ელენე ცინცაძე
Raw Wine ნატურალური ღვინის გამოფენაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში იმართება ხოლმე. იქ შეხვდებით სხვადასხვა ღვინის მწარმოებლებს, მოყვარულებს, ექსპერტებსა და ენთუზიასტებს. ქართული ღვინო უკვე დიდი ხანია Raw Wine-ის ნაწილია. წელს დანიაში 180-მდე მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის კი 14 ქართული მეღვინეობაა. წლევანდელმა ფესტივალმა მეღვინეები არც თუ ისე კმაყოფილი დატოვა. როგორც მეღვინეები “ღვინის კლუბთან” საუბრისას აღნიშნავენ, სტუმრების რაოდენობა ცოტა იყო და მათი ინტერესი ევროპის სხვა რეგიონების ღვინოების მიმართ უფრო თვალსაჩინო იყო. მეღვინეების დამოკიდებულება წლევანდელ გამოფენასთან დაკავშირებით კონტროვერსულია:
“არც ვიცი რა ვთქვა წლევანდერ გამოფენაზე, ძალიან ცოტა ხალხი იყო ზოგადად, ორგანიზატორებსაც უკვირდათ, ცუდი დღეები დაემთხვა ჩასატარებლად და დარბაზი თითქმის ცარიელი იყო. ამ ვითარებაზე დაყრდნობით ძნელია ამ ფესტივალის შეფასება საერთოდ. ვინც მოდიოდა ჩვენთან ზოგმა იცოდა ქართულ ღვინოზე, ზოგმა არა, საერთოდ იციან დანიელებმა ქართული ღვინო და უყვართ, მაგრამ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან გაცილებით მეტი ხალხი მიდიოდა, რა თქმა უნდა. მე როგორც ვატყობდი, ნაკლებ ტანინიანი ღვინო ურჩევნიათ, არა აქვს მნიშვნელობა კახური არის თუ იმერული, ანუ, ქარვისფერი მოსწონთ, უღონდ შედარებით რბილი ტანინებით. პეტნატებსაც კითხულობდნენ შეგნებულად, იცოდნენ, რომ ქართველებს აქვთ” - გვიყვება ნინო ჩიტოშვილი “ჩიტოს მარნიდან”
2024 წელს Raw Wine-ზე კოპენჰაგენში საქართველოს გარდა მონაწილეობა მიიღო გერმანიამ, ჩილემ, დიდმა ბრიტანეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და სხვა ღვინის მწარმოებელმა ქვეყნებმა. ქართველი მეღვინეები გვიამბობენ, რომ დროთა განმავლობაში სკანდინავიაში, განსაკუთრებით კი დანიაში ქართული ღვინის მიმართ წარმოდგენა შეიცვალა და ახლა სკანდინავიელებმა, განსაკუთრებით კი დანიელებმა, ძალიან კარგად იციან ქართული ღვინის შესახებ: “ზოგადად დანიელი მომხმარებლები ძალიან კარგი მომხმარებლები არიან. პირველ რიგში გამოვყოფ იმ ფაქტს, რომ დანია ძალიან ძვირიანი ქვეყანაა და მოსახლეობაც. შესაბამისად. მაღალი მსყიდველობითი შესაძლებლობებით გამოირჩევა. ამიტომ ხალხი უფრო მეტად არის ხარისხზე ორიენტირებული ვიდრე ფასზე. ნატურალური ღვინოც შესაბამისად საინტერესოა მათთვის და საკმაოდ ბევრი ნატურალური ღვინის ბარია კოპენჰაგენში. ზოგადად გამოფენებზე ინტერესი მაინც იტალიურ, ესპანურ და ფრანგულ ღვინოებზე მოდის. ვიზიტორებიც ამ ქვეყნის ღვინოების მწარმოებლებს ბევრად მეტი ჰყავთ, ვიდრე ქართველ მწარმოებლებს. თუმცა ამ გამოფენაზე სტუმრების სიმცირიდან გამომდინარე ასეთი გადანაწილება ნაკლებად შესამჩნევი იყო. ვფიქრობ ვიზიტორების ის მცირე რაოდენობა თანაბრად განაწილდა როგორც ქართულ ასევე სხვა ქვეყნის ღვინოებზე”. - გიორგი ვოლსკი
გამოფენა იყო ორდღიანი, ჩატარდა საკმაოდ დიდ საგამოფენო სივრცეში. ბექა ჯიმშელაძე გვიამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით წელს ბევრად კარგი სივრცე იყო, რადგან ყველა მეღვინე ერთ სივრცეში იდგა: “ სტუმრები ასე თუ ისე თანაბრად ეცნობოდნენ ყველა ქვეყნის მეღვინესა და წარმოამდგენელს. ინტერესს რაც შეეხება, სტუმრების რაოდენობა მცირე იყო, ვიდრე შარშან. ამას კი ორი ახსნა აქვს, ერთი ის, რომ ევროპარლამენტის არჩევნები დაემთხვა და აქტივობაც ნაკლები იყო, მეორე ის, რომ პარალელურად მიმდინარეობდა იტალიური ღვინის დეგუსტაცია და ხალხის ნაწილი იქ გადავიდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ის ადამიანები, ვინც გამოფენის სტუმრები იყვნენ და ვინც ჩვენს ღვინოს სინჯავდა. უკვე ბევრი რამ იცოდნენ საქართველოს შესახებ, ინტერესიც დიდი ჰქონდათ. შემიძლია ვთქვა, რომ სკანდინავია და ამ შემთხვევაში დანია ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული საზოგადოებით გამოირჩევა სტუმრებს შორის და ამან სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვა. ჯამში, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ყველა გამოფენას აქვს აზრი, რადგან სწორედ ერთმა სტუმარმა შეიძლება დიდი მომავალი მისცეს ჩვენს ღვინის წარმოებას” - გვიყვება ბექა ჯიმშელაძე "ველინოდან".
საკმაოდ დიდი ასორტიმენტი ჰქონდათ ქართველ მეღვინეებს წარმოდგენილი, გამოფენაზე ძირითადად კახურ ღვინოებს შეხვდებოდით: “განსაკუთრებული ხალხმრავლობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა ეს გამოფენა. ბევრად მეტ ხალხს ველოდებოდით, თუმცა საინტერესო ადამიანები მაინც მოდიოდნენ ჩვენს დახლებთან. მაინც მნიშვნეოლოვანი იყო ერთმანეთის გაცნობის კუთხით. ვფიქრობ, მთლიანობაში მაინც კარგი და საინტერესო გამოვიდა ჩვენთვის, ქართველი მეღვინეებისთვის. ღირსეულად წარვსდექით და ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ უფრო მეტი ქართული მარანი მიიღებდა მონაწილეობას. დანიაში უფრო მსუბუქად იყიდება ღვინო, პოპულარული სასმელი არც იმდენად არის და ჩემი აზრით უფრო მეტად ალკოჰოლური სასმელების ქვეყანაა დანია.
ქართულ ღვინოს და საქართველოს აქ არ იცნობენ და ამიტომ არის ჩვენი მონაწილეობა სწორედ აქ ძალიან მნიშვნელოვანი.” - გვიყვება გიორგი ბარისაშვილი. საქართვეოლოდან წარმოდგენილი იყო 14 მარანი:
”ალექსანდრეს ღვინის მარანი”
”ანაპეა”
”ანდრიას ღვინო”
”ბუას ღვინო”
”ჩიტოს ღვინო”
“გაბრიელის ღვინო”
”გრემალაშვილის მეღვინეობა”
”იორა”
malati winery
”მართალი ღვინო”
”ნადელები”
”ნათენაძეს ღვინის მარანი”
”პატარა მარანი”
”ველინო”
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი