ეს ჩვენი წიგნის მეოთხე გამოცემაა. და მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ვერ მოხერხდა გზამკვლევის გამოშვება, მაინც შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი არ დაგვიკარგავს. საქმე ისაა, რომ 2016 წლის გზამკვლევში დეტალურადაა აღწერილი, ორი, 2014 და 2015 წლების ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მომხდარი ცვლილებები და სიახლეები და ამიტომ, 2016 წლის გზამკვლევით თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ ერთ გამოცემაში შეაფასოთ და შეადაროთ ქართული ღვინის ორწლიანი განვითარება.
განვითარება კი სულ უფრო საგრძნობია ქართული ღვინის საქმეში და მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტზე გაყიდვების მაჩვენებელმა შედარებით იკლო ამ პერიოდის მანძილზე რუსეთსა და უკრაინაში, სამაგიეროდ, გაჩნდა ახალი ბაზრები და რაც მთავარია, ჩვენი, ადგილობრივი ბაზარი გააქტიურდა, მათ შორის, ცხადია, მომრავლებული ტურისტების ხარჯზეც. 2015 წელი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის ბაზარზე მყარად დამკვიდრების წლად იქცა ყველა სტილის ქართული ღვინისთვის, განსაკუთრებით კი დიდი საწარმოებისთვის. 2014-სა და 2015 წლებს შორის 122%–იანი ზრდა იყო ჩინეთში. მნიშვნელოვანი ზრდააა საფრანგეთში (190%), ნიდერლანდებში (58%), კანადასა (48%) და აშშ–ში (31%), რაც იმის მანიშნებელიცაა, რომ ჩვენი ქვეყნისა და ღვინის პოპულარობა განუხრელად იზრდება, იმის შესაბამისად, რამდენადაც იზრდება მსოფლიოში ახალი სტილების და ჯიშების, განსხვავებული ღვინოების მაძიებელი ადამიანების რიცხვი.
2014 წელი რთული იყო, გვალვიანი კახეთში, დასავლეთ საქართველოში კი ყინვიანი. გაზაფხულის თოვლმა და ყინვემმა ზოგიერთ რეგიონში (მაგ. გურიაში) თითქმის მთლიანად გაანადგურა არამხოლოდ მოსავალი, არამედ ვაზიც კი. სამაგიეროდ, 2015 წელი აღმოჩნდა ძალიან წარმატებული. შეიძლება ითქვას, ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო. 2015 წლის მოსავლის ღვინოებს ამ წიგნშიც არაერთხელ შეხვდებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, მომავალ გამოცემაში გასული წლის ღვინოები მთავარ თემად იქცევა.
ხარისხის თვალსაზრისით საინტერესო ცვლილებებია რეგიონებშიც. თუკი ჩვენს პირველ გამოცემაში, რომელიც 2011 წლის ბოლოს გამოვიდა, ძირითადი აქცენტი კახეთზე იყო, თანდანდათანობით სხვა რეგიონებშიც გამოჩნდნენ ენთუაზიასტები და მცირე მარნები. წლევანდელ გამოცემაში, მაგალითად, აშკარად ჩანს ქართლის წინსვლა, იმერეთშიც გაცილებით მეტი მრავალფეროვნებაა, ვიდრე 5 წლის წინ, ველით რაჭის, ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელოს კიდევ უფრო გააქტიურებას. და რაც მთავარია, 2015 წელს რამდენიმე კარგი ღვინო დადგა მესხეთშიც, წელს, იმედი მაქვს, მეტი იქნება, რამდენიმე წელიწადში ახლადგაშენებული პირველი მესხური ტერასებიც მოგვცემენ მოსავალს და ისინიც იქცევიან ჩვენი წიგნის გმირებად, შეიძლება მთავარ გმირებადაც კი.
სტილების თვალსაზრისით, ისევ უჭირს ქართულო ცქრიალა ღვინოებს, თუმცა რამდენიმე ნატურალისტმა მეღვინემ სცადა და ბოლო ორი წლის მანძილზე საკუთარი ცქრიალა და ნახევრადცქრიალა ღვინო დააყენა. ვარდისფერი ღვინოები ერთგავარად ჩიხში შევიდნენ, სამაგიეროდ პირველად, ამდენი წლის მანძილზე, საკმაოდ იმრავლა თხელი, შედარებით ჰაეროვანი წითელი ღვინოების რიცხვმა, არამხოლოდ დასავლეთ საქართველოდან და ქართლიდან, არამედ კახეთიდანაც კი. წითელი მშრალები ან თეთრი და წითელი ნახევრადტკბილები სტაბილურად ინარჩუნებენ სახეს, ხოლო ქვევრის ღვინო კი ვითარდება და ვითარდება, უფრო მრავალფეროვანი ხდება, სტილურადაც კარგად, მკვეთრად ჩამოყალიბდა და გვაქვს საკმაოდ ეკზოტიკური ნიმუშებიც.
ეკზოტიკაზე გამახსენდა, ბევრი ქართული ჯიში რამდენიმე წლის წინ ეკზოტიკა იყო, წელს კი უკვე ბოთლში ჩამოსხმული არაერთი ასეთი ჯიშიდან დაყენებული ღვინის შეძენა, დაგემოვნება და ერთმანეთისთვის შედარება შეგიძლიათ, ეს კი ყველაზე კარგად უწყობს ხელს, რომ ეკზოტიკა ცოდნით და ძიების წყურვილით შევცვალოთ. ასეთი ცოდნით უფრო ადვილად გავარჩევთ ერთმანეთისგან ნამდვილ ღვინოს და ყალბ ლეგენდას.
მალხაზ ხარბედია
საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი
თქვენი კომენტარი