Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს 2023 წლის მოსავლის მიმოხილვა

ლევან სეფისკვერაძე

კახეთი

ადრიან გაზაფხულზე დაწყებული გახშირებული წვიმები და ამის თანმდევი სოკოვანი დაავადებების კატასტროფული გავრცელება, შემდეგ სეტყვა, ღვარცოფი და ქარიშხალი წელს კახეთის ვენახების მთავარი მტერი იყო. ფაქტობრივად არ დარჩა ვენახი, რომლის მოსავლის 40-50% მაინც რომ არ გაფუჭებულიყო. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია ახმეტის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში შეიქმნა. თელაველებმა და გურჯაანელებმაც მოსავლის ლამის ნახევარი დაკარგეს. რთული სიტუაცია იყო გარეკახეთში. გარეკახეთი ხშირმა წვიმებმა და ჭრაქმა უფრო დააზარალა, ვიდრე სეტყვამ.

თელავში ჭრაქმა ყვავილშივე გააფუჭა მოსავალი. ფოთლები საღი იყო და მტევნები დაავადებული. შემდეგ, როცა დაიყვავილა, გადარჩენილი მტევნები უფრო გამოჩნდა. გურჯაანში მთელი ივლისი და ნახევარი აგვისტო ლამის ყოველდღე წვიმდა, თან ხშირად დღეში ორჯერ და ზოგჯერ სამჯერაც მოდიოდა წვიმა. ამ წვიმებს შორის მზე გამოდიოდა და ცხადია ამან დაავადებების განვითარებისთვის იდეალური პირობები შექმნა, რამაც ბუნებრივია მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.

ანალოგიური სიტუცია იყო ახმეტასა და ყვარელშიც. ახმეტაში ღამე წვიმამ და დღისით მზემ ცუდად იმოქმედა ვენახზე. მტევანი იყო ბევრად თხელი და ძალიან სუსტი. კახეთში განსაკუთრებით თეთრ ჯიშებს გაუჭირდათ. საფერავი შედარებით გადარჩა.

სექტემბრის შუა რიცხვებისთვის კახეთში რთველი უკვე დასრულებული იყო. რქაწითელი დაახლოებით 23% შაქრიანობაზე დაიკრიფა, საფერავის შაქრიანობაც დაახლოებით ამდენივე იყო. მიუხედავად რთული წლისა და მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის დაახლოებით ნახევარი დაიკარგა, კახეთში რთველი მაინც შედგა და დუღილის პროცესიც სათანადოდ წარიმართა. მთელი ოქტომბრის თვე კახეთში თბილი იყო და ეს მეღვინეებს დუღილში ძალიან დაეხმარათ.

ქართლი

ქართლელი მევენახეებისთვის 2023 წელი იმდენად არასასურველად დაიწყო და შემდეგ უკვე იმდენად ცუდად განვითარდა, რომ შემოდგომაზე, რთველის დაწყების წინ განსაკუთრებულად პოზიტიური მოლოდინები თითქმის არავის ჰქონია. ამის გამო, ქართლის ზოგიერთ სოფელში დაგეგმილი მოსავლის 40-50%-ის მიღებაც კი დადებითად შეფასდა იმის ფონზე, რომ მთელს რიგ ადგილებში მოსავალი ბოლომდე განადგურდა.

მოსავლის უმეტესი ნაწილი დაკარგეს მცხეთელმა და კასპელმა მევენახე-მეღვინეებმა. ზოგ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მოხშირებული ნალექების პარალელურად სწრაფ რეაგირებას და წვიმის დასრულებისთანავე შეწამლვას. ეს, გარდა იმისა, რომ რთულად დასაგეგმი და განსახორციელებელია, დიდი ეფექტითაც შეიძლება ვერ გამოირჩეს, რადგან 2023 წლის მაისსა და ივნისში იყო პერიოდები, როდესაც მაგალითად სამი დღე წვიმდა, შემდეგ ერთ დილას გადაიღო, მევენახემ მსწრაფლივ მიასხა ვაზს წამალი, თუმცა იმავე საღამოს ან მეორე დღეს ისევ წვიმა დაიწყო და წამლობამ ყოველგარი აზრი დაკარგა.

წვიმიანმა ამინდებმა და ჭრაქმა გორელებიც ძალიან აზარალა. გორში

ზოგადად ბევრი პრობლემაა. მუშის შოვნაც კი ურთულესი საქმეა, თუმცა გორშიც წელს სეტყვამ და ჭრაქმა შექმნა მთავარი პრობლემები.

2023 წელი რთული აღმოჩნდა ქვემო ქართლელებისთვისაც. დმანისში და ბოლნისში კლიმატური პირობების გამო ბევრი მევენახე დაზარალდა. ბოლნისში მართალია სეტყვა არ ყოფილა, მაგრამ წვიმებმა და სიცხემ გააჩინა ჭრაქი და ეს ვაზისთვის დამღუპველი აღმოჩნდა.

რთვლის დროს წვიმები აღარ იყო. ქართლის ზოგიერთ სოფელში რთველი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდა. მეენახეები ყურძნის კარგად დამწიფების იმედად მაინც რისკავდნენ ყურძნის ვაზზე დატოვებას. ჩინური და გორული მწვანე 23% შაქრიანობაზე დაიკრიფა. წითელყურძნიან ჯიშებში შაქრიანობა 24%-მდე ავიდა. ნოემბრის შუა რიცხვებში ღვინო უკვე დადუღებული იყო და ბევრს ერთხელ მაინც ჰქონდა გადაღებული.

იმერეთი

იმერელი მევენახეები ამბობენ, რომ 2023 წელს გაზაფხული არ ჰქონიათ. მაღალმა ტენიანობამ და მისმა თანმხლებმა წვიმებმა მარტიდან - მაისამდე ჭრაქის გავრცელების მაღალი რისკები შექმნა. ამას შემდეგ ცხელი პერიოდი მოჰყვა და ჭრაქი მოსავლის 30-40-%-ის დაკარგვის მიზეზი გახდა. იყო ადგილები (მაგალითად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფელი) სადაც დაგეგმილი მოსავლის მხოლოდ 10% დაიკრიფა.

ბაღდათსა და თერჯოლაში სანამ გახშირებული წვიმები დაიწყებოდა, მარტის დასაწყიში იყო გაზაფხულის ყინვის გამო ვენახის მოყინვის შემთხვევებიც. ჭრაქისგან განსხვავებთ, ნაცარი იმერეთში წელს თითქმის არ ყოფილა, თუმცა, ეს კარგი წლით არ იყო განპირობებული.

უჭირდათ ვანელებსაც, სადაც მოსავლის 70%-ის დაკარგვაზე საუბრობენ. ზესტაფონში, ზომიერად თბილი ზამთრის შემდეგ, ნესტმა და წვიმებმა მოსავლის მინიმუმ ნახევარი მაინც გააფუჭა და არც სართველოდ გადარჩენილი ყურძნის ხარისხი იყო კარგი.

იმერლების უმეტესობას ოქტომბრის შუა რიცხვებში ჰქონდათ რთველი. რთველისას თითქმის მთელს იმერეთში უქარო და მზიანი ამინდი იყო და მრავალ გამოწვევას გადარჩენილი ყურძენი ფაქტობრივად იდეალურ პირობებში დაიკრიფა და დაიწურა. რთველისას ცოლიკოურის შაქრიანობა 21-22% იყო. ნოემბრის ბოლოს იმერლებმა რთულწელგამოტარებული (უმეტესად თეთრი) ღვინის პირველი ჭაშნიკიც გაიგეს.

რაჭა

რაჭაში ცივი ზამთარი ჰქონდათ, თუმცა ამ რეგიონისათვის ნაკლებად დამახასიათებელი მცირე თოვლი მოვიდა. უკვე იანვარი-თებერვლის პერიოდში გამოცდილი რაჭველი მევენახეები კლიმატზე და ამინდზე დაკვირვებიდან გამომდინარე შიშობდნენ, რომ 2023 რთული წელი უნდა ყოფილყო. აპრილიდან დაიწყო გაუთავებელი წვიმები. რაჭაში ვეგეტაციის პერიოდი მაისის ბოლოს დაიწყო, თუმცა ივნისის უხმა ნალექმა მთლიანად გააფუჭა ვენახი.

მაისიდან მოყოლებული რაჭაში, რიონის ორივე სანაპიროზე მდებარე ვენახებში მასიურად გავრცელდა ჭრაქი. ზოგმა ბეჯითმა მევენახემ მეტ-ნაკლებად შეძლო ვენახის გადარჩენა, თუმცა ივნისის დასაწყისში და სექტემბრის დასაწყისში სეტყვამ კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია.

რაჭველებს რთველი ისედაც გვიან აქვთ ხოლმე და 2023 წელს ნოემბრამდე მოუწიათ რთველის გადაწევა და სათანადო მომენტისთვის დაცდა, რადგან წვიმების გამო სიტკბოდაკარგული ყურძნის შაქრიანობის მომატებას ელოდნენ. რთველისას ხვანჭკარასა და სადმელში ალექსანდროულის შაქრიანობა 21% იყო, 20%-ის სიტკბოზე დაკრიფეს ცოლიკოური და წულუკიძის თეთრა. რაჭაში ღვინის დუღილის და დაწდომის პერიოდი თითქის მთელი დეკემბერი გაგრძელდა.

ლეჩხუმი

საქართველოს მევენახე-მეღვინეობით ცნობილ სხვა კუთხეებთან შედარებით კარგი მდგომარეობა იყო ლეჩხუმში. ლეჩხუმელები ამას თავად იმით ხსნიან, რომ მათი ვენახების დიდი ნაწილი ისეთ ადგილებზე მდებარეობს, სადაც ქარი მუდმივად ქრის და ვენახები ნიავდება, რაც სოკოვანი დავადებების საფრთხეს გარკვეულწილად ანელებს. 2023 წლის აპრილ-მაის-ივნისში მოხშირებული წვიმები არც ლეჩხუმს დაჰკლებია. ადრიან გაზაფხულზე ორბელსა და ცაგერში ვენახის მოყინვის შემთხვევებიც იყო, თუმცა ამით გამოწვეული ზარალი 3-5%-ზე მეტი არ ყოფილა.

შედარებით გაუჭირდა რიონის ხეობაში მდებარე ლეჩხუმურ ვენახებს. განსხვავებით ცხენისწყლის ხეობის სოფლებისგან, რიონის ხეობაში (ტვიში, ალპანა, ორხვი, ქორენიში, უცხერი და სხვა...) უფრო ბევრია ისეთი ვენახი, რომელთა მფლობელები ვენახთან ახლოს არ ცხოვრობენ და ბევრს ცაგერიდან, ქუთაისიდან ან სულაც თბილისიდან უწევდა ვენახის მოვლა. ამან გარკველწილად გაართულა ვაზის მოვლა და პირველყოვლისა ჭრაქთან ბრძოლა, რადგან მოსავლის გადასარჩენად, დაავადების საფრთხის დროს ხშირ შემთხვევაში მყისიერი რეაგირება და დროული წამლობაა საჭირო.

ლეჩხუმში რთველი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო და ოქტომბრის ბოლომდე გასტანა. რთველის პერიოდში ცნობილი უსახელოურის შაქრიანობა 22-23% იყო, ცოლიკოური კი 22 % -ზე დაკრიფეს. დაღვინების დროს ნოემბერი თბილი იყო და ლეჩხუმში დუღლის პროცესი ძალიან კარგად წარმართა. დეკემბრის დასაწყისში ქვევრებსაც კი მოხადეს.

სამეგრელო

2023 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, თითქმის მთელი სამეგრელო წვიმის და წვიმის თანმდევი სოკოვანი დაავადებების გამო გაწვალდა. მარტვილსა და წალენჯიხაში მაისში დაწყებული წვიმები ზაფხულის შუამდე გაგრძელდა, რამაც ჭრაქი განსაკუთრებულად გააძლიერა და როგორც მეგრელი მევენახეები ამბობენ, ყველაზე მეტად ახალგაზრდა ვენახებს გაუჭირდათ. მეგრელმა მევენახეებმა წელს მოსავლის 40-50% დაკარგეს და არც აღებული მოსავლის ხარისხით არიან კმაყოფილი.

წალენჯიხაში ზოგიერთ ადგილზე გაზაფხულის დასაწყისში ნაადრევი ყინვის გამო ვაზს პრობლემები შეექმნა, თუმცა ჭრაქთან და ზოგადად სოკოვან დაავადებებთან შედარებით ყინვისგან მიყენებული ზიანი აღარაფრად მოსჩანს.

ადრეული გაზაფხულიდან მოყოლებული მარტვილში ხშირად წვიმდა. მთელი წელი შენარჩუნდა ტენიანი ამინდი, რამაც ყურძნის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა. იყო ჭრაქის შემთხვევები.

წალენჯიხასა და ზუგდიდში მევენახეებმა მოსავლის დიდი ნაწილი დაკარგეს. ზაფხულის ბოლომდე მიწა ფაქტობრივად არ გამშრალა. ოჯალეშის მოსავალი იყო საშუალო ხარისხის და მცირე რაოდენობის. რთველის პერიოდში (ნოემბერში) ოჯალეშის შაქრიანობა 22-23% იყო.

გურია

2022 წლისგან განსხვავებთ გურია 2023 წლის გაზაფხულზე ყინვას არ შეუწუხებია, რაც ამ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ამ კუთხეში ასევე დიდი პრობლემაა ჭრაქი და ნაცარი, რაც გამუდმებულ წვიმებს უკავშირდება. ეს პრობლემა გურულებს ზაფხულის დასაწყისში ჰქონდათ და მან ვენახებს გარკვეული ზიანი მიაყენა. ზაფხულის მეორე ნახევარი და შემოდგომის დასაწყისი გურიაში მზიანი და თბილი იყო. ამიტომ ვინც ჭრაქს და ნაცარს გადაურჩა იმათ მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღეს.

შემოდგომის შუაში ამინდები ოზურგეთსა და ჩოხატაურში კარგი იყო. ამან უზრუნველყო ის, რომ გურიაში ნაადრევი რთველი არ გახდა საჭირო. გურიაში მთაში ადრე თუ მოთოვა და აცივდა, ფრინველები ქვევით ჩამოდიან და ეს მევენახეებს აჩქარებთ, რომ ყურძენი მოკრიფონ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მთელი მოსავალი დაკარგონ. ყურძენმა არამხოლოდ ტექნიკურ, არამედ რეალურ სიმწიფემდე მივიდა. აღსანიშნავია, რომ წელს გურიაში ჩხავერის ფასი გაიზარდა და 6-დან 10 ლარამდე იყო.

გურიაში რთველის პერიოდში როგორც წითელი, ასევე თეთრი ყურძნის შაქრიანობამ 22 პროცენტს მიაღწია. თბილი შემოდგომა გურულებს ძალიან დაეხმარა დუღილში. მიწის ტემპერატურის სითბომ ხელი უფრო მეტად ქვევრში ღვინის დამყენებელ მეღვინეებს შეუწყო. უფრო ინტენსიური ფერის ჩხავერის ღვინოს დადგა, რადგან ყურძნის კანის შეფერილობა მუქი იყო და ეს ისევ და ისევ მზიანი დღეების დამსახურებაა.

მესხეთი

2023 წელი მესხეთში ძალიან ცუდი იყო. მესხი მევენახეები გაზაფხულზევე სწუხდნენ, რომ ადიგენსა და ახალციხეში ყვავილობა ფაქტობრივად ვერ შედგა, რადგან ყვავილობის პერიოდში გადაბმულად წვიმები წაეწყო. ამას დაემატა ქარიანი დღეები და ქარმა ახლადგამოტანილი ვაზის ყვავილი ერთიანად გაანადგურა. ჯერ 9, შემდეგ კი 12 მაისს მთელს მესხეთში და განსაკუთრებით ადიგენში იყო ნაგვიანევი ყინვა, რამაც ძლივს გაშლილი კვირტი დააზიანა. მერე კი გამოვიდა საგვიანო კვირტები, თუმცა სათანადოდ ჩამოყალიბება ვეღარ მოასწრო.

ჭრაქმა მთელს მესხეთში დააზიანა ვენახები. ხალხს მოსავალი ფაქტობრივად არ აუღია. განსაკუთრებით ტერასებზე გაშენებული ვენახები დაზიანდა. ადიგენის მუნიციპალიტეტში იყო ადგილები, სადაც ალაგ-ალაგ ვენახები ქარს და წვიმას გადაურჩა, თუმცა ზაფხულის დასაწყისში მოსულმა სეტყვამ მაინც მოუღო ბოლო. მესხი მევენახეები ამბობენ, რომ 2023 იყო ჭრაქის წელი და ვერ იხსენებენ სხვა წლებს, როდესაც ჭრაქს ვაზი ასე დაეზიანებინოს. საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ მესხური ჯიშების 95% დაზიანდა და გაფუჭდა.

რთველის დროსაც (ნოემბრის დასაწყისი) წვიამიანი ამინდები იყო და რაც დაიკრიფა, იმ ყურძნის ხარისხიც ძალიან საეჭვოა, თუმცა, საბოლოო პროდუქტის ანუ ღვინის ხარისხს ყველაზე უკეთ მომავალი, ანუ 2024 წლის გაზაფხული გვიჩვენებს.

აჭარა

2023 წელს ჩხავერის ძალიან ცოტა მოსავალი მიიღეს აჭარაში. ამის მიზეზი ისევ და ისევ კლიმატური პრობლემები იყო. ვაზის ყვავილობის პერიოდში ქედაში ტემპერატურა დაბალი იყო. აჭარლები ჩიოდნენ - უგაზაფხულო და უშემოდგომო წლები გვაქვსო. დაახლოებით 15 ივლისამდე ტემპერატურა კრიტიკულად დავარდა. მერე კი საშინლად დაცხა და ამას მოჰყვა წვიმები, რამაც ბუნებრივია სოკოვანი დაავადებები გაააქტიურა.

როგორც იცით, აჭარაში ახლა იდგამს ფეხს მეღვინეობა და ცოცხლდება სოფლის მეურნეობის ეს უძველესი დარგი. ახალშენი მცირე ვენახები ემატება შეახევს, ქედასა და ხელვაჩაურს, თუმცა მოსავლის რაოდენობა ჯერ კიდევ კრიტიკულად მცირეა. კარგი წლის შემთხვევაში მთელს აჭარაში დაახლოებით 120 ტონა ჩხავერი იკრიფებოდა, 2023 წელს კი 30 ტონამდე მოკრიფეს. წვიმების გარდა, ვაზი ნაგვიანებმა ყინვამაც გააფუჭა, თუმცა ადგილობრივების თქმით, დაკრეფილი ყურძნის ხარისხი მაღალია და არც შაქრიანობით დაეწუნება.

მართალია 2023 წელს აჭარაში მოსავლის დიდი ნაწილი დაიკარგა, თუმცა ადგილობრივი მევენახეები ამბობენ, დაკრეფილი ჩხავერის ხარისხი მაღალი იყო და ეს ტოვებს იმედს, რომ ამ კუთხეში მაღალხარისხოვანი ღვინო დადგება. შაქრიანობა ბევრგან 22-23 იყო, რაც აჭარისთვის დადებით მაჩვენებლად უნდა შეფასდეს. მცირე მოსავლის გამო ჩხავერის ფასები რთველის პერიოდში ძალიან გაიზარდა. აჭარული ჩხავერის ფასი 8-12 ლარი იყო, რაც სარეკორდო ფასია. არადა, ადრე 5 ლარზე მეტი ჩხავერი არასოდეს ღირებულა.

© ღვინის კლუბი/ ქართული ღვინის გზამკვლევი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული