Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

IWSC Wine Judging in Georgia - ჟიურის წევრების წინასაკონკურსო მოლოდინები

IWSC Wine Judging in Georgia-ს დეგუსტაცია დღეს იწყება და 30 ნოემბრამდე გაიმართება,  საზეიმო დაჯილდოებაზე კი გამარჯვებული ღვინოები 1 დეკემბერს გამოვლინდება.

კონკურსის შესახებ, მოლოდინებისა და გასული წლის შეჯამების შესახებ ქართველი და უცხოელი ჟიურის წევრები საუბრობენ. ანა გოდაბრელიძე 4 ქართველი ჟიურის წევრიდან ერთ-ერთია, როგორც ის ამბობს, ყველა კონკურსი მნიშვნელოვანია, რომლებიც სტიმულს აძლევს განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს, რათა უფრო ხარისხიანი ღვინო აწარმოონ:IWSC-ის კონკურსით არა მხოლოდ მცირე, არამედ დიდი ღვინის მწარმოებლებიც არიან დაინტერესებულნი. წელს მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე შარშან. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ესა თუ ის ღვინო მედალს მიიღებს, არამედ ამის შემდეგი ეტაპი, რითაც ეს კონკურსი განსაკუთრებით ფასობს. კონკურსში ჩართულები არიან ბაიერები, იმპორტიორები, ექსპერტები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კონკურსანტები სურვილის მიხედვით შეირჩა, აქ მეღვინეებს ღვინის გაგზავნის საკმაოდ მაღალი საფასური არ აქვთ გადასახდელი, კონკურსის თანხაც შედარებით დაწეულია, რაც ყველას ძალიან უმარტივებს საქმეს. ეს მხოლოდ ერთი ორგანიზაცია არ არის, IWSC-ის განსაკუთრებით დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. ძალიან ბევრი სამუშაოა ამ კონკურსის მიერ გაწეული, რათა უფრო მეტად ცნობადი გახდეს. ღვინის მოყვარული მომხმარებელი და არა მხოლოდ, მათ შორის ჩვენც, ექსპერტებიც, ყურადღებას ვაქცევთ, რა მედალი აქვს მიღებული და განსაკუთრებით იმას, თუ რომელი კონკურსის. IWSC-ის კი ნამდვილად ფასობს ამით”. 

ჯაბა ძიმისტარიშვილი 2020-2021 წლის საქართველოს ჩემპიონი სომელიეა, დასახელდა Gault & Millau Georgia-ს მიერ 2023 წლის საუკეთსო სომელიედაც: “IWSC-ის კონკურსზე უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას. განსაკუთრებით კარგია ის, რომ საქართველოში ტარდება, რის გამოც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს, ვინც ამის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. ვისურვებდი მეტ ჩართულობას და აქტიურობას ქართველი მეღვინეებისგან, რადგან, როგორც ფეხბურთელები ამბობენ: “ჩვენს მინდორზე ვთამაშობთ”.

მაგდა სურგულაძე ენოლოგი, ღვინის ექსპერტი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი და სომელიეა, რომელიც დანარჩენ სამქართველ ღვინის ექსპერტთან ერთად საკონკურსო ღვინოებს შეაფასებს: კონკურსს უფრო მეტი საერთაშორისო ჟიურის წევრი ჰყავს, ვიდრე ქართველი. მიუხედავად ამისა, ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლობა საკმაოდ დიდია, რადგან ობიექტურად უნდა შევაფასოთ ღვინო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გულშემატკივრობს ქართულ ღვინოს, ეს ობიექტურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჟიურის წევრებს შორის არიან ცნობილი სომელიეები, ბაიერები, ღვინის მწერლები, ბლოგერები. ჩემთვის უფრო საინტერესოა ხოლმე უკვე კონკურსის შემდეგი შედეგები, როცა ხედავ, ვინ როგორ შეაფასა ესა თუ ის ღვინო. ასევე თვითონ ამ ჟიურის წევრების ხედვები ყველა კომპანიისთვის და მწარმოებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მართლაც რომ დიდი სტიმულია, რადგან შეფასებას კითხულობენ და უფრო უკეთ იცნობენ თავიანღ პროდუქტს."

მაგდა აღნიშნავს იმასაც, რომ ეს კონკურსი არა მხოლოდ მეღვინეებისთვის, არამედ თვითონ ჟიურის წევრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია: “ძალიან საინტერესო და სასიხარულოა უცხოელ კოლეგებთან შეხვედრა, მათთან ერთად ღვინოების დაგემოვნება და შემდეგ უკვე შთაბეჭდილებების გაზიარება. წელს ძალიან კარგი შანსი გვაქვს, უფრო ახლოს გავიცნოთ მეზობელი ქვეყნების ღვინოები და ქართულს შევადაროთ. ძალიან დატვირთული კონკურსი იქნება შთაბეჭდილებებით და ჩემთვის დიდი პატივია ამ კონკურსის ჟიურის წევრობა”.

IWSC-ის შესახებ საუბრობს სალვატორე კასტანოც, რომელიც ღვინის მაგისტრი, Fiarwood-ის ღვინის “ბაიერი” და სავაჭრო მრჩეველია: “გასულ წელს აღმოვაჩინე ქართული ღვინის ხარისხი და მრავალფეროვნება. გასაოცარია, თუ რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ასეთ პატარა ქვეყანას. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთი მწარმოებლებიც, რომლებმაც მედალი ვერ მიიღეს, თუმცა მე მჯერა, რომ გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც IWSC-ს ჟიურიმ მივეცით და წელს ბევრად უფრო გაუმჯობესებული გემოებით წარდგებიან.”

კონკურსის ვებგვერდზე მელანია ბეტისტონის ინტერვიუსაც ვკითხულობთ, მელანია “ჰარპერის” ტოპ 25 სომელიეთა შორის არის, წელს კი ღვინის კონკურსის ერთ-ერთი ჟიურის წევრია, ის განსაკუთრებით ქართული ღვინის უნიკალური გემოების აღმოჩენას ელის: მსურს ვიპოვო საქართველოს განსაკუთრებული გემო, მოუთმენლად ველი მის აღმოჩენას. ღვინის ინდუსტრიის ბუნებრივმა განვითარებამ და მისმა ისტორიამ ქართულ ღვინოს გარკვეული სტატუსი მიანიჭა, თუმცა, მაინტერესებს, დარჩება თუ არა ის ავთენტურობისა და ძირძველი მემკვიდრეობის ჩარჩოებში, თუ უარს იტყვის თავის უნიკალურ მახასიათებლებზე კომერციული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სიტყვებს „საქართველო ღვინის სამშობლოა“ რაღაც განსხვავებული, ღრმა გაგება და ეფექტი აქვს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ საქართველოს ასეთი პოზიციონირება ნელ-ნელა მოძველდა, სწორედ ამიტომ ჩამოვდივარ საქართველოში, რათა გადავფურცლო ამ ძირძველი ისტორიის „ახალი ფურცლები”

ქეთ ლომაქსი ღვინის ბაიერია, რომელიც უკვე მეორედ არის IWSC Georgia-ს ჟიურის წევრი. როგორც ის ამბობს, მისთვის წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქართული ღვინის ჯიშების მრავალფეროვნების აღმოჩენაა: შარშან, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებამ. კონკურსის ჩატარებამდე,  ძირითადად საფერავი და სპეციფიკური ქარვისფერი ღვინოები მქონდა დაგემოვნებული, სწორედ ამიტომ იყო ასე გასაოცარი ყურძნის ჯიშების სრულიად ახალი სამყაროს აღმოჩენა (მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, ეს ნამდვილად იშვიათია), ასევე შარშანდელ IWSC Wine Judging-ზე პირველად შემეცვალა შეხედულება ე.წ. „ნარინჯისფერ“ ღვინოებზე, რადგან ქართული ქვევრის ღვინის გემო, სრულიად განსხვავდება იმ ღვინოებისგან, რომელიც დიდ ბრიტანეთის რესტორნებსა და ბარებში გვხვდება. „ქარვის“ ღვინოები, რომლებიც გასულ წელს გავსინჯე, წარმოუდგენლად სუფთა იყო და არაფერი იგრძნობოდა ქვევრში დაძველებული ყურძნის ჯიშის არომატის გარდა. ასეთი ხარისხიანი ღვინის გასინჯვის შემდეგ ჩემს ლექსიკონში „ნარინჯისფერი“ და „ქარვის“ ღვინოები ერთმანეთისგან გაიმიჯნა.”

შეგახსენებთ, რომ კონკურსი უკვე მეორედ ტარდება საქართველოში, ღვინოების ტესტირება კი 28, 29, 30 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო გამარჯვებულების ვინაობა პირველ დეკემბერს, საღამოს, გახდება ცნობილი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული