Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლონდონი G70 - ეს ქართული ღვინოა

ბესო მარკოზაშვილი

"მოუხმეთ წარმოსახვას და გამომყევით! წარმოიდგინეთ, რომ იასონის გემით შავ ზღვაში მიცურავთ. გრძელი გზაა გასავლელი, თუმცა აი უკვე მოაღწიეთ საქართველომდე. აქ ძალიან თბილა, სუბტროპიკული ჰავაა. დაიღალეთ? არ მოეშვათ. ახლა მედეაზე იფიქრეთ. ის ცივ ღვინოს გაწვდით. ახლა როგორ გრძნობთ თავს? მოგეწონათ ღვინო?…" - გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) პროექტის "კერძო სექტორის განვითარება საქართველოში" ხელმძღვანელის კნუტ გერბერის ამბავი იმდენად დამაჯერებლად ჟღერს, რომ შეუძლებელია ქართული ღვინის გასინჯვის სურვილი არ გაგიჩნდეს. ღვინოებით გათამამებულ ევროპელებს კი სწორედ დამაჯერებელი ამბავი სჭირდებათ იმაში დასარწმუნებლად, რომ მართლაც "კარგი ღვინო" გაქვს, რადგან თავად ამ "კარგი ღვინის" ცნება ძალიან ბუნდოვანია. მაისის ბოლოს ლონდონის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე (London Wines&Spirits) ქართველი მეღვინეები ბრიტანელი მომხმარებლის მოხიბლვას ცდილობდნენ.

ლონდონის მთავარ საქმიან უბანში - დოკლენდში, რომელიც მოხერხებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით ქალაქის ნებისმიერ ნაწილს უკავშირდება, უმსხვილესი საგამოფენო ცენტრი "ექსელი" მდებარეობს. ყოველწლიურად აქ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა London Wines&Spirits იმართება. წლევანდელ გამოფენაზე ქართული კომპანიები პირველად და, ამასთან, ერთიანი სტენდით წარსდგნენ. მათ შორის: "თბილღვინო", "სარაჯიშვილი", "ქინძმარაულის მარანი", "თელავის ღვინის მარანი", "GWS", "მილდიანი", ასევე ქართული ღვინის ოჯახი (Georgian Wine Family): კახური, შუმი, მაისურაძე და ვინოტერა. იქვე იყო (როგორც შემდეგ აღმოჩნდა) კიდევ ერთი ქართული სტენდი, რომელზეც ქართული პროდუქცია კომპანიამ, „გაუმარჯოს" წარმოადგინა.

"ბრიტანეთში პირველად მოხდა საქართველოს ასე ფართოდ გაცნობა. მიუხედავად იმისა, რომ GWS საკმაოდ დიდი ხანია ბრიტანეთის ბაზარზე მოღვაწეობს, ის მაინც არ არის ცნობადი. ეს კომპანია საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული, ესაა და ეს..." - აღნიშნა კნუტ გერბერმა, რომელიც ქართველი მეღვინეების ლონდონის გამოფენაზე წარდგენას უწევდა ორგანიზებას.

ცნობილი ფაქტია - ბრიტანელები ცოტა უცნაური ხალხია. მათთან კომუნიკაცია საკმაოდ ჭირს, განსაკუთრებით, როცა საქმე ახალ ღვინოებს ეხება. ბრიტანელები ღვინისა და ალკოჰოლურ სასმელების მომხმარებლებში ყველაზე პრეტენზიულ კატეგორიად ითვლებიან, თავად ბაზარი კი ძალიან რთული და განებივრებულია. როგორც ქართველი ენოლოგები ამბობენ, ასეთმა ბაზარმა, შესაძლოა, უბრალოდ იგნორირება გაუკეთოს მთელს ქვეყანას და რეგიონს. აი რას ამბობს ერთ-ერთი კვლევა: დიდი ბრიტანეთის ყოველი მეექვსე მოქალაქე ალკოჰოლის მომხმარებელთა პრობლემურ კატეგორიას მიეკუთვნება. ისინი ხშირად, ბევრს და ელიტარულ ალკოჰოლს მიირთმევენ.

ყველაფერს ართულებს სიტუაცია, როცა გარკვეული ქვეყნის ღვინოების მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა: "ჩვენ არაფერი ვიცით საქართველოზე, არაფერი ვიცით ქართულ ღვინოზე, გვინდა რამე გავსინჯოთ..." ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ მიაწვდი პოტენციურ მომხმარებელს შენს პროდუქციას.

"ის, რაც ჩვენ უცხოურ ბაზრებზე გვჭირდება, ეს ამბავი, იმიჯი, წარმოსახვაა... ბრიტანელს ვერ ეტყვი უბრალოდ, რომ "გასინჯეთ გემრიელი ღვინოაო". მათ ამბავი სჭირდებათ..." - ამბობს კნუტ გერბერი.

ღონისძიების მსვლელობისას "ექსელის" საგამოფენო სივრცეში დიდი ბანერები იყო გამოფენილი, სადაც საქართველოს სტენდის მდებარეობა იყო მითითებული - G70. მთლიანობაში, ქართული მხარე სტენდის განლაგებით კმაყოფილი დარჩა. საქართველოს წინ რუმინეთის და ბრიტანეთის უმსხვილესი საიმპორტო კომპანიები იყვნენ წარმოდგენილნი.

"ლონდონში მხოლოდ წინასწარ შერჩეული ღვინოები წავიღეთ. არ შეიძლება ბრიტანეთის ბაზრის მოლოდინები გააცრუო და მოულოდნელად სხვა, მოუმზადებელი პროდუქცია შესთავაზო. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენას ღვინის ჟურნალისტები, იმპორტიორები, რესტორნებისა და სუპერმარკეტების მფლობელები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ," - განაცხადა ბატონმა გერბერმა.

როგორც საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი იხსენებს, ინგლისმა ღვინით ვაჭრობის ისტორიაში ორი სერიოზული ნაბიჯი გადადგა. პირველი - აღმოაჩინა ბორდო და მეორე - თავადვე დაუსვა წერტილი ბორდოს პირველობას და ის მესამე ადგილზე გადაისროლა. მოხმარების მაჩვენებლით, იქ დღეს ავსტრალიური ღვინოები ლიდერობენ. "რატომ ავსტრალიური? ჯერ ერთი ავსტრალია ისტორიულად ინგლისის კოლონია იყო, ამასთან ეტიკეტიც მარტივი წასაკითხია. ფრანგული ღვინის ეტიკეტის წასაკითხად კი ფრანგული ენის ცოდნაა საჭირო," - ამბობს შალვა ხეცურიანი.

"მსგავსი გამოფენების შემდეგ საფიქრალი უჩნდებათ არა მარტო ქართულ კომპანიებს, არამედ ბრიტანულ მხარესაც. გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ბრიტანელი იმპორტოირი, დისტრიბუტორი, რითეილერი, რომელსაც ქართულ ღვინოებზე მოთხოვნა ექნება. იმედი მაქვს ქართველ მეწარმეებს ხარისხიანი ღვინის დიდი მარაგები აქვთ, რათა ბრიტანეთში გაიტანონ. დღეს ბრიტანეთის ბაზარი გაცილებით ღიაა ქართული ღვინოებისთვის, ვიდრე უწინ. თუმცა აუცილებელია მოსამზადებელი პერიოდი, რადგან როდესად ამ ბაზარზე ცალკეულ კომპანიას ღვინოები ყოველგვარი "ბექგრაუნდისა" და პიარ-კამპანიის გარეშე შეაქვს, ეს იმ ნიადაგს ანადგურებს, რაც ქართული ღვინოების ბრიტანეთში ექსპორტს შეიძლება ჰქონდეს," - მიიჩნევს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) პროექტის "კერძო სექტორის განვითარება საქართველოში" ხელმძღვანელი.

ასე, რომ ბრიტანეთი ღვინის სფეროში მოდის ფუძემდებელია. ის თავად კარნახობს დანარჩენებს წესებს. თუ აუწყობ მას ფეხს, წარმატება შენია, თუ არა და...

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.