გამოქვეყნებულია: 10 სექტემბერი, 2012 - 02:01
14 სექტემბრიდან, რადიო „ცხელი შოკოლადი“ გადაცემათა ახალ ციკლს შემოგთავაზებთ. „ღვინის გზამკვლევი“ – ასეთია ორმოცდახუთწუთიანი გადაცემის სახელწოდება, რომელსაც პოპულარული გამოცემის, "ქართული ღვინის გზამკვლევის" ავტორი და ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია გაუძღვება.
გადაცემა მსმენელს ღვინისა და კულინარიის სფეროში კომპეტენტურ, საინტერესო და ექსკლუზიურ ინფორმაციას შესთავაზებს. საუბრები თანამედროვე ქართულ მეღვინეობაზე, პრობლემებზე, წარსულზე და მომავლის პერსპექტივებზე. ახალი პროდუქტის წარდგენა, წარმატებული ღვინის კომპანიები და საუკეთესო საოჯახო მარნები, ღვინის ტურიზმი და ვაზის ტრადიციული ჯიშები - ეს ის თემებია, რომლის შესახებაც ამ გადაცემიდან შეიტყობთ. მსოფლიო მნიშვნელობის ღვინის ცენტრების შესახებ კი რადიო “ცხელი შოკოლადის” ეთერში საკუთარ სიუჟეტებს შემოგვთავაზებენ საერთაშორისო კორესპონდენტები საფრანგეთიდან, ინგლისიდან, იტალიიდან, აშშ–დან და სხვ. ქვეყნებიდან.
გადაცემაში ასევე ვისაუბრებთ კულინარიის უახლეს ტენდენციებზე, ტრადიციებზე, შემოგთავაზებთ ადგილობრივ სარესტორნო კრიტიკას.
14 სექტემბერს და მომდევნო გადაცემებშიც მალხაზ ხარბედია სტუდიაში მოწვეულ სტუმართან ერთად კახეთის რეგიონში მიმდინარე რთველზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრებს. ახალი ამბების რუბრიკა მსოფლიოსა და საქართველოში ღვინისა და გასტრონომიის სფეროში მიმდინარე უახლეს მოვლენების დაიჯესტს შემოგთავაზებთ.
მალხაზ ხარბედიას საავტორო გადაცემა რადიოს ეთერში ყოველ პარასკევს, საღამოს 7 საათზე, FM98.5 სიხშირეზე გავა. გადაცემის განმეორებით მოსმენას შეძლებთ პარასკევს, ღამის 02:00-ზე და კვირას, 18 საათზე. დაინტერესებულ მსმენელს გადაცემის პირდაპირ ეთერში მოსმენა FM სიხშირის გარდა, ჟურნალი „ცხელი შოკოალდის“ ვებ–გვერდიდანაც შეეძლება (http://shokoladi.ge/live.html). გადაცემის ფეისბუქ გვერდი კი ყველა გადაცემის ჩანაწერს შემოგინახავთ (Facebook/გადაცემა – „ღვინის გზამკვლევი“).
დასავლური სტანდარტების, საზოგადოებრივ–შემეცნებითი რადიო – „ცხელი შოკოლადი“ სამაუწყებლო ბადის შევსებას 10 სექტემბრიდან დაიწყებს და მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ათზე მეტ საავტორო გადაცემას შემოგთავაზებთ. მათ შორისაა, ლევან ბერძენიშვილის „წიგნები“, დათო ბუხრიკიძის „არტჰაუსი“, ნინო ნატროშვილის „ტეჩშოუ“, თამარ ალავიძის „WEEKEND“ და ა.შ.
© vinoge.com
თქვენი კომენტარი