Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაზის ქართული ჯიშები ორ უცხოენოვან ამპელოგრაფიაში

ალეკო ცქიტიშვილი

ბოლო წლებში ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების მეღვინეობაში დაბრუნების ტენდენცია შეინიშნება. თუმცა, ეს პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, რადგან ქართული ჯიშების დიდი ნაწილის პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. გასული საუკუნის მნიშვნელოვანი გამოკვლევები, მათ შორის - ნიკო კეცხოველის, დიმიტრი ტაბიძისა და მაქსიმე რამიშვილის ფუნდამენტური ნაშრომი „საქართველოს ამპელოგრაფია“, საკმარისი არ არის ვაზის ქართული ჯიშების თაობაზე სრულყოფილი წარმოდგენის შესაქმნელად. აუცილებელია მსგავსი კვლევების ტრადიციის გაგრძელება, რათა ამპელოგრაფებმა უფრო ზუსტი ინფორმაცია მოგვცენ ქართული ვაზის გენოფონდზე.

ვაზის ქართული ჯიშები, ძირითადად, დაცულია სამეცნიერო კოლექციებში, რომელთა შენარჩუნება ძალიან გაძნელდა 90-იანი წლების ქაოსისა და 2000-იანი წლების უთავბოლო პრივატიზაცია-რეორგანიზაციების პირობებში. ამ ეტაპზე ეს სიძნელეები დიდწილად გადალახულია და მეცნიერთა განკარგულებაში რჩება რამდენიმე კოლექცია, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის სახელმწიფო კოლექციები და ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით საგურამოში გაშენებული კოლექცია, სადაც ვაზის 430-მდე ქართული ჯიშია დაცული. ზოგიერთმა კომპანიამ საკუთარი კოლექციებიც კი შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია „ქინძმარაულის მარნის“ საკოლექციო ვენახი ყვარელში. სწორედ ეს კოლექციებია ბაზისი იმ ახალი გამოკვლევებისა, რომელთა საშუალებითაც უნდა მივიღოთ პასუხი კითხვაზე: სად არის ათეულობით შეუსწავლელი ჯიშის ადგილი - საწარმოო ვენახებში თუ მხოლოდ არსებულ სამეცნიერო კოლექციებში?  

ამავე დროს, დღეისათვის, როცა საზღვრები ღიაა და მეცნიერების დარგებიც ფეხს უწყობენ გლობალიზაციას, დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ამპლოგრაფების თანამშრომლობას საზღვარგარეთის ავტორიტეტულ სამეცნიერო ინსტიტუტებთან. ამ გზით მათთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამედროვე ლაბორატორიები და მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია კვლევების უფრო სწრაფად და ნაყოფიერად წარმართვა. მეორე მხრივ, უცხოელი მეცნიერებისთვისაც ძალიან საინტერესოა ქართული ვაზის ჯიშები, რომელთა გაცნობის საშუალება საბჭოთა კავშირის დროს, ე. წ. რკინის ფარდის პირობებში, მათ არ ჰქონდათ. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდანვე გამოჩნდნენ ქართული ვაზის გენოფონდით დაინტერესებული უცხოელი ამპელოგრაფები.  

1989 წელს იტალიელი მეცნიერი ატილიო შენცა მილანის უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად საქართველოს ეწვია და ქართველ კოლეგებს ერთობლივი კვლევები შესთავაზა. თავის მხრივ, ამ დროს ევროპის ინსტიტუტები ქართველი მეცნიერებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. ეს ორმხრივი ინტერესი კარგ ნიადაგს ქმნიდა ერთობლივი კვლევებისთვის, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში განვითარებული შეიარაღებული კონფლიქტების გამო თანამშრომლობა მთელი 10 წლით შეჩერდა. მეოცე საუკუნის მიწურულს, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ინსტიტუტისა (Bioversity International) და მილანის უნივერსიტეტის (იტალია) ინიციატივით, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, კვლავ განახლდა ქართული ვაზის ჯიშებისა და საქართველოში გავრცელებული ველური ვაზის შესწავლა. მოგვიანებით ეს თანამშრომლობა კონკრეტულ საერთაშორისო პროექტებში გადაიზარდა და ქართული ვაზის გენოფონდის შესწავლაში დამატებით ჩაერთნენ საფრანგეთის აგრონომიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტი (INRA, მონპელიე) და სევილიის უნივერსიტეტი (ესპანეთი). 

2003 წლიდან ვაზის გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორის, იოზეფ ტუროკის ხელმძღვანელობით, დაიწყო მასშტაბური პროექტი - „შავიზღვისპირა ქვეყნებში ვაზის გენეტიკური რესურსების კონსერვაცია და გამოყენება“. ამ პროექტმა მეცნიერებს საშუალება მისცა, შეესწავლათ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სხვა შავიზღვისპირა ქვეყნების ვაზის ჯიშები. კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ამ რეგიონში გამოვლენილი ვაზის გენეტიკური რესურსების დიდი ნაწილი დაცული არ არის ევროპის ცნობილ სამეცნიერო კოლექციებში, მათ შორის - მონპელიეში, სადაც მსოფლიო ვაზის ჯიშების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი კოლექციაა. ამიტომ ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ ეს ჯიშები გაქრეს. შესაბამისად, მეცნიერებმა დამატებით განახორციელეს ვაზის გენეტიკური რესურსების კონსერვაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც უფრო კონკრეტულად შეისწავლეს გამოვლენილი ჯიშები, მათ შორის - მეღვინეობაში მათი გამოყენების პერსპექტივები და დასახეს ამ ჯიშთა შენარჩუნების გზები.

ქართველი და უცხოელი ამპელოგრაფების თანამშრომლობა კვლავ გრძელდება. ხოლო უკვე განხორციელებული პროექტების დაგვირგვინებაა ორი სქელტანიანი ამპელოგრაფიის გამოცემა, სადაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გამოვლენილი ვაზის ჯიშებია აღწერილი. ეს წიგნებია: „Regional Ampelography”, ინგლისურ ენაზე და „La Vite L’Uomo“ იტალიური ენაზე, რომელმაც 2011 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) პრემია დაიმსახურა.

ამ ზაფხულს კომპანია „მეღვინეობა ხარებამ“ ყვარელში „La Vite L’Uomo“-ს პრეზენტაციას უმასპინძლა. პრეზენტაციას უცხოელი მეცნიერებიც დაესწრნენ და ამ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების თაობაზე მოხსენებები წარმოადგინეს. პრეზენტაციაზე აჩვენეს იტალიელი რეჟისორის, ნ. პეტერძოლის მიერ საქართველოში გადაღებული დოკუმენტური ფილმი „Archeovitis“, რომელმაც 2011 წელს ასევე  OIV-ის პრემია დაიმსახურა.

ამპელოგრაფიული გამოცემა La Vite L’Uomo აღწერს შავი ზღვის აუზის ქვეყნების ვაზის ჯიშებს და წარმოგვიდგენს მათ ფოტოგრაფიულ ილუსტრაციებს.  წიგნი 478-გვერდიანია და მასში სხვადასხვა ავტორების მიერ დახასიათებულია 268 ვაზის ჯიში, საიდანაც 48 ქართული ჯიშია. ასეთ მაღალ დონეზე ილუსტრირებული ვაზის ქართული ჯიშები აქამდე არც ერთ გამოცემაში არ ყოფილა წარმოდგენილი. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, წიგნი შეზღუდული ტირაჟით გამოიცა და თითქმის მთლიანად უფასოდ დაურიგდა დაინტერესებულ მეცნიერებს, ინსტიტუტებსა და ბიბლიოთეკებს. საქართველოში La Vite L’Uomo გადაეცა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს, ამპელოგრაფებს და ღვინის კლუბს. წიგნის ელექტრონული ვერსიის გამოწერა და შეძენა შესაძლებელია ინტერნეტით.

პრეზენტაციაზე უცხოელმა მეცნიერებმა - ატილიო შენცამ, ოსვალდო ფაილამ, სერენა იმაციომ და სხვებმა მილანისა და სევილიის უნივერსიტეტებში განხორციელებული ვაზის ქართული ჯიშების კვლევის შედეგები წარმოადგინეს. საქართველოსთვის წიგნის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა-სელექციის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით მაღრაძემ, რომელიც პროექტში საქართველოს მიმართულების კოორდინატორი გახლდათ.

გენეტიკური მარკერების მეთოდით გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების შემადგენლობა გენეტიკურად ერთმანეთს უკავშირდება. „საქართველოს ვაზის გენოფონდი არის ძალიან მდიდარი და ამას ადასტურებს ჩვენს მიერ შესწავლილი ნიმუშები. ასევე აღმოჩნდა, რომ საქართველოში გავრცელებული ველური ვაზი უფრო ახლოს არის ვაზის ქართულ კულტურულ ჯიშებთან, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნების ჯიშებთან. ამ ყველაფრის გამო, ვაზის ქართული გენოფონდი კიდევ უფრო ღრმად უნდა შევისწავლოთ. ასევე აუცილებელია მისი შენარჩუნება და დაცვა“, - აღნიშნა სერენა იმაციომ თავის მოხსენებაში.

განხორციელებული პროექტების ფარგლებში მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს მათ ხელთ არსებული ვაზის ათობით ქართული ჯიშის ენოლოგიური მაჩვენებლები. როგორც გაირკვა, ქართული ჯიშები შემოდგომისთვის ახერხებენ სასურველი მჟავიანობის შენარჩუნებას, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოებისთვის. ასევე აღმოჩნდა, რომ ქართული ჯიშების დიდი ნაწილი, ევროპულ ჯიშებთან შედარებით, საკმაოდ მდგრადია ვაზის გავრცელებული დაავადებების მიმართ.

ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი კვლევები გრძელდება. 2014 წლისთვის ამპელოგრაფები ევროპის მთელ არეალში (თურქეთის გამოკლებით) გავრცელებული ვაზის ჯიშების შესწავლას გეგმავენ. ამ პროექტის განხორციელებაში 33 ქვეყანა იქნება ჩართული, მათ შორის - საქართველო.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული