Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აფრიკული ღვინის ეშხი

ნანა კობაიძე

ორი კვირაა მსოფლიოს სპორტული საზოგადოების ყურადღება სამხრეთ აფრიკისკენ არის მიმართული. საფეხბურთო მუნდიალი, რომელსაც წელს კეთილი იმედის კონცხი მასპინძლობს, ამ ქვეყნისადმი ინტერესს განსაკუთრებულად აღვივებს. იქაურთა ისტორია, კულტურა და ცხოვრების წესი ბევრისთვის ცხოვრებაში პირველადაა ყურადღების ობიექტი. ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას ჩვენც მივაგებთ პატივს და მისი სახელოვანი ღვინოების შესახებ მოგითხრობთ.
 
დაბადების დღე
 
ღვინო და სამხრეთ აფრიკა - ეს ტანდემი შესაძლოა ბევრს სრულიად შეუსაბამოდ მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო წლებში ქვეყანა ღვინის სერიოზულ მწარმოებელთა რიგებში ჩადგა. გაგიკვირდებათ და ამ თვალსაზრისით იგი მსოფლიოში მერვე ადგილზეა. როდის და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? როგორც ირკვევა, XVII საუკუნეში, როდესაც კაპის პროვინციის გუბერნატორმა, ჰოლანდიელმა იან ვან რიბეკმა დღევანდელი კეიპტაუნის რაიონში ვაზის პირველი ძირი დარგო. ეს იყო 1655 წელს, ოთხი წლის შემდეგ კი ამ ვენახიდან ღვინო დაწურეს. სწორედ ეს თარიღი, 1659 წლის 2 თებერვალი მოიხსენიება ოფიციალურ დოკუმენტებში სამხრეთაფრიკული ღვინის "დაბადების დღედ".
თავდაპირველად მეღვინეობის განვითარებას ფერმერთა უნდობლობა აფერხებდა. ვითარება 1679 წელს შეიცვალა, როდესაც პროვინციის გუბერნატორი სიმონ ვან დერ სტელი გახდა. იგი მშვენივრად ერკვეოდა ღვინის წარმოებაში და სულ მალე კონსტანციაში ვენახებიც გააშენა, სადაც შესანიშნავ თეთრ და წითელ ღვინოს აწარმოებდა. აქაური სასმელის შემდგომი პოპულარობა ჰენდრიკ კლეტეს უკავშირდება. ეს ადამიანი რამდენიმე ჯიშის შერევით შესანიშნავ ღვინოს ამზადებდა, რომელიც ევროპელ მეფეთა და იმპერატორთა, მათ შორის, ნაპოლეონის საყვარელ სასმელად იქცა.
XVIII საუკუნე დარგისთვის ძალზე მძიმე გამოდგა. ევროპელები ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ სამხრეთაფრიკულ ღვინოთა შემოსვლას მათ ბაზარზე. დიდი ხარისხით თავად სასმელიც ვერ დაიკვეხნიდა. ბევრი მწარმოებელი ღვინოს მუხის კასრში არ აძველებდა. ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ აფრიკაში ნაკლებად იყო გავრცელებული მუხის სპეციფიური ჯიშები და ეკონომიის მიზნით ფერმერები ხშირად იმავე კასრებს იყენებდნენ, რომელშიც მანამდე ხორცი იბოლებოდა.
ვითარება ძირეულად შეიცვალა XIX საუკუნეში: ბრიტანეთის მიერ კაპის პროვინციის ოკუპირებისა და ინგლის-საფრანგეთის ომის შემდეგ ევროპის და კერძოდ, ინგლისის ბაზარზე სამხრეთაფრიკული ღვინის შესვლის შანსმა იმატა. შესაბამისად, კაპის პროვინციაში ღვინის წარმოება 0,5-დან 4,5 მილიონ ლიტრამდე გაიზარდა.
1899 წელს, ინგლის-ბურების ომის დაწყებასთან ერთად ყველაფერი ისევ აირია: ახალი ვენახების უკონტროლო გაშენებამ მოსავლის რაოდენობა მკვეთრად გაზარდა, რამაც შემდგომი 20 წლის განმავლობაში დარგისთვის არახელსაყრელი ვითარება შექმნა. სამხრეთაფრიკულ მეღვინეობაში ახალი ეპოქა 1918 წელს, სამხრეთ აფრიკის მეღვინეთა გაერთიანებული კოოპერატივის (KWV) დაარსებით დაიწყო, რომელმაც ქვეყნის 4300 მეურნეობა გააერთიანა. ამის შემდეგ დარგში გარკვეული წესრიგი დამყარდა. KWV უფლებამოსილი იყო დაედგინა კვოტები, დაეფიქსირებინა მინიმალური ფასები და განესაზღვრა ღვინის მწარმოებელი რაიონები. ამ გაერთიანებას უარყოფითი მხარეც ჰქონდა, კერძოდ კი ის, რომ მცირე მეწარმეებს ინდივიდუალური პოლიტიკის გატარების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა 1992 წელს KWV იძულებული გახდა პრივილეგიების დიდი ნაწილი დაეთმო.
 
ხარისხის ნიშანი
 
სამხრეთ აფრიკაში მშვენიერი გარემოა კარგი ღვინის საწარმოებლად. აქაური კლიმატი ძალზე წააგავს ხმელთაშუაზღვისპირეთის ჰავას: ხანგრძლივი და მზიანი ზაფხული ყურძენში შაქრიანობის ზრდას უწობს ხელს; ზღვიდან მონაბერი გრილი ბრიზი და შედარებით თბილი ზამთარი რეგიონში მეღვინეობის განვითარების ხელსაყრელ პერსპექტივებს ქმნის.
ბოლო რამდენიმე ათწლეულია სამხრეთაფრიკულ ღვინოთა ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა, რასაც ხელი რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო: 50-იან წლებში საწარმოო პრაქტიკაში ცივი ფერმენტაციის დანერგვის შედეგად ცინცხალი და არომატული მშრალი ღვინოები გაჩნდა; 1973 წელს შემოიღეს ღვინოთა წარმოშობის განსაზღვრის სისტემა (Wine of Origin), რომელიც ფრანგული სისტემის ანალოგია. ამის შემდეგ მომხმარებელი ოფიციალურად სერთიფიცირებულ სასმელს ანიჭებს უპირატესობას, რომელზეც ზუსტად არის მითითებული ადგილწარმოშობა, ვაზის ჯიში და ღვინის ტიპი.
1985 წელს პირველად ჩამოასხეს კასრში ფერმენტირებული ღვინო. ეს იყო შარდონე, რომელიც კომპანია Backsberg Estate-მ აწარმოა პარლის რეგიონიდან. დღეს სამხრეთ აფრიკის საუკეთესო მეღვინეები თავიანთი პროდუქციის დასაძველებლად ფრანგულ და ამერიკულ მუხის კასრებს იყენებენ.
 
მრავალფეროვნება ჯიშებისა
 
სამხრეთ-აფრიკულ ღვინოთა ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი ყურძნის მრავალფეროვნებაა, თუმცა დომინანტად თეთრი ღვინოები მიიჩნევა: მათზე მთელი წარმოების 80% მოდის. კულტივირებული ჯიშებიდან ყველაზე დიდი ადგილი შენენ ბლანს უჭირავს (30%), მას მოსდევს სოვინიონ ბლანი და შარდონე გაცილებით დაბალი მაჩვენებლით (6%). თეთრი ყურძნის სხვა სახეობებია: კოლომბარი, კეიპ რისლინგი, სემიიონი, ასევე სხვადასხვა მუსკატი.
წითელთაგან ყველაზე პოპულარულია კაბერნე სოვინიონი და მერლო, ასევე შირაზი და პინო ნუარი. ეს უკანასკნელი ძალზე ფაქიზი და ჭირვეულია და განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს, ამის მიუხედავად მეღვინეთა ნაწილმა  ყველაფერი იღონა, რათა სამხრეთ აფრიკა პინო ნუარის მეორე სამშობლოდ ექცია.
სამხრეთ აფრიკაში მოდის ვაზის წითელი ჯიში, პინოტაჟი, რომლის მსგავსსაც მსოფლიოში ვერსად შეხვდებით. პინოტაჟი 1926 წელს გამოიყვანეს ორი ფრანგული ჯიშის – პინო ნუარისა და სინსოს შეჯვარებით. მისგან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა კარგი ღვინის დაყენება, თუმცა ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა, რაზეც სხვადასხვა გამოფენაზე მიღებული ჯილდოებიც მეტყველებს. იმის მიუხედავად, რომ არც ყველაზე ძვირადღირებულია და არც განსაკუთრებულად პოპულარული, პინოტაჟი სამხრეთ აფრიკის მეღვინოების სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. დღეს მეღვინეთა დიდი ნაწილი პინოტაჟს იმედის თვალით შეჰყურებს, თუმცა მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავს. ისინი მიჩნევენ, რომ სამხრეთაფრიკული ღვინის მხოლოდ პინოტაჟის იმედად ყოფნა მართებული არაა, რადგან საუკეთესოდ დაყენების შემთხვევაშიც კი ეს ჯიში განსაკუთრებულ ბრწყინვალებას ვერ აღწევს.  
 
მეღვინეობის ძირითადი რეგიონები
 
სამხრეთ აფრიკაში მეღვინეობის სამ ძირითად ზონას გამოყოფენ: ჩრდილო-დასავლეთი და აღმოსავლეთ სანაპირო არ მიიჩნევა ხელსაყრელ ტერიტორიად კარგი ღვინის მისაღებად, ვინაიდან აქ ძალზე ცხელი და მშრალი ჰავაა. საუკეთესოდ ითვლება სამხრეთ-დასავლეთი სანაპირო, სადაც შესანიშნავი პირობებია ღვინის წარმოებისთვის.
რაც შეეხება ტერიტორიის დაყოფას, 1973 წლის კანონის შესაბამისად, რომელიც სამხრეთ აფრიკის მეღვინეობას არეგულირებს, გამოიყოფა შემდეგი ტერმინები: Estate (მამული) - მეღვინეობის კერძო მეურნეობა, ფრანგული Chateau ან Domaine-ის ანალოგი. Ward (ოლქი) - ტერიტორია, რომელიც მეღვინეობის მეურნეობის ნაწილთან ერთად მოიცავს მეღვინეობის რაიონის ნაწილსაც.  District (რაიონი) - ხშირ შემთხვევაში მეღვინეობის რაიონების საზღვრები რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს ემთხვევა. Region (რეგიონი) - აქ შედის სხვადასხვა რაიონი, ან რაიონებისა და ოლქების ნაწილი. Geographical Unit (გეოგრაფიული ერთეული) - დღესდღეობით ორი გეოგრაფიული ერთეულია გამოყოფილი: დასავლეთ და ჩრდილოეთ კეიპი.
კეიპტაუნის ახლოს, მთიანი მასივის, სიმონსბერგის აღმოსავლეთით მდებარეობს ყველაზე ცნობილი WO რეგიონი სტელენბოსი, ანუ მუხების ქალაქი, რომელიც XVII საუკუნეში ჰოლანდიელმა ვან სტელმა დააარსა. აქ 7 მეღვინეობის ოლქი, ანუ ვარდი გამოიყოფა.
1688 წელს კეთილი იმედის კონცხზე ფრანგი ჰუგენოტების, მალანთა გვარის პირველი წარმომადგენელი ჩამოვიდა, რომელსაც მთავრობამ მიწის პატარა ნაკვეთი გამოუყო ვენახის გასაშენებლად. მოგვიანებით იგი სტელენბოსის რეგიონის მახლობლად დასახლდა, რომელიც უკვე მაშინ იყო ცნობილი მაღალი ხარისხის ღვინით და შემდგომი საქმიანობა გააგრძელა.
1953 წელს მისმა შთამომავალმა, ფრანს მალანმა დე ჰოოპში დაარსა ახალი საწარმო, რომელიც Simonsig Wine Estate-ს ცენტრი გახდა. 60-იან წლებში ფრანსმა თავის მამულებში ვაზის ახალი ძირები ჩაყარა, 1968 წელს კი პირველი სამარკო ღვინოები გამოუშვა. შინ ჩამოსხმულ რისლინგისა და შენენ ბლანის ბოთლებს ეტიკეტები საკუთარი ხელით დააკრა მისმა მეუღლე ლიზამ. ასეთი მოკრძალებული დასაწყისი მომავალი დიდი ბიზნესის დასაბამი გახდა. ორი წლის შემდეგ ფრანსმა პინოტაჟის ჯიშისგან პირველი წითელი ღვინო გამოუშვა, რომელსაც სულ მალე გამოუჩნდა მიმბაძველები.
70-იან წლებში კომპანია "სიმონსინგმა" ნოვატორული იდეები განახორციელა, როდესაც სამხრეთ აფრიკაში პირველი რეინული რისლინგი და შარდონე ჩამოასხა. შემოქმედებითი აქტივობის პიკში მალანმა მომხმარებელს პირველი ცქრიალა ღვინო Cap Classique შესთავაზა, რომელიც ტრადიციული შამპანიზაციის წესების უმკაცრესი დაცვით იყო წარმოებული. მეღვინეობის განვითარებაში გაწეული დიდი ღვაწლისა და ნოვატორობისთვის 1977 წელს ფრანსი "სამხრეთ აფრიკის წლის მეღვინედ" აღიარეს.
სამხრეთ აფრიკული მეღვინეობის კიდევ ერთი ცნობილი და მნიშვნელოვანი რეგიონია პარლი  (Paarl), რომელიც დიდხანს რჩებოდა შემაგრებული ღვინოების წარმოების ცენტრად. მოგვიანებით აქ კარგ თეთრ ღვინოებს ასხამდნენ, აქვე ტარდებოდა ყოველწლიური ღვინის აუქციონიც. შედარებით გრილ რეგიონთაგან აღსანიშნავია დასახლება ფრანშჰუკი (Franschhoek), სადაც დღემდეა შენარჩუნებული ფრანგული სახელწოდებები და ნაგებობათა ფრანგული სტილი. აქ კლასიკური ტექნოლოგიით შესანიშნავ ცქრიალა ღვინოებს ამზადებენ, რომელიც ტოლს არ უდებს ფრანგულ ანალოგებს. ადგილობრივი მეღვინეები ამ ტერიტორიის სამხრეთ-აფრიკულ შამპანად ქცევას აპირებენ.
 
დიდი აღმოჩენების ეპოქა
 
გასული საუკუნის ბოლო ათწლეულამდე სამხრეთ-აფრიკულ მეღვინეობას ადგილობრივთა გარდა თითქმის არავინ იცნობდა, 90-იანი წლებიდან კი დიდი აღმოჩენების ეპოქა დაიწყო. მსოფლიომ გაიცნო და შეიყვარა აქაური ღვინოები. მას შემდეგ ადგილობრივი მეღვინეები ენერგიას არ ზოგავენ მომხმარებლის გულის მოსაგებად და დაკარგული დროის ასანაზღაურებლად. ერთ-ერთი კრიტიკოსის სიტყვებით, სამხრეთ-აფრიკელი მეღვინეები ადრე დაღლილები და მოხუცებულები იყვნენ, ახლა კი თითქოს გაახალგაზრდავნენო.
დღეს სამხრეთ-აფრიკული მეღვინეობის აღორძინებაზე ლაპარაკი აღარავის უკვირს. ქვეყანა უმოკლეს პერიოდში განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ბოლო წლებში აქაურ სასმელებს დიდ ადგილს უთმობენ ღვინის თემაზე მომუშავე პრესტიჟული ჟურნალ-გაზეთები. ბევრი მათგანი აღიარებს, რომ ქვეყანას ღვინის წარმოების უდიდესი პოტენციალი აქვს, რომლის სწორად წარმართვის შემთხვევაში ადგილი მსოფლიო ელიტაში გარანტირებულია.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული