ კიდევ ერთი პატარა და გემოვნებიანი ღვინის მაღაზია -  „ღვინის ოთახი“ იხსნება. „მანდილის“ ღვინის შეტანა შემოგვთავაზეს. შევიტანთ აუცილებლად!

 

29 დეკემბერი, სამშაბათი

დილა ისევ სასკოლო რეჟიმით დაიწყო, მაგრამ ეს დღე იმითაა გამორჩეული, რომ ზამთრის არდადაგები იწყება. ზუსტად არ მახსოვს, ჩემს ბავშობაში უფრო მიხაროდა არდადაგები, თუ ახლა : ) ჩემ შვილებზე მეტად რომ მიხარია, აშკარაა! 

სკოლაზე, განათლების სიტემაზე უამრავი შემიძლია, ვილაპარაკო. ძირითადად, ნაკლოვანებებზე და პრობლემებზე), სამჯერადი მშობლის პოზიციიდან : )  მაგრამ ეს ამ თემის გაშლის შესაფერისი ადგილი არ არის. ერთი კი - ფაქტია, რაც კი რამ „უკუღმართობა გვჭირს“, ყველაფრის სათავე გაუნათლებობაა. 

დღევანდელი დილა გუშინდელი შემოთავაზების აღსრულებით გაგრძელდა. ღვინის მაღაზია „ღვინის ოთახს“ ჩვენი 2014 წლის  ღვინო მივაწოდე. წარმატებები მათ, ამ საქმიანობაში და ჩვენს ღვინოს - „მანდილსაც“. 

ეს ჩვენი (ჩემი და თეას) მეორე მოსავლის ღვინოა. ჩვენი კომპანია - „მანდილი“ 2012 წელს დავაფუძნეთ და ყურძენიც (მწვანე) სოფელ მანავში შევიძინეთ. ყურძნის დაწურვის და ღვინის დაყენების იდეა 2011 წელს გაჩნდა, ჩვენთან - ჩარდახში, რთველში. თეა მელანაშვილი და ანა ჭეიშვილი იყვნენ სტუმრად. „ყავის შესვენების“ დროს რაღაც, თავისთავად, ხუმრობა-ხუმრობაში, გაჩნდა ეს იდეა. იაგომ აქტიურად დაგვიჭირა მხარი და  გაჩნდა „მანდილი“.  

მანდილის ისტორია, მგონი, უკვე ყველამ იცის - როგორ ვიყიდეთ ყურძენი 2012-ში, როგორ დავწურეთ ჩვენთან (იაგოსთან) მარანში, ქვევრში და ყველა ტრადიციული რიტუალით, ჭაჭა-კლერტზე ექვსთვიანი დაყოვნებით, დადგა ქვერის ღვინო. იაგო ამბობს, ვერც კი ხვდებოდი, როგორ ნელ-ნელა მიმყავდი ამ ნაბიჯის გადასადგმელადო.

ძალიან მაგარი დღე იყო, როცა პირველი ყურძენი დაიწურა; სიახლის შეგრძნების და ახლის მოლოდინის... იმ საღამოს კიდევ ერთი უცნაური დამთხვევა მოხდა - ჩვენთან მოვიდა ჯონი და მოგვიყვანა სტუმარი - ელის ფეირინგი. არ დამავიწყდება ჯონის გულწრფელი, დადებითი ემოცია და ელისის აღფრთოვანება, რაც  შემდგომშიც არაერთხელ გამოხატა ელისმა  (საკუთარ წიგნშიც კი).  

ძალიან ხშირად მიფიქრია ამ თემაზე. მე ბუნებით არ ვარ მეამბოხე და ჩემი ამ ნაბიჯით არც დიდი გადატრიალებები დამიგეგმავს; არც მატრიარქატისთვის ვაფრიალებ დროშას : )  პირიქით, მინდოდა ხაზი გამესვა თანასწორობისთვის, მეუღლეების ერთად დგომისთვის, იმისთვის, რომ ერთი საქმის კეთებით ურთიერთობების უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი „ოჯახია“ - თავისი ყველაზე სწორი და დემოკრატიული ფასეულობებით. ჩემ გარშემო, ვისაც ოჯახური მარანი აქვს და ნატურალურ ღვინოს აწარმოებს, ყველა მამაკაცის გერდით ძალიან ღირსეული, მშრომელი მეუღლე დგას, რომელთა წვლილიც იმ ღვინის წარმოებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია. ასე რომ, ჩემი აზრით, ყველა ქალბატონი, რომელიც თავის ოჯახურ მარანში მეუღლესთან ერთად დგას, ყველა მეღვინეა, ანუ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ!!! და თუ ამის გაცნობიერებასა და მოძველებული სტერეოტიპების დანგრევაში „მანდილმა“ სულ მცირე წვლილი მაინც შეიტანა, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები. 

ზოგადად, ღვინოს, ალბათ, როგორც ყველა - საქართველოში, მეც ბავშობიდან შევხვდი. ეს იყო სასმელი, რომელსაც ჩემი ბაბუა, გრიგოლ წერეთელი, ისეთი რუდუნებით ამზადებდა და ეპყრობოდა, რომ ჩემში ყოველთვის პატივისცემას იწვევდა. ბაბუაჩემისთვის კარგი ღვინის დაყენება ღირსების საკითხი იყო და, მართალია, მაშინ ბევრი არაფერი მესმოდა, მაინც ვხვდებოდი, არსებობდა კარგი, და კიდევ, რაღაც, სხვა ღვინო.

საღამოს, ჩემი მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დავმარცხდი - ნაძვის ხე ამაწყობინეს : ) ძალიან მეზარებოდა - ჯერ ერთი, ახალ ბინაში გადასვლის რეჟიმში ვართ, მეორეც, მარანში უკვე მოვრთე ნაძვის ხე და გარშემო ყველაფერი, რისი მორთვაც შეიძლებოდა. აქ (თბილისში) კი, ამ საქმეში ფეხს ვითრევდი. მაინც არაფერი გამომივიდა, ბავშვებმა თვითონ ჩამოიღეს ყველაფერი და სხვა გზა არ დამიტოვეს. გიო გოზინაყისათვის ნიგვზის დაჭრაში მომეხმარა, უარის მიზეზი ეს რომ არ გამხდარიყო.

 

30 დეკემბერი, ოთხშაბათი

დღეს, შედარებით, გამოვიძინეთ, არდადაგები დაიწყო! 

ბავშვებს სრული განცხრომის დღე აქვთ. მე კვლავ სამსახურში ვიქნები, იაგო - მარანში. დღეს ტურისტები გვყავს, ასე რომ დილა საყიდელი პროდუქტების სიის წერით დაიწყო. ჰო, სიის ორი ვარიანტია... ერთი - უშუალოდ, იმ დღის საჭიროებები, მეორე - ცოტა გრძელვადიანი - საახლწლო პროდუქტების.

დღეს ძალიან გააქტიურდა ტურისტული სააგენტოები. მთელი დღის მანძილზე ჩემს ტელეფონზე და ელექტრონულ ფოსტაზე აქტიურად მოდიოდა საახალწლო დღეების ჯავშნები. დღევანდელი დღე, ძირითადად, მივუძღვენი 2015 წლის საქმეების მომთავრებას: ბანკი, საგადასახადო, ბუღალტერი, შემორბენით მაღაზიებიც. ძველი თოვლის ბაბუა გაგვიტყდა და აუცილებელი იყო ახლის შეძენა...

საღამოს ძალიან მინდოდა, „ღვინის ოთახის“ გახსნაზეც მომესწრო მისვლა, მაგრამ ვერ შევძელი. სამგიეროდ, ანა მიქაძეს შევურბინე მაღაზიაში. როგორც ყოველთვის, „ცოტა“ ვიჭუკჭუკეთ : )  და  გემრიელ-გემრიელი ყველები წამოვიღე.

დღევანდელი დღის გვირგვინი იყო გოზინაყი! 

 

31 დეკემბერი, ხუთშაბათი 

ეს დღე ახალი წლის სამზადისს მიეძღვნა. დილიდან მე და იაგო შევეცადეთ, საახალწლო საყიდლებზე გავსულიყავით. რაც მთავარია, ვცდილობდით, დარჩენილი პროდუქტი ისეთ ადგილებში შეგვეძინა, სადაც  ამისთვის ბრძოლის გადატანა არ მოგვიწევდა. 

ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ წელს არც ისეთი საოცრებები ხდებოდა სავაჭრო ობიექტებში. არ ვიცი, რატომ... ან ბევრი სავაჭრო სივრცე გაიხსნა და ხალხი გადანაწილდა, ან ხალხს ფული არ აქვს და ვეღარ ყიდულობს, ან (ყველაზე კარგი ვარიანტი) მოსახლეობის უმრავლესობა მიხვდა, რომ ამ ერთი დღით არ უნდა ვიცხოვროთ და მთელი წლის მოგროვებული თანხის ნაჭილი სმა- ჭამაში და მეორე ნაწილი - ფეიერვერკებში არ უნდა გავფლანგოთ.

დიდი ხანია, ჩვენი ოჯახი აღარ ამზადებს რაღაც, საოცარ, საახალწლო „მენიუს“. არ მიმაჩნია სასიცოცხლო აუცილებლობად უამრავი პროდუქტის შეძენა. ორი დღის შემდეგ ერთი და იმავე საჭმელის ყურებაც კი, ყველა ოჯახში, ჩემში არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს... ბოლოს კი - სავსე სანაგვე ურნები...

ჩვენი წინასაახალწლო შენაძენები, ძირითადად, დაკავშირებულია ჩვენს საახალწლო შეკვეთებთან. მარანში სტუმრობაზე ძალიან ბევრი ჯავშანი გვაქვს. ეს არის ის საქმე, რომელიც სამი წლის წინ, შეიძლება ითქვას, თავისთავად დავიწყეთ. ეს საქმე ღვინომ მოიტანა. ნელ-ნელა, ჩვენი დაკვირვებით, რაღაცეების სწავლით და შემდეგ - გამოცდილებით, წინ წავედით. ახლაც ვვითარდებით, სულ ვეძებთ რაღაც ახალს, კრეატიულს და ვცდილობთ, ჩვენთან მოსულ ადამიანებს ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ კიდევ მოვიდნენ ჩვენთან  და მოვიდენ არა მარტო თვითონ, არამედ მოიყვანონ მეგობრები, ჩვენ ვცდილობთ... რა გამოგვდის, ეს სტუმრებმა უნდა შეაფასონ.

თავიდან ნამდვილად არ გვეგონა, რომ ყველაფერი ასე აეწყობოდა, რომ შევძლებდით და რომ ჩარდახში ტურისტები, საერთოდ, ივლიდენ. ნაბიჯ-ნაბიჯ, თითქმის, არაფრისგან, უმცირესი რესურსით დავიწყეთ. ისე რომ, ახლა არც კი გვჯერა. ყველაფრის მობილიზება გავაკეთეთ, თუკი რაიმე გვქონდა სახლში - ელემენტარული დანა-ჩანგლიდან დაწყებული, ბებიების ნაქონი ძველი ავეჯით და გობებით დამთავრევული. ყვლაფერი ჩვენ ვიყავით: დამლაგებლებიც, მზარეულებიც, მეღვინეებიც, მემწვადეებიც, პურის მცხობელებიც, ბუღალტრებიც და დირექტორებიც. : )  და გამოვიდა! საერთოდ, როცა გინდა, როცა შრომობ, როცა გულით უდგები და  და როცა პატიოსნად აკეთებ საქმეს, აუცილებლად გამოვა! მაშინ „მთელი სამყარო შენ გეხმარება“  უნდა დაიჯერო! 

სულ დამავიწყდა, დღეს ძალიან სასიამოვნო და ცოტა უცნაური დაპატიჟება მივიღე. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მთხოვა, ახალი წლის ღამით მასთან მეკვლედ მივსულიყავი, ეს მისი 20 წლის ქალიშვილის თხოვნა იყო. ერთი შეხედვით, უცნაური, თითქოს არაფერია, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა - მე, ამ შემთხვევაში, როგორც წარმატებული ადამიანი უნდა ვყოფილიყავი მეკვლე და მისვლისას შესაბამისი რიტუალი უნდა ჩამეტარებინა. ძალიან გავხალისდი რიტუალის თემაზე. რაც შეეხება, წარმატებულის სტატუსს, რა მოგახსენოთ : ) უბრალოდ, როცა 20 წლის გოგო შენზე ასე ფიქრობს, სხვა რომ არაფერი, დიდად სასიამოვნოა.

დღის ძირითადი ნაწილი მიეძღვნა ოჯახისთვის საცივის, სტუმრებისთვის კი - სხვადასხვა კერძების მომზადებას.  

საღამოს მოვემზადე მეკვლეობისათვის (თუ 2016  წელს ჩემი მეგობრის შვილს მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები ექნება ცხოვრებაში, აუცილებლად შეგატყობინებთ და რიგშიც ჩაგწერთ : ) აუცილებელი იყო 2 ბანანი, 2 მანდარინი და 1 - ფორთოხალი. სხვა კვების პროდუქტი არ უნდა წამეღო (ნუ, ჩემი წარმატებული ღვინის - „მანდილის“ გარდა, რა თქმა უნდა : ) 

12 საათისათვის გავშალეთ ტრადიციული საახალწლო სუფრა, რომელიც მხოლოდ ტკბილეულით შემოიფარგლება, ვინაიდან ჩემს შვილებს „დათუნია“ კანფეტისა და   ფეიერვერკების გარდა, ფაქტობრივად, არაფერი აინტერესებთ. 

როგორც ყოველ წელს, ამ დროს, ხდება ხოლმე, მთელი თბილისი გამაუყრუებელი აფეთქებების ხმამ, კვამლმა და უამრავმა განათებამ მოიცვა. რა თქმა უნდა, ჩემმა ქმარ-შვილმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფერში და გამარჯვებული სახეებით შემობრუნდენ აივნიდან.

ოჯახი ამ საზეიმო ვითარებაში დავტოვე და

 

1 იანვარი, პარასკევი

00:15-ზე გავემართე ჩემი მეკვლეს როლის შესასრულებლად:

ჩემ მიერ მირთმეული  ბანანი, მანდარინი და ფორთოხალი დანის გარეშე, ხელით გავარჩიე და ოჯახის ყველა დამხვედრ წევრს ჩემი ხელით ვაჭამე : )  რიტუალის შედეგების რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენ ძალიან ვიმხიარულეთ, ძალიან სახალისო მეკვლეობა გამომივიდა. 

დღის 2 საათზე ჩარდახში უკვე ტურისტების პირველ ჯგუფს ველოდით, ამიტომ დასვენების დღის შერგება და ნებივრობა არ გამოგვივიდა, ბავშვებს კი მივეცით საშუალება, სახლში დარჩენილიყვნენ, შეერგოთ 1 იანვრის გასუსული ქალაქის სიჩუმე.

ბავშვობაში მიყვარდა ახალი წელი. ალბათ, ყველა ბავშვს უყვარს, ვინაიდან ლამაზი ზღაპრების, ოცნებების და საჩუქრების დროა; თანაც, ჩემმა ბავშობამ ბორჯომში გაიარა და ამიტომ, ეს ყველაფერი ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზი იყო - ფანჯრებთან ჭრაჭუნა თოვლით და ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლით. სახლში გოზინაყის სურნელით და დილას, ვითომ, თოვლის ბაბუის  (ყოველთვის ვიცოდი რომ მამაჩემს მოჰქონდა) საჩუქრით. ძალიან მენატრება ეს ყველაფერი. დიდი ხანია, ახალ წელს ბორჯომში აღარ  შევხვედრილვარ, ჩემი მშობლებიც, ძირითადად, აქეთ მოგვყავს. ალბათ, ესეც არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ახლით ახალ წელზე დიდად არ ვგიჟდები... და კიდევ როცა 1 იანვარს ქუჩაში გამოხვალ, ისეთი სიცარიელეა, იფიქრებ ეპიდემიაა ქალაქშიო. არ მიყვარს როცა ერთი დღით ცხოვრობენ : (

1 იანვარი, ბევრ მხიარულ და კმაყოფილ ტურისტთან ერთად, შრომაში, საქმეში, ღვინის დაგემოვნებასა და ღვინოზე საუბრებში გავატარეთ.

 

2 იანვარი, შაბათი და 3 იანვარი, კვირა

ამ ორი დღის დღიური ერთად უნდა დავწერო, ვინაიდან შინაარსობრივად ეს დღეები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ორივე დღე ისევ სტუმრების დახვედრა-გასტუმრებაში გავატარეთ. 

მრავლად იყვნენ ტურისტები, ვისაც ახალი წლის გატარება საქართველოში სურდა. ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ, ალბათ, უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო, რომ მათი სურვილი ნელ-ნელა არ გაქრეს. ტურისტული კომპანიები და მცირე ბიზნესი ამ საკითხს, შედარებით, ნორმალურად უდგება. მათი უმრავლესობა ცდილობს, განვითარდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ მათი ძალები ვერ გასწვდება ყველაფერს. საჭიროა უკეთესი ინფრასტრუქტურა, ელემენტარული, სატრანსპოტრო საკითხების მოწესრიგება და ჩემთვის ყველაზე მტკივნეული და მთავარი პრობლემების დაძლევა - წყალი და ნაგავი. 

წყალი ჩვენი ტურისტული ბიზნესის მთავარი პრობლემაა. ამ დღეებში ყინვაც დაემატა და რეზერვუარებში მოგროვილი წყალიც გაყინა. ამდენი ტურისტის გასტუმრება 5 კილომეტრზე არსებული ბურღიდან ამოსული წყლით გვიწევდა, რომელიც 1 ტონიანი რეზერვუარით მოგვქონდა და ჩვენს სისტემას ვუერთებდით. რას ვიზამთ, თუ გინდა რომ იმუშაო და განვითარდე, პრობლემებსაც უნდა ებრძოლო და გადალახო, სხვანაირად არ გამოდის. ამ წლების მანძილზე ვისწავლეთ შრომა, ბრძოლა, სირთულეების გადალახვა და მუდმივად ღიმილიანი სახით დახვედრა.

კიდევ ერთი, ძალიან მტკივნეული თემაა ნაგავი. 1 წელია, ურნები დადგეს, მაგრამ კვირაში ერთხელ ასუფთავებენ. სამწუხაროდ, ხალხიც არ იქცევა შესაბამისად. გავსებული ურნების გარშემო და სხვაგანაც, ნებისმიერ ადგილას, ნაგვის დაყრა ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ. უამრავი მოფრიალე პოლიეთილენის პარკი არც თუ ისე სასიამოვნო სანახაობაა მთელ გზაზე, თან როცა ამდენი ტურისტი მოდის. ჰო, ამ საკითხთან დაკავშირებით პატარა ბლიც-შეკრება გვქონდა მეზობლებთან და, იქნებ, ენთუზიასტი მეზობლების დახმარებით, უახლოეს მომავალში სოფელში დასუფთავების აქცია მოვაწყოთ.  

საღამოს ძალიან დაღლილები, მაგრამ მაინც კმაყოფილები დავბრუნდით თბილისში, ხვალ ისევ სტუმრებია და ისევ სამსახური. 

ღვინო ჩვენი ოჯახის  ცხოვრების გზაა!!!

თავიდან ღვინო იყო. სასმელი, რომელიც ყველა ოჯახში (მათ შორის, ჩვენთან) კეთდებოდა და  ტრადიცია გრძელდებოდა,

მერე ამ ტრადიციამ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა და ვენახიც ეკოლოგიურად  სუფთა გახდა,

მერე, ღვინო ბოთლებში ჩამოისხა (2003 წელს) და ოჯახური ტრადიციიდან ნელ-ნელა ოჯახურ ბიზნესზე გადასვლა დავიწყეთ, 

მერე ღვინომ სააქართველოს საზღვრები დატოვა (2006 წელს) და ამან მეტი ინტერესი, მოტივაცია და ახალი მიზნები გააჩინა,

მერე ღვინომ მოიტანა ცნობადობა, ამას მოჰყვა ტურიზმი.

ღვინომ შეგვძინა ბევრი მეგობრები და ახლობლები,

ღვინომ უფრო მეტად დაგვაკავშირა ერთმანეთს, მოგვცა ფიქრის, ახლის შენების და შექმნის ინტერესი.
ეს ახლა ჩვენი ცხოვრებაა, საქმეა, ინტერესი და ჩვენი ადგილი ამ სამყაროში!

მინდა, რომ ეს გზა,  შრომა და სიყვარული, რაც ჩვენ ჩავდეთ ღვინოში,  ჩვენმა შვილებმა გააგრძელონ! 

გილოცავთ დამდეგ შობას, სიხარული, სიყვარული , ბარაქა, ჯანმრთელობა და შრომის სიყვარული ჰქონოდეს მთელს ჩვენს ქვეყანას! კარგი ღვინო არ გამოგვლეოდეს!

p.s. დიდი მადლობა ჩვენს ტურისტებს, რომლებსაც ახსნა-განმარტება და მითითება არ სჭირდებათ იმაზე რომ, „სახლსა და მარანში არ ეწევიან“. მინდა, რომ ჩვენშიც შემოვიდეს ეს კულტურა.

© მარინა კურტანიძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.



ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე! ყოჩაღ, მარინა! წარმატებულ წელიწადს გისურვებთ!


yvela saqme gamova, romlis sawyisic siketea da romlis sataveshic iseti dadebiti emociebis mqone adamiani dgas, rogoric shen xar chemo sayvarelo. gmertma dagilocos sheni saamayo ojaxi.


რა კარგი ქალია, გადამდებად დადებითი


და მჯერა, ამაში ღვთის ხელი ურევია- იმდენად წარმოუდგენელად მოკლე დროში, ჩვენს თვალწინ განვითარდა ეს ყველაფერი- საოჯახო ქვევრის ღვინის წარმოება, რომ ეს არ დავიჯერო წარმოუდგენელია.. თითქოს დაგვავიწყდა " პატიოსან " ღვინოს ვერსად დალევდი, გარაჟებსა და მარნებში მხოლოდ ' პეტიოებს' ამზადებდნენ.. როცა მეუფე დავითი, ღვინის დამზადებას ქართველი კაცის ღირსების საქმედ ქცევას უკავშირებდა, მსუბუქი ღიმილით ვპასუხობდით... დედაკაცებმაც რომ დაიწყეს ეს საქმე- ესც ღვთის ნებაა, მათ უნდა გაზარდონ გულიანი მეღვინეები! ქალბატონო მარინა, წარმატეას და წინსვალს გისურვებთ, თქვენ არა მარტო თქვენს კერძო-საოჯახო საქმეს აკეთებთ, არამედ საქვეყნოსაც, ეროვნულს- რამდენს მოანდომეთ სოფლში მიბრუნება, გარჯა და ღვინით დაბრუნებული ღირსებით ცხოვრება- ბარაქალა!!!!!!!!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.