საქართველოში ღვინის რთველი რეკორდული მაჩვენებლით დასრულდა გლობალური კლების მიუხედავად, საქართველო ღვინის საერთაშორისო სცენაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება" - წერს ცნობილი ღვინის გამოცემა The Drinks Business.
გლობალური ღვინის წარმოება ბოლო 63 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა. საერთაშორისო ვაზისა და ღვინის ორგანიზაციის (OIV) ბოლო მონაცემებით, ღვინის წარმოებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა ამინდმა, მათ შორის გვალვებმა და სეტყვამ, რამაც ღვინის ძირითადი მწარმოებელი რეგიონების ვენახები დააზარალა: "თუმცა, საქართველო ამ ტენდენციას ეწინააღმდეგება და 2024 წლის რთველით გამორჩეულ შედეგს აჩვენებს."
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წლევანდელი რთველი ბოლო ხუთწლიანი საშუალო მაჩვენებლისგან 20%-ით, ხოლო 2023 წლისგან 27%-ით არის გაზრდილი: "გასულ წელს ღვინის წარმოებაზე დიდად იმოქმედა სეტყვისგან გამოწვეულმა ზიანმა, თუმცა წელს ადგილობრივი მწარმოებლები არა მხოლოდ გაზრდილ მოსავალს, არამედ მის მაღალ ხარისხსაც აღნიშნავენ, განსაკუთრებით წითელი ვაზის ჯიშზე – საფერავზე, რომელსაც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე დიდი მნიშვნელობა და პოტენციალი აქვს."
ღვინის მაგისტრმა და გაერთიანებულ სამეფოში ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის დირექტორმა სარა ებოტმა ეს მიღწევა აღნიშნა. მისი თქმით, 2024 წელს წარმოებული ღვინოების ხარისხმა ფართო აღიარება მოიპოვა, რაც კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო ბაზარზე "ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა ინდუსტრია ცდილობს ძირითადი ბაზრების მიმართ საკუთარი ხილვადობის გაფართოებას."
ბოლო წლებში ქართულ ღვინოზე საერთაშორისო ინტერესი სტაბილურად იზრდება. IWSR-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2022-2023 წლებში გაერთიანებულ სამეფოში ღვინის ექსპორტი 40%-ით გაიზარდა. ასევე, შეერთებულ შტატებში მზარდია ინტერესი ქართული ღვინის მიმართ, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალურობით და უძველეს მეღვინეობასთან ღრმა კავშირით.
საქართველო 2025 წლამდე გეგმავს მარკეტინგსა და სავაჭრო ღონისძიებებში ინვესტიციების გაზრდას, რათა გააძლიეროს თავისი გლობალური პოზიციები: " საქართველო მონაწილეობას იღებს ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებში, როგორიცაა ლონდონის ღვინის გამოფენა და ProWein, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ღვინის მწარმოებლები პროდუქტს საერთაშორისო ექსპერტებსა და ღვინის ენთუზიასტებს წარუდგენენ. ამ იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს დიდი წარმომადგენლობა ექნება, რომელიც ინდუსტრიის განვითარების ხაზგასმას ემსახურება".
წარმოების აღდგენა და ექსპორტის ზრდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოსთვის, რომელიც ისტორიულად ითვლება მეღვინეობის ერთ-ერთ აკვნად. ტრადიციული ტექნოლოგიების, როგორიცაა ქვევრის გამოყენება, და თანამედროვე მიდგომების კომბინაციამ ქართველ მწარმოებლებს საშუალება მისცა, მოიზიდონ როგორც ცნობისმოყვარე მომხმარებლები, ისე მაღალი ხარისხის ღვინის მოყვარულები.
თუმცა, გამოწვევები კვლავაც არსებობს. 2024 წლის აპრილში Drinks Business-ის კვლევამ აჩვენა, რომ გაერთიანებულ სამეფოში მომხმარებელთა მხოლოდ 2% იცნობს საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელ ქვეყანას. ეს მიუთითებს იმ სირთულეზე, რაც საქართველოს წინაშე დგას მომხმარებლების ინფორმირებისა და პოზიციონირების კუთხით გლობალური ბაზრის მზარდ კონკურენციაში.
2024 წლის რთველის წარმატება და ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, რომ გახდეს მაღალი ხარისხის ღვინის მწარმოებელი ლიდერი ქვეყანა. მომდევნო წლები გადამწყვეტი იქნება ამ ტენდენციის შენარჩუნებისა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების განმტკიცებისთვის.
თქვენი კომენტარი