Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ იწამლებოდნენ საქართველოში

გიორგი მერაბიშვილი

როდის იქცევა ღვინო საწამლავად

საქართველოში ალკოჰოლური სასმელებით მოწამვლის შემთხვევები არცთუ იშვიათია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციაზე კონტროლი შესამჩნევად გამკაცრდა, პრობლემა პრობლემად რჩება და ხშირად არ ვიცით, ჩვენს მიერ შეძენილი ღვინო თუ არაყი რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის.

ცუდად დასრულებული ნადიმი

ნუკრი ბერიძე, ავტოსახელოსნოს თანამშრომელი: `სამი თვის წინ მეგობრებმა ბუნებაში გასვლა და ქეიფი გადავწყვიტეთ. სამწუხაროდ არც ერთს არ გვქონდა ოჯახის ღვინო და გადავწყვიტეთ, სასმელი ბაზარში გვეყიდა. 20 ლიტრი ღვინო ერთი მოხუცი ქალისაგან ვიყიდეთ, რომელიც იფიცებოდა, ჩემი შვილის დაყენებული ოჯახის ღვინოაო. მოხუცი ქალი იყო და ვენდეთ. ღვინოს გემო და სუნი ნორმალური ჰქონდა და ქეიფის დროს საკმაოდ მალე დაგვათრო. ის 20 ლიტრი ბოლომდე ვერც დავლიეთ. ღამით ძალიან ცუდად გავხდი, დამეწყო გულის რევები, თავის და მუცლის ტკივილი და თურმე ლიმონივით გავყვითლდი. ერთი სიტყვით, ძლივს გადავურჩი სიკვდილს. მერე გავიგე, რომ ვინც ჩემთან ერთად იქეიფა, თითქმის ყველა მოიწამლა. ერთ-ერთი ორი დღეც კი იწვა საავადმყოფოში. მოწამვლის სიმპტომები ყველას ერთნაირი გვქონდა და მაშინ ვიეჭვეთ, რომ ჩვენი მოწამვლა ცუდი ღვინის ბრალი იყო. ჩემმა მეგობარმა ქეიფიდან მორჩენილი ღვინო ლაბორატორიაში გაასინჯვინა და აღმოჩნდა, რომ ღვინო რაღაც ქიმიური ხსნარებით იყო დამზადებული და მასში ერთი გრამი ყურძნის წვენიც კი არ ერია` არანაკლებ საყურადღებო ისტორიას იხსენებს მე-11-ე კლასის მოსწავლე ირაკლი გაგუა. შარშან უფლისციხეში ექსკურსიაზე, ნაყიდი არაყით თითქმის მთელი მისი კლასი მოიწამლა. ირაკლი გაგუა: `როგორც ხდება ხოლმე, ექსკურსიაზე წასვლის წინ, ფული მთელმა კლასმა ავაგროვეთ. ავტობუსის დასაქირავებლად და სასმელის საყიდლად, მე და ერთი ჩემი კლასელი გოგო გაგვაგზავნეს. მე მარჯანიშვილის მეტროსთან ვიცოდი ერთი ადგილი, სადაც მართლაც კარგი არაყი იყიდებოდა, მაგრამ ჩემს კლასელ გოგოს არ უნდოდა ბიჭებს არაყი რომ დაგველია, თავი მოიკლა და არ მაყიდინა სასმელი. მაგრამ ბიჭები ისე როგორ გავჩერდებოდით? გზაში, იგოეთთან ჩუმად ვიყიდეთ ხუთი ბოთლი ჩამოსასხმელი არაყი და საბარგულში დავმალეთ. მერე, როდესაც უფლისციხე დავათვალიერეთ და სუფრა გავშალეთ, ბიჭებმა მაშინღა ამოვალაგეთ ბოთლები. გოგოები რაღას იზამდნენ? ვეღარ დაგვიშალეს დალევა და კლასის ბიჭები მაგრად დავთვერით. გზაში, უკვე მცხეთას რომ მოვუახლოვდით, თითქმის ყველა ბიჭი ცუდად გახდა. თავბრუსხვევა და გულისრევა მეც დამეწყო. მერე `მარშუტკა` გავაჩერებინეთ და ბუჩქებისაკენ ყველა ერთმანეთს ვასწრებდით. ბიჭები ისე მაგრად მოვიწამლეთ, რომ თითქმის მთელი ერთი კვირა ყველა საწოლში ვიწექით. ექიმმა მითხრა, კიდევ კარგი, ახალგაზრდა ხარ და ძლიერი ორგანიზმი გაქვსო, თორემ შეიძლება ვერც გადარჩენილიყავიო. არაყი ვინც მოგვყიდა, იმ კაცს მერე მამაჩემმა ერთი ამბები დააწია, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა?`

სასიკვდილო არაყი

ასეთი ისტორიები ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არაერთია. ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტებს რა თქმა უნდა ვერავინ მოატყუებს და ისინი მუდამ დაზღვეულნი იქნებიან ფსევდოღვინის სმისაგან, მაგრამ ტყუვდებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც სასმელის ხარისხში დიდად ვერ ერკვევიან და შესაძლებელია მათი ეს `დაუდევრობა` ძალიან მძიმე შედეგითაც დასრულდეს. ლევან ჭანტურია, სუპერმარკეტ `კოლხიდას` თანამშრომელი: `ჩვენს მაღაზიაში შემოსული ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი მოწმდება და ნამდვილად არა გვაქვს იმის შიში, რომ ჩვენთან გაყიდული პროდუქციით ვინმე მოიწამლება. სამწუხაროდ ძალიან ბევრია ისეთი მაღაზია თუ ბაზარი, სადაც სასმელს არავინ ამოწმებს და სწორედ ამიტომაც არის ხშირი მოწამვლები. დაახლოებით ოთხი წლის წინ ჩემი კარგი ნაცნობი, 35 წლის გლდენელი ბიჭი არყით მოიწამლა და გარდაიცვალა. საექიმო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მისი სიკვდილის მიზეზი მართლაც არაყით მოწამვლა იყო, მაგრამ დამნაშავე გამყიდველი მაინც ვერ მოიძებნა. მეგობრების სუფრაზე არაყი ვინც მოიწამლა, მისი მიტანილი იყო. საწყალი სუფრაზევე ცუდად გახდა. მერე საავადმყოფოში გადაიყვანეს და მეორე დილით გარდაიცვალა. თავად არ უთქვია ვისგან იყიდა ის არაყი, თორემ გამყიდველს ნამდვილად არ დაადგებოდა კარგი დღე` გორელი ვაიმეღვინე

სასმელით მოწამვლის შემთხვევები რეგიონებშიცაა, მაგრამ იმის გამო, რომ რეგიონებში ღვინოსა და არაყს უმეტესად ოჯახის პირობებში და პირველ რიგში საკუთარი ოჯახისათვის ამზადებენ, ასეთი შემთხვევები თუნდაც თბილისთან შედარებით განსაკუთრებულად მცირეა. საქართველოში ფიქრობენ, რომ ოჯახის პირობებში დაყენებული ღვინო და გამოხდილი არაყი ყოველთვის კარგია, რადგან არსებობს ასეთი შეხედულება: თუ კაცს სასმელი თავისთვის უნდა, იგი აუცილებლად კარგად დაამზადებს! ეს შეხედულება რა თქმა უნდა სწორია, მაგრამ ერთია კარგად დამზადების სურვილი და მეორეა საამისო ცოდნა. ნათქვამია: `პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო`, თუმცა საქართველო ხომ ის ქვეყანაა, სადაც ბევრი ადამიანი ერთბაშად მეპურეობასაც ჩემულობს, მძღოლობასაც, მასაწავლებლობასაც და მეღვინეობასაც.. ამ ყველაფრის დამადასტურებელი შემთხვევა ერთი წლის წინ გორის რაიონის სოფელში მოხდა. ერთ-ერთი ოჯახის უფროსი, რომელიც ასაკით უკვე საკმაოდ მხრცოვანი იყო, სიბერის მიუხედავად, მაინც მიიჩნევდა, რომ შვილებზე და შვილიშვილებზე უკეთ ერკვეოდა ღვინის დაყენების ტექნოლოგიებში. არად აგდებდა ნათესავების და ახლობვლების არაერთ თხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მეღვინეობის საქმე შვილებისათვის მიენდო, მაინც თვითონ აყენებდა ღვინოს. მობერებულ მეღვინეს ღვინის დაყენების დროს ალბათ თავისი სიბერის მიზეზით, მრავალი ნიუანსის გათვალისწინება ავიწყდებოდა და წლიდან-წლამდე ღვინო ხან ზედმეტად მჟავე გამოსდიოდა, ხან ტკბილი და არასწორად შენახვის გამო, ერთ წელს მთლანადაც კი დააძმარა. ჯიუტი `მეღვინის` ახირებულობა შარშან ლამის ტრაგედიით დასრულდა. უყურადღებობის გამო კასრში დაყენებულ ღვინოში შეერია ჯერაც გაურკვეველი ნივთიერება და საკუთარი შვილიშვილის ნათლობაში მოსულ სტუმრებს ღვინის ნაცვლად ლამის შხამი დაალევინა. სუფრაზე ერთი ჭიქა ღვინო ვინც კი დალია, თითქმის ყველა ცუდად გახდა. სუფრაზე და მასპინძლის ოჯახში რეალურად აღარ იყო იმდენი ადამიანი, ყველა მოწამლულისათვის ყურადღება რომ მიექცია. ამიტომ მოწამვლას გადარჩენილმა თანასოფლელებმა სუფრაზე მსხდომი მასპინძლებიცა და სტუმრებიც რის ვაი ვაგლახით ჩასვეს ავტობუსში და საავადმყოფოსაკენ გააქანეს. ასე დასრულდა ქეიფი, რომელიც ერთმა ვაიმეღვინემ თავისი დაუდევრობის გამო კინაღამ ქელეხად აქცია.

მუცელღმერთა რომაელები

ალკოჰოლური სასმელით მოწამვლის პრობლემა როგორც ჩანს ძველ დროშიც აქტუალური იყო. ძველი ისტორიკოსი გვიამბობს, არასწორად დაყენებულმა (შესაძლებელია შეგნებულადაც) გალიურმა (დღევანდელი საფრანგეთი) ღვინომ როგორ მოწამლა ცნობილი რომაელი სარდლის, გაიუს მარიუსის ერთი ლეგიონის მებრძოლები. ისტორიკოსი მოწამლული ჯარისკაცების ქცევებსა და მოწამვლისათვის დამახასიათებელ სიმპტომებსაც კი აღწერს: `ჯარისკაცების ნახევარი მიწაზე ეყარა და საშინელი მუცლის ტკივილით იტანჯებოდა, მეორე ფეხზე მდგომი ნახევარი ტკივილისაგან იგრიხებოდა და ღებინებისაგან ძალა ჰქონდათ გამოცლილი. ღვინის არდამლევი და მოწამვლას გადარჩენილი შეშინებული მებრძოლები კი, ბანაკში არსებული საშინელი სუნისა და სანახაობით დამფრთხლები ტყეებში გარბოდნენ`. როგორც ცნობილია, რომაელი ჯარისკაცები ჩვენს ქვეყანაშიც, კერძოდ კი დასავლეთ საქართველოში მოიწამლნენ, თუმცა ამჯერად მათი მოწამვლის მიზეზი ღვინის ნაცვლად ფიჭიანი თაფლი იყო. ეს მოწამლული თაფლი ღორმუცელობით ცნობილ რომაელებს აჭარისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე მცხოვრებმა ტომებმა გზაზე სპეციალურად დაულაგეს, რადგან იცოდნენ, რომ ტკბილეულობისაკენ რომაელებს აუცილებლად წასძლევდათ სული. როგორ ვუწამლოთ მოწამლულს

სამწუხაროდ ძალიან ცოტა რამაა შემორჩენილი ძველი ქართული მედიცინიდან მოწამლულთა მკურნალობის ხერხებზე, თუმცა ჩვენი დროის მკურნალებმა მოწამვლის წინააღმდეგ უამრავი წამალი და მკურნალობის მეთოდი მოიგონეს. როგორ უნდა მივხვდეთ მოწამლულები ვართ თუ არა და მოწამვლის შემთხვევაში როგორ უნდა ვუმკურნალოთ საკუთარ თავს თუ სხვა ადამიანებს, ამასთან დაკავშირებით, ექიმი დავით მეგრელიშვილი გვესაუბრება. დავით მეგრელიშვილი: `ალკოჰოლით მოწამვლა, სხვა ტიპის მოწამვლისაგან სიმპტომებით თითქმის არ განსხავდება. მოწამლულ ადამიანს ახასიათებს გულღებინება, მუცლისა და თავის ტკივილი და სიყვითლე. გარდა ამისა, მოწამვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ ადამიანს თვალის ქუთუთოები უყვითლდება. მოწამვლის შემთხვევაში, საუკეთესი საშუალება არის კუჭის გამორეცხვა. ამ პროცედურის ჩატარება ოჯახურ პირობებშიც მარტივადაა შესაძლებელი. მოწამლულმა ექიმის რეცეპტის გარეშე არანაირი წამალი არ უნდა მიიღოს. გამორეცხვების შემდეგ, აუცილებელია ავადმყოფი ექიმმა გასინჯოს. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც გამორეცხვების შემდეგ ავადმყოფი ერთი შეხედვით გამოჯანმრთლდება, საწოლიდანაც ადგება და მისი ოჯახის წევრები ექიმის გამოძახებას საჭიროდ აღარ თვლიან. ეს არის ღრმა შეცდომა, რადგან ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის გარეშე, შესაძლებელია მოწამვლა უფრო რთულ და სახიფათო დაავადებად იქცეს და ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდეს` იმედია საქართველოში მომავალში მაინც იქნება იმის პირობები, რომ ქეიფის მოყვარულ ქართველებს სასმელის შეძენისას აღარ მოუწევთ მუდმივ შიშში ყოფნა და `ღვთაებრივ` სითხედ` სახელდებული მართლაც შესანიშნავი სასმელი, ცხოვრების ტრაგიკულად დასრულების მიზეზად არავისათვის იქცევა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული