Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლეგენდარული 1847

ფორტუნას ბორბალი

როგორც ერთხელ რობერტ პარკერმა თქვა, მსოფლიოში არცერთი ძვირაღირებული ღვინო არ ამართლებს თავის ღირებულებას ისე, როგორც Chateau d'Yquem. ამას ისტორიაც ადასტურებს.

სახელგანთქმული მეღვინე, მარკიზ ბერტრან დე ლიურ-სალიუსი ძალზე პუნქტუალური ადამიანი იყო. 1847 წლამდე არასოდეს არსად დაუგვიანია. ერთხელაც სადღაც შეყოვნდა და დანიშნულ ადგილზე დროულად ვერ მივიდა. სიჩქარით კი რთველზე მიიჩქაროდა.

ეს შემთხვევა უამინდობამ განაპირობა, რომელიც რუსეთიდან საფრანგეთისკენ მიმავალ მარკიზს დაატყდა თავს. ზუსტად არ არის ცნობილი, ეტლს მოძვრა ბორბალი თუ გზა აერიათ, ფაქტია, რომ Yquem-ის მამულამდე, რომელიც სოტერნის შუაგულში მდებარეობდა, ბერტრან დე სალიუსი დიდი ხნის დაგვიანებით ჩავიდა. 

ლიურ-სალიუსების ოჯახი იმ მიდამოებში 1785 წლიდან დამკვიდრდა. მათი ცხოვრება მშვიდად და აუღელვებლად მიდიოდა და ასევე გაგრძელდებოდა, რომ არა ბერტრანის დაგვიანება. იმ დროისთვის, როცა მამულში დაბრუნება მოახერხა, მარკიზს საშინელი სურათი დახვდა: ყურძენი, იმ პერიოდის წარმოდგენებით, სრულიად გამომშრალი და უკვე ობმოდებულიც იყო. მაგრამ მეტი გზა არ ჰქონდა - უბრძანა, მოსავალი მოეკრიფათ და ღვინო დაეწურათ. ასე გაჩნდა ქვეყანაზე Sauternes. თორმეტი წლის შემდეგ ბერტრანმა 1847 წლის მოსავლის ღვინო 900-ლიტრიანი კასრით რუსეთის მეფის ძმას, დიდ თავად კონსტანტინე ნიკოლოზის ძეს მიჰყიდა. სასმელი ბროლის დეკანტერებში ჩაასხეს, რომელიც ოქროთი იყო გრავირებული. ნავაჭრმა 20 000 ფრანკი შეადგინა, რაც საერთაშორისო ბაზარზე Chateau d'Yquem-ის მშვენიერი რეკლამა იყო. შედარებისთვის: მანამდე Chateau d'Yquem 1858 წლის შესანიშნავი ვინტაჟის ორი მესამედი, ტონა - 3 500 ფრანკად გაყიდეს, დანარჩენი - 10 000 ფრანკად. მოგვიანებით, 1868 წელს, ბარონმა ჯეიმს დე როტშილდმა 6 კასრი 1868 წლის Chateau Lafite იყიდა, თითო - 3 000 ფრანკად (ანუ ტონა - 12 000 ფრანკად). დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა, რომ რუსეთის მეფის ფართო ჟესტმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ცნობილი ვინტაჟის ბედი.

თუმცა, რუსების სიყვარული Yquem-ისა და ტკბილი ღვინის მიმართ ამით არ დასრულებულა. 1865 წლის მოსავლის ბოთლებმა ნიკოლოზ II-ის ცნობილ მასანდრას სარდაფში გადაინაცვლა, ზოგიერთი მათგანი 1991, 2001 და 2004 წლებში Sotheby's აუქციონზე გაიყიდა. 2001-ში, მაგალითად, 5 ბოთლში ფანტასტიური თანხა, თითოში - 6200 ფუნტ სტერლინგი (12 000 დოლარამდე) გადაიხადეს. იმის გამო, რომ ღვინოებს რეგულარულად უცვლიდნენ საცობს, ეს სასმელი XXI საუკუნეს მშვენიერ მდგომარეობაში შეხვდა: 10,5% ალკოჰოლითა და 153 გრამი ნარჩენი შაქრით.

XIX საუკუნეში, რასაკვირველია, არ იყო შედარებითი დეგუსტაციები, რომელიც დღეს ფართოდაა გავრცელებული. ამიტომ, ყველაფერი, რაც იმ პერიოდის ღვინოზე ვიცით, ზოგიერთი ვინტაჟის განსაკუთრებული რეპუტაციაა. მაგალითად, ცნობილია, რომ 1921 წლის ვინტაჟი XX საუკუნეში Chateau d'Yquem-ის ეტალონი გახდა და ეს ტენდენცია XXI საუკუნეშიც გრძელდება. 2003 წელს გრაფმა ალექსანდრე დე ლიურ-სალიუსმა გამართა დეგუსტაცია, რომლისთვისაც 1997, 1995, 1983, 1976 და 1967 წლების ვინტაჟები შეარჩიეს - იმ პერიოდის, როდესაც ეს ადამიანი თავად იყო კომპანიის სათავეში. გასინჯეს ასევე 1962, 1955, 1949, 1937, 1929 და ზემოთხსენებული 1921 წლის ვინტაჟებიც. სადილზე კი წარმოდგენილი იყო 1998, 1996 და 1945 წლების სასმელი. 1921 წლის ვინტაჟი გაცილებით ნატიფი, ნაკლებად მოდერნიზებული და მეტად სქელი ჩანდა, 1937 წლის ღვინოსთან შედარებითაც კი; ასევე, ბევრად რთული, ვიდრე 1929 წლის შესანიშნავი Sauternes.

ეჭვი არაა, რომ 1847 წლის ვინტაჟს XIX საუკუნეში ისეთივე ადგილი ეჭირა, როგორც 1921 წლისას - XX-ში...

როგორი ვითარებაა ამჟამად Chateau d'Yquem ენახებში? დღესდღეობით ის მხოლოდ რეგიონის მთავარი მწარმოებელი კი არა, ერთადერთი Sauternes-ია, რომელსაც უფლება აქვს "პრემიერ კრუ სუპერიორად" იწოდებოდეს. 103 ჰექტარის ფართობის ვენახებში 25 წლის ვაზი იზრდება. მოსავლის მოკრეფიდან 3 წლის განმავლობაში ღვინოს მუხის ახალ კასრებში აძველებენ. ამ პროცესში აორთქლების ხარჯზე სასმელის მთელი მოცულობის 20% იკარგება. მას შემდეგ, რაც მიღებულია ღვინის ბოთლებში ჩამოსხმის გადაწყვეტილება, სკურპულოზურად არჩევენ საუკეთესო კასრებს. ღვინოს არ ფილტრავენ იმის შიშით, რომ სისავსეს დაკარგავს. Chateau d'Yquem-ის მაღალ რეპუტაციასა და უნიკალობას სამი ფაქტორი განაპირობებს: განუმეორებელი კლიმატი, სადრენაჟო სისტემა და, რასაკვირველია, ლიურ-სალიუსის ოჯახის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება. მამულის მფლობელები ყოველთვის ერთი იდეით იყვნენ შეპყრობილი - უმაღლესი ხარისხის საუკეთესო ღვინოები ეწარმოებინათ.

მაშ, რაშია 1847 წლის Chateau d'Yquem-ის არსი? "ასწლეულის ვინტაჟი" - ასე მონათლეს იგი ჟურნალისტებმა. მის დაბადებაზე მისმა უდიდებულესობა შემთხვევამ იზრუნა, შემდგომი ბედი კი ისტორიამ განსაზღვრა.

 

გავლენის სფეროები

 

XIX საუკუნეში დაპყრობის ვნება, რომელსაც მაკიაველიმ "ბუნებრივი და ჩვეულებრივი" უწოდა, გაგრძელდა. ამერიკელთა ძალადობრივმა პოლიტიკამ - გაეფართოებინათ საზღვრები და ტეხასის ანექსიამ, რომელიც იმ პერიოდში მექსიკის პროვინცია იყო, - მიზანს მიაღწია: 1846 წლის მაისში მექსიკამ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. 1847 წელს, რამდენიმე იოლი გამარჯვებისა და უმნიშვნელო მარცხის შემდეგ, შეერთებული შტატების ჯარებმა მეხიკოს, მექსიკელების უკანასკნელი ბასტიონის ოკუპაცია მოახდინეს და დეზერტირები სამაგალითოდ დასაჯეს სიკვდილით.

დამამცირებელი სამშვიდობო მოლაპარაკებით, რომელსაც 1848 წელს გვადელუპე-იდალგოში მოეწერა ხელი, ორ ქვეყანას შორის საზღვარი მდინარე რიო-გრანდე ხდებოდა. მექსიკამ თავისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაკარგა, ამერიკამ კი - მესამედით გაზარდა. მიერთებულ მიწებზე არიზონას, ვაიომინგის, კალიფორნიის, კოლორადოს, ნევადას, ნიუ-მექსიკოს და ტეხასის შტატები წარმოიქმნა. ყოფილ მექსიკურ ქალაქ ჰერბა ბუენას კი სან-ფრანცისკო უწოდეს. დაარსებიდან 70 წლის შემდეგ, როგორც იქნა, აშშ წყნარი ოკეანის სანაპიროებზე გავიდა.

აგრესიულ ექსპანსიას ეწევა ბრიტანეთის იმპერიაც. ადგილობრივი წარმოების მოსპობამ და საექსპორტო ნედლეულის დიდი რაოდენობით წარმოებამ ირლანდია "დიდ შიმშილამდე" მიიყვანა. შიმშილის ოთხი წელი უმძიმესი გამოდგა, თუმცა 1847 ყველაზე რთული და საშინელი იყო. რევოლუციური მოძრაობის, "ახალგაზრდა ირლანდიის" სასოწარკვეთილი ლიდერი, ჯონ მიტჩელი წერდა: "ინგლისის მიმართულებით ყოველდღე ღორების, ძროხების და ცხვრების უზარმაზარი ჯოგები იგზავნება, ჩვენს ქვეყანაში კი ათასობით ადამიანი სიღარიბითა და შიმშილით ქუჩაში იღუპება."

1847 წლის 26 ივლისს სამხრეთ აფიკაში ამერიკიდან წასულმა შავკანიანებმა ლიბერიის სახელმწიფო დააარსეს. აფრიკის კოლონიური დაყოფის დროს, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ ანექსირებულმა "თავისუფლების მიწამ" ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა, მაგრამ ყველაზე მთავარი, თავისუფლება შეინარჩუნა.

 

            ძალაუფლების ბორკილები

 

            ამასობაში რუსეთის იმპერიაში "ბრბოდან გამოსულთა თავზე" შავი ღრუბლები გროვდებოდა. "ტერორი: განსხვავებული აზროვნების გამო სრულიად უდანაშაულო ადამიანები შეიძლება დაიჭირონ და სიკვდილით დასაჯონ" - მრისხანედ აკრიტიკებდა ნიკოლოზის ეპოქას გერცენი.

1847 წლის 9 ივნისს ცუდ რუსულ ენაზე შექმნილი, საშინელი შინაარსის ლექსებისთვის ორენბურგის ოლქში გადაასახლეს ტარას შევჩენკო. მიზეზი - "კირილესა და მეთოდეს თანამეგობრობის" დარბევა გახდა, რომლის წევრიც შევჩენკო 1846 წლიდან იყო.

"ყველა ჩემი ძველი ტანჯვა-წამება ახლანდელთან შედარებით ბავშვური ცრემლებია. მიმძიმს, ძალიან მიმძიმს" - წერდა ერთ-ერთ წერილში ყოფილი მემამულე შევჩენკო. კატეგორიული აკრძალვისა და უმკაცრესი ზედამხედველობის მიუხედავად, მეამბოხე ხელოვანმა იმ პერიოდში ლექსების, პოემების, ნახატებისა და ჩანახატების შექმნა შეძლო.

ტარას შევჩენკოს რეპრესიაზე არანაკლებ გამაოგნებელი აღმოჩნდა რუსული ინტელიგენციისთვის აივაზოვსკის გამოფენა, რომელიც პეტერბურგში 1847 წელს გაიხსნა. "გადაწყვეტილება საკუთარი ნაწარმოებების ჩვენთან გამოფენის შესახებ გმირობაა, რისთვისაც მხატვარს მადლობა უნდა გადავუხადოთ", - ასე გამოეხმაურა ამ მოვლენას პოეტი აპოლონ მაიკოვი.  

            1847 წლის შემოდგომაზე ჩრდილოეთ დედაქალაქში მძიმედ დაავადებული ბელინსკი დაბრუნდა. იმავე წელს ჟურნალ "Современник"- ში დაიბეჭდა მწერლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერილი - "აზრები 1847 წლის რუსული ლიტერატურის შესახებ". ლიტერატურული კრიტიკოსი მასში ფილოსოფიური მატერიალიზმის პრინციპების მკვეთრ ფორმულირებას გვთავაზობს: "შენთან, შენში და შენს გარშემო - აი, სად უნდა ვეძებოთ კითხვებიც და პასუხებიც მათზე."

                  

              რისთვის იბრძოდნენ

 

              1847 წლის 15 მარტს გერცენმა, რომელმაც საშინელ მორალურ წნეხს ვერ გაუძლო, სამუდამოდ დატოვა რუსეთი და ძალები რევოლუციურ-პუბლიცისტური საქმიანობისკენ მიმართა. 1853 წელს ლონდონში "თავისუფალი რუსული სტამბა" დააარსა და გაზეთ  "Колокол"-ის გამოცემა დაიწყო. გლეხების რეფორმამდელი მდგომარეობა, რუსეთის შიდა იმპერიული პოლიტიკა და პოლონეთში განმანთავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობა; პრესის თავისუფლების არქონა და ჩინოვნიკთა თვითნებობა - აი, საკითხთა ჩამონათვალი, რომელიც ამ გაზეთში შუქდებოდა.

              1847 წლის 2 ივნისს ლონდონში კომუნისტთა კავშირის I კონგრესის სხდომა გაიმართა, რომელიც I ინტერნაციონალის წინამორბედი იყო. 1847 წლის დასაწყისში "სამართლიანთა კავშირის", რევოლუციური პროლეტარიატის პირველი

საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა კარლ მარქსსა და ფრიდრიხ ენგელსს კავშირის პროგრამის შედგენა დაავალეს. "კომუნისტური პარტიის მანიფესტი", რომელიც ქვეყნიერებას 1848 წელს მოევლინა, სამეცნიერო კომუნიზმის პირველი საპროგრამო დოკუმენტი გახდა და ყველა ქვეყნის პროლეტარებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ბელინსკიმ, გერცენმა და მათმა თანმოაზრეებმა ძალზე გვიან გააცნობიერეს, როგორი სოციალიზმი მოუტანეს მსოფლიოს ნაცრისფერმა "მარქსიდებმა".

 

და იქმნა ნათელი

 

1847 წელს პოლიტიკური პერიპეტიებისგან შორს მდგარი გამომგონებლები დღის სინათლეზე გამოვიდნენ. 1 ოქტომბერს გერმანელმა ვერნერ სიმენსმა იოჰან ჰალსკესთან ერთად სატელეფონო-სამშენებლო კომპანია - Telegraphen-Bauanstalt Siemens & Halske დააარსა. ფინანასური მხარდაჭერა ვერნერის ბიძაშვილმა, იუსტიციის მრჩეველმა, იოჰან გეორგ სიმენსმა აღმოუჩინა. სასტარტო ენატანი - 6842 ტალერი და უკვე 1897 წელს კომპანია სააქციო საზოგადოება Siemens & Halske AG-დ გადაიქცა, მთლიანმა კაპიტალმა კი 35 მილიონი მარკა შეადგინა. Siemens-ის ისტორია რუსეთში 150 წლის წინათ დაწყო: პირველი 75 აპარატი 1851 წელს დაიდგა, 53-ში კი კომპანიამ ტელეგრაფის ქსელის მშენებლობა დაიწყო. 1896 წელს, ნიკოლოზ II-ის კორონაციის წინ, Siemens & Halske-მ კრემლის განათების შეკვეთა მიიღო.

1847 წლის 2 სექტემბერს დაიბადა რუსი ელქტროტექნიკოსი პ. იაბლოჩკოვი, რომლის სანათებმა მთელი მსოფლიოს ქალაქები გაანათა. თითო "იაბლოჩკოვის სანათი" 20 კაპიკი ღირდა და 20 წუთს იწვოდა.

1847 წელს სატელეფონო ხაზით პირველად დაუკავშირდა ერთმანეთს მონრეალი, კვებეკი, ტორონტო და ბაფალო. 3 მარტს კი ედინბურგში დაიბადა ალქესანდერ გრეიამ ბელი, სწორედ ის, რომელმაც 1876 წელს სახელგანთქმული "მოლაპარაკე ტელეგრაფი" გამოიგონა. ბელის ყურმილში ზარის ხმა არ ისმოდა და ხაზის მოქმედებაც მხოლოდ 500 მეტრზე ვრცელდებოდა, მაგრამ ახალ მოწყობილობას "ტელეფონი" დაარქვეს. ბელის მიერ შექმნილმა Bell Telephone Company -მ ამერიკის სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარების შემდგომი ბედი განსაზღვრა.

 

ნარკოზის ერა

 

1847-მა წელმა ახალი აღმოჩენები მედიცინასაც მოუტანა. 16 ოქტომბერს ამერიკელმა ექიმმა ჯონ უორენმა სტუდენტ-მედიკოსთა დიდი არმიის თანდასწრებით პირველად მოახდინა ავადმყოფის ოპერირება ეთერული ნარკოზის დახმარებით.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ავადმყოფს არაფერი უგრძვნია. ოპერაციის დასრულების შემდეგ დაქანცული, მაგრამ ამაყი უორენი აუდიტორიას მიუბრუნდა და წარმოთქვა: "ბატონებო, დაიმახსოვრეთ, - იწყება "ნარკოზის ერა".

უკვე 1847 წლის 15 ნოემბერს პრაქტიკაში ქლოროფორმიც გამოსცადეს: შოტლანდიელმა მეანმა და ქირურგმა, ჯეიმს სიმფსონმა იგი გამოიყენა, როგორც გაუტკვივრების საშუალება მეანობასა და ქირურგიაში. რუსმა ქირურგმა, ნ. პიროგოვმა კი ეთერული ნარკოზი დაღესტანში საბრძოლო მოქმედებების დროს მასიურად გამოსცადა. ამ გარნდიოზული ექსპერიმენტის შედეგებმა ქირურგი გააოგნა: ოპერაციებმა პირველად ჩაიარა დაჭრილების კვნესისა და ყვირილის გარეშე.

"ეთერული ნარკოზის გამოყენება ბრძოლის ველზე უდაოდ დამტკიცებულია," - წერდა პიროგოვი მოხსენებაში, რომელიც კავკასიაში მოგზაურობას ეხებოდა. ოპერაციები, რომლებიც სხვა დაჭრილთა თანდასწრებით ტარდებოდა, სულაც არ აშინებდა მათ, პირიქით, შიშს უქრობდა და ამშვიდებდა.

 

დიდი თამაში

 

სამაგიდო თამაშს სპეციალური მრგვალი კოჭებით ჯერ კიდევ ძველ დროში თამაშობდნენ, მაგრამ პირველი მსოფლიო ჩემპიონატი შაშში ოფიციალურად მხოლოდ 1847 წელს გაიმართა. შოტლანდიელმა ენდრიუ ანდერსონმა თანამემამულე ჯეიმს უაილი დაამარცხა. 47-ში სპორტულ თამაშად იქცა ჰოკეიც. კანადელი ისტორიკოსი, ე. ჰერსლი ამტკიცებდა რომ კინგსტონში ჰოკეის მატჩის დროს მოედანზე 50 და მეტი მოთამაშეც იყო. მონრეალში გამომავალი გაზეთის სასამართლო ქრონიკებში მავანნი უჩივიან ახალგაზრდებს, რომლებიც ქალაქის ყინულის მოედანზე რკინის ჯოხებით ბრტყელ ქვებს დასდევენ.

            1847 წლის 8 ივლისს საიმპერატორო იახტ-კლუბმა, რომლის წევრებიც მხოლოდ მდიდარი დიდგვაროვნები იყვნენ, რუსეთში პირველი იახტების შეჯიბრი გამართა. შეჯიბრი ფინეთის ყურეში გაიმართა და მასში სამი შხუნა და ოთხი ტენდერი მონაწილეობდა.

 

ყველაფრის დრამატიზება

 

ამასობაში მსოფლიო გატაცებით კითხულობს ემილი ბრონტეს ერთადერთ რომანს, "ჭექა-ქუხილის უღელტეხილს". ერნშოუსა და ლინტონების ოჯახურ კლანთა ცხოვრებას და ბედს ადამიანები გულისფანცქალით ადევნებდნენ თვალს. შეიძლებოდა კი არ ეთანაგრძნოთ ჰიტკლიფისა და ქეითის, შეყვარებულთათვის, რომელთა თავზეც ბედის ბორბალი დატრიალდა? რთული სიუჟეტური ხაზი, იდუმალი ხატებები, ძველ ციხესიმაგრეთა მისტიკური ატმოსფერო... "ჭექა-ქუხილის უღელტეხილი" მსოფლიოს "სასიყვარულო ისტორიების" საუკეთესო ათეულში შევიდა და ისეთ რომანტიულ ნაწარმოებებს გაუსწრო, როგორიცაა "ქარწაღებულნი" და ჯეინ ოსტინის ცნობილი რომანი.

1847 წელს ბედმა ბალეტის რუს მოყვარულებსაც გაუღიმა - ლეგენდარული მარიუს პეტიპა საფრანგეთიდან სამუდამოდ გადმოვიდა რუსეთში. ბალეტმეისტერს მტკიცედ სწამდა, რომ ამ ხელოვნებაში რუსეთი მნიშვნელოვნად უსწრებს ევროპას და კლასიკური ცეკვის კერად რჩება. პეტიპას დადგმები ჩაიკოვსკის მუსიკაზე - "მძინარე მზეთუნახავი," "მაკნატუნა," "გედების ტბა" - მხოლოდ რუსული კი არა, მსოფლიო კლასიკური ბალეტის საგანძურში შევიდა.

 

 © "მარანი"

 

თემა:


saintereso temaa maranis gamocera minda da rogor moviqce?, gtxovT damakvalianot


მარნის სიახლეების გამოწერა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე (RSS Feed)

http://vinoge.com/rss.xml

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.