Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

N1 ღვინოები N1 ღვინის ქარხნის სარდაფში!

ლევან სეფისკვერაძე

დიდი სიურპრიზი ახალგაზრდებისათვის

28 სექტემბერს, ვერაზე, ლეგენდარულ N1 ღვინის ქარხნის სარდაფებში

„საქართველოს ღვინის კლუბმა“ ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში საფესტივალო აქცია გამართა სახელწოდებით:  "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე".

აქციას „ღვინის კლუბის“ დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია წარუძღვა. მან ღონისძიების სტუმრებს სათითაოდ გააცნო აქციაზე მასპინძლის რანგში მიწვეული 17 ახალი ღვინის მწარმოებელი მცირე მარანი თუ კომპანია, რომელთა დიდმა ნაწილმა უკვე მიაღწია გარკვეულ აღიარებას და ეს მარნები საკუთარ ღვინოს უცხოეთშიც კარგად ყიდიან.  

ღვინის კლუბისგან საზოგადოება უკვე მიეჩვია მსგავს ღონისძიებებსა და ინციატივებს. ალბათ არ იქნება გასაკვირი თუ ვიტყვით, რომ 28 სექტემბრის საფესტივალო აქციაზე დასწრება თავისუფალი იყო. შესაბამისად, ღვინის პირველი ქარხნის სარდაფებში ღვინის სპეციალისტებზე და დაინტერესებულ პროფესიონალებზე მეტად, სტუდენტებსა და რიგით მოქალაქეებს ნახავდით.

ეს განსაკუთრებული დღე სწორედ სტუდენტებისათვის იყო. მათთვის დიდი სიურპრიზი გახლდათ ამდენი გამორჩეული, ნატურალური, გემრიელი და რაც სტუდენტისათვის მთავარია –  სრულიად უფასო ღვინო, რომელთა შესახებ პროფესიონალები აკეთებდნენ განმარტებას. ეს ბევრი სტუმრისათვის სრულიად მოულოდნელი და დაუგეგმავი იყო.

ნათია გაბრიჩიძე, სტუდენტი, 22 წლის: „აღფრთოვანებული ვარ! მე და ჩემი მეგობრები ლანჩზე ვართ გამოსულები უნივერსიტეტიდან და სრულიად შემთხვევით წავაწყდით ამ შესანიშნავ ღონისძიებას. ამდენი გადასარევი ღვინის გასინჯვის საშუალება ერთად არასოდეს მქონია და მე და ჩემი მეგობრები როგორც ჩანს, მომდევნო ლექციას გავაცდენთ. რთულია აქ ასეთი ღვინოები გეგულებოდეს და შენ ლექციაზე იჯდე!“.

კარგი ღვინო ტაქსისტებსაც უყვართ

ღონისძიება მალხაზ ხარბედიასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვილმაც გახსნა. მათი წანამძღვარი სიტყვიდან პირველ რიგში მსგავსი აქტივობების მნიშვნელობა აღინიშნა და ხაზი გაესვა იმასაც, რომ ეს საფისტივალო აქცია სპეციალურად დაემთხვა ღვინის კვირეულს და მსგავსი ღონისძიებები ყოველწლიურ სახეს ამ დროს საქართველოს რეგიონების უმეტეს ნაწილში რთველია და ისევე როგორც ევროპის მეღვინეობით სახელგანთქმულ ქვეყნებში, საქართველოშიც რთველის მიმდინარეობას თან ზეიმი და საზეიმო განწყობა უნდა სდევდეს.

სანამ აქციაზე წარმოდგენილ ღვინის მარნებზე კონკრეტულად ვისაუბრებდეთ, მანამდე უნდა გაგაცნოთ ღონისძიების კიდევ ერთი სტუმარი, 44 წლის თბილისელი ტაქსისტი, გოჩა რაზმაძე. ღონისძიებაზე მისი მისვლა სრულიად სპონტანურად და დაუგეგმავად მოხდა.

გოჩა რაზმაძე, მძღოლი: „ღვინის გიჟი ვარ, ისე მიყვარს. გემოც მიყვარს და სმის პროცესიც. კლიენტი მყავდა ახლა, ფალიაშვილის ქუჩის კუთხეში ჩამოვსვი და რუსთაველისკენ ვაპირებდი გამოსვლას და რას ვხედავ?! დიდი პლატაკია ქარხნის შესასვლელთან, სადაც „ღვინის კლუბი“ წერია. მე „ღვინის კლუბის“ შესახებ კარგად ვიცი. ორჯერ ვიყავი „ახალი ღვინის ფესტივალზე“ და მივხვდი, მაგარი რამე რომ ხდებოდა. ავვარდი ზემოთ პეტრიაშვილის ქუჩაზე, მივაყენე მანქანა და მოვედი. უკვე მეშვიდე დახლთან მოვედი და როგორც ჩანს, ეგ მანქანა ხვალამდე იქ იქნება მიყენებული“.

სიახლეები და ახალი გემოები

28 სექტემბრის საფესტივალო აქციაზე წარმოდგენილ 17 მცირე მარანს ასე თუ ისე უკვე კარგად იცნობენ ღვინის მოყვარულები და სპეციალისტები. ეს მეღვინეები ღვინოს საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში აყენებენ და ამ კუთხით მათი გეოგრაფია მეტად ვრცელია. თუმცა არიან მარნები, რომლებიც ერთბაშად რამდენიმე კუთხეს მოიცავენ და შესაბამისად, ღვინოების არჩევანიც მრავალფეროვანი აქვთ.

ამ მხრივ გამორჩეულია კომპანია „დო რე მი“, რომელიც ღვინოებს საქართველოს სამ რეგიონში: კახეთში, ქართლში და სამეგრელოში აყენებს. მათ მიერ წარმოდგენილი ღვინოებიდან განსაკუთრებული მოწონება და ინტერესი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოწეულმა ოჯალეშმა დამსახურა, რომელიც ერთად–ერთი მეგრული ღვინის ნიმუში იყო ღონისძიებაზე.

მამუკა წიკლაური, კომპანია „დო რე მის“ თანამფლობელი: „ჩვენ ღვინოს უკვე ევროპაშიც ვყიდით, იაპონიაშიც და ავსტრალიაშიც. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ქართველი მომხმარებლის აზრია. აქ ბევრ კარგ ღვინის მარანს და კარგ ღვინოებს ვხედავ და სწორედ იმიტომაცაა მნიშვნელოვანი ეს ღონისძიება, რომ ხალხმა გაიგოს როგორია ახალი ქართული ღვინო და როგორი ღვინოა უკეთესი“.

„კორტავების მარანს“ აქციაზე ტრადიციულლად ქვევრში წარმოებული სამი კახური ლეგენდარული ჯიშისგან: საფერავისგან, რქაწითელისგან და მწვანე კახურისგან დამზადებული ღვინოები ჰქონდა წარმოდგენილი. თუმცა, კომპანიამ სიახლეც შემოგვთავაზა.

თამუნა ბიძინაშვილი, „კორტავების მარნის“ წარმომადგენელი: „შარშან გადავწყვიტე ახალი და განსხვავებული ღვინო დამემზადებინა და კარბონული მაცერაციის წესით დავაყენე რქაწითელი. რთულია ჩემს ღვინოზე მე გესაუბროთ, მაგრამ ნახეთ და მიხვდებით, რომ გასინჯვად ნამდვილად ღირს. ძალიან მიხარია, რომ ბევრს მოეწონა ჩემი ეს გადაწყვეტილება.  როგორც იცით, „კორტავების მარანი“ ღვინოს მთლიანად ქვევრში ამზადებს და როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლებისთვის სწორედ ქვევრის თემაა მთავარი და მნიშვნელოვანი“.

ძველები და გამორჩეულები

შედარებით ახალი და დამწყები მეღვინეების გვერდით, ღვინის პირველი ქარხნის სარდაფში უკვე გამოცდილ, ძველ და ყველასათვის კარგად ნაცნობ და საყვარელ მეღვინეებსაც ნახავდით. მაგალითად ისეთ ხალხს, როგორიც თუში (მაინც რა უცნაურად ჟღერს ეს „თუში მეღვინე“) მეღვინეები: ვახო და ანზორ იდოიძეები, იმერელი მეღვინე ამირან ვეფხვაძე, ანდა ჭიკაანელი კობა ქვაჭრელიშვილია. ამირანი თავისი შარშანდელი მოსავლის ციცქათი და ოცხანური საფერეთი აოცებდა სტუმრებს, ბატონმა კობამ კი გადაწყვიტა კახურ ტრადიციებს ბოლომდე მიჰყოლოდა, თავის ლეგენდარულ ქისსა და რქაწითელს სტუმრებს ჭიქაში პირთამდე უსხამდა და აიძულებდა საქართველოს სადღეგრძელო ბოლომდე დაელიათ.

აქვე მოისმინეთ ერთ–ერთ სტუმრის, პოლონელი ტურისტის აზრი ბატონ კობა ქვაჭრელიშვილზე:

„ღმერთო, ეს რა საოცარი ვინმე გავიცანი. სულაც არ მჭირდება ქართული ენის ცოდნა იმისათვის, რომ გავიგო რას ამბობს ბატონი კობა. ღვინო კი ისეთი მაგარი აქვს, მე მგონი მისი სახით თავად ღმერთი ბახუსი გვესაუბრება“ – დანიელ რეცსკი, სტუმარი პოლონეთიდან.

ღონისძიებაზე ყველაზე მეტი ღვინის ნიმუში რა თქმა უნდა „ალაფიანის მარანს“ ჰქონდა. ამ მარანმა ღვინის მოყვარულები უკვე მიაჩვია მრავალფეროვნებას და სასიხარულია, რომ ამ მრავალფეროვნებას თან ღვინის ხარისხის ყოველწლიური ზრდა მოსდევს. „ალაფიანის მარნის“ მფლობელი, მერაბ მირცხულავა ამბობს, რომ მომავალში უფრო მრავალფეროვან არჩევანსშემოგვთავაზებს.

თურმე როგორ გვაკლია ევროპა!

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანიდან მეღვინე ძმებს, ლექსო და ბექა ნეშუმაშვილებს კვლავ მშვენიერი ქისი და ბუნებრივად ტკბილი კახური მწვანე ქონდათ ჩამოტანილი, მაგრამ უკვე მესამე ღვინის დიდი ღონისძიებაა, როდესაც დღის ჰიტი მათ მიერ დამზადებული როზე ხდება. ეს აშკარას ხდის იმასაც, რომ ქართველი მოხმარებლები როზეს ტიპის ღვინოებით დაინტერესებულები არიან და სასურველი იქნება, თუ სხვა მცირე მარნებიც გაითვალისწინებენ ამას.

უკანასკნელ პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა იმერეთში, სოფელ ობჩაში ქალი მეღვინის, ბაია აბულაძის მიერ დაყენებულმა ცოლიკოურმა და ციცქა–ცოლიკოურმა. რასაკვირველია, ეს პირველ ყოვლისა იმითაცაა განპირობებული, რომ ჩვენში ქალი მეღვინეები არც ისე ბევრნი არიან, მაგრამ მთავარი მაინც ამ ღვინოების ხარისხია. ხარისხობრივად კი ბაიას ღვინო ბევრ ცნობილ და ბრენდად ქცეულ იმერულ ღვინოს დაუდგება გვერდში.

ბაია აბულაძის ღვინოზე, სტუდენტი გიგი ლაფერაშვილი ამბობს:

„ესეთი მეღვინე გოგოები ბევრი რომ გვყავდეს, ევროპაშიც შევალთ და ევროპასაც გავცდებით!“

„ევროპას გაცდენაზე“ ვერაფერ გეტყვით, მაგრამ, 28 სექტემბრის საღამოს, N1 ღვინის ქარხნის სარდაფში ცოტა ხნით საქართველოში ევროპა მართლა დაბრუნდა. დაბრუნდა კარგი ღვინით, ბედნიერი ადამიანებით და ერთმანეთთან ჯანსაღი დამოკიდებულებებით. თურმე როგორ გვაკლია ევროპა!

ყველა ფოტო იხ. აქ

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული