Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თუშური არაყი

გიორგი ბოჭორიძის წიგნიდან “თუშეთი” (1935, გამოიცა 1993 წელს )

მომთხრობი დიმიტრი ხელაიძე, (სოფ. ჩიღო).
 
არაყს სწურავენ "საარაყე”-დან ან "ფორი”-დან.
ა) "საარაყე” არის ქერისა ან ქერის ნაბოლოვარა, საგანგებოდ საარაყედ დაფქული მსხვილად. 
"არაყის მოწურვა” როცა უნდათ ჯერ "საარაყეს დააყრიან” ("საარაყეს დაყრა” ან "არაყის დაყრა”), ე.ი. საარაყე მასალას შეამზადებენ და მერმე არაყს მოსწურავენ. "საარაყეს დააყრიან” არყის მოსაწურ ადგილას, რომელსაც იგივე სახელი "საარაყე”-ც ჰქვიან და "არაყსაწურავაი”-ც. ის გამართულია სოფლის მახლობლად "წყალმომარჯვებულ ალაგას”, ხევის ან წყლის პირზე. ამისათვის აღნიშნულ ადგილას მიიტანენ "საარაყე”-ს (ე.ი. საარაყე ფქვილს), კოდს, საარაყე ქვაბს და სხვ. ქვაბით წყალს აადუღებენ, კოდში ფქვილს ჩაჰყრიან, მდუღარე წყალს ჩაასხამენ, დაურევენ "სარეველაი”-თ (ორკაპა ჯოხია), რომ ფქვილი კარგად გაიხსნას ცხელ წყალში. ერთ ლიტრა "ფორსაც” (გაღვივებულ ქერის ფქვილს) დააყრიან, დახურავენ. ესე იქნება 2-3 საათი. მერმე ცივ წყალს დაასხამენ ზედ თავიანთ ზომამდე, დაურევენ კარგა "სარეველაი”-თვე. ცოტათი თბილი უნდა იყოს. ესე იქნება 3 ჟამი (ჟამი - დღე და ღამე). ამ ხნის განმავლობაში ის დამჟავდება, ფუის, დუღს. ეს არის "საარაყე”. იმას მეოთხე დღეს მოსწურავენ. იქვე ცეცხლისათვის მიწას გამოსთხრიან ან "ყვერბს” (საცეცხლურს) ააგებენ (ქვისას). დასდგამენ იმაზე საარაყე ქვაბს. ქვაბზე "დაასარქველებენ” (დახურავენ) ზარფუშს. ქვაბისა და ზარფუშის პირებს ერთმანეთში ჩასვამენ და გარეშემო ტალახით შემოულესავენ, რომ ორთქლი არ გამოვიდეს. ზარფუშის "მკლავის” მახლობლად სწორედ დაიდგმება გეჯა. გეჯას გვერდები გახვრეტილი აქვს და შიგ "ნუნა”-ა (მილი) "გაგდებული” (გაყრილი). ზარფუშის მკლავის პირს ნუნის პირში გაუყრიან და გარეშემო ცომით შემოალესავენ. "გეჯაში” "ღარკეცა”-ით (ხის ღარით) ან "საჩხატა”-ით (ხის პატარა ღარით) ცივ წყალს მიუგდებენ. გეჯა წყლით უნდა აივსოს და წყალი გეჯაზე უნდა გადმოდიოდეს. ნუნა ცოტათი გამოწეულია გეჯას გარედ. მას ბოლოში, პირში ჩხირით დამაგრებული აქვს ბაწარი, რომელიც არაყს იწურავს. ცეცხლის შეკეთების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში საარაყე ქვაბიდან ორთქლი დაიწყებს გამოსვლას ნუნაში. აქ გარედან მდგომი წყალი აცივებს ორთქლს და ნუნადან არაყად ჩამოდის ძირს დადგმულ ჭურჭელში. გამოდენის დროს არაყი ცივი უნდა იყოს. თუ არაყი ძალიან ცხელი გამოდის, ძალა ეკარგება. პირველად გამოსული არაყი არის "წინა არაყი”. მეორედ გამოსული - "მეორე არაყი”, მესამედ გამოსული - "მესამე არაყი”. ამის შემდეგ არის ნაბოლოვარა, რომელსაც "შამანი” ჰქვიან. თვითეულ არაყს თავისი ჭურჭელი აქვს. პირველი, მეორე და მესამე არაყი ერთად აირევა. თუ კარგი გამოვიდა, მეოთხეს, შამანსაც აურევენ, თუ არადა, შამანს თავს გაანებებენ.
კარგ არაყს "მარჴეჲ (ე.ი. მაგარ) არაყს” ეძახიან, დაბალ არაყს - "ალალა”-ს (ე.ი. წყნარს).
ფორი არის გაღვივებული ქერის ფქვილი. ქერს დაალბობენ წყალში. დარჩება ესე 1-2 ჟამი, გაღვივდება (გაჯეჯილდება). მერმე ერთ ალაგას მოაგროვებენ, რომ უფრო გაღვივდეს, შემდეგ გააშრობენ, გაახმობენ და ბოლოს წისქვილში დაფქვავენ, იქნება "ფორი”.
როცა არაყის მოწურვა უნდათ, (იმასაც) [ფორსაც] ისევე ცხელი წყლით დააყრიან, დამჟავდება და მერმე ისევე მოსწურავენ, როგორც "საარაყე”-დან. ფორიდან უფრო კარგი და უკეთესი არაყი გამოდის (გაღვივება ქერს ატკბობს).
არაყის ქვაბი საშუალოდ ექვსჩაფიანია. თუ კარგი გამოვიდა, ექვს ჩაფზე გამოვა რვა ხელადა. თუ გაფუჭდა, შეიძლება სამზე მეტიც არ გამოვიდეს. არაყი მოხდომაზეა: ზოგჯერ კარგი გამოდის, ზოგჯერ ფუჭდება. მიზეზი არ იციან.
არაყის გამოხდის შემდეგ რჩება ლექი, რომელსაც "ბუყი” ეწოდება. ბუყს ასმევენ საქონელს – ფურს, ხარს და სხვა.
არაყს სწურავენ დიაცები სახლში სახმარადაც და აგრეთვე ჭირისა და ლხინისათვისაც.
 
საარაყე ჭურჭელი არის:
 
1.      საარაყე კოდი – ხის ჭურჭელი "საარაყეს დასაყრელად”, ე.ი. საარაყე ფქვილის გასამზადებლად.
2.      საარაყე ქაფქირა, ანუ "სარეველაყი – სარეველა ხისა.
3.      საარაყე ქვაბი – დიდი სპილენძის ქვაბი არაყის მოსაწურავად. აქვს 2 "ყური”.
4.      ზარფუში – საარაყე ქვაბის სახურავი. აქვს "მკლავი” მილისებური ნაწილი და "ყური”.
5.      საარაყე გეჯა - ხის ნავი წყლის ჩასაყენებლად, თავსა და ბოლოს გახვრეტილი "ნუნას გასაგდებად” (მილის გასაყრელად, "ნუნას გაგდება”).
6.      გეჯის სადგმელაყი - გეჯის ქვეშ შესადგმელი გრძელი სკამი ან კიდევ ყორე აშენებული.
7.      ნუნა – სპილენძის მილია.
8.      საბუყე გეჯაი – ბუყის შესანახავი ნავი ხისა.
9.      საბუყე კოჩხო – ბუყის ამოსაღებელი ჭურჭელი ხისა.
10. ხელადა, კოკა და სხვა – თიხის ჭურჭელი არაყისათვის.
 
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
 
© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.