Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის გზამკვლევი - Napa Valley

რეალობად ქცეული "ამერიკული ოცნება"

 

თამარ სუხიშვილი

 

აშშ დღესდღეობით ახალი სამყაროს ქვეყნებს შორის ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. მას მხოლოდ ღვინის კულტურის უძველესი ტრადიციის მიმდევარი სამი "მაგნატი" უსწრებს წინ: საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია.

ნიშანდობლივია, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის მთელი მოცულობის 95% ერთ შტატზე - კალიფორნიაზე მოდის. მსოფლიოში აღიარებულ ღვინოებს ღირსშესანიშნავ წვეულებებსა და პრეზენტაციებზე დღეს კალიფორნიული ღვინოც უმშვენებს გვერდს და ამ ღვინის მოყვარულთა და დამგემოვნებელთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდება.

კალიფორნიის შტატში მეღვინეობის ყველაზე სახელგანთქმული რეგიონი ნაპას ხეობა (Napa Valley) გახლავთ. ამჯერად ჩვენი ღვინის გზამკვლევი სწორედ ნაპას მზიან ხეობაში გაგვიკვალავთ გზას.

 

პროამერიკული შესავალი

 

თუ თვალს გადავავლებთ კალიფორნიული ღვინის ისტორიას, რომელიც ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ შეიქმნა და დღესაც იქმნება, ბევრ საინტერესო და სასარგებლო ცოდნას ამოვიკითხავთ. ეს ისტორია არის ადამიანის ძალის და ნების გამოვლენის საუკეთესო ნიმუში, - კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაიწყო ყველაფერი ნულიდან და სასურველი შედეგიც მიიღო, როგორ შეიძლება შექმნა ღირებული კულტურა, მიუხედავად იმისა, რომ ამის ტრადიცია არ გაქვს, და ბოლოს, როგორ შეიძლება აქციო რეალობად "ამერიკული ოცნება" დიდი და თავდაუზოგავი შრომის შედეგად.

გეთანხმებით, ძალიან პროამერიკული დასაწყისია, მაგრამ ასეა. შედეგი თვალსაჩინოა: ამერიკა ვაზის კლასიკური ქვეყანა არასოდეს ყოფილა, მაგრამ ეს ფაქტი ხელისშემშლელ ფაქტორად არ იქცა და კალიფორნიული ღვინოები ნელ-ნელა იპყრობს მსოფლიო ბაზარს. მოკლედ, თავს აღარ შეგაწყენთ. დასკვნები თქვენთვის მომინდვია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამერიკის კონტინენტზე სამშობლოდან გადახვეწილი ევროპელი კოლონისტი მიხვდა, რომ სამშობლოს ნოსტალგიაზე მეტად ის რაღაც მოენატრა, რაც ამ ნოსტალგიას გაუქარვებდა.

ასე გახდნენ ევროპელი კოლონისტები ამერიკული მეღვინეობის პიონერები. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ევროპელ კოლონისტებამდე ამერიკულ ყურძენს ვიკინგებმა გაუსინჯეს გემოო. მართალია, ვიკინგების ამბები იდუმალი ბუნდოვანებითაა მოცული და ჭორ-მართალის გარჩევაც ძნელი ხდება, მაგრამ დღეს უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ ამერიკის კონტინენტი კოლუმბზე ბევრად უფრო ადრე მართლაც ვიკინგებს აღმოუჩენიათ. მერე კი უკვე ერთმანეთში ირევა რომანტიკული ლეგენდები ღვინოზე, ქალებზე და ა.შ.

 

ვიკინგების მარკეტინგისა და ღვინის მიწის ამბავი

 

ამერიკული ღვინის ისტორიას ვიკინგ ლეიფ ეირიქსონის სახელთან მივყავართ. ლეიფ ეირიქსონი სწორედ ის ისლანდიელი მოგზაური გახლდათ, რომელმაც 1000 (თუ 1001) წელს ატლანტის ოკეანე გადაცურა და ოკეანის გაღმა უზარმაზარი მიწები აღმოაჩინა. მოკლედ, ეს ამბავი მას შემდეგ დაიწყო, რაც გრინლენდზე ვიკინგები დასახლდნენ. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ვაჭარმა ბიარნი ჰერიოლფსონმა მამის სანახავად ისლანდიიდან გრინლენდისაკენ გაცურა, მაგრამ უცაბედად ამოვარდნილმა ქარიშხალმა გემს კურსი უცვალა და სრულიად შემთხვევით ჰერიოლფსონი მამის სახლის ნაცვლად ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს მიადგა. ეს 985-986 წლებში მომხდარა. შინ მობრუნებულმა უცნაური მიწების ამბავი ლეიფს უამბო და თავისი გემებიც მას მიჰყიდა. ლეიფმა 15 კაცი შემოიკრიბა და უცნობი მიწების დასალაშქრად გაუდგა გზას. ბევრს აღარ გავაგრძელებ. პირველად ჰელულენდი აღმოაჩინა - "სიპი ქვების მიწა" (სავარაუდოდ დღევანდელი ბაფინის კუნძული), მერე მარკლენდი ("ტყის მიწა"), რაც მეცნიერთა უმეტესობის აზრით, ლაბრადორი უნდა იყოს. მესამე მიწაზე ისინი უკვე თავად დასახლდნენ, რამდენიმე სახლიც ააშენეს და, საერთოდ, ეს ადგილი ძალიანაც მოეწონათ. აქ, მდინარეში, დიდი კალმახი ბინადრობდა, ჰავაც რბილი იყო, აქვე გამოიზამთრეს კიდეც. ლეიფის ექსპედიციაში ყოფილა ვინმე თურქირი (სავარაუდოდ, უნგრელი, რადგან იმ დროს უნგრელებს თურქებს ეძახდნენ), რომელსაც ამ მიწაზე ველური ყურძენი უპოვია და ამის გამო ადგილისთვისაც ვინლენდი - "ღვინის მიწა" დაურქმევიათ.

კარგა ხნის განმავლობაში ეს ყველაფერი ზღაპრებად მიაჩნდათ, წყარო მხოლოდ ძველი საგები იყო, რომლებიც გვიამბობდნენ ჩრდილოეთში ვიკინგების რამდენიმე დასახლების შექმნისა და მერე ამ დასახლებების დაშლის შესახებ - ქალების, მკვიდრ მოსახლეობასთან ბრძოლისა და კიდევ მიზეზთა და მიზეზთა გამო. მაგრამ მოგეხსენებათ, ადვილი არაა მითისა და რეალობის გარჩევა. მხოლოდ მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში შეძლეს მკვლევარმა ჰელგე ინგსტაიდმა და მისმა ცოლმა, არქეოლოგმა ენ სტაინმა ამბის ნამდვილობის დადასტურება, როდესაც ვიკინგების დასახლებას მიაკვლიეს. ამ დროისათვის გაჩნდა ვინლენდისა და "ტერა ნოვას", იგივე ნიუფაუნდლენდის იგივეობის ვერსიაც.

ჩანაწერებში ვინლენდის სახელი 1075 წლიდან მოიხსენიება, გეოგრაფისა და ისტორიკოსის - ადამ ბრემენელის წიგნში Descriptio insularum Aquilonis. ბრემენელი წიგნის დასაწერად ნორვეგიის მეფეს - სვენდ ესტრიდსონს სწვევია და ჩრდილოეთის ახლად აღმოჩენილი მიწების ამბავიც მეფის მონათხრობის მიხედვით ჩაუწერია. თავის თხზულებაში ბრემენელი ვინლენდის ეტიმოლოგიასაც გვთავაზობს და მას ღვინოსთან აკავშირებს, იქვე მეტი დამაჯერებლობისთვის იმასაც დასძენს, რომ სახელდების მოცემული ვერსიაც მეფისგან მოუსმენია. სწორედ აქ ვაწყდებით ფაქტობრივ უზუსტობას, რადგან ნიუფაუნდლენდში ვაზი არ ხარობს. ამ წინააღმდეგობას სხვადასხვა ახსნას უძებნიან: ა) "ვინ" გრძელი ი-ს წარმოთქმით ნიშნავს "მინდორს", "საძოვარს", და ეს ალბათ სიტყვათა აღრევის შედეგია; ბ) მეფე ხუმრობდა ან იტყუებოდა, ან შესაძლოა ვენდლენდს (ვანდალების მიწა) გულისხმობდა; გ) იქნებ სწორად არ ვეძებთ ვინლანდს და იქნებ იქ უნდა ვეძებოთ, სადაც ვაზი ხარობს; დ) შესაძლოა ყურძენი ექსპედიციის წევრებს კენკროვანებში აერიათ; ე) შესაძლოა ამ ტერიტორიაზე ვაზი კლიმატის ცვლილებების შედეგად აღარ იზრდება; და ბოლოს, ვ) იქნებ ეს თანამედროვე მარკეტინგის ადრეული და ერთობ წარმატებული მცდელობაა, რომელიც ერიქსონმა ხალხის მოსაზიდად და კოლონიის დასაარსებლად გამოიყენა. მართალი გითხრათ და მე ეს უკანასკნელი ვერსია ძალიან მომწონს. ვინ არ ისურვებდა უდარდელ ცხოვრებას ღვინის ქვეყანაში?!

მოკლედ, ზუსტად მაინც არ ვიცით, იყო თუ არა ეს ვინლენდი ღვინის ქვეყანა და თუ იყო, ამერიკის კონტინენტის რომელ მხარეს ეძახდნენ ამ სახელს, მეცნიერთა ვერსიები მაინც უფრო კანადისკენ იხრება, და ისიც დანამდვილებით ცნობილია, რომ ეს არ ყოფილა კალიფორნია - ამერიკული ღვინის ჭეშმარიტი ქვეყანა.

