Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წითელი კვერცხი - აღდგომის ფერადი სიმბოლო

ნათია ჯინჯოლავა

აბა, ვის არ უყვარს აღდგომაზე კვერცხების წითლად შეღებვა და მერე საზეიმო სუფრაზე ხონჩებით ჩადგმული ამ ალისფერი, შინდისფერი, აგურისფერი და ჟოლოსფერი მაცხოვრის აღდგომის მახარობლის ჭახა-ჭუხი. მაგრამ ცოტამ თუ იცის საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია ან რატომ გახდა ქათმის კვერცხი ქრისტიანულ სამყაროში აღდგომის სიმბოლო.

ერთ-ერთი და ყველაზე პოპულარული საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მარია მაგდალინელმა ქრისტეს აღდგომის შესახებ რომ შეიტყო, სასწრაფოდ რომში გაემგზავრა და  ამ ახალი და მეტად სასიხარულო ამბის შესატყობინებლად იმპერატორ ტიბერიუსს ეახლა. მაშინდელი ტრადიციის თანახმად, იმპერატორთან ხელცარიელი მისვლა არ შეიძლებოდა და ღარიბ-ღატაკ მარია მაგდალინელს სხვა რაღა დარჩენოდა, ტიბერიუსს ძღვენად ერთადერთი ქათმის კვერცხი მიართვა. ქალმა იმპერატორს კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა!“ ქრისტეს სასწაულებრივად აღდგომის ამბავი რომ მოისმინა, სკეპტიკოსმა ტიბერიუსმა რასაკვირველია არ დაიჯერა და წამოიძახა: „ადამიანი მკვდრეთით ისევე ვერ აღსდგება, როგორც ეს თეთრი კვერცხი ვერ გაწითლდებაო“ და ამ სიტყვებზე მარია მაგდალინელს თეთრი კვერცხი ხელშივე გაუწითლდა.

მეორე ლეგენდა გვიყვება, რომ ქრისტეს სიკვდილის შემდეგ შვიდი იუდეველი საქეიფოდ შეიკრიბა. სხვა ნუგბარ-ნუგბარ საჭმელებთან ერთად მაგიდაზე შემწვარი ქათამი და მოხარშული კვერცხებიც იდო. ქეიფის დროს, იმდღევანდელი ჯვარცმის ამბავი გაიხსენეს და ერთ-ერთმა იუდეველმა თქვა: „ქრისტე მესამე დღეს მკვდრეთით აღსდგებაო“. ამაზე მასპინძელმა უპასუხა: „ქრისტეც ისევე გაცოცხლდება, როგორც ეს შემწვარი ქათამი აკაკანდება ან ეს მოხარშული კვერცხი გაწითლდებაო“. კვერცხმა მაშინვეფერი იცვალა, ქათამი კი აკრიახდა დამაგიდიდან ეზოში გადაფრთხიალდა.

კიდევ ერთი ქრისტიანული გადმოცემა კვერცხების წითლად შეღებვის ტრადიციას რომის იმპერატორი მარკუსავრელიუსის სახელს უკავშირებს. მარკუსავრელიუსი რომ იბადებოდა,თურმე იმ დღეს იმპერატორის დედის ერთ-ერთმა ქათამმა წითლად დაწინწკლული კვერცხი დადო და ეს სასწაული მომავალი იმპერატორის დაბადების ბედნიერ წინასწარმეტყველებად მიიჩნიეს. ასე რომ, 224 წლიდან რაიმეს მისალოცად შეღებილი კვერცხების ერთმანეთისათვის გაგზავნა რომში ტრადიციად იქცა. რომაელმა ქრისტიანებმა ეს ტრადიცია აიტაცეს, ოღონდ თავისებურად გადააკეთეს და კვერცხის სიწითლეში ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლიკა ჩადეს.

არსებობს ასეთი ლეგენდაც, რომ ყრმა იესოს თავად ღვთისმშობელი უღებავდა ფერად კვერცხებს და სათამაშოდ აძლევდა. ზოგიერთი ვერსიით იმასაც ამბობენ, რომ ქრისტეს აღდგომის მომენტში გოლგოთაზე ქვები წითელ კვერცხებად იქცაო. ბავშვობაში ისიც მსმენია, რომ ჯვარცმულ იესოსთან ხალხს პატივისცემის ნიშნად კვერცხები მიჰქონდა, ფეხებთან ულაგებდა და კვერცხებიც მაცხოვრის სისხლით იღებებოდაო.

კვერცხის წითლად ღებვის ტრადიციას ისტორიულად ასე ხსნიან: იუდეაში დიდი მარხვის დროს კვერცხის ჭამა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში აიკრძალა. და იმდენად,რამდენადაც მაცივარი და პროდუქტების შენახვის თანამედროვე მეთოდები არ არსებობდა, კვერცხისმდებელ ქათმებს კი რელიგიურიკალენდრის არაფერი გაეგებოდათ და კვერცხის დებას მარხვის დროსაც „უნამუსოდ“ აგრძელებდნენ, კვერცხის ხანგრძლივად და ვარგისიანად შენახვის აუცილებლობაც წარმოიშვა. შედეგად, კვერცხებს ხახვის ნაფცქვენებთან ერთად ძალიან დიდხანს ხარშავდნენ. ხარშვის პროცესში ხახვის ნახარშში შემავალი ანტიბაქტერიალური ნივთიერებები ნაჭუჭის არსებულ ფორებს ავსებდა და ასეთი მეთოდით მოხარშული კვერცხი დიდხანს არ ფუჭდებოდა (სხვათა შორის, ენდროს და სხვა ნატურალურ საღებავებს ეს თვისება არ აქვთ). შვიდკვირიანი დიდი მარხვის შემდეგ ძველი ქრისტიანები დაგროვებულ მოხარშულ კვერცხებს ჭამდნენ კიდეც და ერთმანეთსაც ურიგებდნენ.

კვერცხებით თანამოძმეების დასაჩუქრების წესი ყველაზე ადრე იუდეისა და ეგვიპტის ქრისტიანებს შორის დაამკვიდრდა. ძველ დროში ასეთი კვერცხის მთელი წელი შენახვის ტრადიციაც კი არსებობდა. ხახვის ნაფცქვენებში შეღებილი კვერცხი იმდენად კარგად ინახება, რომ დროთა განმავლობაში შიგთავსი ხმება, იკუმშება და რამდენიმე თვეში მინისებურ პატარა ბურთულად იქცევა. ჩვ.წ.აღ. I-II საუკუნეების ქრისტიანების ცხოვრება ძველ რომში იმდენად მძიმე იყო, რომ შიმშილობის დროს ასეთი მეთოდით გამხმარ კვერცხებს მდუღარე წყალში ალბობდნენ და მერე გემრიელად მიირთმევდნენ. რომაელი ქრისტიანების მსხვერპლს ფუჭად არ ჩაუვლია და რომის წარმართმა იმპერატორმა 313 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

სააღდგომოდ შეღებილი კვერცხების შესახებ პირველი წერილობითი ცნობა X საუკუნით თარიღდება. ხელნაწერ პერგამენტში, რომელიც საბერძნეთში თესალონიკთან ახლოს წმინდა ანასტასის მონატრის ბიბლიოთეკაში ინახება, საეკლესიო წესდების ბოლოში მითითებულია, რომ აღდგომაზე აუცილებელი ლოცვების აღვლენის შემდეგ უნდა წაიკითხონ კვერცხისა და ყველის საკურთხებელი ლოცვა, რომლის დროსაც იღუმენი თავის თანამოძმეებს მოხარშულ კვერცხებს დაურიგებს სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა!“. „ნომოკანონ ფოტიას“ ხელნაწერის თანახმად (XIII საუკუნე) კი იღუმენს შეეძლო დაესაჯა ის ბერი, რომელიც აღდგომა დღეს წითელ კვერცხს არ შეჭამდა და ამით ტრადიციას შეურაცხყოფდა.

და მაინც, რატომ ითვლება მაინცდამაინც კვერცხი ქრისტეს აღდგომის სიმბოლოდ? კვერცხს უძველესი დროიდან მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. არქეოლოგები ქრისტიანობამდელი პერიოდის უძველეს სამარხებსა და ყორღანებში ნატურალურ, ქვის, მარმარილოს და თიხის კვერცხებს სისტემატიურად პოულობენ. ეტრუსკული სამარხები სავსეა სირაქლემისა და ქათმის კვერცხებით. რაც გასაკვირი არც არის, იმიტომ რომ წარმართულ სამყაროში კვერცი ახალი სიცოცხლის, განახლების, ბუნების გაღვიძების, ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ  ითვლებოდა. არაერთი გადმოცემა გვაუწყებს, რომ სამყარო სწორედ კვერცხიდან გაჩნდა. მაგალითად, ძველი ეგვიპტელები ყოველ გაზაფხულზე ნილოსის ადიდებასთან ერთად, უკვდავებისა და ახალი ცხოვრების დაწყების ნიშნად, ერთმანეთს მოხატულ კვერცხებს ურიგებდნენ. „ვედები“ გვარწმუნებს, რომ ღვთაება ბრაჰმა (რომლის პირიდანაც „ვედები“ გადმოიფრქვა) ოქროს კვერცხიდან „გამოიჩეკა“ და  ინდოეთში კვერცხიდან გამოჩეკილ ჩიტს დღესაც „ორჯერ დაბადებულს“ ეძახიან.

ერთი საკმაოდ საინტერესო აღმოსავლური თქმულების თანახმად, სამყარი ქაოსი იყო, ეს ქაოსი კი უზარმაზარ კვერცხში იყო მოქცეული და სიცოცხლი ყველა ფორმა შიგ იყო ჩაკეტილი. კვერცხის ნაჭუჭს გარედან ღვთაებრივი ცეცხლი ათბობდა და ერთ დღესაც კვერცხიდან მითოლოგიური არსება პანგუ დაიბადა. ქაოსში რაც უწონადი იყო, ცად იქცა, მყარი კი მიწად. პანგუმ ცა და მიწა შეაერთა, გააჩინა ქარი, სივრცე, ღრუბლები, მეხი და ელვა. მერე ახალშექმნილ მიწას გასათბობად მზე აჩუქა და გასაგრილებლად მთვარე. მზემ მიწა გაათბო, მთვარემ გაანათა და პლანეტები და ვარსკვლავებიც გაჩნდა.

ჩვენი წინაპრები მომავალი ბედნიერების, ახალი ცხოვრების დაწყებისა და ბარაქის ნიშნად კვერცხს სახლის საძირკველშიც აყოლებდნენ. გაზაფხულის დადგომის, ბუნების გამოღვიძების და სიცოცხლის ზეიმის აღსანიშნავად ახალ წელსა (სხვათა შორის, ნავრუზზე 21 მარტს ირანელები კვერცხებს დღესაც ღებავენ) და დაბადების დღეებზე ღარიბები ერთმანეთს ფერად კვერცხებს ჩუქნიდნენ, მდიდრები კი ოქროსას ან მოოქროვილს (როგორც მზის სიმბოლოს). ძველ რომაელებს ასეთი ტრადიციაც ჰქონდათ, ტრაპეზის დაწყებამდე ახალი წამოწყებისთვის წარმატების საწინდრად ღუმელში გამომცხვარ კვერცხს მიირთმევდნენ.

და რაღა გასაკვირია, რომ ამ ყველაფერმა გამოძახილი ქრისტიანულ რელიგიაშიც ჰპოვა და თვისი ადგილი დაიმკვიდრა. ცნობილმა იტალიერმა ფერმწერმა პიერო დელა ფრანჩესკამ მონტე ფელტროს საკურთხველში (მილანი, XVსაუკუნე) მადონასა და ყრმა იესოს თავზე, გუმბათიდან ჩამოკიდებული სირაქლემის კვერცხი გამოსახა. ფრესკაზე კვერცხი ღმერთკაცი იესოს სასწაულებრივ დაბადებასა და სამყაროს ქრისტიანულ აღქმაზე მიგვანიშნებს. ბიზანტიელი ღვთისმეტყველი და ფილოსოფი იოანედამასკელიამტკიცებდა (ისევე, როგორც იმ პერიოდის ბევრი თეოლოგი), რომ ცა და მიწა კვერცხის ანალოგიაა: ნაჭუჭი - ცაა, აპკი - ღრუბლები, ცილა - წყალი, კვერცხის გული კი მიწა. კვერცხის უსულო მატერიისგან სიცოცხლე იბადება და მასში განითარების, შესაძლებლობებისა და წინსვლის იდეაა ჩადებული.

ბევრ სხვა ზებუნებრივ ძალასთან ერთად, ძველ დროში შეღებილ კვერცხს მკვდრებსა და ცოცხლებს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი ძალის მოვალეობასაც აკისრებდნენ და საფლავზე შეღებილი კვერცხის დადებით, ცოცხლები გარდაცვლილებს თავიანთი ჭირისა და ლხინის ამბავს ატყობინებდნენ (სწორედ აქედან მოდის საფლავზე კვერცხის გადაგორების ტრადიცია).

საეკლესიო კანონების თანახმად სააღდგომო კვერცხები „სუფთა ხუთშაბათს“ იღებება. დიახ, დიახ, ხუთშაბათს და არა პარასკევს, არ მეშლება. რაც გარკვეულ წილად ლოგიკურიცაა, წითელი პარასკევი იმდენად მძიმე დღეა, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანს საზეიმო სამზადისათვის არ უნდა ეცალოს. კვერცხების პარასკევს შეღებვა წმინდა ქართული ტრადიციაა და საიდან და რატომ გაჩნდა, ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ დავადგინე. მოკლედ, წესის და რიგის მიხედვით, ხუთშაბათ დილას, სანამ სააღდგომო სამზადისს შეუდგებით, აუცილებლად უნდა იბანაოთ, ირგვლივ ყველაფერი მიალაგ-მოალაგოთ და მერე სააღდგომო სამზადისსაც შეუდგეთ - დააცხოთ კულიჩები (ჩვენ რომ პასკას ვეძახით), გააკეთოთ ხაჭოს პასკა და შეღებოთ კვერცხები. მერე კი, ეს ყველაფერი სანამ სააღდგომო სუფრაზე მოხვდება, „დიდ შაბათს“ ეკლესიაში უნდა წაზიდოთ და წესისა და რიგის მიხედვით აკურთხებინოთ.

ჰო, კიდევ ერთი: ნამდვილი სააღდგომო კვერცხი აუცილებლად ბუნებრივი საღებავით უნდა შეიღებოს: ენდროს ფესვებით - შინდისფრად, ხახვის ნაფცქვენებით - აგურისფრად, ჭარხლის წვენისაგან - ვარდისფრად და რაც მთავარია, საუკეთესო შედეგისთვის შეღებვამდე კვერცხების გაუცხიმოვნება (ამისათვის სოდიან წყალში გარეცხეთ) და შეღებვის მერე ზეთით გაპრიალება არ დაგავიწყდეთ.

რატომ ღებავენ ევროპელები კვერცხებს ფერადად და აღდგომა დილას რატომ დაეძებენ მთელ ქალაქში დამალულ შოკოლადის კვერცხებს, ეს სულ სხვა ტრადიციაა და ამაზე სხვა დროს იყოს, ახლა კი:

ქრისტე აღსდგა!

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.