Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ზეიმი

„ჩვენ ფოტოგრაფები ვართ. ჩვენთვის ფესტივალი ახალი და მოულოდნელი აღმოჩენების საუკეთესო საშუალებაა. ამ ღონისძიების მეშვეობით ჩვენ შევეცდებით, ხმა მივაწვდინოთ მსოფლიოს, სადაც ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება - ქართველებს საოცარი, სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვთ. თუ ჩვენ, იაპონელები, ან ევროპელები ამას ყურადღებით მოვეკიდებით, ვიზრუნებთ ამ უნიკალურ ხასიათებზე, დედამიწას, უსათუოდ, უკეთესი მომავალი ექნება. „ახალი ღვინის ფესტივალის“ დიდი მადლიერები ვართ ამის გამო.“

კეიკო კატო, ფოტოგრაფი, იაპონია

„ახალი ღვინის ფესტივალი“  ნიშნავს დიდ ზეიმს, ცოდნის, გამოცდილების დადებითი ემოციების  გაზიარებას,  ღვინის  დღესასწაულს,  მეღვინეებისთვის უდიდეს სტიმულს, შექმნან სიყვარულით  და მოწიწებით ღვინო, რომელიც სახელს გაუთქვამს ჩვენ ქვეყანას, მის 6000 წლოვან ტრადიციებს. „ახალი ღვინის ფესტივალის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გააღვივოს ახალ თაობებში  მეღვინეობის შრომის დაფასება  და პატივისცემა. მოდით, ერთად გავაგრძელოთ ტრადიცია.”

ნანიკო რატიანიძე, კახური ტრადიციული მეღვინეობა, გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი

„ჩემი ინტერესი და მოლოდინი ფესტივალის მიმართ ჩემს პროფესიას - ბუნების დაცვას ანუ „ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას“ უკავშირდება. საქართველო უძველესი აგრარული ქვეყანაა, მისი ტერიტორია კულტურულ მცენარეთა წარმოშობის წინააზიურ ცენტრში შედის, ვაზი კი აგრობიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. ლიტერატურაში 500-მდე ადგილობრივი ჯიშია აღწერილი, მათგან მხოლოდ 300-მდე თუ შემორჩა. საქართველოს აგრობიომრავალფეროვნება საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა საბჭოთა კოლექტივიზაციამ, ტრადიციული გლეხური მეურნეობების გაქრობამ. ღვინის ფესტივალი კი საუკეთესო საშუალებაა ტრადიციული გლეხური მეურნეობების ასაღორძილებლად და, აქედან გამომდინარე, აგრობიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.“

ირაკლი მაჭარაშვილი, მწვანე ალტერნატივა

„ახალი ღვინის ფესტივალი ნამდვილი „ღვინის ზეიმია“! ყველაზე მეტად მხიბლავს, როცა ამდენ ბედნიერ და გაღიმებულ ადამიანს ვხედავ. გარდა იმისა, რომ ფესტივალი რეკრეაციულ ხასიათს ატარებს, ის საინტერესოა პროფესიონალებისთვის და ღვინის მოყვარულებისთვისაც. ყოველ წელს ფესტივალს ახალი და საინტერესო ღვინო ემატება, გულ-ანთებული მეღვინეებით, რომლებიც მალევე იმკვიდრებენ თავს ღვინის მოყვარულთა საზოგადოებაში. ღვინის ფესტივალზე საზოგადოება ახალ ღვინოსაც ეცნობა და ერთმანეთსაც, აქვე იბადება „დიდი იდეები“. აქ სინჯავენ მრავალგვარ ღვინოს, აფასებენ, აქებენ და აკრიტიკებენ. ფესტივალზე ხალხი მხოლოდ ღვინის დასალევად კი არ მიდის, არამედ ღვინის შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად და გამოცდილების გასაზიარებლადაც. ღვინის ღონისძიებები და დღესასწაულები სისტემატურ ხასიათს უნდა ატარებდეს. ჩემი ნება რომ იყოს ბავშვებისთვის მოვაწყობდი კონკურსებს და თოჯინების თეატრს (სანამ მშობლები ისვენებენ), სხვადასხვაგვარი მუსიკალური ბენდები კიდევ უფრო გაამხიარულებდა საზოგადოებას...  ღვინის კულტურა იხვეწება, ღვინის მოყვარულთა საზოგადოება დღითიდღე იზრდება და სანამ საზოგადოება ღვინოს მიირთვევს, დედამიწაც ჰარმონიულად ბრუნავს..."

ია თაბაგარი, „ღვინის ტურიზმის ქომაგი“

„ახალი ღვინის ფესტივალი“ მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და კულტურის ამაღლებას. ეს არის კარგი შესაძლებლობა ადგილობრივი მომხმარებლებისა და ტურისტების წინაშე ქართული ღვინის კომპანიების წარმოსაჩენად. ფესტივალისთვის ვემზადებით დიდი მონდომებითა და ხალისით. გვინდა, რომ ღირსეულად ვიყოთ წარმოდგენილი ღონისძიებაზე. ახალი სამომხმარებლო სეგმენტებისა და ბაზრების ათვისების, ასორტიმენტის გაზრდისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის ფესტივალი ძალიან კარგი საშუალებაა.”

გიგი არონიშიძე, ღვინის კომპანია დუგლაძე

"ახალი ღვინის ფესტივალი" არამარტო ღვინის, არამედ ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს დღე საშუალებას გაძლევს, დააგემოვნო ახალი და იშვიათი ჯიშის ღვინოები, წლიდან წლამდე გააუმჯობესო ღვინის ხარიხსი და გააცნო ქართული კულტურა უცხოელ მომხმარებელს. ჩვენი კომპანია ყოველ წელს ღებულობს მონაწილეობას ამ ფესტივალში. ვიმედოვნებ, წელსაც დიდ მოწონებასა და აღიარებას დავიმსახურებთ არამარტო ქართველ, არამედ უცხოელ ღვინის მოყვარულთა წრეშიც."

ნანა მარანელი, "მეღვინეობა ხარებას" გაყიდვების მენეჯერი

მოამზადა ქეთო ნინიძემ

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.