Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წერილი ღვინის მოყვარულებს

ნინა ახლოური

"გამარჯობა ყველას,

ეს ჩემი პირველი პოსტია ფორუმზე და მაპატიეთ თუ არასწორ ადგილზე ვწერ.

ვარ ოცდასამი წლის (და ღარიბი) და მინდა მეტი გავიგო ღვინის შესახებ. წამიკითხავს მასზე წიგნები და ვყოფილვარ ნაპას, ვაშინგტონის, ტოსკანის, ალზასის ვენახებსა თუ მარნებში, მაგრამ მაინც მგონია, რომ ძალიან ცოტა რამ ვიცი ღვინოზე.

როცა ღვინის ადგილობრივ მაღაზიაში მივდივარ, არც ისე დიდი წარმოდგენა მაქვს იმაზე, რას ვაკეთებ. მართლა მომწონს ავსტრალიური შირაზი და შემიძლია რამდენიმე ფავორიტი ღვინის არჩევა მოლიდუკერიდან და ა.შ. მაგრამ ვინმეს რომ ეკითხა, რა მომწონს რომელიმე მათგანში, არ მგონია უკეთესი პასუხი გამეცა ვიდრე "ის გემრიელია და სხეულიანი ღვინოა".

როგორი უნდა იყოს ჩემი სტრატეგია, როცა საქმე სწავლას და შეძენას ეხება?

გმადლობთ რჩევებისთვის."

ამ პატარა პოსტს Wine spectator-ის ფორუმზე წავაწყდი. ავტორი, ნიკით RoyalOak, ღვინის მოყვარული ადამიანია, რომელსაც შეუძლია კარგი ღვინის დაფასება, თუმცა ბოთლში, ვთქვათ, 130 დოლარის გადახდის საშუალება არ აქვს. მის პოსტს მოსდევს ბანალური რჩევები იმის შესახებ, რომ საჭიროა წიგნების კითხვის გაგრძელება, მეტი დროს დათმობა ცოდნის გაღრმავებისთვის, დეგუსტაციებზე სიარული... საინტერესო ნაწილი უკვე მოგვიანებით, ჟურნალის გვერდზე იწყება, სადაც მეთ ქრემერი ახალ წერილს გვთავაზობს, სახელად "ღია წერილი დამწყებებისთვის", რომლის შთაგონების წყარო სწორედ ზემოთ მდებარე პოსტი გახდა.

ღვინო შემაფიქრიანებელი რამაა თავისი კომპლექსურობით, რომ არაფერი ვთქვათ ფასზეო, ამბობს ქრემერი.

"ჩემო ძვირფასო დამწყებო, მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ ყველა, ვისაც ღვინო უყვარს და მათ შორის შენც, სულ ცოტა დაინტრიგებული ან შეიძლება მეტიც, გატაცებულია ღვინით", - ასე იწყებს ქრემერი საპასუხო წერილს და ფორუმზე მიცემული პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა წაიკითხო ღვინის იარლიყი, შეიძინო სასმელი და არ გაუშვა ხელიდან დეგუსტაციის არცერთი შესაძლებლობა, ნამდვილად სასარგებლოდ მიაჩნია. მაგრამ, აგრძელებს ქრემერი, არის რაღაც, რასაც დამწყებებს საქმის მცოდნენი არასოდეს ეუბნებიან ხოლმე.

"ახლახანს ნაპა ველიში ვიყავი და ვსვამდი კაბერნეს, რომელიც, უმეტესობის შეფასებით, მშვენიერი ღვინოა. ის მართლაც მშვენიერი იყო: სქელი, სურნელოვანი, საოცრად დამყოლი და ისეთი სასიამოვნო... ბევრს მოსწონს ის. იმდენად მოსწონთ, რომ სამმაგ ფასსაც იხდიან მასში.

ასე რომ, რა პრობლემა ჰქონდა ამ კაბერნეს? ის არ იყო განსაკუთრებული."

ქრემერი ირწმუნება, რომ ყველა ნამდვილად დიდებულ ღვინოს ყოველთვის აქვს  სხვებისგან რაღაც უპირობოდ განმასხვავებელი, რაც მას მათზე უფრო მაღლა აყენებს. ის უბრალოდ სიამოვნებას კი არ განიჭებს, თავს გამახსოვრებს თავისი რომელიღაც გამორჩეული თვისებით. დამწყებს ასეთი ღვინო შეიძლება მაინცდამაინც არ მოეწონოს. მას შეიძლება გააჩნდეს მოულოდნელი სიტკბო, როცა მშრალ ღვინოს ის ნაკლებად უნდა ჰქონდეს, ან ჰქონდეს მაღალი მჟავიანობა, მაგრამ ერთი რამ ეჭვგარეშეა – ეს არ იქნება ჩვეულებრივი, ადვილად აღსაქმელი და ყველასთვის მოსაწონი სასმელი. ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება კი არა დეგუსტაციებზე, არამედ რესტორნებში უმჯობესია, რადგან ასეთ ღვინოს რომ გემო გაუგო, კერძია საჭირო. სასიამოვნო ღვინოების მირთმევა ყველაფრის გარეშეც კომფორტულია, როცა განსაკუთრებული, ხასიათის მქონე ღვინოებს საკვები სჭირდებათ საუკეთესო თვისებების გამოსავლენადო, ირწმუნება ქრემერი.

Wine spectator-ის ავტორი დამწყებებს კიდევ ერთ მარტივ "საიდუმლოს" უმხელს. დეგუსტაციის პროცესი რომ ნაყოფიერი იყოს, პირველ ყლუპამდე საკუთარ თავს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაუსვა – კონკრეტულად რას ვეძებ ღვინოში? რას ვითხოვ მისგან? და აქ იძენს საგანგებო მნიშვნელობას სოკრატეს მაქსიმა - "შეიცან თავი შენი". არადა, როცა საქმე ღვინოსთან გაქვს, ეს, უბრალოდ, აუცილებელია.

როგორც შემდეგ აღმოვაჩინე, ეს არ არის ერთადერთი წერილი, სადაც მეთ ქრემერი ღვინის მოყვარულებს სასარგებლო რჩევებს აძლევს. ცოტა უფრო ადრე, იგივე სათაურით მან მკითხველს ცოტა განსხვავებული შინაარსის ტექსტი შესთავაზა. ამ წერილს ის ერთ-ერთი მთავარი რჩევით იწყებს - "მიაქციე მეტი ყურადღება დეგუსტატორს და არა შეფასებას". მისი აზრით, ადამიანები ღვინის არჩევის პროცესში ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუ რამდენი ქულით და საერთოდ, როგორ არის ის შეფასებული. ყველა სფეროში შეფასების დროს კი ესთეტიკურ სუბიექტივიზმს აქვს ადგილი, იქნება ეს მუსიკა, ხელოვნება თუ ღვინო და ამ შემთხვევაში მთავარ მნიშვნელობას იძენს, თუ ვინ სინჯავს სასმელს. შეფასებები არ ჩნდება არსაიდან. მისი წყარო ყოველთვის კონკრეტული ადამიანია. სწორედ ამიტომ, Wine spectator ყოველთვის უთითებს დეგუსტატორის ვინაობას, - აღნიშნავს ქრემერი.

ამ შემთხვევაში, ხალხი, ჩვეულებრივ კითხულობს, კვალიფიცირებულია თუ არა შემფასებელი. მათ უნდათ დარწმუნებული იყვნენ, რომ რჩევას ღვინის ჭეშმარიტი მცოდნე მისცემს. ქრემერი მთლიანად ამ გარემოებაზე დაყრდნობას გულუბრყვილობად მიიჩნევს. ხშირ შემთხვევაში დეგუსტატორები, რა თქმა უნდა, ის პროფესიონალები არიან, ვისაც ერთი ყლუპით ან თუნდაც დაყნოსვით შეუძლია გამოიცნოს ღვინის სახეობა და სხვა დეტალები. თუმცა, ღვინის ნამდვილად კარგად დაგემოვნება იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რამდენად შეუძლია დეგუსტატორს ბრმა მეთოდით ღვინის გამოცნობა, არამედ იმაზე, რამდენად ალღოიანი და გამჭრიახია ეს ადამიანი. ასევე, რაც მთავარია, წარმოდგენა უნდა გვქონდეს ამ ადამიანის ესთეტიკურ პრიორიტეტებზე. შემდეგ უნდა დავფიქრდეთ, ემთხვევა ის ჩვენსას თუ არა. შეიძლება თუ არა მისი შეგრძნებების და გემოვნების ჩვენს ფასეულობებთან დაკავშირება? უბრალოდ ქულები ამაზე არაფერს ამბობენ.

ამას მეორე რჩევა მოსდევს – არასოდეს აურიოთ გასინჯვის და სმის ცნებები. ბერტრან რასელი თავის წიგნში "ფილოსოფიის პრობლემები" განასხვავებს ერთმანეთისგან ორ რაღაცას - "ცოდნა აღწერით" და "ცოდნა გაცნობით". რაც შეეხება ღვინოს, აქ სამი სახის ცოდნასთან გვაქვს საქმე – ცოდნა აღწერით (როცა ვკითხულობთ სასმელზე), ცოდნა გაცნობით (როცა ვსინჯავთ მას) და ცოდნა, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, დასხივებით (რომელსაც ჩვენ ვიღებთ უშუალოდ ღვინის სმის პროცესში, საკვების და ღვინის სხვა მოყვარულების თანხლებით). დღეს გაჩნდა ვირტუალური გაცნობის მომენტი, როცა ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან ღვინოზე სხვების აღწერებით, რომლებსაც ჩეთში, ბლოგებზე, ჟურნალებში კითხულობენ. ამ გზით მიღებული ცოდნა ნონსენსია. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ რაღაც გარკვეულ კონტექსტში საუკეთესო ღვინოც კი შესაძლია არამომგებიანად წარმოჩინდეს, რადგან ყოველთვის მოიძებნება უფრო ტკბილი, უფრო ცოცხალი და ა.შ კონკურენტი. ამიტომ, სხვათა შეფასება შესაძლოა გამოიყენო, როგორც მეგზური, მაგრამ ღვინის ღირსებების აღმოჩენა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მიანდო, თუ გინდა, რომ მის შესახებ სრულყოფილ ცოდნას ფლობდე.

ამ, ერთი შეხედვით, მარტივი პრინციპების გათავისება ენოლოგიაში დამწყებებს მთავარ მიმართულებას აძლევს. ბებერი ქრემერი, როგორც ყოველთვის, მართალი და გულახდილია საკუთარი მკითხველის წინაშე. დანარჩენი წვრილმანების აღმოჩენა კი (მაგალითად, როგორ სინათლეზე ჯობია დეგუსტაცია, რა ფორმის ბოკალია უმჯობესი სასმელის გემოსა და არომატის აღსაქმელად და ამისთანები) უკვე იოლად შეიძლება გუგლის საძიებო სისტემას მიანდო.

© ღვინის კლუბი/Weekend



"ქრემერი ირწმუნება, რომ ყველა ნამდვილად დიდებულ ღვინოს ყოველთვის აქვს სხვებისგან რაღაც უპირობოდ განმასხვავებელი, რაც მას მათზე უფრო მაღლა აყენებს. ის უბრალოდ სიამოვნებას კი არ განიჭებს, თავს გამახსოვრებს თავისი რომელიღაც გამორჩეული თვისებით. დამწყებს ასეთი ღვინო შეიძლება მაინცდამაინც არ მოეწონოს. მას შეიძლება გააჩნდეს მოულოდნელი სიტკბო, როცა მშრალ ღვინოს ის ნაკლებად უნდა ჰქონდეს, ან ჰქონდეს მაღალი მჟავიანობა, მაგრამ ერთი რამ ეჭვგარეშეა – ეს არ იქნება ჩვეულებრივი, ადვილად აღსაქმელი და ყველასთვის მოსაწონი სასმელი. ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება კი არა დეგუსტაციებზე, არამედ რესტორნებში უმჯობესია, რადგან ასეთ ღვინოს რომ გემო გაუგო, კერძია საჭირო. სასიამოვნო ღვინოების მირთმევა ყველაფრის გარეშეც კომფორტულია, როცა განსაკუთრებული, ხასიათის მქონე ღვინოებს საკვები სჭირდებათ საუკეთესო თვისებების გამოსავლენადო, ირწმუნება ქრემერი." ძალიან კარგი წერილია :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული