Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩავლილი 2020 წელი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში

გიორგი ბარისაშვილი

გასული წელი კორონა ვირუსის გამო სხვა წლებთან შედარებით პასიური იყო. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობა უკვე მრავალი წელია კრიზისშია, ხოლო გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ამ რთული ვითარებიდან გამოსვლას დიდი ძალისხმევა ესაჭიროება, მაგრამ ამგვარად გაგრძელება ნამდვილად აღარ შეიძლება! ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობა თავის ისტორიულ გეზსაა აცდენილი და მცდარი გზით მიდის. რაც დრო გადის, ვითარება უფრო და უფრო შედის კრიზისში. ჩვენი მოკლე წერილი ამ პრობლემას ვერ გადაჭრის და ამ საკითხის ძირეული კვლევა-ძიება ესაჭიროება. ამიტომ აქ ამ საკითხზე საუბარს ვწყვეტთ.

  ეხლა კი შევეხოთ ვაზისა და ღვინის სფეროს იმ საკითხებს, რაც გასულ წელს მოხდა. ამ შემთხვევაში, ალბათ წლის მოვლენად უნდა ჩაითვალოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივა, რის შედეგადაც ქართული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს დაემატა. ეს მართლაც რომ მნიშვნელოვანი მოვლენაა, რისთვისაც ნამდვილად დიდი მადლობა ეკუთვნით ამ საქმის ინიციატორებს. ცხადია, საქმე ეხება ქვევრში თეთრი (ქარვისფერი) ღვინის ჭაჭაზე რამდენიმეთვიან დაყოვნებას. როგორც ცნობილია „დღემდე OIV-ის სპეცღვინოების ნუსხაში შვიდი ღვინო შედიოდა, ესენია: ცქრიალა, შუშხუნა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინო, აისვაინი და საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო. დურდოზე ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე გახდა“, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში.

ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ ისიც, რომ გასულ 2020 წელს გეოგრაფიულ აღნიშვნებს ადგილწარმოების დასახელების ოთხი ღვინო დაემატა: „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“.

დარგში გადაღებული ფილმების თვალსაზრისით გასული წელს პასიური აღმოჩნდა. არადა, ამ მხრივ ჩვენში ნამდვილი ასპარეზი უნდა იყოს გამართული. ჩვენ ვაზზე და ღვინოზე გადაღებული ფილმები სამწუხაროდ არ მოგვეპოვება და შესაბამისად დიდი დანაკლისიც გვაქვს.

გამოცემების მხრივ დარგის ბიბლიოთეკას ორი მნიშვნელოვანი წიგნი შეემატა. დათო ტურაშვილის წიგნი „ღვინის სამშობლო საქართველო. Georgia the home of wine“. გამოცემა ქართულ-ინგლისურია და ამრიგად ის კარგი საჩუქარია უცხოენოვნებისთვისაც. მასში მოთხრობილია ვაზისა და ღვინის მნიშვნელობა ქართევლი ხალხისათვის. გამოცემა ნამდვილად კარგი შენაძენია ვაზისა და ღვინის ქართული ბიბლიოთეკისათვის.

მეორე გამოცემა ესაა ლიზა გრანიკის წიგნი „The Wines Of Georgia“, (სქართველოს ღვინოები). გამოცემა ინგლისურენოვანია და იმედია ქართველი მკითხველი მალე გაეცნობა მის ქართულ თარგმანსაც. წიგნის ავტორი, ქალბატონი ლიზა გრანიკი საქართველოს კარგად იცნობს. იგი არაერთხელ ყოფილა ჩამოსული ჩვენს ქვეყანაში და უმოგზაურია დასავლეთსა თუ აღმოსავლეთის მეღვინეობის რეგიონებში, რისი შედეგიცაა მისი ეს ნაშრომი. წიგნი არის 320 გვერდიანი საკმაოდ ვრცელი ნაშრომი ქართული ღვინის შესახებ.

გასულსავე წელს გამოიცა მცირე ქართულ-ინგლისური ბროშურა ქვევრის დამღები, Kvevri stamps 2020. მასში მოთხრობილია საქართველოს მექვევრეობის ისტორიის იმ ნაწილის შესახებ, რაც წარმოადგენს ქვევრების ნიშანდებას მათივე დამამზადებელი ოსტატების მეირ. ავტორი გ. ბარისაშვილი. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ ეტაპზე ყველაზე უფრო მევენახეობის დარგის სახელმძღვანელოები გვესაჭიროება, რის ნაკლებობასაც ძალიან მწვავედ განიცდის დარგი. მართალია, ბოლო პერიოდში დრო და დრო გამოჩნდება ხოლმე მავანთა და მავანთა გამოცემები, მაგრამ ზოგჯერ, უფრო კარგი საქემის გაკეთებაა შესაძლებელი რაიმე ნაშრომის არგამოცემით, ვიდრე მისი გამოქვეყნებით. ყოველი შემთხვევისათვის ოცდაათიანების პერიოდის წიგნებიდან დაკოპირებული მასალა არავის არაფერში არ ჭირდება...

ნამდვილად ცალკე აღნიშვნის ღირსია ტრადიციული მარნების განვითარების საკითხი, რამაც უკვე ფართო ხასიათი მიიღო. ჯერჯერობით ამ საქმის წინსვლა კახეთსა და იმერეთში უფრო შეიმჩნევა, რასაც მოსდევს ქართლი და რაჭა, მაგრამ ეს ტენდენცია მალე მევენახეობის მთელს რეგიონებში გავრცელდება. მართალია ეს გარემოება დიდს იმედს იძლევა, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე არსებული ახლადდაარსებული ზოგიერთი მარანი ვერაფერი იმედია საერთო საქმის წინსვლაში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მარნები, რომლებიც ღვინის ტურიზმით არიან დაკავებულნი. რა დასამალია და ზოგიერთი მარნის ამ მხრივი საქმიანობა პირდაპირ სამარცხვინოა! მარნის მეპატრონეებს ზოგჯერ არა თუ არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება, არამედ ხშირია შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი მასპინძელი მისული სტუმრების წინაშე ყოვლად სამარცხვინოდ იქცევა... ამ შემთხვევაში გამოსავალი ის არის, რომ უნდა არსებობდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, რომელიც ნებართვას გასცემს ამგვარი მარნების კომერციული საქმიანობის შესახებ, დარწმუნდება რა მათს ცოდნა-გამოცდილებაში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის სფეროს წლიდან წლამდე ესტაფეტად გადაეცემა, ესაა ღვინის ფალსიფიკაციის მოუგვარებელი საკითხი. შექმნილი საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე მართალია, ნატახტარი-მისაქციელის (ვაი)რესტორნები სრული გუგუნით ვეღარ მუშაობენ, მაგრამ ადამიანი მხოლოდ ამ დაწესებულებებიდან ღვინის ნიმუშების აღებით დარწმუნდება თუ რა შავ დღეშიც ვიმყოფებით. ამ სამარცხვინო სიტუაციიდან გამოსავალის ბოლო ჯერჯერობით არ მოსჩანს. არადა ღვინის აკვნის სტატუსისა და 8000-წლიანი ტრადიციების ძახილით მსოფლიოს ყურები გამოვუჭედეთ და ამ ელემენტარული საკითხისათვის ვერ მიგვიხედია... მთავარი მონდომებაა, თორემ ამ ბინძური საქმის მესვეურების ალაგმვა ერთი კვირის ამბავია მხოლოდ.

ძალიან დიდ ყურადღებას ითხოვს ჩვენი ტრადიციული ჭაჭის საკითხიც. წლები გადის და ეს პრობლემა პრობლემად რჩება. ამის შესახებ პირველ რიგში კანონშია შესატანია გარკვეული ცვლილებები. საქმის ცოდნით გამოხდილი ჩვენებური ჭაჭა მსოფლიოში არც ერთ მაგარ სასმელს არ დაუდებს ტოლს, მაგრამ საუბარია ნამდვილ ჭაჭაზე და არა იმ უგვანობაზე, რასაც ჩვენი ქარხნების უმეტესობა აკეთებს. ფორმულა მეტად იოლია, რომელიმე ქარხანაში „ღვინომასალა“ რომ გაუფუჭდებათ იმისგან იხდება სპირტი, რომელიც „ჩიფსის“ (მუხის ბურბუშელა) ნახარშით იფერება და შემდეგ ეს სითხე ჭაჭის სახელით საღდება. ჭაჭის სახელიდან გამომდინარე ის არ შეიძლება დამზადებული იყოს ღვინისაგან გამოხდილი სპირტის გაზავებითა და მისი ჩიფსის ნახარშით შეფერვით. ამ უკანასკნელს თავისი სახელი ქვია და ბაზარზეც თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ეს არ არის ჭაჭა! ან ის რაღას უნდა ნიშნავდეს, რომ ჭაჭას ამხელა სააქციზო გადასახადი აქვს? სწორედ ამის გამოა, რომ მემარნეები თავიანთ ჭაჭას ბოთლში ვერ ასხამენ და საერთოდ მისი წარმოების ხალისიც კი აღარა აქვთ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო თითქოს მტერიც კია ალალი ჭაჭის წარმოებისა... ერთი სიტყვით, ეს საქმე სასწრაფოდაა გადასაწყვეტი. 

  მადლობა ღმერთს, რომ ამ ბოლო პერიოდში მევენახეობის მიკროზონების საკითხი დაიძრა. ამ მხრივ მუშაობა უნდა გაფართოვდეს, რადგან ჯერჯერობით ამ საქმის მხოლოდ 1% თუ იქნება გაკეთებული... უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს. რაც შეეხება უკვე გაკეთებულს, არ შეიძლება არ აღინიშნოს ბოლნისის მიკროზონის საქმე, რაც ცოტა არ იყოს გაურკვეველია. უფრო სწორად რომ ვთქვათ, გაურკვეველზე მეტად უხერხულია და რაც მალე ჩასწორდება ეს დოკუმენტი, მით უკეთესი. საქართველოში, სადაც სავენახე ნიადაგების ამგვარი მრავალფეროვნებაა, ასეულობით მიკროზონა უნდა იყოს, მაგრამ ქინძმარაულსა და ხვანჭკარას ვერ გავცდით, რადგან რუსეთში ყველაზე მეტად ეს ღვინოები ფასობს... ასევე გადასახედია უკვე არსებული მიკროზონების საკითხი. რამდენიმე წლის წინ მიკროზონების საზღვრები გააფართოვეს (აქაც რუსეთი ფიგურირებს, რადგან რუსულ ბაზარს ქინძმარაული და ხვანჭკარა ვერ აკმაყოფილებდა). თუმცა მიკროზონების გაფართოვება მოხდა ყოველგვარი წესებისა და ლოგიკის გაუთვალისწინებლად. ამ მხრივ დღევანდელი მდგომარეობა სამარცხვინოა, ამასთან ყოველი მეორე ღვინის ქარხნის გაქსულებულ დირექტორზეა დამოკიდებული. მათი ნებაა კანონის ცვლილებებიცა და მიკროზონების შეკუმშვა-გაფართოვებაც. სხვათა შორის, სულ ცოტა ხანში ქართული მეღვინეობის ასორტიმენტს ახალი პროდუქტი დაემატება - „ღვინისებური სასმელი“... ამ სამარცხვინო პროდუქტით ვაპირებთ ქართული მეღვინეობის ტრადიციების გაგრძელებას? როგორც იტყვიან, სირცხვილი და თავის მოჭრა! ამ სიტუაციიდან გამოსვლას, რაღაც რევოლუციის მსგავსი პროცესი ესაჭიროება, რომელიც თავიდან ბოლომდე გაწმენდს ამღვრეულ მდინარეს. წლები მიდის და ქართული მეღვინეობა შევარდნაძისა და ნუღლას ხანას ვერ გასცდა...

 „კოვიდის“ მიუხედავად ღვინის კლუბმა დაიწყო ახალი პროექტი „ღვინის სოფელი“. იგი „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. ეს ახალი საგანმანათლებლო პროექტი მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვისაა, პროექტი ერთწლიანია და ამჯერად იგი იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებს მოიცავს. პროექტი გულისხმობს ღვინო და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას.

კოვიდის გამო ვერ ჩატარდა ან გადაიდო ბევრი ღონისძიება. გადაიდო „ახალი ღვინის ფესტივალიც“, რომელიც მაისის მეორე შაბათს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა წლის ბოლოს მაინც მოხერხდა ამ ფესტივალის გამართვა, ოღონდ Online. ფესტივალი 27-დან 29 დეკემბრამდე გაგრძელდა და მასში 50-მდე მცირე მარანი თუ დიდი კომპანია მონაწილეობდა.   

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.