Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ბებრის ბაღში” დაგემოვნებული “ტიბაანური”

ქეთი ადეიშვილი

 
სიმბოლურია, რომ მაისში ჩატარებულ ახალი ღვინის ფესტივალს, რომელიც ყველა სტუმარს ტკბილ მოგონებად დაგვრჩა, ივნისში ყველის ფესტივალი მოჰყვა. ეს ორი პროდუქტი მართლაც საოცრად უხდება ერთმანეთს. ყველის ფესტივალი გაიმართა ტურიზმის დეპარტამენტის, დიზაინის სახლის,Capital city group–ისა და საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით. პროექტის სახელწოდება იყო “ქართული სამეურნეო კულტურის პოზიცირება.”
ფესტივალში მონაწილეობდა ყველისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი თითქმის ყველა რეგიონი. მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოსა და სვანეთში კარგად არის განვითარებული ყველის კულტურა, მწარმოებელი, როგორც ასეთი, არ არის. ამ მხრივ უპირატესობას ფლობს სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სადაც ამ ბოლო დროს ძალიან იგრძნობა ფერმერების მოზღვავება, ასევე კახეთი, თუშეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. გარდა ზოგადად რეგიონებისა, მონაწილეობას ღებულობდნენ ცალკე სოფლებიც: მაგალითად სოფელი წავკისი საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქციით იყო წარმოდგენილი. კერძოდ: გუდის ყველი  და ყველის ის მივიწყებული სახეობები, რომლებიც ახლა მხოლოდ ოჯახის პირობებში თუ მზადდება. სამცხე-ჯავახეთი თავს იწონებდა ტრადიციული ტენილი ყველითა და მოთალით, რომელიც ტენილი ყველის ერთგვარ სახეობას წარმოადგენს. საინტერესო იყო გურიის საოჯახო მეურნეობის პროდუქცია - თხის ყველი და სულგუნი პიტნით. უნდა აღინიშნოს იმერეთის საკმაოდ დიდი ასორტიმენტიც. ფურორი მოახდინა კახეთის მეცხოველეობის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილმა “ტიბაანურმა” – საფერავში დაბერებულმა ყველმა. ეს არის სრულიად ახალი ფრანგულ-ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ყველი, რომელიც ღვინოში ავლებენ და ისე ავარგებენ. გარდა ამისა, კახეთის მეცხოველეობის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციას წარმოდგენილი ჰქონდა ადგილობრივი წარმოების ჰოლანდიური “გაუდა,” ფრანგული “კამამბერი”, ნადუღი და კარაქი. ასოციაციის მენეჯერის, ბატონი თემურ გრიგოლაშვილის თქმით, ასეთი ფესტივალები და გამოფენები ძალიან კარგია პროდუქციის რეკლამირებისა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით.
 “ფესტივალი ძალიან მოგვეწონა და მსგავსი გამოფენები და ფესტივალები უნდა იმართებოდეს ხშირად, რათა მოხდეს რეგიონების პოპულარიზაცია. ეს თავისთავად სტიმულია ტურიზმისა და სოფ. მეურნეობის დარგების განვითარებისთვის.” – განაცხადა ქალბატონმა ლელა ღლონტმა, რომელსაც ფესტივალზე წარმოდგენილი ჰქონდა საოჯახო მეურნეობის პროდუქტები გურიიდან. კერძოდ – თხის ყველი, სულგუნი და სულგუნი პიტნით. მისი თქმით, თხის ყველს ტრადიციულად გურიაში ამზადებენ. რძის პროდუქტების გარდა მან წარმოადგინა ‘’სანთლის არაყი’’ და გურული ღვეზელი, რომელიც ოდითგანვე ცხვება გურიაში შობასა და კალანდობას.  გურიის გარდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს გამოფენილი ჰქონდათ როგორც ყველის სხვადასხვა სახეობა და რძის პროდუქტები, ასევე თავისი კუთხის ეთნოგრაფიული პროდუქცია. მოგვიანებით ფესტივალს შემოუერთდნენ ღვინის 33-ე კონგრესის მონაწილეები და უცხოური პრესის წარმომადგენლები.                       
ფესტივალის ორგანიზატორის, ქალბატონი ანა მიქაძე-ჩიკვაიძის თქმით, სტუმრების კმაყოფილებას ვერ მალავდნენ წარმოდგენილი ყველის სახეობების დაგემოვნების შემდეგ და აცხადებდნენ, რომ ქართველებს ღვინოზე არანაკლებ კარგი ყველი აქვთ და მათთვის ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო. მართლაც საამაყოა, როდესაც ყველის ქვეყნიდან ჩამოსული ფრანგები ხოტბას ასხამენ ქართულ პროდუქტს. უცხოელმა რომ არ იცოდეს ქართული პროდუქტების შესახებ, არ არის გასაკვირი, მაგრამ სავალალო ისაა, საქართველოს სახვადასხვა კუთხის მოსახლეობა ერთმანეთის პროდუქტებს რომ არ იცნობს. სიღნაღის ყველის ფესტივალმა კი ყველას ერთმანეთი გააცნო თავისი ყველაზე კარგი კუთხით. არანაკლებ გაოცებული ჩანდა ქართველი დამთვალიერებელიც, მათთვისაც ყველს ბევრი სახეობა ნამდვილი აღმოჩენა იყო. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც თქვა – “ვერც კი წარმოვიდგენდი, ამდენი სახეობის ყველი თუ გვქონდა ქართველებსო!” როგორც ფესტივალის სტუმრები და ორგანიზატორები ყვებიან, კახელებმა საუკეთესო მასპინძლობა გასწიეს – ვის ღვინო მოჰქონდა, ვინ კი შინ ეპატიჟებოდა სტუმრებს. სპეციალურად ფესტივალისთვის სიღნაღს ხალხური ცეკვის რამდენიმე ანსამბლიც ეწვია, რომელთა გამოსვლაც აათკეცებდა ფესტივალის საერთო მხიარულებას.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ფესტავალის ჩატარებისთვის ძალიან მცირე დრო იყო გამოყოფილი. საინიციატივო ჯგუფთან თანამშრომლობდნენ ჩვეულებრივი ადამიანები, მოხალისეები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს საორგანიზაციო საკითხებში. ფესტივალმა უფრო დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ვიდრე ამას მისი ორგანიზატორები წარმოიდგენდნენ. საინიციატივო ჯგუფს დაგეგმილი აქვს ეს საქმიანობა გააგრძელოს და ხშირად გამართოს სხვადასხვა ასეთი ხასიათის ფესტივალი, რაც დიდად შეუწყობს ხელს როგორც სოფლის მეურნეობის, აგრეთვე ტურიზმის განვითარებასაც. სექტემბერში დაგეგმილია ბათუმში ყველის ფესტივალის გამართვა, რომელიც საზღვაო სეზონის დახურვას დაუკავშირდება. საორგანიზაციო ჯგუფი ასევე გეგმავს მშრალი ხილისა და სხვა პროდუქტების ფესტივალებისა და გამოფენების მოწყობას. ქალბატონი ანა მიქაძე მხოლოდ ამაზე გაჩერებას არ აპირებს, უახლოეს მომავალში ექსპედიციასთან ერთად მიემგზავრება სამცხე-ჯავახეთში, სადაც დეტალურად შეისწავლიან ყველის სხვადასხვა სახეობის  მომზადების პროცესს. გარდა ამისა, იგეგმება ფესტივალის კატალოგის გამოცემა და ფოტო-გამოფენის მოწყობა.
სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ფესტივალის  დამთვალიერებლებს ჩვენი გლეხები უფრო მოწესრიგებული და მიზანდასახული ეჩვენათ, ვიდრე მანამდე. რეკლამის ფასი დღეს უკეთ იცის გლეხმა და ისიც იცის, თუ როგორ გამოიყენოს იგი. ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია წინა წლებთან შედარებით, მაგრამ არსებობს პრობლემებიც. ქალბატონი მანანა ტრენკლე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ფესტივალის ორგანიზების პროცესში და დიდად დაეხმარა ფერმერებს პავილიონების მოწყობა-გაფორმებაში, ფიქრობს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთი ფესტივალების ჩატარება ტრადიციად დამკვიდრდება, ეს ნამდვილად ხელს შეუწყობს როგორც ზოგადად ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, ასევე კარგი გამოცდილებაა მონაწილეთათვის. მისი აზრით, ქართველი ფერმერი არ არის მზად სიახლის მისაღებად. ნოვატორული იდეები აფრთხობს ჩვენს ხალხს და ამის გამო ბევრს კარგავს. ჩვენთვის ცოტა უჩვეულოა ახალი ბრენდების შექმნაც და მათთვის თავისი სახელის დარქმევაც, არადა, ნამდვილად არსებობს საამისოდ პოტენციალი. ამ საკითხში ქალბატონ მანანას მეც დავეთანხმები, რადგან ჩემთვის თანამედროვე ქართველი ფერმერი, ეს არის ის, ვინც ძველი, ეროვნული ტრადიციული ღირებულებების  გათვალისწინებით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნის მაღალი ხარისხის ახალ ქართულ პროდუქტს. საბაზისო სახეობებზე დაყრდნობით სავსებით შესაძლებელია ყველის ახალი სახეობების შექმნა, რომელიც სწორი მარკეტინგული გათვლებისა და მენეჯმენტის პირობებში ჩვენს ტრადიციულ გემოზე დაჩვეულ მომხმარებელსაც დააკამოყოფილებს. სიახლეების საძებნელად შორს წასვლა ნამდვილად არ დაგვჭირდება, აქვე, ჩვენში ვიპოვნით იმ მარგალიტებს, რომელბიც მიმობნეულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ამის დასამტკიცებლად მაგალითების მოყვანა ისევ და ისევ სიღნაღის ყველის ფესტივალიდან შეიძლება. სამცხე-ჯავახელი ფერმერი ადგილზე შეეცადა ტენილი ყველის განსხვავებულად მომზადებას, რაც ძალიან წარმატებით გამოუვიდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. შემდეგი ფესტივალისთვის უკეთესი იქნება ეს გათვალისწინებული იქნას და დამთვალიერებლებს უფრო თვალსაჩინოდ წარმოუდგინონ ჩეჩილი ყველის, სულგუნის და სხვა სახეობების მომზადების თავისებურებანი. ფესტივალს ასევე დაამშვენებდა რძის პროდუქტებისგან დამზადებული ქართული ტრადიციული კერძებიც.           საინიციატივო ჯგუფი ბათუმის ყველის ფესტივალზე დიდ იმედებს ამყარებს. აპირებენ სხვადასხვა კონკურსის მოწყობას და ვარაუდობენ, რომ  მეორე ფესტივალი  კიდევ უფრო მრავლის მომცველი იქნება, ვიდრე პირველი.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 


batumshi ra ricxvshi chatardeba yvelis pestivali?


არ ვიცი, ჯერ არ გამართულა და როდესაც გაიმართება, წინასწარ შეგატყობინებთ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული