მალხაზ ხარბედია
ავტორის ფოტოები
Sagardotegia, ასე ჰქვია ბასკურად სიდრის სახლს, ადგილს, სადაც სიდრს აყენებენ. თუმცა აქ არამხოლოდ აყენებენ სიდრს, არამედ სვამენ კიდეც, ნაირნაირი კერძის თანხლებით და დიდი მხიარულების ფონზე.
ჩემი პირველი Sagardotegia იყო Ola, ქალაქ Irun–თან ახლოს, ბასკეთის ერთ–ერთი უძველესი სასიდრე, სადაც ადრე დიდი სამჭედლო იყო, თუ არ ვცდები XV საუკუნიდან მოყოლებული და შემდეგ კი, XiX საუკუნიდან სასიდრედ გადაკეთდა.
ეზოში ვაშლის წნეხებსაც ნახავთ:
ესეც ვაშლის საწნეხია, როგორც ხვდებით:
როგორც მეღვინე ამაყობს თავისი ვენახითა და საღვინე ჯიშებიც, მესიდრეებიც ასე ამაყობენ სიდრისთვის საუკეთესო ვაშლის სხვადასხვა ჯიშით და გამოარჩევენ იდეალურ სამყნობ წყვილებს:
სიდრის სახლი კიარა, ნამდვილი ციხესიმაგრეა. ამ კარს ვიწრო შიდა ეზოში (უფრო გასასვლელი ეთქმის) გავყავართ:
ამოვედით მთავარ დარბაზში, სადაც ყველაზე დიდ კასრზე ნაცნობი გამოსახულება დამხვდა, ვეშაპსაჭერი სან ხუანი. ასე ჰქვია ქალაქ პასაიას იმ უბანსაც, სადაც ვცხოვრობდი. ამ ადგილიდან 20–30 კილომეტრის მოშორებით.:
ესეც ჯიშები:
და რაც მთავარია, აქვე გვაცნობენ სიდრის დალევის წესებს. საქმე ისაა, რომ სიდრი აუცილებლად მაღლიდან უნდა დაასხა, მინიმუმ 30 სმ. კასრიდან დასხმა კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო საყურებელია. გარდა ამისა, ჭიქაში აუცილებლად ცოტა სიდრი უნდა ესხას. და კიდევ, სიდრის ჭიქაში ღვინო არ დავინახოო, გვამცნობს პოსტერი.
ჩემი ახალი მეგობარი ოიერი კლასიკური წესით ასხამს სიდრს. ბოთლი სპეციალური, ღარებიანი საცობითაა დაცობილი:
აქვეა გამოკრული ბასკეთში გავრცელებული სოკოების (პერეჩიკოაკ, perretxikoak) დიდი პოსტერი:
სადაც ჩემი საყვარელი ბევრი სოკოც იყო, მათ შორის მიქლიო (ქათამბარკალა) და ნიყვი.
იმავე დღეს, კიდევ ორ ახალ მეგობართან, იმანოლთან და ესკარნესთან ერთად, სხვა Sagardotegia–საც ვესტუმრე. Petritegi, ასე ერქვა ამ შესანიშნავ, ხალხმრავალ და მხიარულ სასიდრეს. სხვათა შორის, 20–30 წლის წინ სიდრის სახლები ჩვენებული ძველი სახინკლეებივით იყო, უხარისხო სასმელითა და მისაყოლებლით. იქ მხოლოდ ლოთბაზარა ხალხი დადიოდა, ახლა კი სასიდრეებმა სახე იცვალეს და აქ ერთადაა შერწყმული იაფი და გემრიელი სამზარეულო, ბევრი სიდრი, დემოკრატია, ერთად ყოფნის სიამოვნება და გართობა.
ერთ–ერთი მთავარი გასართობი სიდრის ჩამოსასხმელად მოგზაურობაა. ესაა Sagardotegia–ს მთავარი ეშხი. აქ იშვიათად ნახავთ მაგიდაზე დადგმულ ბოთლს, როგორც წესი ჭიქით ხელში დადიხარ დარბაზებში, სარდაფებში და თავად არჩევ სასურველ კასრს ან ცისტერნას. არავინ მიესალმება ჭიქის გავსებას, რამდენიც გინდა სვი, ოღონდ ცოტ–ცოტა სიდრი უნდა ისხმებოდეს ჭიქაში. ერთ კაცზე 6 ევროს იხდი და შეგიძლია რამდენიც გინდა, იმდენი მიირთვა.
ხანდახან ნამდვილი საცობები ჩნდებოდა სარდაფიდან–სარდაფში მოგზაურობისას, სასურველი კასრის ძიებაში:
ხო მართლა, სიდრს აუცილებლად კარგი და ყუათიანი მისაყოლებელი სჭირდება. ეს ტრადიციაა. აქაც, ამ სასიდრეშიც ძალიან მადიანად ამზადებენ ყველაფერს და ისევე როგორც სხვაგან, აქაც ტრადიციული კერძებია.
სტარტერი სიდრში ჩაშუშული (გნებავთ, შეპიწკინებული) ჩორიზო იყო:
შემდეგ ვირთევზას ომლეტის ჯერი დადგა. მემგონი მეც ვცდი აქ გავაკეთო ასეთი ომლეტი, ოღონდ სხვა თევზით, სად ნახავ აქ ვირთევვზას?!
ინდივიდუალური თეფშები არ მოაქვთ, ყველანი ერთი თეფშიდან მივირთმევთ.
ძალზე ყუათიანი მენიუა, ოღონდ ეს არაა ჩვენი ქართული სახინკლეების ფსევდო–ყუათიანობა, როცა ხინკლიდან რაღაცა ბლანტი ყვითელი ცხიმი მოცოცავს და არც მშრალი ქაბაბის და ბრაზილიური ღორის ხორცის მწვადის ნაყროვანებას შევადრი ამას. აი მაგალითად, ვირთევზას თავ–კისერი ნივრით:
ვირთევზა დღის მთავარი გმირი იყო. და საერთოდაც, მის გარეშე წარმოუდგენელია აქაური თევზის მენიუ. შემდეგი კერძიც ვირთევზათი იყო, ბლომად მწვანე წიწაკით:
მას მოჰყვა საქონლის ხორცი. სრულიად უმი, მაგრამ ძალიან ნაზი და გემრიელი.
ამ კერძის შემდეგ აუცილებლად განსაკუთრებული გასვლა უნდა ჩაგვეტარებინა სიდრის დასალევად. მე ჭიქა დამრჩა (შეიძლება ძალათი დავტოვე, ზუსტად არ მახსოვს) და პირდაპირ კასრიდან დავეწაფე.
ბოლოს დესერტიც მოვიდა, კომშის "ფელამუში", ბასკური ცხვრის ყველი, კაკალი და ნუშის სიგარილოები.
"ჩამოყარე, რაღაცა უნდა გასწავლოთ"
უკეთესს რას ვასწავლიდი? "ვახტანგური" ვასწავლე. იმანოლი და ესკარნე საუკეთესო მოსწავლები აღმოჩნდნენ:
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი