Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სადილი მტერთან: რატომ უყვართ რუსებს ქართული კერძები

შონ ვოლკერი

დიპლომატიური დაძაბულობის მიუხედავად, მოსკოველები სიამოვნებით მიირთმევენ ქართული სამზარეულოს კერძებს.
მოსკოვის ცენტრში, პუშკინის მოედანთან ახლოს მდებარე კაფეში, სახელწოდებით „ხაჭაპური“. ახალგაზრდა მოსკოველები სიამოვნებით მიირთმევენ ქათმის ჩახოხბილს,  ცხარე ლობიოს და ახლადგამომცხვარ ყველიან პურს „ხაჭაპურს“, რომლის სახელიც ამ დაწესებულებას დაარქვეს.
ეს ეგზოტიკური ქართული კერძები აბსოლუტურად განსხვავდება უმარილო და არაცხარე რუსული კერძებისგან, მათი სახელწოდებებიც კი, რომლებშიც უამრავი თანხმოვანია, სლავური ყურისთვის უჩვეულოა. ქართული სამზარეულო, რომელიც ფაქტობრივად, ყველაზე გემრიელია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სამზარეულოებიდან, დიდი ხანია რაც რუსეთში პოპულარობით სარგებლობს და რადგან დედაქალაქში ბევრი ახალი რესტორანი იხსნება, მისი პოპულარობა მხოლოდ იზრდება.
ამ მხიარულ ატმოსფეროში რუსეთის და მისი პატარა სამხრეთელი მეზობლის ურთიერთობებში (რაც 2008 წლის აგვისტოში სასტიკ ომში გადაიზარდა) არსებულ სირთულეებზე, მხოლოდ სუსტი მინიშნებები არსებობს. პირველი – ღვინის ბარათია. რუსული ტრადიციით ქართული კერძის მირთმევა იგივეა, რაც ბრიტანელისთვის „ინდურის დაგემოვნება“, თუმცა ლუდი „კობრა”-ს ნაცვლად, რომელსაც ცხარე ინდურ კერძებთან ერთად მიირთმევენ ხოლმე, ქართულ კერძებთან ერთად ქართული ღვინო ისმევა. საბჭოთა დროში, ქვეყნის ყველა მოქალაქეს – ვილნიუსიდან დაწყებული ვლადივოსტოკით დამთავრებული – საშუალება ჰქონდა  ერთი ბოთლი ქართული წითელი ღვინო გაესინჯა.
მაგრამ „ხაჭაპურის“ მენიუში ნახსენებიც კი არ არის „წინანდალი“, „მუკუზანი“ ან ნებისმიერი სხვა გემრიელი ქართული ღვინო, რომელსაც ღია ცის ქვეშ მოწყობილ ნებისმიერ თბილისურ კაფეში შეუკვეთავ. იქ „ხვანჭკარაც კი არ არის“, ტკბილი წითელი ღვინო, რომელიც რუსებს საბჭოთა დროს აგონებთ. 2006 წლიდან რუსეთში ქართული ღვინო და მინერალური წყალი აიკრძალა, თითქოს სანიტარული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგრამ სინამდვილეში – ცუდად შენიღბული პოლიტიკური მოსაზრებების გამო.
თუმცა ქართული ღვინის აკრძალვამ, რამაც დამანგრევლად იმოქმედა ქართულ ეკონომიკაზე, ვერ მოსპო სიყვარული ამ ქვეყნის სამზარეულოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კერძებს დღეს ჩილეს და ფრანგულ ღვინოებს აყოლებენ.
„მოსკოვში ქართული სამზარეულო ყველას უყვარს“ – ამბობს ქართველი ქალბატონი და ცნობილი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რომელიც საქართველოს მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს – „დღეს მოსკოვში ყველა საუკეთესო საღამო ქართული ცეკვებით და ქართული კერძებით სრულდება“.
ნაწილობრივ ეს რუსეთში უზარმაზარი ქართული დიასპორის არსებობითაც აიხსნება. რუსეთში ქართველთა კავშირის პრეს-მდივნის შეფასებით, ქვეყანაში ერთიდან-ერთნახევარ მილიონამდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. ბევრი მათგანი ცნობილი სპეციალისტი და პროფესიონალია – მოსკოვის მთავარი კარდიოლოგი, ქალაქში ყველაზე ცნობილი მოქანდაკე, ასევე მედიის წარმომადგენელთა მთელი პლეადა – ყველა ქართველია. გარდა ამისა, რუსეთში საქართველოდან სამუშაოდ ჩასული უამრავი მიგრანტია. მათი ლეგიონი იმ დიდი არმიის ნაწილია, რომელსაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსეთში შემოსავლის შოვნის მიზნით ჩამოსული ადამიანები შეადგენენ, რადგან აქ უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე მათ სამშობლოში.
2006 წლის კრიზისის დროს, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის წინ უძღოდა ომს, რუსეთის ხელისუფლების მისამართით გაისმა ბრალდებები ქართველების და მათი საკუთრების წინააღმდეგ თანამედროვე დარბევების ორგანიზებაზე. ქართულ რესტორნებში ჩხრეკა ტარდებოდა, სკოლებმა მიიღეს მითითება შეემოწმებინათ ქართული გვარის მქონე მოსწავლეები, ბევრ ქართველს, რომელიც დედაქალაქში ცხოვრობდა, დეპორტაცია გაუკეთეს. თუმცა ახლა, როგორც ამას რუსეთში ქართველთა კავშირი ამტკიცებს, ქართველებს ქვეყანაში „არანაირი პრობლემა არა აქვთ“. „ქართული რესტორნების რაოდენობა იმის კარგი ნიშანია, თუ როგორი წარმატებულები არიან რუსეთში ქართველები. მოსკოვში ისინი იმდენად ბევრნი არიან, რომ მათი დათვლა შეუძლებელია“ – ამბობს კავშირის პრეს-მდივანი. ერთ-ერთ მოსკოვურ ვებ-გვერდზე დედაქალაქში არსებული 261 ქართული რესტორანია აღწერილი.
2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის არ აღმდგარა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები. მაშინ რუსეთმა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ქართველების შეჭრას, მასშტაბური კონტრ-შეტევით უპასუხა. კონფლიქტის შედეგად რუსეთმა სამხრეთ-ოსეთის და მეორე თვითგამოცხადებული სახელმწიფოს – აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნო. იმავდროულად, რუსეთის ხელმძღვანელობამ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „პოლიტიკური გვამი“ უწოდა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის არანაირი კონტაქტი არ დამყარდება მანამ, ვიდრე ის ხელისუფლებაში იქნება.
ბოლო კვირეებში, მოსკოვს ორი ცნობილი ქართველი ოპოზიციონერი ეწვია, რომლებმაც აქ ორ ქვეყანას შორის არსებული საშინელი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მოლაპარაკებები გამართეს. წარსულში სააკაშვილის ერთ-ერთი მოკავშირე ნინო ბურჯანაძე, რომელიც დღეს მისი შეურიგებელი ოპონენტია, რუსეთის დედაქალაქს გასულ კვირას სტუმრობდა და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინსაც კი შეხვდა. შეხვედრა ტელევიზიით შუქდებოდა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც დღეს ასევე ხელისუფლებასთან ოპოზიციაშია, მოსკოვში გუშინ საღამოს ჩამოვიდა. ბოლო თვეებში რუსეთის დედაქალაქში ეს მისი მეორე ვიზიტია. მან განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო ურთიერთობების დარეგულირება სურს.
სააკაშვილის მომხრეები, რომელთა ლიდერიც ხელისუფლებაში 2013 წლამდე უნდა დარჩეს, ამბობენ რომ ეს რუსეთის მხრიდან საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის შეგნებული მცდელობაა.
„როგორ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება, რომლის არმიასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებული?“ – კითხულობს წამყვანი ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი – „ეს რუსების მხრიდან ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მოსახლეობა ამას წამოეგება, ხალხი მათ მოღალატეებად ჩათვლის“.
ორივე მხრიდან ისმის გაღიზიანებული და ირონიული განცხადებები, ქართველები პუტინს ადანაშაულებენ, მას ბანდიტს და სამხედრო დამნაშავეს უწოდებენ. რუსები კი ბრალს სააკაშვილს სდებენ და მას გაუწონასწორებელ შეშლილს ეძახიან, რომელმაც 2008 წელს საკუთარი უგუნურებით ომი წამოიწყო.
„რუსეთს და საქართველოს შორის საშინელმა ურთიერთობებმა ქართული კერძების მიმართ რუსების სიყვარულზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა“ – ამბობს კანდელაკი – „სინამდვილეში ომის შემდეგ ადამიანები ქართულ კერძებს სულ უფრო მეტად მიეძალნენ. შეიძლება გიყვარდეს ქართული სამზარეულო და არ გიყვარდეს სააკაშვილი. ძალიან გემრიელი კერძებია იმისთვის, რომ ერთი ადამიანის გამო მათზე უარი სთქვა“.
 
© independent/ foreignpress.ge

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული