Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რაჭისუბანი

მსუბუქი სადილი-გასეირნება მუზეუმში ღია ცის ქვეშ

ზაფხულის მოახლოებას აბაშიძის ქუჩის რესტორნების რიგი, შეიძლება ითქვას, მომზადებული შეხვდა; სიცხემ დააჭირა თუ არა, ყველა კაფე-რესტორანი უმალ ტროტუარის ხარჯზე გაფართოვდა. აქ დღეს ისე ვერ გაივლი, რომ იქ მყოფი საზოგადოების ჯერ ცნობისმოყვარე და შემდეგ არცთუ ისე კეთილგანწყობილი თვალი არ აიკიდო. ჩვენთან ჩვეულებრივი გამვლელი ხომ, ტრადიციულად, ყველაზე დაბალი კასტაა. მისი სივრცე - ტროტუარი ჯერ ახალმა შენობებმა ჩაყლაპა სამუდამოდ, შემდეგ, ტრადიციულად, შავი ფერის ჯიპ-ავტოზავრმა შეავიწროვა. და ბოლოს, მცოცავი ექსპანსია ტროტუარზე გამოდგმულმა ინდონეზიურმა მოწნულმა მაგიდა-სკამებმა დაასრულა. ამას კიდევ ეშველება, სეზონურია, მაგრამ, მაინც რა უნდა გაჭამონ, რომ აქ იჯდე, ხმაური, სიცხე და სივიწროვე იწვნიო, ცხვირწინ ას ორმოცით ჩაქროლებული მანქანების გამონაბოლქვზე რომ არაფერი ვთქვათ.
ხანდახან შორს წასვლა არ გამოდის, მაგრამ ზაფხულია, ჰაერი და ბუნება გიხმობს. ამიტომ გასულ კვირას რაჭის უბანში ავედით. ეს შენობა - რაჭული სახლი 1966 წელს დაარსებული ეთნოგრაფიული მუზეუმის ნაწილია. ათწლეულების განმავლობაში გამომწვარი ხის სახლი ავთენტიკური და შთამბეჭდავია. მუზეუმის საექსპოზიციო ერთადერთ, რაჭულ სახლში რომ რესტორანია, თავისთავად კარგია: ჯერ ერთი, თბილისში რაჭული პროფილის რესტორანი ძნელად იპოვება, მეორე - სამუზეუმო სახლი სულ გამოცოცხლებულია. აივნიდან მწვანეში ჩაფლულ ოდა სახლებსა და კარგად მოვლილ ეზოებზე გადის ხედი, წყნეთის ნიავი სასიამოვნოდ გაგრილებს.
რაც თავი მახსოვს, აქაურობა არასდროს არ შეცვლილა. ადრე მხოლოდ სეზონურ-დეფიციტური რაჭული ლორის (12ლ) ხათრით ამოვდიოდით, რომელიც აქ ზამთარ-ზაფხულ აქვთ. ლორის ნაჭრები იმდენად ცხიმიანია, რომ ზამთარშიც არ იკადრებს კაცი, ხაჭაპურ-ლობიანი - ძვირფასი. რატომღაც ბატკნის ჩაქაფული (15ლ) ხბოს ჩაშუშულზე (8ლ) ორჯერ ძვირი ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ტომატ-პასტითაა დამზადებული, ჩაქაფულს ჯობს, რადგან, ლორისა არ იყოს, ჩაქაფულში ძვლოვან-ცხიმოვანი ელემენტები ჭარბობს. კერძები სტანდარტულია, არაფრით გამორჩეული, თუმცა იაფფასიანი მსუბუქი სადილისთვის, მით უმეტეს, თუ განსაკუთრებულს არაფერს ელი, ცუდი გარიგება არ არის.
ერთი სიტყვით, აქაური გარემო სამზარეულოს ჯობს, იმდენად, რომ ნამდვილად ღირს ამოსვლა. მით უმეტეს, რომ ადრიანი სადილის შემდეგ (ან სადილამდე) მუზეუმის ვრცელ ტერიტორიაზე შეიძლება გასეირნება, სადაც მთელი საქართველოდან ჩამოტანილი ეთნოგრაფიული ძეგლები და მასალები მუზეუმის 14 ზონაშია განლაგებული. მეთერთმეტე ზონაში სიონის V-VI საუკუნეების ბაზილიკა დგას, გვერდით - რელიეფური საფლავის ქვების კოლექცია და აკლდამა. აქედან მუზეუმის ველურ ნაწილში შეიძლება გადასვლა, სადაც სულ გავიწყდება, რომ თბილისში ხარ.
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული