Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზაფხული - ღვინის დაუძინებელი მტერი

როგორ გადავარჩინოთ ღვინო დაღუპვას ქალაქურ პირობებში

ალეკო ცქიტიშვილი

როგორ გადავარჩინოთ ღვინო ზაფხულის სიცხეებისგან, თუკი არა გვაქვს მარანი - იდეალური ადგილი ღვინის დასაცავად, თავისი ტემპერატურული რეჟიმით და სპეციალური ჭურჭლეულით.

ქვევრი - ფენომენალური ქართული ჭურჭელი ღვინოს რამდენიმე წელი იცავს გაფუჭებისგან. ღვინო ფანატიკურად თუ გიყვართ, პატარა ქვევრისთვის ადგილს თვით მრავალსართულიანი კორპუსის რომელიმე მაღალ სართულზეც მოძებნით. რატომაც არა?! თანამედროვე ქალაქური ინტერიერები თბილისში აღარ ემორჩილება საბჭოურ სტანდარტებს და ნორმებს, როგორც ვიზუალურად, ისე ფუნქციონალურად. თუკი ძალიან მოინდომებთ, ბინის მყუდრო, გრილ და მზის სხივებისგან მიუწვდომელ კუთხეში შეგიძლიათ, ერთი- ორი პატარა ქოცო ჩადგათ. წარმოიდგინეთ სტუმრად მოწვეული თქვენი ძმაკაცების გაოცება, როცა ბინაში ნამდვილ ქვევრს მოხდით და იქვე ტაბლაზე სახელდახელო სუფრას მიუსხდებით. ცხადია, ყველაზე პატარა სახეობის ქვევრი, ანუ ქოცო, იატაკის მაღლა სპეციალურად შემოზღუდულ პერიმეტრზე ქვიშაში უნდა დაიფლას. იატაკის ამომტვრევა და ქვედა სართულზე მეზობლის შეწუხება არ დაგჭირდებათ, მაგრამ გაითვალისწინეთ - ქვევრის ჩადგმა და მასში ღვინის შენახვა არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.

ასეთ თავზეხელაღებულ გამოსავალს ვთავაზობთ მათ, ვისაც ქალაქში არათუ მარანი, სარდაფიც კი არა აქვს. ავტოფარეხში ღვინის შენახვა რეკომენდებული არ არის. ზოგადად, ღვინო არ უნდა შეინახოთ ისეთ ადგილას, სადაც რამე სპეციფიკური, მძაფრი სუნი დგას. უნდა გვახსოვდეს, რომ საცობის პატარა ღარები გაზის მოლეკულებს ატარებს. თუ სხვა გამოსავალი არა გაქვთ, გამოიყენეთ ისეთი ავტოფარეხი, სადაც სიგრილეა. ოღონდ, ღვინო აუცილებლად ბოთლებში, ქარხნული წესით, ჰერმეტულად უნდა იყოს დახუფული, თორემ აუცილებლად შეიძენს ბენზინის, საავტომობილო ზეთისა და ტაოტის არომატების მთელ ბუკეტს.

სარდაფში ღვინის საუკეთესო ჭურჭელია კასრი. ფრანგული მუხის ახალ კასრს ძნელად იშოვით. თუმცა, ღვინო ნახმარ, მაგრამ კარგად მოვლილ, სუფთა კასრშიც არ გაგიფუჭდებათ. სასურველია, გქონდეთ სხვადასხვა მოცულობის საშუალო და მცირე კასრები. პატარა კასრი ღვინის გადასაზიდადაც მოსახერხებელია, თუკი დაგჭირდებათ.

კარგია თუ სარდაფში გექნებათ სხვადასხვა ზომის მინის ბოცები. გახსოვდეთ - ჩამოსხმის შემდეგ ღვინო ჭურჭელში ნაკლული არ უნდა დატოვოთ! დარჩენილი ღვინით აუცილებლად უნდა შეავსოთ სხვა, შედარებით პატარა ჭურჭელი. ძმარმჟავა ბაქტერიების წინააღმდეგ, სასურველია, ბოცებში ჯერ გოგირდი ჩააბოლოთ და ღვინო მერე ჩაასხათ. კედელზე დაკიდეთ სპეციალური თერმომეტრი, რითაც ტემპერატურას და ფარდობით ტენიანობას გააკონტროლებთ.

ძალიან რთულია ღვინის გადარჩენა ბინის პირობებში, სადაც მისი მთავარი მტერია თბილისური ზაფხულისთვის დამახასიათებელი დიდი სიცხე. წითელ მშრალ ღვინოს +12-დან +15 გრადუსამდე, ხოლო თეთრს - +8-დან +11 გრადუს ტემპერატურაზე ინახავენ. კრიტიკული ზღვარი 20 გრადუსია, რომლის ზემოთაც ღვინის გადარჩენა სასწაულის ტოლფასია. ამიტომ, თუკი ბინაში არა გაქვთ საკმარისად გრილი, მზის სხივებისთვის მიუწვდომელი ადგილი, სპეციალისტები ერთადერთ რჩევას იძლევიან - თქვენს ხელთ არსებული ღვინო რაც შეიძლება მალე დალიეთ, ან მარნიან- სარდაფიან ახლობელთან შეინახეთ.

მნიშვნელობა აქვს ღვინის სახეობასაც. სიცხეს განსაკუთრებით ვერ იტანს ნახევრადტკბილი ღვინო, თუკი ბოთლში არ არის ჩამოსხმული და პასტერიზაციის პროცესი არ გაუვლია. ასეთ დროს დიდი შანსია, ღვინომ დუღილი განაახლოს და მალევე გაფუჭდეს. პასტერიზებული ღვინოები შედარებით კარგად ინახება.

თბილისელები ღვინის შესანახად ზოგჯერ სადარბაზოში არსებულ ე. წ. საშრობ ოთახებს იყენებენ. თუკი ეს ოთახი ჩრდილოეთისკენაა, მზე არ აცხუნებს და გრილია, მართლაც შეიძლება მისი საცავად გამოყენება. თუმცა, ნებისმიერი ადგილი, სადაც ღვინოს ინახავთ, ბნელიც უნდა იყოს და საცავის კარი ხშირად არ უნდა იღებოდეს. ტემპერატურა მკვეთრად არ უნდა მონაცვლეობდეს. თუკი ღვინოს დიდი ხანი ინახავთ ცივ ადგილას და მერე იქიდან გამოგაქვთ, რამდენიმე საათში უნდა დალიოთ. ღვინოს არ უყვარს, როცა აწუხებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას სვამთ!

მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებები ბოთლში შენახულ ღვინოებზეც ავად მოქმედებს. ამ დროს ღვინოსა და საცობს შორის წნევა იცვლება, საცობი ირყევა, ჰაერს უშვებს და ღვინოც იჟანგება. ბოთლის ღვინოები დაწვენილი უნდა შეინახოთ, რათა საცობი არ გამოშრეს. ხარისხიანი საცობით ბოთლში ღვინო ჰარმონიულად ვითარდება. თუკი საცობი უხარისხოა, ღვინო არ განვითარდება, მაგრამ არც გაფუჭდება.

თავმოყვარე კაცმა ღვინო პლასტმასის ჭურჭელში დიდხანს არ უნდა შეინახოს!

კარგი გამოსავალია ჩვეულებრივი სურსათის მაცივარი, სადაც ღვინისთვის დიდი ადგილი არ არის, მაგრამ ქვედა თაროები რამდენიმე დაწვენილ ბოთლს მაინც დაიტევს. საყინულესთან ახლოს ზომაზე მეტი სიცივეა, რაც ღვინისთვის ისევე არაა სასურველი, როგორც სიცხე. ღვინოს მაცივრის ვიბრაციაც არ წაადგება კარგად. ამიტომ ეს მარაგი ზაფხულშივე მოიხმარეთ.

საუკეთესო საშუალებაა ღვინის სპეციალური მაცივრები. ცოტა ხნის წინ “ბოშის” მაცივრებს 3000 ლარის ფარგლებში შეიძენდით GTC-ს სავაჭრო ცენტრის საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექციაში. ამ სტატიის მომზადებისას ეს ტექნიკა აღარ ჰქონდათ და არც ის იცოდნენ, როდის მოიტანდნენ ახალ პარტიას. როგორც გვითხრეს, მაღალ ფასს საუკეთესო ხარისხის მასალები და ელიტარული დიზაინი განაპირობებდა. სიძვირის გამო ღვინის მაცივრები მხოლოდ ორგანიზაციებმა შეიძინეს., კერძო პირებისგან დაინტერესება პრაქტიკულად არ ყოფილა.

© ალეკო ცქიტიშვილი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.