«ღვინოშია ჭეშმარიტება!» - ამ ცნობილ ლათინურ გამოთქმას ეყრდნობოდნენ გერმანელი მეცნიერები, რომლებმაც თავიანთი გამოკვლევებით სრულიად შეცვალეს არსებული წარმოდგენა ღვინის მავნებლობის შესახებ. მათი საბოლოო დასკვნა - «ღვინოშია ჯანმრთელობა!» - მთელმა მსოფლიომ აიტაცა და ღვინით მკურნალობა მედიცინის ერთ-ერთ დარგადაც იქცა.
თუმცა, ამ ამბავს საფუძველი ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ჩაეყარა: ჰომეროსის თანამედროვენი პატივს მიაგებდნენ ღვინოს, როგორც უებარ წამალს. ”ილიადაში” მოყვანილია ფაქტები, როცა ექიმები დაჭრილებსა და მოხუცებს ძალების აღსადგენად ღვინოს ასმევენ. თავად ჰომეროსიც ამტკიცებდა, ღვინო ადამიანს ხალისსა და ძალას მატებსო. ღვინის ფიზიოლოგიურ და სამკურნალო თვისებებზე უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ვხვდებით ჰიპოკრატესთან. სწორედ ამ დროიდანაა ცნობილი ღვინის გამოყენება ჭრილობების დასამუშავებლად. სწორედ ბერძნებმა შემოიღეს პირველად ტერმინი ”სამკურნალო ღვინოები”. ასე რომ, ენოთერაპია, როგორც მედიცინის დარგი, დასაბამს ძველი საბერძნეთიდან იღებს.
ათასწლეულების განმავლობაში ღვინის სამკურნალო თვისებების შესახებ უზარმაზარი ინფორმაცია დაგროვდა. ღვინო, ქიმიური და ბიოქიმიური თვალსაზრისით, საკმაოდ რთული შედგენილობისაა - დიდი ოდენობით შეიცავს სპირტებს, მჟავებს, მინერალურ შენაერთებს და ა. შ. მკვლევართა დასკვნებით, ღვინო ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალური მარილებით ამარაგებს. Fფრანგები ამტკიცებენ, რომ ღვინოს აქვს მრავალი სასიკეთო თვისება: გამამხნევებელი, დიეტური, ანტისეპტიკური, ბაქტერიოციდული, ანტიალერგიული, ანტიდიაბეტური და სხვ. ღვინით მკურნალობის პრაქტიკა წარმატებულია ბევრ ქვეყანაში: ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, იტალიაში და ა.შ.
ამ დარგს, როგორც აღვნიშნეთ, ენოთერაპია ეწოდება. ღვინო არა მარტო კურნავს ამა თუ იმ ავადმყოფობას, არამედ იცავს კიდეც ადამიანის ორგანიზმს დაავადებისგან. სუფთა ღვინო კარგად მოქმედებს ღვიძლის ფუნქციაზე; მდიდარი შემადგენლობის წყალობით, ღვინოს შეუძლია ორგანიზმში C და B ვიტამინების კომპენსაცია, მასში შემავალი სპირტები კარგად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე. სამეცნიერო კვლევებით დამტკიცებულია, რომ კახური ტიპის ღვინის ძლიერი ექსტრაქტულობა და სამკურნალო თვისებები დადებითად მოქმედებს შაქრიან დიაბეტზე, ნივთიერებათა ცვლის ფუნქციებზე, გლაუკომაზე, ნეკრისის ქარზე, თირკმლებზე, ღვიძლსა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
აკადემიკოს სერგი დურმიშიძის მიერ ჩატარებული მრავალი ცდით დადასტურდა, რომ კახური ტიპის ღვინო მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით, მისი მაღალი ფიზიოლოგიური აქტიურობა კი ხელს უწყობს კაპილარული სისხლძარღვების ელასტიკურობის შენარჩუნებას. ჭამის წინ ერთი ჭიქა თეთრი ღვინის შესმა აღაგზნებს ღვიძლის უჯრედებს, ხელს უწყობს თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის წვენის გადასვლას. თეთრი ღვინო დადებითად მოქმედებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ორგანიზმზე. Gგამოკვლევებმა დაადასტურა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ღვინოს, გაცილებით ჯანმრთელი ფილტვები აქვთ. ღვინოში შემავალ ტანინებს ვირუსების ბლოკირების უნარიც აქვთ. წითელ ღვინოს ორგანიზმიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოდევნაც კი შეუძლია. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ღვინის ზომიერად მოხმარება ბევრად უფრო სასარგებლოა ადამიანისათვის, ვიდრე ალკოჰოლზე უარის თქმა. ღვინო სიცოცხლის გახანგრძლივებასაც უწყობს ხელს. საზღვარგარეთ საგანგებო ენოკლინიკებიც კი არსებობს... მაგალითად, საფრანგეთში არის კურორტი, სადაც პაციენტები ღვინის საშუალებით (რეცეპტურა გასაიდუმლოებულია) ახალგაზრდობას იბრუნებენ!
© “ქვევრი”
გამოთქმა in vino veritas რომ ლათინურია ეს ეჭვს არ იწვევს, იმიტომ, რომ vino და veritas–იც ლათინური სიტყვებია :) გამოთქმა ეკუთვნის პლინიუს უფროსს. წარმოშობით კი მართლაც ბერძნულია და ბერძნულად ეს გამოთქმა ასე ჟღერს: Ἐν οἴνῳ ἀλήθεια (ენ ოინო ალეთეია) და იგი ეკუთვნის არა პლატონს, არამედ პოეტ ალკეოსს.
თქვენი კომენტარი