Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მაღაზიები ამერიკაში

 
რეზო ქვაჭრელიშვილი
 
იმის მიუხედავად, რომ ამერიკაში ყოველთვის არსებობდა მყუდრო, მომცრო ზომის ღვინის მაღაზიები, რომლებიც სუპერმარკეტებისგან განსხვავებით უფრო ლოკალური დანიშნულება ჰქონდათ, მაინც დღითიდღე იზრდება მცირე და საშუალო ზომის ღვინის სპეციალიზირებული მაღაზიების რიცხვი. თანამედროვე, ინტერიერით დამშვენებული ღვინის მაღაზიები სწორედ რომ მომსახურების სერვისზე და დახვეწილ, მრავალფეროვან ღვინის კოლექციაზე არიან ორიენტირებული. ასეთ მაღაზიებში ხშირად შეხვდებით ღვინით სავსე ჭიქებით ხელში მოსაუბრე მყიდველს და ღვინოზე შეყვარებულ თანამშრომელს, ან თუნდაც რომელიმე მეღვინეს ან დისტრიბუტორს, რომელიც მყიდველს დიდი ენთუზიაზმით აწონებს თავის ღვინოებს. სწორედ ასეთი, ღვინის მცირე და საშუალო ზომის მაღაზიებია ამერიკაში ღვინის სერვისის ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ტრენდი.
სტატისტიკური მონაცემით, ქვეყნის მასშტაბით დიდ სუპერმარკეტთა ქსელებში, როგორებიცაა კოსტკო და ვოლმარტი, ღვინის გაყიდვების მოცულობა დაახლოებით 15% შეადგენს. არსებობენ რეგიონალური სურსათის მაღაზიათა ქსელებიც, სადაც საკმაოდ საინტერესო ღვინოებს წააწყდებით. ასეთი მაღაზიებიც ცდილობენ პერიოდული ფასდაკლებები, და ამავე დროს, ღვინის დეგუსტაციებიც ჩაატარონ ხოლმე და ამით მეტი მყიდველი დააინტერესონ. მაგალითად, ჩვენთან  საკმაოდ პოპულარული ჯაიენტ იგლი (Giant Eagle), ჰეინენსი (Heinen’s) და ჰოლ ფუდსი (Whole Foods) პერიოდულად ატარებენ ღვინის დეგუსტაციებს მყიდველის გულის მოსაგებად. ტრეიდერ ჯოუსიც (Trader Joe’s) საკმაოდ აქტიურია ამ ამბავში და კვირაში ერთხელ უმასპინძლდება მყიდველს. 
ეს ყველაფერი ამერიკაში ღვინისადმი გაზრდილი ინტერესითაა გამოწვეული. თანდათან, ამერიკელი ღვინის მყიდველი საკმაოდ გაბედული ხდება თავის არჩევანში, და უფრო თამამად ირჩევს ნაკლებად ცნობილი რეგიონების და ყურძნის ჯიშების ღვინოებს, მითუმეტეს, თუ ისინი მიმზიდველ ფასებში იყიდება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მყიდველს უფროდაუფრო მზარდი ინფორმაცია ესაჭიროება ამა თუ იმ ღვინოზე, და სწორედ აქ იკვეთება მყიდველზე ორიენტირებული ღვინის მაღაზიების უპირატესობა. განსხვავებით ზოგიერთი სუპერმაკეტისგან, ასეთი მაღაზიის მფლობელები და მენეჯერები თავად არჩევენ ღვინოებს იმ უზარმაზარი მასიდან, რაც ამერიკის ბაზარზე შემოდის, ანდა ადგილზე იწარმოება. იმისათვის, რომ ჰქონდეთ დეტალური წარმოდგენა ყველა ღვინოზე, რომელიც მათი მაღაზიის თაროზე დევს, მენეჯერებს ზოგჯერ ათასობით ღვინის დაჭაშნიკება უწევთ. მაღაზიის პატრონები ხშირად მიუთითებენ, რომ თანამედროვე ღვინის მყიდველი უფრო მეტ ცოდნას და სერვისს მოითხოვს მაღაზიის მომსახურე პერსონალისგან. 
ზოგიერთი ღვინის სპეციალური მაღაზიების თაროებზე საშუალოდ რამდენიმე ასეული დასახელების ღვინოს შეხვდებით. უფრო მოზრდილ და პრესტიჟულ ღვინის მაღაზიაში კი განსხვავებული ღვინოების რიცხვი რამდენიმე ათასსაც აღწევს, რისი წარმოდგენაც კი არ შეიძლებოდა სულ ცოტა ხნის წინ. მაგალითად, ნიუ-იორკში ახლად გაფართოვებული ასტორ უაინს & სპირიტსის (Astor Wines & Spirits) თაროებზე, რომელიც დაახლოებით 1,000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული, ახლა დაახლოებით 4,500 დასახელების ღვინოს ნახავთ. მაღაზიის დირექტორი გრეგ დალ პიაზი აღნიშნავს, რომ მაღაზიის გაფართოვება ბაზარზე მზარდი მოთხოვნით იყო განპირობებული. მისი თქმით, მყიდველმა ახლა გაცილებით მეტი იცის ღვინოზე, ყურძნის ჯიშებზე და რეგიონებზე, ვიდრე ოდესმე. ცოტა მოშორებით კიდევ ერთი ღვინის მაღაზია გაიხსნა, იუნიონ სქუეა უაინს & სფირიტს (Union Square Wines & Spirits), რომელიც დაახლოებით 3,000 ღვინოს ყიდის. სხვათაშორის, ამ მაღაზიას ენომატიკის სადეგუსტაციო მოწყობილობაც აქვს, სადაც მრავალნაირი ღვინის დაჭაშნიკება შეგიძლიათ, სანამ მისი ბოთლით ყიდვას გადაწყვეტთ, ან უბრალოდ გაინტერესებთ რომელიმე კონკრეტული ღვინო, მაგრამ ბოთლით ყიდვა გეძვირებათ. მათ შორისაა 2007 Azienda Agricola Uccelliera - Brunello di Montalcino, რომელიც ბოთლში $75 ღირს.
ზოგიერთი ცნობილი ღვინის ექსპერტი და სომელიეც აქტიურად ერთვება ამ საქმეში. ქრის ქრიმ MW (ღვინის დიდოსტატმა) რამდენიმე ხნის წინ ღვინის მაღაზია 56 გრადუსი (56 Degree) გახსნა ნიუ ჯერსიში, სადაც თავის რჩეულ 800 ღვინოს დაახლოებით 56F გრადუს ფარენგეიტზე, ანუ 13.3C გრადუც ცელსიუსზე ინახავს. მისი თქმით ყველა ღირებულების ღვინო, მათ შორის $10-იანიც, იმსახურებს წესებით შენახვას და დავარგებას. იგი აღნიშნავს, ასეთი მაღაზიების არსებობა იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ამერიკელი მყიდველი უფრო ინფორმირებული და გაბედული გახდა, მათ აღარ ეშინიათ ექსპერიმენტების. მისი აზრით, ასეთ მაღაზიებს აქვთ იმის შანსი, რომ ჰიპერმარკეტებს გაუწიონ კონკურენცია, რადგან არსებობს მოთხოვნა სწორედ გარემოზე, სადაც ღვინის მყიდველი თავს კომფორტულად იგრძნობს და მომსახურე პერსონალიც პროფესიონალი და კარგად გათვითცნობიერებული იქნება ღვინოებში.
ჩემთან ახლოს, ქლივლენდ ჰაიტშიც სულ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა ღვინის ასეთი მაღაზია, უაინ სპოტი (Wine Spot). ძალიან ღია, ნათელი და მიმზიდველი გარემოა, თანამედროვე ინტერიერით და მეგობრულად განწყობილი თანამშრომლებით, რომლებიც კარგად ინფორმირებული და გარკვეულები არიან ღვინის ინდუსტრიაში. აქ ამერიკული ღვინოები ყურძნის ჯიშების მიხედვითაა თაროებზე განლაგებული, ხოლო იმპორტირებული ღვინოები კი ქვეყნების და რეგიონების მიხედვით. ღვინოების არჩევანი უზარმაზარი არ არის, ალბათ რამდენიმე ასეულია, მაგრამ აქ აღმოაჩენთ როგორც ბევრ მცირე მწარმოებლის ღვინოებს, ასევე ძალიან ცნობილ და პრესტიჟულ ბრენდებს მსოფლიოს ბევრი ღვინის რეგიონიდან. ახალგაზრდა მფლობელები, ადამ და სუზანი, პერიოდულად აწყობენ ღვინის დეგუსტაციებს, სადაც სულ $10 დოლარად შესაძლებელია რამდენიმე ღვინის დაჭაშნიკება. უბრალოდ ცნობის-მოყვარეობისთვისაც ბევრჯერ შევსულვარ ამ მაღაზიაში, მითუმეტეს სიამოვნებით დავესწარი რამდენიმე დეგუსტაციასაც. ეს ადგილი მაგნიტივით მიზიდავს და ვიცი, რომ მისი ხშირი სტუმარი გავხდები, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც საყვარელ წიგნების მაღაზიაში, უბრალოდ თვალი მაინც შევავლო უკვე კარგად ნაცნობ ღვინოებს და ახლების აღმოჩენითაც გული გავიხარო. თაროზე შემოდებული თითოეული ღვინის ბოთლიც ხომ წიგნივითაა, მართალია მას ლაპარაკი არ შეუძლია, თორემ სათქმელისა და მოსაყოლის მეტი რა აქვს!
 
© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.