 

ევროპელი კოლონისტები

 

მგონი უკვე დადგა დრო, ცოტა აქეთაც გადმოვინაცვლოთ და ისევ ჩვენს ევროპელ კოლონისტებს დავუბრუნდეთ. მშობლიურ ღვინოს მოწყურებულნი გულგრილად გვერდს ვერ აუვლიდნენ იმ ვაზს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში იზრდებოდა და ხვავრიელ მოსავალსაც იძლეოდა. მაგრამ ჩრდილოამერიკული ყურძენი სულ სხვა ხასიათით გამოირჩეოდა და ევროპული ჯიშების საიდუმლოს მცოდნენი მისგან ღირსეულ სასმელს ვერ ამზადებდნენ. მოგვიანებით, როდესაც აქ მოწეული ყურძნის ჯიშები შეისწავლეს და შეაფასეს, აღმოჩნდა, რომ სრულიად განსხვავებულ სახეობასთან გვქონდა საქმე. ეს არ იყო vitis vinifera - ყურძნის იმ დროისათვის ცნობილი ერთადერთი ევროპულ-აზიური სახეობა, რომელსაც მიეკუთვნება ყველა ის ჯიში, რომლისგანაც ღვინოს მთელ ევროპასა და ახალი სამყაროს ქვეყნებში აყენებენ. ახლა უკვე კარგად ცნობილია, რომ ყურძნის ოჯახი 14 გვარს და 968 სახეობას მოიცავს.

ე.წ. ამერიკულ ჯგუფში ყურძნის 28 სახეობა შედის, აქედან ბევრი მათგანი დღესაც არ არის სათანადოდ შესწავლილი. მნიშვნელოვანი სახეობებია: vitis labrusca, vitis riparia და ა.შ.

ეს დღეს კი ვიცით, მაგრამ იმ დროს კოლონისტებმა ჯერ არ იცოდნენ. ამიტომაც ფუჭად ირჯებოდნენ და მათი დაყენებული სასმელი არაფრით ჩამოჰგავდა კეთილშობილ ევროპულ ღვინოს. კოლონისტების სასმელი საოცრად მძაფრი გემოთი და არომატით გამოირჩეოდა. დრო გადიოდა, კოლონისტები კი ისევ და უფრო ნატრულობდნენ ნამდვილ ღვინოს. XVII-XVIII საუკუნეებში ამერიკაში ძველი სამყაროსათვის ტრადიციული ვაზის ლერწები შემოტანეს. თუმცა წარმატება ჯერ კიდევ შორს იყო. მარცხს მარცხი მოსდევდა. ევროპული ჯიშები აქაურ პირობებს ვერ ეგუებოდნენ და მალევე იღუპებოდნენ. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ ვაზის კულტურის გაშენება მაინცდამაინც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე დაიწყეს, ანუ აღმოსავლეთ სანაპიროზე. აღმოსავლეთ სანაპიროსთვის დამახასიათებელი მკვეთრი კლიმატური ცვალებადობა კი ვაზზე დამღუპველად მოქმედებდა. მართალია, ზოგიერთმა მეღვინემ გარკვეულ წარმატებებს მაინც მიაღწია, მაგრამ მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ.

კალიფორნიის კლიმატი ვაზის ფაქიზი ბუნებისთვის შეუდარებელი აღმოჩნდა. მეღვინეობის დასაწყისი კალიფორნიაში მჭიდროდ არის დაკავშირებული ესპანურ კათოლიკურ მისიასთან. ბუნებრივია, მისიის მთავარი საქმიანობა ვაზის კულტურის მოშენება არ ყოფილა, მაგრამ, თუ ჰიუ ჯონსონის "ღვინის ისტორიას" დავესესხებით, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი საქმიანობა იყო და ამავდროულად არცთუ ისე რთული. დასავლეთ სანაპიროზე ვაზის ორი ადგილობრივი ჯიში იზრდებოდა. მათგან დაწურული ღვინო არაფრად ვარგოდა, მაგრამ სამაგიეროდ კალიფორნიის მშრალი კლიმატი ვაზის ზრდასაც უწყობდა ხელს და სოკოს გაჩენის საფრთხესაც გამორიცხავდა. ასე რომ, მამა-დამფუძნებლებს გზაზე ვეღარაფერი გადაეღობებოდათ.

 

ფრანცისკანელი ბერი, "მისიონი" და ევროპული ვაზი

 

კალიფორნიული ღვინის შემქნელად ითვლება ფრანცისკანელი ბერი ჯუნიპერო სერა, რომელმაც პირველი ვენახები სან დიეგოს მისიაში გააშენა და ამ საქმიანობას სხვა მისიებშიც აგრძელებდა. ღვინოს წურავდნენ ყურძნის ერთგვარი ჯიშისგან, რომელმაც შემდგომ "მისიონის" სახელწოდება მიიღო; თუმცა დღესდღეობით "მისიონი" ხარისხიანი ღვინის წარმოებაში არ გამოიყენება.

დროთა განმავლობაში იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ კალიფორნიის კლიმატი ევროპული ვაზის ჯიშებისთვისაც არ უნდა ყოფილიყო ურიგო. ლოს-ანჯელესის რაიონში ევროპული ვაზი პირველად 1833 წელს გააშენა ვინმე ჟან-ლუი ვინმა. ვინს გვარიანი მოსავალიც მოუწევია და ღვინოც ბლომად დაუწურავს.

მოგვიანებით კალიფორნიული ღვინის ინდუსტრიის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა წარმოშობით უნგრელმა აგოსტონ ხარაშტიმ. მან კალიფორნიაში 300-მდე ჯიშის ვაზის ლერწი ჩამოიტანა. გავრცელებული ვერსიით, ზინფანდელის ჯიშის კალიფორნიაში დამკვიდრება სწორედ ხარაშტის დამსახურებაა. ხარაშტი მრავალმხრივ განვითარებული და საზოგადოებისთვის სასარგებლო კაცი გახლდათ. მან "ბუენა ვისტას" მსხვილი მეღვინეობის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი, დაიწყო ღვინის სარდაფების აშენება და ყოველნაირად ხელს უწყობდა მეღვინეობის პოპულარიზაციას კალიფორნიაში. ხარაშტი დიდი ენთუზიაზმით აძლევდა რეკომენდაციებს მეღვინეებს, ასწავლიდა, თუ როგორ დაერგოთ ვაზის ლერწი მზით განათებულ მთიან ფერდობებზე, როგორ გამოეყენებინათ მუხის კასრები და ამავდროულად ყველას კატეგორიულად აფრთხილებდა, რომ ვენახები არამც და არამც არ მოერწყოთ. ხარაშტიმ კალიფორნიის ღვინის ისტორიაში დიდი გადატრიალება მოახდინა.

ნაპას აღმოჩენა

 

გავიდა დრო და გამოცდილმა მეღვინეებმა თვალი ნაპას ხეობას დაადგეს. სხვათა შორის, ახალი სამყაროს ღვინის ისტორიამ, ძველი სამყაროსაგან განსხვავებით, ბევრი სახელი შემოგვინახა. პირველი, ვინც ნაპას ხეობას ყურადღება მიაქცია, ჯორჯ კალვერტ იუნტი გახლდათ. 1836 წელს მან ამ ხეობაში თითქმის 5 ათას ჰექტარზე გააშენა ვენახი. მერე ჯონ პატჩეტიც გამოჩნდა, რომელსაც პირველი "კომერციული" ვენახის იდეა ეკუთვნის. მეღვინე ჰამილტონ უოკერმა მოახერხა საუკეთესო შედეგებისთვის მიეღწია. უოკერის დაუღალავ ექსპერიმენტებს, რომლებშიც ის 400-მდე ყურძნის ჯიშით ქმნიდა ღვინის ნაირ-ნაირ ვარიაციებს, უკვალოდ არ ჩაუვლია. ნაპას ხეობას უკავშირდება დოქტორ ჯორჯ კრენის სახელიც, რომელიც ნაპას ხეობის ღვინოების პოპულარიზაციის სურვილით იყო შეპყრობილი და აქვეყნებდა და აქვეყნებდა გაზეთებში სტატიებს ამ თემაზე.

პირველი კომერციული ღვინის საწარმო ნაპას ხეობაში ჩარლზ კრუგმა დააარსა 1861 წელს. 1889 წელს ნაპას ხეობა უკვე 140 საწარმოს მოითვლიდა, ნამდვილ ინდუსტრიასთან გვქონდა საქმე. ეს ღვინოები ძირითადად ადგილობრივი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი, რადგან აღმოსავლეთ სანაპიროზე ევროპული ნაწარმი შემოდიოდა.

წარმატებას, რაღა თქმა უნდა, ფალსიფიკაციის ჩრდილიც გადაეფარა. ამ პრობლემას ღვინის ისტორია გვერდს ვერ აუვლის. ღვინის ფალსიფიკაციის თვალსაზრისით, 1889 წელი რთული პერიოდი იყო არა მარტო ნაპას ხეობის, არამედ საერთოდ კალიფორნიული ღვინის წარმოებისთვის. თუმცა მეღვინეებმა მაინც იმარჯვეს და მსოფლიო გამოფენაზე, რომელიც ამავე წელს პარიზში გაიმართა, ნაპას ხეობის ღვინოებმა არნახული წარმატება მოიპოვა. ღვინის წარმოების სრულიად ნორჩი რეგიონისთვის ეს მართლაც რომ უდიდესი გამარჯვება იყო: 34 ჯილდოდან 20 კალიფორნიულმა ღვინოებმა დაიმსახურა.

 

მშრალი კანონი

 

1920 წელს ახლად ფეხადგმულმა ღვინის იდუსტრიამ სერიოზული დარტყმა განიცადა. მიზეზი ცნობილი ამერიკული მშრალი კანონი გახლდათ. მშრალ კანონს სავალალო შედეგი მოჰყვა, ფაქტობრივად 14 წლის განმავლობაში ვენახები უპატრონოდ მიგდებული აღმოჩნდა. ამ პერიოდში ღვინოს მხოლოდ წმინდა ზიარებისთვის იყენებდნენ. ამერიკული ღვინის აღორძინება 1933 წლიდან დაიწყო. ღვინის ისტორიის ამ პერიოდს ამერიკელებზე არანაკლები სიამაყით რუსები მიმოიხილავენ, რადგან 1937 წელს ნაპას ხეობაში ბოლიეს მამულის მფლობელის, ჟორჟ დე ლატურის მიწვევით რუსი მეღვინე, ემიგრანტი ანდრეი ჩელიშჩევი ჩასულა. ჩელიშჩევს ბურგუნდიაში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონია და ნაპას ხეობის ღვინის წარმოებაში გამოყენებული მოძველებული მეთოდების გაუმჯობესებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვისაც გვარიანად გარჯილა. ჩელიშჩევს ძალ-ღონე არ დაუშურებია იმისათვის, რომ ამერიკულ ღვინოებისთვის ფრანგული კეთილშობილება მიენიჭებინა. მერე და მერე ნაპას ხეობის ღვინოები თანდათან იხვეწებოდა. 1943 წელს აქაურმა მეწარმეებმა ორგანიზაციაც შექმნეს, ამ ორგანიზაციას Napa Valley Vintners ერქვა, მისი მიზანი იყო პროდუქციის პოპულარიზაცია არა მარტო აშშ-ში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. 1975 წელს შეიქმნა მევენახეთა ასოციაცია - Napa Valley Grape Growers Association. დღეს ორივე სტრუქტურა არსებობს და აქტიურად იბრძვის საკუთარი ინტერესების დასაცავად.

ამჟამად ნაპას ხეობაში 260-მდე ღვინის საწარმოა. ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, ნაპას ხეობაზე მთლიანად კალიფორნიის მეღვინეობის მხოლოდ 4%-ი მოდის. დამეთანხმებით, უაღრესად მცირე წილია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხარისხი სჯობს რაოდენობას, ნაპას ხეობა ამერიკის მეღვინეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია. სწორედ აქ წურავენ იმ გამორჩეულ კალიფორნიულ ღვინოებს, რომლებმაც ამერიკულ სასმელს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი.

 

ნაპას რეგიონი

 

ხეობის სახელწოდება მდინარე ნაპას სახელიდან მოდის. ეს ხეობა 48 კილომეტრზეა გაშლილი, სიგანე 8 კილომეტრს არ აღემატება. ნაპა კალიფორნიის შუაგულში მდებარეობს, წყნარი ოკეანის სანაპიროდან ცოტა მოშორებით. ხეობას ორივე მხრიდან მთები ესაზღვრება, მათ შორის, სანტა ჰელენას ცნობილი მწვერვალი, რომელიც ნაპას ჩრდილოეთ საზღვართან მდებარეობს. ხეობაში დღესაც მრავლად შეხვდებით ვულკანური აქტივობის ნაშთებს - ცხელ წყაროებს. ნაპას ხეობას თამამად შეუძლია დაიკვეხოს ნიადაგის მრავალსახეობით: აქ ნიადაგის 150 სახეობა ენაცვლება ერთმანეთს. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ამ არცთუ ისე ვრცელ ტერიტორიაზე მოწეული ყურძნისგან დაყენებული ღვინოები სრულიად განსხვავებული ხასიათებით გამოირჩევა. ნაპას ხეობის კლიმატი ვაზის ზრდა-განვითარებისთვის პირდაპირ მისწრებაა. ხეობა კალიფორნიის შუაგულშია მოქცეული, კალიფორნია კი, მოგეხსენებათ, ამერიკაში მზიანი მხარის სახელითაა ცნობილი. ნაპას ხეობა შეუდარებელია მაღალხარისხიანი ღვინოების წარმოებისთვის. ხეობაში არ მოიძებნება ერთი კუნჭულიც კი, სადაც კლიმატი უცაბედად და მკვეთრად იცვლება. კლიმატის ერთგვაროვანი და არა უცაბედი ცვალებადობის პროცესი მთელი ხეობის გაყოლებაზე, ე.ი. მთელ 48 კილომეტრზე, მუდმივად მიმდინარეობს. მოსავლის ხარისხი დიდწილად სწორედ იმ პერიოდების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, როდესაც ცხელი ჰავა ოკეანიდან მონაბერი ცივი ბრიზებით იცვლება. ნაპას რეგიონში 14 ჰა-ზე გაშენებული ვენახები რამდენიმე სუბზონად არის დაყოფილი.

 

ღვინის ამერიკული კლასიფიკაცია

 

აშშ-ში დამკვიდრებული ღვინის კლასიფიკაციის პრინციპი ევროპულისგან ცოტა არ იყოს განსხვავებული გახლავთ და არც ევროპულივით დიდი სიმკაცრით გამოირჩევა. აქ AVA-ს (American Viticultural Areas, ამერიკის მევენახეობის ტერიტორია) პრინციპი მოქმედებს, ეს არის კონტროლირებადი დასახელება წარმოშობის მიხედვით. მეღვინემ AVA-ს უფლება რომ მიიღოს, მის მიერ დაწურული ღვინის შემადგენლობაში ყურძნის 85% მოცემულ რეგიონის ვენახებში უნდა იყოს მოწეული. აშშ-ში მხოლოდ 140 AVA-ა, თითოეულ მათგანს თავისებურ მოთხოვნებს უყენებენ. გამოიყოფა მსხვილი მეღვინეობის რეგიონები, რომლებიც თავის მხრივ უფრო პატარა რეგიონებს მოიცავს. ნაპას ხეობა ერთი ასეთი მცირე რეგიონია (Napa Valley ან Napa County AVA), რომელიც ჩრდილო სანაპიროს (North Coast) რეგიონის შემადგენლობაში შედის. თავის მხრივ, ნაპაც რამდენიმე სუბრეგიონად იყოფა, რომელთაც AVA-ს სტატუსზე აქვთ უფლება და რომელთაც უფრო დაწვრილებით ქვემოთ მიმოვიხილავთ.

 

აპელასიონები

 

ნაპას ხეობა AVA ანუ აპელასიონია. აქ ჭარბობს კაბერნე სოვინიონისა და შარდონეს ჯიშები. მეღვინეები დიდ ყურადღებას უთმობენ მერლოსა და პინო ნუარსაც. ამას გარდა, გარკვეულ ტერიტორიაზე მოჰყავთ სოვინიონ ბლანი, ზინფანდელი, სირა, სანჯოვეზე. ნაპას ხეობის შარდონესგან გასაოცარ, სრულიად განსხვავებულ ღვინოებს აყენებენ. ამ ჯიშისგან დაწურული ღვინო ზოგჯერ მსუბუქი და მაცოცხლებელია, ზოგჯერ ძალიან მდიდარი, ძლიერი არომატით. ხეობის მეფე მაინც კაბერნე სოვინიონია, ის უაღრესად მდიდარ და დახვეწილ ღვინოებს იძლევა. ჰიუ ჯონსონისეული შეფასება ასეთია: "აქაური კაბერნე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში." არცთუ დიდი ხნის წინ ნაპას ხეობაში მერლომაც გაითქვა სახელი. მერლო მსუბუქ, კეთილშობილ ღვინოებს გვაძლევს ალუბლის არომატით. აქაური სოვინიონ ბლანიც არ დაიწუნება, თუ ოდნავ მომჟავო გემოს სასმელები გიყვართ, მისი დახვეწილი და ელეგანტური არომატი ფრიად გესიამოვნებათ.

ახლა კი ნაპას ხეობის AVA-ს სტატუსის მქონე სუბრეგიონებს მივუბრუნდეთ.

 

ატლას პიკი (Atlas Peak) - ეს ტერიტორია ხეობის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. სრულიად ნორჩი აპელასიონია, რომელშიც ძირითადად სანჯოვეზე ხარობს.

კარნეროსი ან ლოს კარნეროსი (Carneros, Los Carneros) - ხეობის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და სონომის მთებს ესაზღვრება. აქ კლიმატი საკმაოდ ცივია, თუმცა ადგილობრივი მეღვინეები ბუნების მოვლენების საიდუმლოს კარგად ჩასწვდნენ და სათავისოდაც გამოიყენეს - შედეგი შარდონეს, პინო ნუარისა და მერლოსგან დაწურული შესანიშნავი ღვინოებია. "კარნეროსის" შარდონე კარგად დაბალანსებული და ელეგანტური ღვინოა, რომელსაც სხვადასხვა ხილის ტონები (ციტრუსები, ვაშლი, მსხალი და ა.შ.) დაჰყვება. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს და უნდა ითქვას, დამსახურებულადაც. დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო იხვეწება აქაური პინო ნუარის ბუკეტიც. კარნეროსში შარდონესა და პინო ნუარისგან ცქრიალა ღვინოებსაც ამზადებენ.

იუნტვილი (Yountville) - ამ სუბრეგიონში საკმაოდ გრილი კლიმატია. იუნტვილის კეთილშობილ ღვინოებს ძირითადად შარდონესგან, კაბერნე ფრანისგან, პინო გრისგან და სანჯოვეზესგან წურავენ.

ჰოუელ მაუნთინი (Howel Mountain) - ეს ზინფანდელისა და კაბერნე სოვინიონის მამულია. ზინფანდელი აქ თავის საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს, მისგან დაყენებული ღვინოები ძლიერია, შეინიშნება სუნელების მკვეთრი ტონები: კარდამონი, დარიჩინი, თეთრი წიწაკა. ამ აპელასიონში კაბერნე სოვინიონისგანაც მდიდარი ღვინოები მზადდება დასამახსოვრებელი ბუკეტით.

მაუნთ ვიდერი (Mount Veeder) - ამ აპელასიონში ვულკანური ნიადაგია და ძირითადად კაბერნე სოვინიონი მოდის. მას მოსდევს შარდონე. უფრო მცირე ფართობებზე იზრდება მერლო, ზინფანდელი და სხვა ჯიშები. "მაუნთ ვიდერის" წითელი ღვინოები ელეგანტური არომატით გამოირჩევა, კენკრისა და სუნელ-სანელებლების ტონებით. აქაურ შარდონეს ტროპიკული ხილისა და ციტრუსების ტონები ახასიათებს.

რუზერფორდი (Rutherford) - აქ მოწეულ კაბერნე სოვინიონს, როგორც ჰიუ ჯონსონმა შენიშნა, ახასიათებს მინერალური ნოტი, რომელსაც "რუზერფორდის მტვერს" ეძახიან. ღვინის ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ "რუზერფორდში" საუკეთესო კაბერნე იზრდება, თუმცა დღეს წარმატებით მოჰყავთ სხვა ჯიშებიც: კაბერნე ფრანი, მერლო, შარდონე, მალბეკი, კარმენერი, პტი სირა და პტი ვერდო, პინო ნუარი, რუსანი, სანჯოვეზე, ზინფანდელი და ა.შ. აქაური ღვინოები დიდი და დამსახურებული დიდებით სარგებლობს.

აუქკვილი (Oakville) - ეს ზონა "რუზერფორდის" აპელასიონის მეზობლად მდებარეობს და აქაც არაჩვეულებრივი კაბერნე სოვინიონი მოჰყავთ. თუმცა შესანიშნავ ღვინოს აყენებენ შარდონესა და სანჯოვეზესგანაც.

სანტა ჰელენა (St. Helena) - აქაც კაბერნე სოვინიონი მეფობს. ეს აპელასიონი ამ ჯიშის წყალობით სულ უფრო და უფრო მეტ წარმატებას აღწევს. სწორედ "სანტა ჰელენაში" გაიხსნა ჩარლზ კრუგის ცნობილი ღვინის საწარმო.

სპრინგ მაუნთინი (Spring Mountain), "გაზაფხულის მთა" - ამ მთიანი აპელასიონის ტერასებზე ყურძენს ხელით კრეფენ. გაშენებულია კაბერნესა და შარდონეს ჯიშები. ექსპერტები ადგილობრივ რისლინგსა და სირასაც აქებენ.

დაიამონდ მაუნთინი (Diamond Mountain) - იგივე "ბრილიანტის მთა", ნაპას ხეობის ნამდვილი განძია. ადგილობრივ ვულკანურ ნიადაგზე ნაპას მეფე კაბერნე სოვინიონი ხარობს. მისგან დაწურული ღვინო ძლიერია, გამოირჩევა იშვიათი მდიდრული გემოთი.

სტაგს ლიფ დისტრიქტი (Stags Leap District), "ირმის ნახტომის უბანი" - ეს ტერიტორია კაბერნე სოვინიონისგან დაყენებული ლეგენდარული ღვინოების სამშობლო გახლავთ. სწორედ "სტაგს ლიფ დისტრიქტი" აღიარეს პირველად ნაპას ხეობის აპელასიონებს შორის. მისი გამორჩეულობის მიზეზი განსაკუთრებული ნიადაგია, რომელიც თიხისა და ვულკანური ქანებისგან შედგება.

ჩაილს ველი (Chiles Valley) - ამ აპელასიონის კონტინენტურ კლიმატს კარგად ეთვისება ზინფანდელი, კაბერნე სოვინიონი, შარდონე და სოვინიონ ბლანი.

უაილდ ჰორს (ველური ცხენის) ველი (Wild Horse Valley) - აპელასიონის ტერიტორია მცირე ზომისაა, მზის სხივების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, მაგრამ ჰავა გრილია.

ოუქ ნოლ დისტრიქტი (Oak Knoll District), იგივე მუხნარის უბანი - სრულიად ახალგაზრდა აპელასიონი გახლავთ, სულ რაღაც სამიოდე წლის წინ, 2004 წელს შეიქმნა. აქ შესანიშნავი ზომიერი კლიმატია, არც ძალიან ცხელა და არც ძალიან ცივა. ამ ტერიტორიაზე არაჩვეულებრივ შარდონეს აყენებენ, დახვეწილსა და ელეგანტურს. ასევე პოპულარობით სარგებლობს კაბერნე სოვინიონისა და მერლოს ადგილობრივი ღვინოები.

უახლოეს მომავალში ჩამოთვლილ აპელასიონებს კიდევ ერთი აპელასიონი დაემატება - კალისტოგა (Callistoga). უკვე მიმდინარეობს მისთვის AVA-ს სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა.

 

ნაპა დღეს: ღვინო ადამიანს ცხოვრების სიყვარულს უმძაფრებს

 

"გუსტავოთრეისი", "ასტრალე ე ტერა", "ლიპარიტა", "გალაჰერი", "ძმები ტანერები"...…- ნაპას ხეობაში არაერთმა კომპანიამ ააწყო წარმატებული ბიზნესი. აქ მეღვინეობა დუღს. დღეს მეღვინეები განვლილ პერიოდს სიამოვნებითა და სიამაყით იხსენებენ. საინტერესოა, რომ ბევრ მათგანს თავის დროზე ნაპას ხეობისთვის მარტო ულამაზესი ბუნების გამო არ მიუქცევია ყურადღება, ეს ადგილი ე.წ. კომერციალიზმისგან ჯერ კიდევ შეურყვნელი იყო, მომავალმა მეღვინეებმა აქ მყუდრო თავშესაფარიც იპოვეს და ყოველდღიურ რუტინასა თუ ცხოვრების მშფოთვარე რიტმს გაარიდეს თავი. ნაპას ხეობის მეღვინეების დიდი ნაწილი ის ხალხია, რომელთაც ცხოვრების გრძელი და რთული გზა განვლეს და ბოლოს პროფესიული არჩევანი ღვინოზე შეაჩერეს.

თუნდაც "ასტრალე ე ტერას" დამფუძნებელი პოლ ჯონსონი ავიღოთ, სანამ ნაპას ხეობაში გამოჩნდებოდა, ის ჯერ აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების პილოტი იყო და, საერთოდ, სანამ ჩრდილოეთ კალიფორნიაში დასახლდებოდა, ძალიან ხიფათიანი ცხოვრება გამოიარა. თუმცა ბრენდის დასახელება "ასტრალე ე ტერა", იგივე - "ცა და დედამიწა", დამფუძნებლის ავიაგამოცდილებასთან არ არის დაკავშირებული; როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, ღვინოში სწორედ ცისა და მიწის მადლია შეზავებული. სამარკო ნიშნის დიზაინიც სიმბოლურია: ღვინო იქაა, სადაც ცა და დედამიწა ერწყმის ერთმანეთს. "ასტრალე ე ტერას" ერთ-ერთი საუკეთესო წითელი ღვინოა "არქტურუსი", ეს სასმელი 1999 წელს დაიბადა, სახელი დიდი წითელი ვარსკვლავის სახელის მიხედვით დაარქვეს. პოლ ჯონსონი ამბობს, რომ ყოველთვის დიდი ხალისით ეკიდებოდა ახალი საქმის დაწყებას და მეღვინეობით ძალიან კმაყოფილია: "მე მშენებელი ვარ. ღვინის ბიზნესი მხოლოდ ღვინის დაყენებით მიღებული სიამოვნება არ არის, მე ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ჩვენი ღვინო. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩვენი ვენახები და ჩვენი ღვინო ადამიანებს ცხოვრების სიყვარულს უმძაფრებს."

თუ ნაპას ხეობის ღვინის ბოთლის ეტიკეტზე ნიკე სამოთრაკიელის ქანდაკების გამოსახულებას აღმოაჩენთ, იცოდეთ, რომ ეს "გუსტავოთრეისის" ღვინოა. გუსტავოთრეისი კაბერნე სოვინიონის, შარდონეს, სოვინიონ ბლანის, ზინფანდელისა და მუსკატის ღვინოს აყენებს; მარკით - "მესამე ბოთლი" კი წითელ და თეთრი სუფრის ღვინოს ჩამოასხამს. ეს მარკა ხეობაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. დიდი ისტორია არც ამ კომპანიას აქვს. "გუსტავოთრეისი" 1996 წელს დააარსეს პარტნიორებმა - გუსტავო ბრამბილამ და თრეის ბრომბერგერმა. პირველი პროდუქცია 1996 წელს გამოუშვეს - 250 ყუთი ზინფანდელი. პირველივე მცდელობამ გაამართლა, ამას 1997 წელს მოჰყვა "კარნეროსის" შარდონე და კაბერნე სოვინიონი, 2000 წელს კი სოვინიონ ბლანიც დაემატა. "გუსტავოთრეისი" გვიანი მოსავლის მუსკატს, პტი სირასა და მერლოსაც ამზადებს. როგორც ხედავთ, საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული კომპანია გახლავთ. კომპანია ყოველწლიურად 3800 ყუთ სასმელს უშვებს. ღვინის დაყენებასთან ერთად კომპანიის წარმომადგენლები ყოველწლიურად უზარმაზარ კვლევით სამუშაოებსაც ატარებენ, სწავლობენ და ერთმანეთს უდარებენ მიმდინარე და გასული წლების მოსავლიანობასა და მოსავლის ხარისხის გავლენას მიღებულ პროდუქტზე. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მეღვინე და მენეჯერი გუსტავო ბრამბილა ფერმენტაციის კარგი სპეციალისტია და თვითონვე არჩევს მოსავალს მომავალი ღვინისთვის. მაგალითისთვის, შარდონეს დასაყენებლად გუსტავო მთიან ფერდობებზე მოწეულ ყურძენს ამჯობინებს, რადგან ფერდობზე გაზრდილი ყურძენი მინერალებითაა მდიდარი. გუსტავო წარმოშობით მექსიკიდანაა, ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა ენოლოგიით, როცა მამამისი კალიფორნიაში ჩამოვიდა და ვენახში დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით სწორედ კალიფორნიაში შეხვდა გუსტავო თავის პარტნიორს, ქალბატონ თრეის ბრომბერგერს, რომელიც კომპანიის მიერ დამზადებული ღვინის მარკეტინგსა და სარეკლამო საქმეს უდგას სათავეში და დეგუსტაციებსაც ხშირ-ხშირად მართავს. სამარკო ნიშნის სიმბოლოდ ნიკეს - გამარჯვების ქალღმერთის - არჩევას ორი მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ სახელი თრეისიც ნიკეს სამშობლოს - სამოთრაკს უკავშირდება, მეორე მიზეზი კი მუდმივი გამარჯვების სურვილია: "გვინდოდა ჩვენი ოცნებები და გამარჯვებები გამოგვესახა, ის, რასაც ჩვენი ღვინის გამოშვებით ვაკეთებთ."

ბუნებრივია, ყველა კომპანიის ცხოვრებაზე ვერ გიამბობთ. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ორიგინალური ისტორია და თავისი გმირებიც ჰყავს. ერთი, რაც ყველას აერთიანებს, ნაპას ხეობისა და ღვინის სიყვარული და გამარჯვებისკენ სწრაფვაა. გამარჯვებები კი ნაპას ღვინოებს, როგორც ჩანს, კიდევ მრავლად ექნება.

 

 

 

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული