Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტკბილეულობა არაბულ სამყაროში იჭრება

კექსი ახლო აღმოსავლეთში პრესტიჟის სიმბოლოა
 
ანა ლუი სუსმანი
 
როცა დაჰრანის მრავალეროვნულ არამკოს სკოლაში სწავლობდა, პალესტინელი ლტოლვილების შვილს ფადი ჯაბერს თავისი ამერიკელი კლასელების კექსები, ნიგვზიანი შოკოლადის ნამცხვრები და შოკოლადის ფუნთუშები დედამისის გამომცხვარ კნაფას, ყატაიესა და ბაქლავას ერჩივნა.
მისი ცხოვრება 2004 წელს შეიცვალა, როცა გრინვიჩ ვილიჯში Magnolia Bakery-ს ვანილის კექსი გასინჯა. ფადიმ მრავალეროვნულ სავაჭრო კორპორაცია "იუნილევერში" მუშაობას თავი დაანება და თავისი დანაზოგით მანჰეტენის კულინარული განათლების ინსტიტუტის კულინარიის მენეჯმენტის პროგრამით დაიწყო სწავლა.
ფადიმ ქალაქში მოქმედ ბილის საცხობში პრაქტიკაც გაიარა და შემდეგი ნაბიჯისთვის მოემზადა. 2007 წლის ივლისში იორდანიის დედაქალაქ ამანში მან გახსნა მაღაზია სახელწოდებით Sugar Daddy’s და კექსებით გატაცება ახლო აღმოსავლეთსაც გადასდო.
კექსის მაღაზიები ამერიკის ზოგ ქალაქში ისეთივე ჩვეულებრივი სანახავი გახდა, როგორს ჰოთდოგის ჯიხურები. ბევრი ასეთი მაღაზიაა რომში, სტამბოლში, ბერლინში, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში და ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში. ბატონმა ჯაბერმა კი დაამტკიცა, რომ დასავლეთში გავრცელებულ ამ ქარაფშუტული გატაცების ცდუნებას არაბული სამყაროც კი ვერ უძლებს.
ამ მაღაზიაში ჯინსებსა და ჯემპრებში გამოწყობილი იორდანიის სამეფო ოჯახის წევრებიც კი შედიან. სანამ ისინი კექსებს ყიდულობენ, მათი პირადი დაცვა გარეთ იცდის. დადის ხმები, რომ დედოფალი რანიაც კი კექსების ფანია.
2008 წლის დეკემბრიდან მისი მაღაზია, სადაც ხაჭოს პუდინგები და ნიგვზიანი შოკოლადის ნამცხვრებიც იყიდება, ქალაქის მდიდარ რაიონში, აბდუნში გაიხსნა. აქ რამდენიმე საელჩოსა და მაღალი ხარისხის რესტორანსაც ნახავთ. ბ-ნმა ჯაბერმა თავისი მაღაზიები ბეირუთსა და დუბაიშიც გახსნა.
კლიენტების უმრავლესობა (რომელთაგან, მისივე შეფასებით, 95 პროცენტი ქალია) საზღვარგარეთ ცხოვრობდა ან სწავლობდა და კექსები პირველად სხვა ქვეყანაში ნახა. ზოგს კექსები უნახავს სატელევიზიო შოუში "სექსი და ქალაქი", რომელიც რეგიონულ სატელიტურ არხებზე რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიცემოდა. ერთმა მყიდველმა ისიც კი სთხოვა, ყოველ კექსზე ტუჩები დაეხატა. როცა ფადიმ იკითხა, რატომო, ქალმა უპასუხა, იმიტომ, რომ შოუში "სექსი და ქალაქი" ასეაო.
ნაბილ არ-რაბაა ბ-ნი ჯაბერის პარტნიორია ბეირუთში, სადაც მაღაზია გასული წლის ბოლოს გახსნა. მისი თქმით, მყიდველების უმრავლესობას კექსები ადრეც უნახავს, მაგრამ თავიდან მაღაზიაში ბევრი მაინც იბნეოდა. "ზოგი მეუბნებოდა, იმ მაფინს ავიღებ ან ამასო, - ამბობს ბ-ნი არ-რაბაა. - მე კი ვეუბნებოდი, ინებეთ, ეს კექსებია-მეთქი".
ქამალ მუზავაქი, რომელიც სტატიებს საკვებზე წერს, ამბობს, რომ მაღაზიების ეს ქსელი რეგიონის ტკბილეულობით ისტორიულ გატაცებას სავსებით შეესაბამება. "სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი კარგი ნაწარმიც გვიყვარს და საჭმელში მოდასაც მივდევთ," - ამბობს ბ-ნი მუზავაქი, რომელსაც სტაფილოს ნამცხვარი განსაკუთრებით უყვარს.
23 წლის ბეირუთელი ჟურნალისტი დალილა მაჰდავი ამბობს, რომ კექსი პრესტიჟის სიმბოლოა. "მდიდარი არაბები ფულს ფუფუნების საგნებზე სიამოვნებით ხარჯავენ, ამ კექსების ცხობას კი ძალიან შემოქმედებითად და ყურადღებით ეკიდებიან," - ამბობს დალილა.
ჯაბერის ერთი კექსი 2 დოლარი ღირს, რაც ნამდვილად ფუფუნებაა ლიბანსა და იორდანიაში, სადაც დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მონაცემების თანახმად, საერთო ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, შესაბამისად, 11 100 და 5 000 დოლარია.
კექსებმა ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი ბარიერიც კი გადალახეს. გასულ წელს ისრაელში კექსის სამი ონლაინ მაღაზია გაიხსნა, სამივე თელ-ავივში.
ბ-ნ ჯაბერს იმედი აქვს, რომ ბიზნესს კიდევ უფრო გააფართოებს. ის ამტკიცებს, რომ რეგიონში გავრცელებული ანტიამერიკანიზმი მის კექსებს ვერაფერს დააკლებს.
"ეს დესერტი ყველასათვის მიმზიდველია," - ამბობს ის. - რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ახლა სუფრაზე კექსების კოლოფის მიტანაა მოდაში," - დასძენს ჯაბერი.
 
© “24 საათი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.