გიორგი ბარისაშვილი
საქართველოში მევენახეობის ამჟამინდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს მევენახეობის სპეციალისტების არარსებობა, ან მათი არასათანადო ცოდნა-გამოცდილება. დარგობრივი ლიტერატურა საკმაოდ მწირი, ან მოძველებულია და ამჟამინდელი სიტუაცია ნამდვილად ითხოვს თანამედროვე, პოპულარულ ლიტერატურას, რისი დეფიციტიც დღეს ძალზე მკაფიოდაა გამოკვეთილი.
რაც შეეხება მევენახეობის ბიომიმართულებას, ეს საქმიანობა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ დაიწყო დაახლოებით 20 წლის წინ. ამ წამოწყებას ახლდა კიდეც რიგი პრობლემები – იმჟამინდელი საზოგადოების მენტალიტეტის, ბიოპრეპარატების არარსებობისა და სხვათა სახით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ რთულ პერიოდშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამ საქმეს მოჰკიდეს ხელი, მიუხედავად ხსენებული პრობლემებისა. თავდაპირველად ზოგიერთი მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატი არც არსებობდა და მევენახეობის ამ მიმართულების მიმდევრები მავნებლებს ძირითადად გოგირდით ებრძოდნენ. როგორც ზემოთ ითქვა, ბიომევენახეობის განვითარებას გარკვეულწილად მოსახლეობის მენტალიტეტმაც შეუშალა ხელი. იმ პერიოდში ღვინის ძირითადი ბაზარი იყო რუსეთი, სადაც ქართული ქარხნებიდან უმეტესწილად ფალსიფიცირებული ღვინო გადიოდა (რუსეთთან მიმართებაში დიდი არაფერი შეცვლილა დღემდე...). გარდა ამისა, მოსახლეობას ნაკლებად ჰქონდა გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ ამ საგანში მთავარი არის არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტი, ანუ ღვინო, არამედ გარემოზე ზრუნვა და ნიადაგისა და მცენარეების დაცვა ჰერბიციდებისა და სისტემური პრეპარატებისაგან, რაც ნიადაგზე დამღუპველად მოქმედებს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰერბიციდების ხანგრძლივ, უკონტროლო გამოყენებას გამოუსწორებელი ზიანი მოაქვს ნიადაგისათვის, რის დროსაც ეს უკანასკნელი არის მკვდარი და მას სიცოცხლის უნარი აღარა აქვს. ისეთი ნიადაგის აღდგენას, სადაც რეგულარულად შედიოდა ჰერბიციდები, შესაძლოა 100 წელზე მეტიც კი დასჭირდეს... დიდად სამწუხაროა, რომ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ჰერბიციდებს მევენახეობაშიც იყენებენ, რაც ყოვლად გაუმართლებელია. ეს გახლავთ სავენახე ნიადაგისათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა. სწორედ ამიტომ, ჩვენი სოფლის მეურნეობის სავარგულების გარკვეული ნაწილი კატასტროფულ დღეშია. ეს მაჩვენებლი ძალზე მცირეც რომ იყოს, მცირე მიწიანი ქვეყნისთვის მაინც სავალალოა.
ამ ეტაპისთვის სერტიფიცირებული მევენახეების რიცხვი და შესაბამისად მათი სავენახე ფართობები საკმაოდ მცირეა, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო 5 წლის მანძილზე ამ მხრივ ინტერესი სულ უფრო იზრდება. რიგ შემთხვევებში, ის მევენახეებიც კი, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ თავიანთი მოსავალი გაყიდონ, ყურძენი ბიოპრეპარატებით, ან ბიოწარმოებაში დაშვებულები პრეპარატების გამოყენებით მოჰყავთ, რადგან ამგვარი წესით მოყვანილი მოსავალი უკეთ ეყიდებათ. ბოლო პერიოდში ოჯახური, მცირე მარნების მშენებლობა ფართო ხასიათს იღებს. ასეთი მარნები ხშირად ახალშენ ვენახებს ფლობენ და სანამ მათი ვაზი მსხმოიარობაში შევა, ისინი ყურძენს იძენენ ძირითადად იმ მევენახეებისგან, რომლებიც არ იყენებენ სისტემურ შხამ-ქიმიკატებსა და ჰერბიციდებსა თუ მინარალურ სასუქებს. უნდა ითქვას, რომ ბიომევენახეობისათვის, ესე იგი ამ საქმიანობის ოფიციალურად დადასტურებისათვის, საჭიროა ბიოსერტიფიკატის მიღება, რითაც მტკიცდება, რომ მევენახე იცავს ბიომევენახეობის პრინციპებს. ამ ყოველივეს აკონტროლებს მასერტიფიცირებელი ორგანო „კავკასსერტი“. მთლიანი პროცესი სამწლიანია. იგულისხმება ის, რომ მევენახე, რომელიც გადაწყვეტს, თავისი ვენახის მოვლა ბიოპრინციპებით გააგრძელოს, ხელშეკრულებას დებს აღნიშნულ მასერტიფიცირებელ ორგანოსთან და სამწლიანი დაკვირვებისა და კოტროლის შემდეგ მევენახე მიიღებს ბიოსერტიფიკატს.
ჩვენი მოკლე წერილის მთავარ საგანს შევეხები და მოგახსენებთ, რომ საქართველო მსოფლიოს ინდუსტრიული ღვინის წარმოებაში ვერ შეეჯიბრება, რადგან ჩვენი ვენახების ფართობი და თუნდაც პოტენციალი საკმაოდ მცირეა. თუმცა კი ჩვენი სავენახე ფართობები ნიადაგურ-კლიმატური თვალსაზრისით საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ ეს უკანასკნელი ინდუსტრიული წარმოებისთვის ხელისშემშლელიც კი არის. ამ საკითხების შესახებ თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ ისაუბრა პირველად. არაერთხელ გვითქვამს და კვლავაც გავიმეორებთ, რომ წმინდა ილია მართლის ნარკვევი „ღვინის ქართულად დაყენება“ ზედმიწევნით წარმოაჩენს პრობლემას და აქვე გვიჩვენებს ამ პრობლემის გადაჭრის გზას. ჩვენი შანსი, დავიმკვიდროთ ღვინის განვითარეული ქვეყნების ბაზარი ბიოწარმოების შემთხვევეაში ერთიორად იზრდება და ეს უპირატესად ტრადიციულ მარნებს ეხება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბიოყურძნის ინტერესს უკვე ღვინის ქარხნებიც იჩენენ, რაც, ცხადია, მისასალმებელია.
ჩვენს ქვეყანაში ბიომევენახეობის განვითარებას სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაც ესაჭიროება, რასაც მხოლოდ კეთილი სურვილები და განწყობა არ ჰყოფნის. ისეთი ისტორიის, ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების ქვეყნისათვის, როგორც ჩვენ ვართ, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიული მიმართულების ნებისმიერი დარგის განვითარება დამღუპველია. ამიტომ ჩვენი ორიენტირი სოფლის მეურნეობაში მხოლოდ ბიოწარმოება უნდა იყოს. ამ მიმართულებით კი შესაბამისი კადრებია აღსაზრდელი, რისი დეფიციტიც დღეს ძალზე მწვავედ დგას. ხშირია შემთხვევა, როდესაც ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრებში მევენახეობის საქმის სპეციალისტად უვიცები საღდებიან და ეს მხოლოდ მევენახეობას არ ეხება! გასაგებია, რომ ნახევრად დანგრეულ ქვეყანაში უცაბედად ვერ მოხერხდება ყველა დარგის პროფესიონალის მოძიება და დანიშვნა, მაგრამ მათი გამოზრდა მაინც ხომაა შესაძლებელი?
ბიომევენახეობის განვითარების კიდევ ერთი ხელშემშლელი მიზეზია საწამლი დანადგარების სიძველე და ნაკლებეფექტურობა, ასევე ბიოპრეპარატებისა თუ ბიოწარმოებაში დაშვებული პრეპარატების ხელმიუწვდომლობა და ხშირად მათი ფალსიფიკაციაც. ყოველივე ხსენებული პრობლემა უნდობლობით განაწყობს ადამიანს, მაგრამ თუკი ეს პრობელემები მოგვარდა, მაშინ ბიომევენახეობის განვითარებას წინ აღარაფერი დაუდგება და მევენახეობის ბიომიმართულება მალე საკმაოდ განვითარდება ჩვენს ქვეყანაში.
მცხეთა, 2017 წ.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი