საჭირო მასალა: ბლინებისათვის – 3 ს.კ. თბილი რძე, 3 კვერცხი, 10 გ ვანილის შაქარი, 50 გ შაქარი, 50 გ დამდნარი კარაქი, 1 ლიმონის ცედრა, 2 ჭიქა ფქვილი, 0,5 ჩ.კ. მარილი, 0,5 ჭიქა ცხელი წყალი. ლიმონის კრემისთვის – 1 ჭიქა ლიმონის წვენი, 1,5 ჭიქა შაქარი, 6 კვერცხი, 1 ს.კ. ლიმონის ცედრა, 60 გ კარაქი. შაქრის პუდრა - მოსართავად
მომზადება: რძეში ავურიოთ ოდნავ ათქვეფილი კვერცხი, დავუმატოთ ვანილი, ლიმონის ცედრა, შაქარი და დამდნარი კარაქი. ცალკე გავცრათ ფქვილი მარილთან ერთად და დავუმატოთ გათქვეფილ ინგრედიენტებს. ცომს ტილო გადავაფაროთ და 20-30 წუთი დავტოვოთ. ამის შემდეგ დავუმატოთ ცხელი წყალი, კარგად ავთქვიფოთ და გახურებულ ტაფაზე გამოვაცხოთ. უნდა გამოვიდეს დაახლოებით 16 ცალი ბლინი. მოვამზადოთ ლიმონის კრემი – კვერცხი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ. ლიმონის წვენი მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე. როცა ადუღდება, გადმოვდგათ, ნელ-ნელა დავუმატოთ გათქვეფილი კვერცხი და ვურიოთ, რომ არ აიჭრას. შემდეგ კვლავ დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და ადუღებამდე მივიყვანოთ. მასა უნდა შესქელდეს. ჯერ კიდევ თბილ მასაში მოვათავსოთ კარაქი. ლიმონის კრემს გადავაკრათ ცელოფანი და გავაციოთ. გაციებული კრემი წავუსვათ ბლინებს და ცხიმწასმულ ფორმაში ერთმანეთზე დავაწყოთ. ღვეზელი შევდგათ ღუმელში და 170 გრადუს ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. მივირთვათ, როდესაც გაგრილდება. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი