Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ და რატომ უნდა ჩამოვაყალიბოთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი?

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბება საქართველოში, ჯერ კიდევ, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საქართველოში კოოპერაციული მუშაობის გამოცდილება კიდევ უფრო განვითარდა და მასშტაბური გახდა. აღნიშნულ პერიოდში დაარსდა კოოპერატივები, სადაც ასობით სუბიექტი ერთიანდებოდა. ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული რეგიონი კახეთი იყო, სადაც, ძირითადად, მევენახეთა კოოპერატივები მოქმედებდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ კერძო საკუთრების ფლობისა და მართვის გამოცდილება საბჭოთა პერიოდში წყდება და ეს პრაქტიკა დროთა განმავლობაში, მივიწყებას ეძლევა.

ბოლო დროს  საქართველოში აგროსფეროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა კოოპერატიციული მუშაობის დანერგვისა და კოოპერატივის ინსტიტუციური განვითარების საკითხი. ლოკალური ტრადიციის, თითქმის, საუკუნოვანი წყვეტის გამო ამ თემების გარშემო, ფერმერულ ჯგუფებში, შესაძლოა, რამდენადმე, ბუნდოვანი დამოკიდებულება და წარმოდგენები იყოს შექმნილი. 

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო (სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კოოპერატივების განვითარების სააგენტო) და საერთაშორისო (Care International, Oxfam, Marcy Corps, Pin) ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში კოოპერაციული მუშაობის ცნობიერების განვითარებასა და ამ პრაქტიკის დანერგვას. მათი მცდელობით, იზრდება კოოპერატივებად დარეგისტრირებული ფერმერული ჯგუფების რიცხვი, რომლებიც ხედავენ კოოპერაციული საქმიანობის უპირატესობებს. პირველ რიგში, ეს უპირატესობაა ცალკეულ ფერმერებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ბიზნესის წამოსაწყებად საჭირო დანახარჯებისა და რისკების თანაბრად ნაწილდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობით სტაბილური ბაზარი უფრო ხელმმისაწვდომია, ვიდრე - ინდივიდუალური წარმოებით.  

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ჩამოყალიბება შეუძლია, მინიმუმ, 5 ადამიანს (მაღალმთიან რეგიონებში 3 ადამიანს), რომლებსაც შეუძლიათ, კოოპერატივში თავიანთი ფულადი ან ქონებრივი წილი შეიტანონ. შესაძლოა, ეს ადამიანები იყვნენ ოჯახის წევრებიც. ცხადია, ისინი უნდა იყვნენ 18 წელს მიღწეულნი და საქართველოს მოქალაქეები. კოოპერატივის წევრად შეიძლება წარმოდგენილი იყოს ცალკე კოოპერატივიც. როგორც აღვნიშნეთ, თითოეული წევრის პაი (წილი) შეიძლება იყოს წარმოდგენილი როგორც ფულადი, ასევე, ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონების სახით. 

მას შემდეგ, რაც ადამიანთა საკმარისი რაოდენობა გაერთიანდება, ისინი შეიმუშავებენ წესდებას, რაც შემდგომში დაარეგულირებს კოოპერატივის მუშაობის, სარგებლის განკარგვისა და სხვა საბაზისო მექანიზმებს. კრებაზე, სადაც დამფუძნებლები წესდებას შეიმუშავებენ, უნდა შედგეს, ასევე კრების ოქმი. დამფუძნებლებმა ორივე დოკუმენტი (წესდება და ოქმი) უნდა წარადგინონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია. რეგისტრაცია ფასიანია, 100 ლარი ღირს. გარდა ამისა, სადამფუძნებლო დოკუმენტებზე ხელმოწერების დამოწმების საფასურია თითო დოკუმენტისთვის 5 ლარი. 

ამის შემდეგ კოოპერატივის წევრებმა განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მისანიჭებლად. განცხადებას უნდა ერთვოდეს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სადაც დადასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კოოპერატივის რეგისტრაციის ფაქტი და კოოპერატივის წესდება. დამატებით, შესაძლოა, საჭირო გახდეს კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და / ან ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის წარდგენა. წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის გადამოწმების შემდეგ სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ანიჭებს იურიდიულ პირს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს. 

დღესდღეობით საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობს. მაგალითად, ისინი გათავისუფლებულნი არიან არაერთი სახელმწიფო გადასახადისგან. მოგების გადასახადით არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი (პირველადი წარმოება) და გრანტი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში, არ არის დაწესებული მოგების გადასახადის ზღვარი წლიური ბრუნვის მიხედვით, რომელიც მაგალითად შპს-ს შემთხვევაში, 200 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ქონების გადასახადით არ იბეგრება კოოპერატივის ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის. არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება არც კოოპერატივის საქმიანობის ფარგლებში, კოოპერატივის წევრების მიერ მიღებული დივიდენდი. გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ასევე სარგებლობენ ყველა იმ საგადასახადო შეღავათებით, რომლებიც სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში მოქმედებს.

სხვა მეწარმე იურიდიული პირებისგან განსხვავებით, კოოპერატივი შეიძლება იყოს გრანტის მიმღები. კოოპერატივი კრედიტუნარიანია და საკრედიტო რესურსი მასზე უფრო მორგებულია, ვიდრე - ცალკეულ ფერმერზე. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ამოქმედებს და, როგორც აცხადებს, უახლოესი წლების მანძილზეც გააგრძელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამებს.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლია მიმართოს როგორც სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივეების განვითარების სააგენტოს, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო რეგიონულ ცენტრებს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

იხილეთ „მარანის“ პუბლიკაცია კოოპერატივების შესახებ კანონში ცვლილებათა შესახებ

იხილეთ „მარანის“ პუბლიკაცია Enpard-ის ახალი საგრანტო კონკურსის შესახებ

იხილეთ „მარანის“ პუბლიკაცია თერჯოლის მუნიციპალიტეტში დაარსებული კოოპერატივების შესახებ

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული