Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფრანგული რესტორნის ხიბლი ქართული კოშმარის ფონზე

სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა ფრანგული რესტორნის ხიბლი 4 წლის წინ საკუთარ თავზე შეიგრძნო. მას შემდეგ ცდილობს, რაიმე მსგავსი საქართველოშიც განიცადოს, თუმცა უშედეგოდ. დღევანდელი ქართული რესტორნები, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ევროპული სტანდარტებისგან ძალზე შორს დგას. თუ რატომ, ამას ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ. 

საფრანგეთში სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა. "მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი. ერთ დღეს შინ დაღლილი მივედი და ძილის წინ ჩვეულებისამებრ, რომელიღაც ჟურნალს წავავლე ხელი. ეს იყო სრულიად ახალი გამოცემა ღვინისა და გასტრონომიის შესახებ, რომელიც ჩემმა მეუღლემ იმ გვერდზე გადაშლილი დამიდო, სადაც ღვინის ცნობილი კრიტიკოსი, ჯენსის რობინსონი  ყოველწლიური პრემიის შესახებ წერდა. მას ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ღვინის მწარმოებელს ანიჭებენ. გავაგზავნე მონაცემები და გავიმარჯვე." ეს გამარჯვება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ფულადი პრემიის გარდა საფრანგეთის 25 შატოში ერთთვიან მოგზაურობას ითვალისწინებდა. ბატონი შალვა თავისი ოცნების ქვეყანაში მოხვდა და ფრანგული ღვინის კულტურისა და სამზარეულოს შესახებ ბევრი საინტერესო დეტალი შეიტყო.

იმის გამო, რომ შატოს მეპატრონეებთან ცხოვრობდა, მათ შიდა სამზარეულოსაც გაეცნო. პირველ რიგში, თვალშისაცემი იყო ფრანგების დამოკიდებულება ჭამის მიმართ. ეს მათთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელიც ლამის ხელოვნების დონემდე აქვთ აყვანილი: დილის 8-დან 9 საათამდე ყავით და კრუასანებით საუზმობენ; 1-დან 3-მდე სადილია და ამ დროს, ქვეყანა რომ დაიქცეს, სუფრიდან ვერ ააყენებ. "რთველის დროს ვიყავი ჩასული და ძალიან ბევრი საქმის მიუხედავად, სადილობის დროს წუთს არ აცილებდნენ. ჩემთვის ეს ცოტა გაუგებარი იყო, რადგან ამ პერიოდში ჩვენ ღამითაც კი ვმუშაობთ, რომ ყურძენი არ გაფუჭდეს." თუმცა, ის ფაქტი, რომ საქმე არ ფუჭდება, სახეზეა შესანიშნავი ფრანგული ღვინოების სახით. და ბოლოს, ვახშამი, რომელიც 6 საათზე იწყება და შესაძლოა, ღამის 12-მდეც გაგრძელდეს. ასეთი ხანგრძლივი ტრაპეზების მიუხედავად, ბევრს არ მიირთმევენ, ჭამენ ცოტას და დიდხანს, თან საუბრობენ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგებისთვის სამზარეულო მხოლოდ ნაყროვანება არ არის, ესაა ცხოვრების სტილი, საკუთარი თავის პატივისცემა და ხელოვნება, რომელიც ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. პირობითად რომ შევადაროთ, თუ საფრანგეთში 1900 წელს იყო 10 კერძი, დღეს აქვთ 1200, საქართველოში კი იმ დროს იყო 100, დღეს კი გვაქვს 120. ანუ, კერძების გამოგონების მხრივ წინ ვერ წავედით: XXI საუკუნეში იმასვე მივირთმევთ, რასაც 100 წლის წინ. ამას ხელი ისტორიულმა ვითარებამაც შეუწყო. ქვეყანას ძირითადად უჭირდა. მშიერი ადამიანი კი, ბუნებრივია, კერძების სინატიფეზე ვეღარ იფიქრებდა. "დასავლეთ საქართველოს სამზარეულოს რომ გადახედოთ, ნახევარზე მეტი ბალახეულია. იმიტომ კი არა, რომ ბალახი გემრიელია, უბრალოდ, იმ გაჭირვებაში მეტი არაფერი იყო საჭმელი. საფრანგეთი კი ამ მხრივ ძალზე დაიხვეწა, იმდენად, რომ მათმა პრეზიდენტმა წინადადება წამოაყენა, ფრანგული სამზარეულო იუნესკომ კაცობრიობის მიღწევათა სიაში შეიტანოს".

მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ არის განვითარებული რესტორნების ბიზნესი საფრანგეთში. "სენ-ჟულიენში ყოფნისას ჩვენმა მასპინძელმა ერთ-ერთ რესტორანში დაგვპატიჟა (საფრანგეთში სენ-ჟულიენი იგივეა, რაც კახეთში - გურჯაანი). ზოგადად, სენ-ჟულიენი ულამაზესია: სადაც გაიხედავ, ყველგან კოხტად მოვლილ-დავარცხნილი ვენახებია, რომელთა შორისაც ჩადგმულია შატოები და პატარა საოჯახო რესტორნები. რესტორანი, რომელშიც ჩვენ ვიყავით, მოხუც ცოლ-ქმარს ეკუთვნოდა. საკმაოდ ცნობილი, ელიტარული და მაღალი კლასის დაწესებულება გახლდათ. აქ საფრანგეთის შორეული კუთხეებიდანაც ჩამოდიოდა ხალხი. რესტორანი მიშლენის ორ ვარსკვლავს ფლობს (სულ სამვარსკვლავიანი სისტემაა). ბორდოში ამ კატეგორიის მხოლოდ 7-8 რესტორანია. ეს იყო ერთსართულიანი შენობა - 50-მდე მაგიდით. ქმარი სამზრეულოზე აგებდა პასუხს, ცოლი - სტუმრებს ხვდებოდა და თავადვე ემსახურებოდა. სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ ეს ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესია სენ-ჟულიენში (რესტორნის წლიური ბრუნვა დაახლოებით 3 მილიონი ევროა), მის მფლობელებს, ქართველებისგან განსხვავებით, სტუმრებთან ტრიალი და მათი მომსახურება არ ეთაკილებოდათ. ინტერიერი უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით იყო მოწყობილი. გათვლილი იყო თითოეული დეტალი, რათა მომსვლელს თავი კომფორტულად ეგრძნო. აქ არაფერი გაღიზიანებდა: არც ჩამოგლეჯილი შპალერი, არც ჩამომტვრეული კაფელი; მომსახურე პერსონალი დასვრილი ტანისამოსით არ დადიოდა, მაგიდაზე დაკუჭული გადასაფარებელი არ ეფარა, მუსიკა ყურს არ გჭრიდა და რაც მთავარია, მოჰქონდათ უგემრიელესი კერძები, რომლებზეც ფრანგები ბოლო 100 წლის განმავლობაში ყოველდღე ფიქრობენ."

ამ ფონზე სრული კოშმარია ის, რაც ქართულ რესტორნებში ხდება.  ქართველმა რესტორატორებმა ვერ გააცნობიერეს, რომ რესტორანი არაა მხოლოდ კერძი. ეს არის ესთეტიკა და სწორად გათვლილი გარემო, რომელიც სტუმარს სიამოვნებას ანიჭებს. ამაში მათ ხელს მომხმარებელიც უწყობს, რომელსაც მეტი მოთხოვნილება არ გააჩნია. ფრანგი სიბინძურეში არ დაჯდება და არ შეჭამს, სულ რომ ფანტასტიური კერძი მიუტანო, ქართველისთვის კი ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, გაძღეს და ღვინოც მიაყოლოს. ჩვენთან დიდად არც კერძების მრავალფეროვნებას დაგიდევენ: მთავარია იყოს ხაჭაპური, წიწილი და ბაჟე.

კიდევ ერთი დეტალი, რამაც ჩვენი რესპონდენტი ფრანგულ რესტორანში მოხიბლა, კედლებზე დაკიდებული მინის პატარა კარადები გახლდათ. როგორც გაირკვა, 20-მდე სხვადასხვა შატოს მფლობელი ამ რესტორანში საკუთარ ღვინოს ინახავს, რომელსაც თავადაც სვამენ და სხვებსაც უმასპინძლდებიან. "ეს იდეა ძალიან მომეწონა. რესტორანი ისეა ჩაფიქრებული, რომ ყოველი საღამო დღესასწაულია. იმ დღეს ჩვენს მაგიდაზე ხუთი სხვადასხვა ღვინო აღმოჩნდა. ჩვეულებრივი კი არა, მაღალი ხარისხის, ბოთლი 100-200 ევრო რომ ღირს და შეიძლება ერთი წლის განმავლობაშიც ვერ გასინჯო." ესეც თქვენი დეგუსტაცია. ვერაფერს იტყვი, იცის ხალხმა თავისი საქმე. ჩვენთან კი რესტორანი დუქნის დონეს ვერ გასცილდა. რა იყო დუქანი? XIX საუკუნის თბილისი, კინტო და ღრეობა. დღესაც იქ ვართ, კინტოსა და ღრეობის ეპოქაში. მეღვინე ქართველის წარმოდგენაში ისევ ღიპიან, ლოყებღაჟღაჟა კაცთან ასოცირდება, რომელიც ქარვასლასთან ზის, ხელში ტიკი უჭირავს და ღვინოს ასხამს, მაშინ, როცა მისი ფრანგი კოლეგა საშუალო ასაკის სიმპათიური ბაბუაა, ბაფთიანი ჰალსტუხით. საკუთარ მამულში მდგომს აქეთ-იქით შვილები ჰყავს ამოყენებული, წინ - შვილიშვილები, უკან კი - ლამაზი სახლი, რომელიც მისი სინდისიცაა და ნამუსიც. ეს მისი ცხოვრების წესია, ასე აღზარდა მისმა წინაპარმა, ჩვენ კი… ჩვენ ამ ყველაფრისგან ძალიან შორს ვართ.

P.S. ცოტა ხნის წინათ თბილისისა და სორბონის უნივერსიტეტებმა თბილისში ძალზე მნიშვნელოვანი კონფერენცია გამართეს სახელწოდებით: "საფრანგეთი და საქართველო - ღვინის ორი ცივილიზაცია", რომელსაც საფრანგეთიდან ამ სფეროს ძალზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ერთ-ერთ დღეს რეგიონში მორიგი გასვლა დაიგეგმა: სტუმრები თელავიდან ამბროლაურში მიჰყავდათ. ამხელა გზაზე, რასაკვირველია, სადმე უნდა ესადილათ. ჩვენდა სამარცხვინოდ, ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაში არ მოიძებნა ნორმალური რესტორანი, სადაც შეიძლებოდა ამ რანგის სტუმრების სათანადოდ გამასპინძლება. აი, საიდან უნდა დავიწყოთ.   

© „მარანი“



ჩვენდა სამწუხაროდ ხსენებულ გზაზე ნორმალურ რესტორანს კიარა ტუალეტსაც კი ვერსად შევხვდებით. აქედან ხომ არ დაგვეწყო?


sakmaod aqtualuri problemaa


sazageli suratebia wama ar mogindeba


მართალია მცირედი წინსვლა არის მაგრამ მფლობელი რომ უშუალოდ ემსახურებოდეს ხალხს ეგეთი რესტორანი მე არ ვიცი... პარადოქსი ისაა რომ ბოლშევიკების მოსვლამდე თბილიში რესტორნების კულტურა ძალიან მაღალ დონეზეა. რად ღირს ის რომ იყო რამოდენიმე ძალიან მაღალი დონის სასტუმრო რომელსაც ქონდა ძალიან ცნობილი რესტორნები––მაგალითად მაჟესტიკი, ლონდონი, გრანდ ოტელი და თუნდაც ვეტცელი რამდენიმე ენაზე მოლაპარაკე ოფიციანტებით. ეს ყველაფერი გაქრა....


ყველაფერს დრო უნდა, ყველაფერს სჭირდება დანერგვა, კულტურას გასისხოლცება თაობს რომ გადაეცეს, ჩევენ ურჩი ბავშვებივით ვართ, კარგს ძალიან გვიან ვითვიასებთ, ან უნდა გვაიძულონ.... მაშინ შეიქმას ჯგუფი, მაკონტროლებელი ორგანო, დაწესტეს ჯარიმები და ამის შიში აიძულებთ მეპატრონეებს უკეთესი გახადონ გარემო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული