Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩხავერი - Georgian Wine Infographics (87)

ჩხავერი

ჩხავერი გურიის უმთავრესი ჯიშია, ასწლეულების მანძილზე ამ მხარის სიმბოლოდ ქცეული, თუმცა იგი აჭარაშიც ფართოდაა გავრცელებული. ვარდისფერი ჯიშია, საგვიანოა, ნოემბერ-დეკემბერში იკრიფება, საიდანაც დგება განსაკუთრებული გემოს, დაუვიწყარი ღვინო (მოოქროსფრო-ქარვისფერი და ვარდისფერი, ან ლალისფერი), ცოცხალი მჟავიანობითა და მდიდრული არომატებით. XIX საუკუნემდე ჩხავერი ძირითადად მაღლარზე მოჰყავდათ, გარდა ამისა ძალზე გავრცელებული იყო და დღესაც პოპულარულია ოლიხნარის ტიპის ვენახები. საბჭოთა პერიოდში 30-40-იან წლებში იმატა ჩხავერის ვენახების ფართობებმა გურიაშიც და აჭარაშიც. დღესდღეობით გურიაში და აჭარაში აქტიურად შენდება ეს ჯიში და მას დაბლარზეც შეხვდებით, ოლიხნარზესაც და მაღლარზეც, ხეებზე გაშვებულსაც.

საუკეთესო მიკროზონები

ჩხავერი გურიის სამივე მუნიციპალიტეტში მოჰყავთ, თუმცა საუკეთესო ყურძენი ჩოხატაურისა და ოზურგეთის რამდენიმე სოფელში მოდის: საყვავისტყე, ბუკისციხე, ერკეთი, ფარცხმა, ბახვი, ასკანა, ლიხაური, მაკვანეთი, ბაღდადი, შემოქმედი და სხვ. აჭარაში: ქედას და ხულოს რაიონის სოფლები, ერგე (ხელვაჩაური) და სხვ.

 

ღვინის დახასიათება

დგება განსაკუთრებული სურნელისა და გემოს მქონე ნაზი, დახვეწილი ღვინო, ხალისიანი მჟავიანობითა და კენკრისა და ხილის მდიდარი არომატებით. ძირითადად გავრცელებულია ორი სტილი, უჭაჭოდ დაყენებული ოქროსფერი ჩხავერი და ჭაჭაზე დავარგებული ვარდისფერი ან ლალისფერი ღვინო. ბოლო დროს ძალზე პოპულარული გახდა ქვევრის ჩხავრები. არსებობს მუხის კასრში დავარგებული ჩხავერიც. საბჭოთა პერიოდში აყენებდნენ ე.წ. ნატურალურ ნახევრადტკბილ ჩხავერსაც (#11), რომელიც ღია ჩალისფერი იყო, ან ოდნავ ვარდისფერი. გარდა ამისა არსებობდა ბუნებრივი ცქრიალა ღვინო ჩხავერიც.

 

ფერი

უჭაჭოდ დაყენებული ჩხავერი ოქროსფერია ან მოოქროსფრო-ქარვისფერი. თვითნადენი ან მცირე ხნით ჭაჭაზე დაყოვნებული მკრთალი ვარდისფერია, ხანგრძლივად ჭაჭაზე დავარგებული ჩხავერი კი ელვარე ლალისფერი დგება, ხანდახან საკმაოდ ინტენსიური შეფერვისაც. სიძველეში თეთრი ჩხავერი ქარვისფერი ხდება, ვარდისფერი კი სპილენძისფერი.

სურნელები და გემო

ქარვისფერ ჩხავერს ხილის ყვავილების, კურკოვანი და ყვითელი და ტროპიკული ხილის არომატები აქვს - მწიფე ლენკროტი, მუშმალა, ქაცვი, თეთრი თუთა, ნესვი, ყვითელი ატამი, ვაშლის ხილფაფა, შემწვარი კომში, ასკილის წვენი, გოგრის მოხალული თესლი. ვარდისფერ ჩხავერს - მცენარეული და კურკოვანი, ციტრუსის, წითელი ხილისა და კენკრის ტონები აქვს, ასევე სანელებლების არომატები (ჭყინტი სიმინდი, გრეიპფრუტი, ბროწეული, კოწახური, ძახველი, კუნელი, ტკბილი ტყლაპი, საკმეველი (ან კვამლი), დაფნა).

 

ჩხავერისა და კერძის შეხამება

პირველ რიგში რა თქმა უნდა გურული ღვეზელი და გურული ან აჭარული ხაჭაპური უნდა ვახსენოთ, რომელიც უფრო მეტად ქარვისფერ ჩხავერს უხდება, ვარდისფერი ან ლალისფერი ჩხავერი კი კარგად ეხამება მდინარისა და ზღვის თევზს, ფრინველის და საქონლის მოხარშულ ხორცს, ლობიოს, ლორს, ლობიანსა და შემწვარ ბოსტნეულსაც. ჭაჭაზე შედარებით დიდხანს დავარგებული ჩხავერი მშვენიერი მეწყვილეა აჭარული სამზარეულოს ყუათიანი კერძებისთვისაც, ხორცთან.

 

საუკეთესო ჩხავრები

ბოლოს წლებში რამდენიმე მცირე მარანსა და დიდ კომპანიას უკავშირდება ჩხავრის აღორძინება. პირველ რიგში ესაა მარანი „იბერიელი“ და „თემურ შარაშიძის მარანი“, ასევე Lukasi, დავით კობიძის მარანი, გია ჯამბერიძის მარანი, მენაბდის მარანი, ბესიკ მეფარიშვილის მარანი (ბექას ღვინო). აჭარაში - ბიბინეიშვილების ღვინო, შერვაშიძეების საოჯახო მარანი, მახოს მარანი, ლადო შავიშვილის მარანი, ავალიშვილების საოჯახო მარანი, ორთომელი, ოტიას ეზო, ლიონიძის ზვარი, ენოფეა. დიდი კომპანიებიდან: KTW, ასკანელი, თელიანი ველი, აჭარული ღვინის სახლი.

ავტორი: მალხაზ ხარბედია

დიზაინი: თამაზ ჩხაიძე

© ღვინის კლუბი/vinoge.com



რა კარგია. ვხარობთ მთელი გურია. უბრალოდ მაინტერესებს, დიდ პატივს ვცემ აჭარულ ჩხავერსაც, მაგრამ ჩხავერი ხომ ნამდვილად გურული ჯიშია?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული