Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლევან ბერძენიშვილი – იდენტობის კულინარული დონე

კრებულიდან “საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე” (2005)

 
ეს უბრალო საკითხი არ გეგონოთ - სამზარეულო ნაციონალიზმის ნაწილს წარმოადგენს, რამდენადაც ის უეჭველად არის ეთნიკურობის შემადგენელი ერთ-ერთი ელემენტი.
თავის დროზე (კერძოდ კი 1974 წელს) ერთი წიგნის რეცენზიაში (ეს იყო ვ. ჭელიძის "ქართლის ცხოვრების ქრონიკები" - საქართველოს ისტორიის საყმაწვილო-პოპულარულ გადმოცემა) აკაკი ბაქრაძემ ასეთი რამ დაწერა: "ქართველმა კაცმა ამირანის თქმულებაც შექმნა და უფლისციხეც ააშენა, ვაზის ნაირნაირი ჯიშებიც გამოიყვანა და "ვეფხისტყაოსანიც" დაწერა, კლდეში ვარძიაც გამოკვეთა და საცივიც მოიგონა, სვეტიცხოველიც ააგო და სულგუნიც დაამზადა. დიახ, სრულიად შეგნებულად ვახსენე ერთმანეთის გვერდით, ერთი შეხედვით არსებითად განსხვავებული საგნები - ვარძია და საცივი, სვეტიცხოველი და სულგუნი. სულგუნისა და საცივის მომგონებელი ისეთივე ნიჭიერი კაცი იყო თავის საქმეში, როგორც "ვეფხისტყაოსნის" ავტორი. ვინც სულგუნს და საცივს ამზადებდა ისევე ინახავდა საქართველოს, როგორც დიდგორს გამარჯვებული მხედრები. როცა ჩვენი ხალხის შესახებ ვლაპარაკობთ, ფართო გაგებით მის ისტორიას ვყვებით, ყველაფერი ეს უნდა აღინუსხოს და აღიწეროს. აქ ჩანს სწორედ ხალხის შემოქმედებითი სული".
საბედნიეროდ, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი "პროფესიონალი პატრიოტების" ხანა, თავიანთი ცხოვრების მიზნად ეროვნულ ფასეულობათა უბიწოების დაცვა რომ გაუხდიათ, თორემ მოსალოდნელია, ვიღაცას ავტორის ჩაქოლვა მოენდომებინა იმ მოტივით, თითქოს ასე წერა არ შეიძლება, რომ ეს არის სიბრტყეების აღრევა, რომლის შედეგად მაღალი და დაბალი სრულიად გაუმართლებლად აღმოჩნდა დაყენებული ერთმანეთის გვერდით. სინამდვილეში კი, თუ ყველაფერში გარკვევა გვსურს, საკითხის ასე, მოულოდნელი კუთხით, დაყენებასაც არ უნდა მოვერიდოთ, უფრო მეტიც - ეს აუცილებელიც კი არის.
იდენტურობის კულინარული დონის მნიშვნელობის ნათელსაყოფად მხოლოდ ერთს ვიტყვი - წაკითხული მაქვს სერიოზული გამოკვლევა, სადაც ნათქვამია, რომ მშობელ ეთნოსთან კავშირის გაწყვეტის მხოლოდ ბოლოსწინა საფეხური არის სრული ინდიფერენტულობა ეთნიკური წარმომავლობისადმი, ხოლო სულ ბოლოს კვების პროდუქტებისადმი ერთგულება კვდება. და მართლაც, საკვირველიც კი არის, იმდენად გაგიჭირდებათ იმგვარი ქართველის პოვნა, რომელიც ისე მთლიანად იყოს ქართველობიდან გასული, რომ უარი ჰქონდეს ნათქვამი უკლებლივ ყველა ქართულ პროდუქტზე. შორს მიმავალი დასკვნების გაკეთებაში თუ ვერ დაგვეხმარება, იქნებ, სიმბოლური მნიშვნელობა მაინც ჰქონდეს იმ ფაქტს, რომ თვით ჯორჯ ბალანჩინიც კი, რომელიც არც ერთი ნიშნით (არც კულტურულად, არც ენობრივად, ნაციონალურ თვითცნობიერებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია) არ იყო ქართველი, საკუთარი ხელით ამზადებდა ხაჭაპურს და თავისი დასის წევრებს უმასპინძლდებოდა. ან კიდევ, წარმოვიდგინოთ ამავე ტიპის სიტუაცია - თბილისელი სომეხი, რომელიც თავის ეთნიკურ წარმომავლობას უკვე არანაირ მნიშვნელობას აღარ ანიჭებს, ქართულად ლაპარაკობს, სომხური არ იცის და კულტურულადაც ქართულ სამყაროს უფრო ეკუთვნის, ვიდრე სომხურს (თუ ლიტერატურული ილუსტრაცია გვინდა - მარეხ გეურქის ასული კარაპეტოვა ზ. ანტონოვის პიესიდან "მზის დაბნელება საქართველოში", რომელიც, თავისი ბებიისა და დედ-მამისგან განსხვავებით, შესანიშნავი ქართულით მეტყველებს, სომხური, არა თუ ფრაზა, ერთი სიტყვა, ერთი შორისდებულიც კი არ წამოსცდება და, უფრო მეტიც, საქმროს ერთგულებას რუსთაველის ზეპირად ნათქვამი სტრიქონებით ეფიცება); როდის შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის უკვე მთლიანად მოწყდა მშობელ ეთნოსს და თავის სომხურ ძირებთან აღარაფერი აკავშირებს? - იმ დროიდან, როცა მას დაახლოებით იმგვარივე დამოკიდებულება ექნება სუჯუკისადმი, როგორიც მაქვს მე: ჩემთვის ეს არის მხოლოდ ხორცის შეუბოლავი შენახვის უაღრესად საინტერესო სახეობა, მეტად ეკონომიური და გემრიელი... და სხვა არაფერი - მე თვალები არ მენთება და ნერწყვდენა არ მეწყება სუჯუკის ხსენებისას. ყველაზე უკეთ სწორედ გაფართოებული თვალები და ნერწყვის ყლაპვის ინტენსივობა შეგატყობინებთ სომხობიდან მისი გასვლის სისრულესა და ხარისხს.
არის რამდენიმე საკვები მცენარე, რომელიც ჩვენი, - ქართველების, - მხრიდან საგანგებო ყურადღებას იმსახურებს. უწინარეს ყოვლისა, ესაა წყავი, რადგან იგი მთლიანად და მხოლოდ ჩვენია - ამ შემთხვევაში მარტოდენ სახელი იგულისხმება და არა ბოტანიკური სახეობა: "წყ" და "ჭყ" ფონეტიკურ კომპლექსებს ჯერ მსოფლიოში არავინ შეგვდავებია და, არ ვიცი, აწი ვის გაუწყრება ღმერთი, რომ ამას შეგვედავოს. თანაც "წყავი" სამსავე ქართველურ ენაში არის დადასტურებული და, მაშასადამე, უეჭველად პროტოქართველური ტერმინია. ასე რომ, მსოფლიოს ბოტანიკურ რუკაზე რაოდენ მოულოდნელ წერტილშიც უნდა აღდგეს ეს სიტყვა, იქ ჩვენი წინაპრების ყოფნას, როგორც იტყვიან, წყალი არ გაუვა.
მეორე (ან იქნებ პირველი) ნაციონალური მცენარეა ქინძი. ფაქტია, რომ ჩვენს მეზობლად მცხოვრები ვერც ერთი ერი ან ეთნიკური ჯგუფი ქინძს ვერ ჰგუობს. ქინძი ნიახური არ გეგონოთ, რომელსაც ერიდებიან სომხები, იშვიათად ჭამენ რუსები, მაგრამ უყვართ აზერბაიჯანელებს. ქინძის ძირი კიდევ შეიძლება გამოიყენოს რუსმა, მაგრამ მწვანე ფოთლები - ნურას უკაცრავად. ეს ზუსტად ვიცი, რადგან კარგა ხანი დავყავი ზონაში, სადაც ჭამენ ყველაფერს, რისი ჭამაც შეიძლება, და იქაც კი, ქართველებს გარდა, ქინძს სათოფეზე არავინ ეკარებოდა. ასე რომ, "წყ" და "ჭყ" კომპლექსების არ იყოს, ქინძის ღირსებებშიც ჩვენსავით ვერავინ ერკვევა მსოფლიოში. სწორედ ამიტომ ვუწოდე ქართველებს "populus coriandri" - "ქინძის ხალხი" (მიუხედავად საფრთხისა, რომ გამოტყვრება ვიღაც ჭკუანაღრძობი ცილისმწამებელი, რომელიც უსინდისოდ დამაბრალებს, თითქოს მე ქართველებზე მეთქვას, ქინძები არიან-მეთქი).
და, ბოლოს, ნიგოზი... ქიმიკოსები ამბობენ, და, ალბათ, უნდა დავუჯეროთ, რომ თერმული დამუშავებისას ნიგოზი გამოყოფს მომწამლავ ნივთიერებას და, მაშასადამე, წამონადუღარი ნიგვზიანი კერძების ჭამა არ შეიძლება - ჯანმრთელობისთვის არის სახიფათო. მიუხედავად ამისა, ჩვენ დღემდე ვჭამთ საცივს და გოზინაყს და, მთელმა საქართველომაც რომ დაიჯეროს მათი მავნებლობა, უეჭველია, ხვალაც შევჭამთ. ლოგიკურია ვიკითხოთ, რატომ? რატომ არ ვემორჩილებით სამედიცინო არგუმენტებს? რატომ ვაყენებთ საფრთხის წინაშე ჩვენს ჯანმრთელობას? - სწორედ იმიტომ, რომ ქართველები ვართ, ხოლო ეროვნული სამზარეულოს ერთგულება ეს არის ქართველობასთან ზიარების, ჩვენი ეთნიკური ვინაობის დადასტურების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი და სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე თუნდაც ეგოისტური ინსტინქტები და საღი აზრის არგუმენტები (აღსანიშნავია, რომ არსებობს მეგრული ვერსია საცივისა - აუდუღარი ნიგვზით დამზადებული თეთრი საცივი, რომელიც ძალიან ლამაზია და თვალს ახარებს, მაგრამ ეფემერულია - ერთ დღეზე მეტს ვერ ძლებს. ამიტომ თუ სხვა მიზეზით, ოღონდ ის კი ფაქტია, რომ "კანონიკური" საახალწლო ნაციონალური დელიკატესის ადგილი სწორედ კერძის ანადუღარნიგვზიანმა ვარიანტმა დაიკავა და ჩვენ იმ ხალხების არცთუ მრავალრიცხოვან წრეში შეგვიყვანა, თერმულად დამუშავებულ ნიგოზს რომ შეექცევიან: მოულოდნელად დაგვაახლოვა ინდოელებთან და ჩინელებთან. თვით ჩვენი მეზობელი სპარსელებიც კი მეგრული ტიპის აუდუღარ საცივს ანიჭებენ უპირატესობას).
თუ ვინმე მაინც ვერ დავარწმუნე ეროვნული კერძების მნიშვნელობაში, მას შეუძლია ეს თავი ჩათვალოს გადახრად პატრიოტიზმის ცენტრალური თემიდან - გაუმართლებლად ვრცელ ექსკურსად (თუმცა, გულწრფელად ვაღიარებ, მას უფრო ისეთი დისკურსის გაქანებით და პრეტენზიით ვთხზავდი, მომავალში ავტორის განსაკუთრებული სიამაყის საგნად რომ უნდა იქცეს). ამ თემაზე საუბარს კი ლამის აღსარებით დავასრულებ და გაუგონარ მკრეხელობაში გამოვტყდები: ქართულ სამზარეულოშიც არის რაღაცეები, რაც მე არ მომწონს!!! ოღონდ, ამჯერად მეტს არას ვიტყვი, ამას ვიკმარებ და მხოლოდ დავძენ, რომ მაშინვე მოვიპოვებ ქართული სამზარეულოს დაუნდობელი კრიტიკის უფლებას, როგორც კი ქართული სახელმწიფოს შექების უფლება გამიჩნდება: აუცილებელია არსებობდეს იერარქიულად უფრო მაღალ საფეხურზე მყოფი უეჭველი ღირებულებები, რათა გაჩნდეს საეჭვოს გაკრიტიკების საშუალება.
თვით კერძების ზემოთ ესოდენ ხოტბაშესხმული მრავალფეროვნებაც კი დასაშვები და სასურველი არის მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს რაღაც სხვა ღირებულებები - ვთქვათ, მთელი ეთნოსის ან ნაციის მიერ გაფეტიშებული მითიური ან ისტორიული გმირი, საერთო რელიგია, ნაციონალიზმი, სახელმწიფო, ყველას მიერ პატივცემული საკონსტიტუციო სასამართლო... ამ დრომდე კი, უმჯობესია, არსებობდეს ხაჭაპურისა და ყველის მხოლოდ თითო სახეობა, რადგან მათი მრავალფეროვნება სახიფათოა - სუბეთნიკურ დაშლას გამოიწვევს. ხოლო იმ დროიდან, როცა არსებობს საერთოეთნიკური და სრულიად უეჭველი რელიგიური, კულტურული ან პოლიტიკური ღირებულებები, არათუ საშიში, სასურველიც კი ხდება მძაფრი დისკუსია საკითხზე, დასავლური ჯანჯუხა უფრო გემრიელია თუ კახური ჩურჩხელა (თუმცა, პირადად მე, როგორც თავგადაკლულ "ჩურჩხელისტს", ამ საკითხის მხოლოდ წამოჭრაც კი მიუტევებელ ბარბაროსობად მეჩვენება), რადგან კამათში მხოლოდ ის გამოირკვევა, რომ ორსავე ამ პროდუქტს ერთი და იგივე შინაარსი ჰქონია.
 
პუბლიკაცია ხორციელდებაღვინის კლუბისსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში


ძალიან საინტერესო წერილია


უკვე ათი წელია საქართველოს მოწყვეტილი ვარ, ყველაზე მეტად ჩვენი სამზარეულო მენატრება ხოლმე, რომელსაც მართლაც არ გააჩნია მსოფლიოში ბადალი მსგავსი არის, მაგრამ ჩვენნაირი არა, მართლაც გემოს ხელოვნება უმაღლეს დონეზე გვყავს აყვანილი


მომწონს!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული