ემილი ლაში ავსტრალიელი “ბლოგერი” და მოგზაურია, რომელიც ხშირად წერს ქართულ ღვინის კულტურაზე, მევენახეობა-მეღვინეობაზე, ისტორიასა და ქვევრზე. ამჯერად კი კახეთში 12 საუკეთესო მარანს ასახელებს და მკითხველს მათ ღვინოსა და იქ სტუმრობას ურჩევს.
სიაში პირველ ადგილს “აკიდო” იკავებს, რომელიც იყალთოს მონასტერთანაა ახლოს და საოჯახო, მცირე მეღვინეობაა: “აქაურობა გამორჩეულია მე-20 საუკუნის ულამაზესი სახლითა და საოჯახო მემკვიდრეობით, რომელიც მფლობელებმა ძველი, საოჯახო ფოტოებითა და კახური ხალიჩებით გააფორმეს” - წერს ავტორი.
შემდეგია “გიუაანის მეღვნეობა”, რომელიც საგარეჯოში მდებარეობს, თბილისიდან მხოლოდ 1 საათის სავალ გზაზე. “გიუაანში” ღვინო 1894 წლიდან იწრმოება, მარანი კი 2010 წელს დააარსეს. მათ 22 ღვინის სახეობას ბევრი ჯილდო აქვს აღებული, ავტორი კი მკითხველს “გიუაანის” ნახევრად-ტკბილ წითელს და მშრალ მანავს ურჩევს.
Wine Yard N1 - ეს მარანი ახასოფელშია და ძალიან მყუდრო, სასიამოვნო და ლამაზი გარემოთი გამოირჩევა, აქ შეგიძლიათ რთველთან ერთად ჩურჩხელისა და თონის პურის მასტერკლასებსაც დაესწროთ.
“ვახო ოქრუაშვილის ღვინის მარანი” - ამ პატარა საოჯახო მარანში ქვევრის ღვინის დაყენების პროცესს დააკვირდებით: “ეს პირველი მარანი იყო, სადაც პირდაპირ ქვევრიდან გადმოღებული ღვინო დავაჭაშნიკე თიხის ფიალით, რაც ძალიან დასამახსოვრებელ მომენტად იქცა ჩემთვის” - წერს ავტორი.
“შალაურის ღვინის მარანი” თელავში მეგობრებმა დააფუძნეს. აწარმოებენ მხოლოდ ქვევრის ღვინოებს, მათ შორის კი წინანდლის მიკროზონის 30 წლის ვაზისგან - საფერავს. წითელი ღვინოები “შალაურის მარანში” 4 წლის განმავლობაშია დავარგებული და ყოველწლიურად 25 000 ბოთლს იწარმოება: “აქ უგემრიელესი კერძებია და შესანიშნავი ხედები, ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, სადაც ვყოფლვარ” - ვკითხულობთ სტატიაში.
“მეგობრების მარანი” 11 სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინით აღტაცებული მეგობრების დაარსებულია. Friend’s Cellar ძალიან ლამაზი ხედებითა და სადეგუსტაციო ოთახ-რესტრონით შილდაში მდებარეობს, ქინძმარაულის მიკროზონაში, ნეკრესის მონასტერთან ახლოს. მარანში ფოლადის ავზებსაც იყენებენ და ქვევრსაც. როგორც ვკითხულობთ, ავტორს განსაკუთრებით საფერავი მოეწონა.
“ღვარძელაშვილის მარანს”გიორგი ღვარძელაშვილი, ძველი, გამოცდილი მეღვინე მართავს, აქ ძალიან არომატულ, ბიო და დაბალი ინტერვებციის ღვინოებს გასინჯავთ. შეხვდებით წინანდლის მიკროზონის ვაზის ღვინოებს, მათ შორის ჟღიას, რომელიც საკმაოდ იშვიათია.
“საოჯახო მეღვინეობა ნასრაშვილი” კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ვაშლოვანისა და ლაგოდეხის გზაზე მდებარეობს: “ღვინოები ძალიან სხეულიანი, არომატული და დახვეწილია, გავსინჯე თავკვერის მშრალი წითელი ღვინო და შავკაპიტო.” - წერს ემილი.
Temi Community Winery გრემში მდებარეობს. “თემი” დაახლოებით 70-მდე ადამიანს აერთიანებს. აქ აყენებენ მაღალი ხარისხის, ორგანულ ქვევრის ღვინოებს რქაწითელისა და საფერავის ვაზებისგან. ავტორი სტუმრებს შემოდგომასა და გაზაფხულზე სტუმრობას ურჩევს.
სტატიის დასასრულს კი “მეღვინეობა ხარებასა” და “კორპორაცია ქინძმარაულზე” საუბრობს. ორივეს აუცილებლად სანახავ ადგილად ასახელებს და ყველას ურჩევს მათ მონახულებას, ღვინის დეგუსტაციასა და მარნის დათვალიერებას. ემილი ლაშის სხვა სტატიებსა და “ბლოგებს” მის გვერდზე ნახავთ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი