Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ფესტივალის კალენდარი - ნოემბერი

ნათია ჯინჯოლავა

ახალი წლის თუ სეზონის დაწყებას მსოფლიოს სხვადასხვა ხალხები უხსოვარი დროიდან თავისი ტრადიციებისა და მოთხოვნილებების თანახმად განსაზღვრავენ. სურვილი და შესაძლებლობა თქვი, თორემ პირველ იანვარს რომ მივუსხდებით სუფრას, თამამად შეგვიძლია გავაგრძელოთ, ჯერ ძველით ახალ წლის, მერე ჩინური, პაკისტანური, ინდური (ხვათა შორის, ინდოეთის სხვადასხვა შტატები ამ დღესაწაულს სხვადასხვა დროს აღნიშნავენ და მთელი მარტი გარანტირებულად დაკავებული გვექნება), ზოროასტრული, ირანული, ბენგალური, მექსიკური, ძველეგვიპტური, ებრაული, ეთიოპიური ახალი წლების აღნიშვნა და 18 ნოემბერს დავამთავროთ ჰავაის კუნძულებთან ერთად. მერე თვენახევარი დავისვენოთ და ამასობაში საკუთარიც მოგვისწრებს. ეს ამხელა შესავალი კი იმისთვის დამჭირდა, რომ ამეხსნა რატომ დავიწყე ღვინის ფესტივალის კალენდრის მიმოხილვა მაინცდამაინც ნოემბერში.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ რთველი და ღვინის დაწურვა-დაყენების პროცესი უკვე ყველგან დამთავრდა, და ამიტომ მეჩვენება ეს დრო მეღვინეობის ახალი სეზონის ერთგვარ დასაწყისად და მეორე - ოდესმე ხომ უნდა დამეწყო და იდეა რადგან გაჩნდა, ახალი რთველის მოლოდინში მისი ხორცშესხმის ერთი წლით გადადება უაზრობად მეჩვენა. მით უმეტეს, რომ თბილისურ ახალი ღვინის ფესტივალამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. თანაც, ერთგვარ პატივად მივიჩნევ, ამ ღვთაებრივი სასმელის ქართველ მოყვარულებს გავუწიო მოკრძალებული მეგზურობა უცხოური ღვინისა და მისი ყველაზე საინტერესო ფესტივალებისა თუ გამოფენა-აუქციონების სამყაროში.

მსოფლიოს მაშტაბით რამდენიმე ათასზე მეტი დიდი თუ პატარა  ღვინის ფესტივალი არსებობს - ზოგი ასწლეულზე მეტი ხნის ისტორიას ითვლის, ზოგიც სულ ახლახანს „მოიგონეს“. უმეტესობა ყოველწლიურია, ბევრი კი მხოლოდ ბიენალეს ფორმატით იმართება. ნაწილი ადგილობრივი მნიშვნელობისაა, ნაწილმა კი საერთაშორიოს აღიარება მოიპოვა და ტურისტებს დედამიწის ყველა კუთხიდან იზიდავს. ასე რომ, კარგი ღვინისა და მოგზაურობის მოყვარულებს ნოემბერმა არაერთი საინტერესო სანახაობა შესთავაზა:

         9-10 ნოემბერი, დანედინის ღვინისა და ბლუზის ფესტივალი, ფლორიდა, ამერიკის შეერთებული შტატები (Wines The Blues Festival Dunedin)-  ამ გამორჩეულად მაღალი კლასის ღონისძიებაზე სრულიადამერიკელი ბლუზმენები და მთელი მსოფლიოს მეღვინეები იკრიბებიან. ფესტივალის არსებობის ოცი წლის მანძილზე, მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს და მათი რაოდენობა 30 ათასზე ნაკლები არასდროს ყოფილა. მით უმეტეს, რომ მასში სხვადასხვა დროს John Lee Hooker Jr., The Steve Arvey Horn Band, Kethy Jo და The Bluzification Band მონაწილეობდნენ. წლევანდელი ფესტივალი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა და სტუმრებს სამი ნაწილისგან შემდგარი მეტად საინტერესო სანახაობა შესთავაზეს ორგანიზატორებმა..

         9-12 ნოემბერი, მერანოს ღვინი ფესტივალი, იტალია, მერანო (Merano WineFestival)- მერანოს ღვინის ფესტივალი ღვინოსთან და მეღვინეობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ექსკლუზიურ ღონისძიებად ითვლება. ქალაქსი ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაში გამართული ფესტივალი ერთნაირ სიამოვნებას ანიჭებს მხოლოდ სანახაობით დატკბობის მურველებსაც და ჭეშმარიტ გურმანებასაც. იგი რამდენიმე ნაწილისგან შედგება: bio&dynamica  სტუმრებს ნატურალურ და ბიოდინამუკურ ღვინოებს სთავაზობს გასასინჯად; Culinaria-ზე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციაა წარმოდგენილი; BeerPassoion-ი ტრადიციული ლუდის გემოს მოყვარულებს იზიდავს; GourmetArena-ზე კი სახელგანთქმული რესტორნების შეფ-მზარეულები ეჯიბრებიან ერთმანეთს.

            2011 წელს მერანოში ხუთი ათასი რეგისტრირებული მონაწილე, ოთხასზე მეტი იტალიელი და ასოცზე მეტი უცხოელი მეღვინე, ასი მეწარმე და სამასი აკრედიტებული ჟურნალისტი შეიკრიბა. წლევანდელ, რიგით ოცდამეერთე ფესტივალზე ღვინის მოყვარულებს და გემრიელი საჭმლის თაყვანისმცემლებს 13 სახელგანთქმული შეფ-მზარეული მასპინძლობდა; გაიმართა სიცილიური ტკბილეულის, უიშვიათესი და მრავალი ჯილდოს მფლობელი იტალიური ყველის, ძეხვეულის, უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთებისა და ძმარი „ბალზამიკოს“ დეგუსტაცია; ასევე იყო დასაჭაშნიკებლად გამოტანილი საკოლექციო ღვინოების არაჩვეულებრივი ნაკრები – 1930 წლის Villa di Capezzana Riserva di Tenuta di Capezzana, 2002 წლის Champagne Louis Roederer Brut Premier, 2002 წლის Champagne Pol Roger Blanc de Blanc, 2007 წლის Domaine Méo-Camuzet – Clos de Voguet grand cru, 2009 წლის Armoux-Lachaux Vosne Romanée 1er Cru Les Chaume, Masseto-ს 1995-1998-2001-2006-2007-2008-2009 წლების ვინტაჟები, Romano Dal Forno Amarone-ს 1990-1993-1996-2000-2003 წლების ვინტაჟების პრემიერა და სხვ. სხვათა შორის, სულ რაღაც 15 ლიტრი Amarone-ს დაყენებას არც მეტი, არც ნაკლები ასი კოლოგრამი ნარჩევი ყურძენი ჭირდება.

         11 ნოემბერი, წმინდა მარტინის ხსენების დღე ჩიჩილიანოში, იტალია (A Ciciliano la Festa di San Martino)- ამ დღეს, რომიდან სულ რაღაც ნახევარი საათის სავალზე, შუა საუკუნეების დროინდელ სოფელ ჩიჩილიანოში, ციხე-სიმაგრე თეოდოლის ძირში სახალხო სეირნობა შემწვარი წაბლის თავბრუდამხვევი სურნელისა და ადგილობრივი პროდუქტების და ახალდაყენებული ღვინის დეგუსტაციის ფონზე იმართება. ითვლება, რომ სწორედ ამ დღეს იქცევა მაჭარი ღვინოდ. ფესტივალში მედოლეები, ცეცხლის მყლაპავები და სხვა აკრობატებიც მონაწილეობდნენ. საყოველთაო ზეიმი კი დღის ბოლოს, მებაირაღეების გრანდიოზულმა შოუმ დაასრულა.

         14-17 ნოემბერი, ავსტრია, ვენა, კობურგის სასახლე (The Coburg Wine Open 2012)– 2003 წლის ნოემბერში სერიოზული რესტავრაციისა და რემონტის შემდეგ, მანამდე მეტად ტრადიციულ კობურგის სასახლეს მეპატრონეებმა ახალი სული შთაბერეს და გურმანთა და ეპიკურიელთა სამოთხედ აქციეს - სადაც სასახლის სტუმრებს, საუკეთესო უახლესი და რარიტეტული ღვინოების დაგემოვნების საშუალება ეძლევათ. წელს, ბურგუნდიელი და ტოსკანელი მეღვინეების მიერ წარმოდგენილი ექსპონანტების დეგუსტაციამ სახელგანთქმული მზარეულის, შეფი სილვიო ნიკოლის  კულინარიული შედევრების აკომპანიმენტით ჩაიარა. წლევანდელი ფესტივალი ჭეშმარიტმა მარგალიტებმა დაამშვენეს, განსაკუთრებით კი ბორდოს 1982 წლის მოსავლის ლეგენდარული ვინტაჟის ღვინოებმა: Salon Le Mesnil, Figeac, Ausone, Le Von Pasteur, Vieux Château Certan, La Mission Haut-Brion, Haut-Brion, Léoville Las Cases, Gruaud Larose, Lynch Bages, Mouton Rothschild, Grand Puy Lacoste, Pichon Lingueville Comtesse de Lalande. როგორც ცნობილია, განსაკუთრებულად ცხელი და მშრალი ზაფხულით გამორჩეული 1982 წელი ბორდოსთვის მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან წლად ითვლება და ამიტომ სწორედ ამ წელს დააყენეს გამორჩეული „სხეულითა“ და ძლიერი სტრუქტურის მქონე ცნობილი პირველი კლასის ღვინოები.

            ცალკე ფორმატით გაიმართა მაგნუმის ზომის ბოთლებში (1,5 ლიტრი) ჩამოსხმული ღვინოების დეგუსტაციაც. როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, რაც უფრო ფართოა ღვინის ზედაპირის ფართობი, მით უკეთესად ღვინდება და ზოგადად, დიდი მოცულობა, დადებითად მოქმედებს მასზე. კობურგის ფესტივალზე წარმოდგენილი ამ კლასის ღვინოები იყო: Krug Vintage 1985, Ramonet Bâtard-Montrachet 1989, DRC Montrachet 1986, Henri Jayer Échazeaux 1978, Petrus 1970, Palmer 1961, Lafite Rothschild 1959, La Mission Haut-Brion 1959, Haut-Brion 1955, Lafite Rothschild 1953, Cheval Blanc 1947, Mouton Rotschild 1947, Gruaud Larose 1945 და Yquem 1983.

         16-17 ნოემბერი, ღვინის ყოველწლიური აუქციონი „ჰოსპის დე ბონი“, ბონი, ბურგუნდია, საფრანგეთი (Hospices de Beaune)- ღვინის სამყაროს ეს ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი აუქციონი ბურგუნდიის ყველაზე დიდი დღესაწაულის, „Trio Glorieuse”-ს შემადგენელი ნაწილია და წელს უკვე 152-ჯერ ჩატარდა. ზეიმი ყოველი ნოემბრის მესამე შაბათს ბურგუნდიის ყველაზე პრესტიჟული სმის და ღვინის მოყვარულთა საზოგადოებების შეკრებით იწყება, რომლებსაც, სხვათა შორის, ვაკჰანალიის მოყვარულთა საზოგადოებებს ეძახიან. მეორე დღეს აუქციონი გაიმართა, 19 ნოემბერს კი Paulée de Meursault-ის სადილზე კვლავაც სმა-ჭამის მოყვარულთა საზოგადოებები შეიკრიბა. ნადიმზე ყველა სტუმარმა საკუთარი წილი რამდენიმე ბოთლი ღვინო მიიტანა.

         17 ნოემბერი, „ბოჟოლე ნუვოს“ დღესასწაული ბოჟოლეში, საფრანგეთი (Beaujolais Nouveau)– „ბოჟოლე ნუვოს“ ანუ ახალგაზრდა ღვინისადმი მიძღვნილი ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მას მთელი საფრანგეთი და დანარჩენი მოფლიოს დიდი ნაწილიც ზეიმობს. თუმცა, ყველაფერი საფრანგეთის პატარა ქალაქ ბოჟოში (Beaujeu) იწყება ყოველი ნოემბრის მესამე ოთხშაბათიდან ხუთშაბათის ღამეს. ბოჟეში ოთხშაბათ საღამოს „სერმანტელს“ (რაც სავსე კასრებს ნიშნავს) აღნიშნავენ და სტუმრებს წინა წლების ღვინოებით უმასპინძლდებიან, ზუსტად შუაღამისას კი ახალდაყენებული „ბოჟოლეს“ დაჭაშნიკება იწყება მეტად ლამაზ და სანახაობრივ ცერემინიაზე. ანთებულ ჩირაღდნებ მომარჯვებული მოსახლეობის კოლონები ქალაქის ყველა კუთხიდან გაემართნენ ცენტრისკენ და საყოველთაო მხიარულების ფონზე ერთად გახსნეს საგანგებოდ ამ მოვლენისთვის მოედანზე გამოგორებული ღვინით სავსე უზარმაზარი კასრები.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული