ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტის" თავმჯდომარის მოადგილე, "კონსერვატორი" დეპუტატი ზვიად ძიძიგური რთველის პოლიტიკურ ასპექტებზე საუბრობს.
"შარშან საარჩევნო წელი იყო და ამიტომ პრეზიდენტი ხან ერთ ვენახში შეიტანდა ტრიბუნას, ხან მეორეში და იქ ატარებდა პრესკონფერენციებს. მაშინ რთველს თავისი პოლკოვნიკები და გენერლები ჰყავდა. შესაბამისად, ყურძნის შესასყიდი ფასიც მაღალი იყო. ვინაიდან წელს არჩევნები არ ტარდება, გლეხები ყველამ დაივიწყა და ყურძნის ფასიც, შესაბამისად, მიზერულია," - საყვედურს უთვლის ხელისუფლებას ოპოზიციონერი პარლამენტარი.
ძიძიგური პროტესტს იმის გამოც გამოთქვამს, რომ "თბილისიდან გურჯაანის რაიონში რამდენიმე ათეული სპეცრაზმელი ჩაიყვანეს, რათა ყურძნის დაბალი ფასებით უკმაყოფილო კახელმა გლეხებმა საპროტესტო აქციები არ მოაწყონ." თავისი ნათქვამის საილუსტრაციოდ, დეპუტატი სოფელ ველისციხეში ამასწინათ მომხდარ ინციდენტს ასახელებს, რომლის დროსაც სპეცრაზმელები რამდენიმე ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კონსერვატორებს თავის მოვალეობად მიაჩნიათ, რომ კახეთში ჩავიდნენ და მოსახლეობას პროტესტის ორგანიზებულად გამოხატვაში მიეხმარონ. ისინი კახეთში ალტერნატიული შტაბის გახსნას აპირებენ, რომელიც "გლეხებს ხელისუფლების მხრიდან ძალადობისგან დაიცავს."
კონსერვატორებს პროტესტის ფორმაც მოფიქრებული აქვთ. "კახელები ყურძენს 25 თეთრად არ ჩააბარებენ. ამას ურჩევნიათ, ყურძენი თბილისში ჩამოიტანონ და პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის წინ დაყარონ," - აცხადებს ზვიად ძიძიგური.
მის განცხადებას გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ კარდანახიშვილი ეხმაურება. მისი მტკიცებით, ველისციხის ინციდენტი ყურძნის კი არა, დენის გამო მოხდა.
"ველისციხეში რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო დენი ჰქონდა გათიშული. უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში შეიკრიბა, ზოგიერთი მოქალაქე ხულიგნურად მოიქცა და ძალოვანმა სტრუქტურებმა ამაზე სათანადო რეაგირება მოახდინეს. ასე რომ, ველისციხის ინციდენტის შემთხვევაში, რთველი არაფერ შუაშია," - ასე განმარტავს მომხდარს კარდანახიშვილი.
მის განმარტებას "მემარჯვენე" მამუკა კაციტაძე ეჭვქვეშ აყენებს. "თუ ეს ასეა, მაშინ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ბადრი ძამუკაშვილმა რატომ დაწერა პატაკი გადადგომის შესახებ?" - აინტერესებს კაციტაძეს. დეპუტატი კოლეგებს შეახსენებს, რომ ამა წლის ზაფხულში ხელისუფლებამ სპეცრაზმი რაჭაშიც შეიყვანა და "ეს ნაბიჯიც მოსახლეობაში შიშის დანერგვას, სახელმწიფოს ძლევამოსილების დემონსტრირებას ემსახურებოდა..."
რთველის მიმართ ოპოზიციისგან რადიკალურად განსხვავებული ტაქტიკა აირჩია სახელისუფლებო გუნდმა. პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა სიამაყით აღნიშნა, რომ დეპუტატებმა თავისი ხელფასიდან გარკვეული თანხა გაიღეს "ქართული რთველის მხარდასაჭერად".
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ გლეხების დასახმარებლად უკეთესი იქნება, თუ ყურძენს შევიძენთ. ზვიად ძიძიგურს კი მიაჩნია, რომ უმჯობესია, გლეხებს საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დაეხმაროს. რომელი გზა უფრო სწორია, დაე, 2008 წელს ამომრჩეველმა გადაწყვიტოს," - ელექტორატის ინტუიციას ენდობა პარლამენტის ვიცე-თავმჯდომარე.
მიხეილ მაჭავარიანს ასევე არასწორად მიაჩნია ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნა მევენახეობის დარგისთვის სახელმწიფო სუბსიდიების გამოყოფის თაობაზე.
"მევენახეობის გარდა, ჩვენ გვაქვს მეციტრუსეობა, ვაშლის თუ კომბოსტოს წარმოება. ყველაფერ ამას სახელმწიფო ბიუჯეტი ნამდვილად ვერ გასწვდება," - ტრადიციულ და "რიგით" სასოფლო-სამეურნეო კულტურებს "ერთ ქვაბში ხარშავს" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. © „24 საათი“
თქვენი კომენტარი