Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კულინარია და რენესანსი

ქვაბი და ნიჩაბი
 
ფრაგმენტი ჯონ დიკის წიგნიდან, DELIZIA!იტალიელებისა და მათი საკვების ეპიკური ისტორია“ (2008)

რენესანსის პერიოდში წვეულების გაფორმება ხელოვნების სიმაღლეზე იქნა აყვანილი. კვების კულტურა შეერწყა სხვა დარგებს: თეატრს, მუსიკას, ცეკვას, მხატვრობას, სკულპტურას და არქიტექტურას.
მე-16 საუკუნის დასაწყისში ფლორენციაში მზადდებოდა იმ ეპოქისათვის ყველაზე შთამბეჭდავი ფანტაზიით შესრულებული კერძები. ხელოვანთა ჯგუფი, რომელიც თავიანთ თავს უწოდებდნენ ”ქვაბის სამეგობროს”, საკუთარი მიღწევების აღსანიშნავად ხშირად მართავდა სადილებს. მათი მასპინძელი იყო მოქანდაკე ჯოვანი ფრანჩესკო რუსტიჩი. ჯგუფის თითოეულ წევრს კლუბის შეხვედრაზე უნდა წარმოედგინა ექსტრავაგანტულად მომზადებული კერძი. ერთ-ერთ ასეთ დაუვიწყარ საღამოზე რუსტიჩიმ აღნიშნული სამეგობრო სადილზე დაპატიჟა ღვინის კასრისაგან დამზადებულ უზარმაზარ სამზარეულო ქოთანში. ამ საღამოს მანვე წარმოადგინა 2 ყვერულისაგან დამზადებული მშვენიერი ქანდაკებები, რომლებიც განასახიერებდნენ ოდისევსის მიერ მამამისის გასაახალგაზრდავებლად მაგიურ ქვაბში ჩაყვინთვის სცენას. იმავე საღამოს ანდრეა დელ სარტიმ საზეიმოდ ”გახსნა” ფლორენციის წმინდა იოანეს სახელობის ემბაზის მსგავსი რვაკუთხა ტაძრის ასლი. მისი რვა კოლონა, რომელიც ქმნიდა პორფირის ქვისგან დამზადებულის შთაბეჭდილებას, სინამდვილეში დამზადებული იყო დიდი სოსისებისაგან და მას პარმეზანის ყველისაგან გამოქანდაკებული სვეტის თავები და შაქრის ორნამენტები ამკობდა. ტაძრის იატაკი ოსტატურად იყო მოკირწლული ჟელატინის მოზაიკით, მგალობელთა გუნდს კი ლორის ანაფორაში გამოწყობილი შაშვები ქმნიდნენ, რომელთა სანოტე წიგნები ლაზანიისაგან იყო დამზადებული, ხოლო მათ სამაგრს ხბოს ხორცისაგან მომზადებული ხატების დასასვენებელი მაგიდა წარმოადგენდა.
რუსტიჩი აგრეთვე იყო სხვა კლუბის - ”ნიჩბების სამეგობროს” წევრიც. ერთ-ერთი შეხვედრისას ამ კლუბის წევრებს სთხოვეს, რომ ამ წვეულებაზე მუშის ფორმებში გამოწყობილნი გამოცხადებულიყვნენ. როცა ისინი მოვიდნენ, მათ შენობის გეგმა წარუდგინეს და შესთავაზეს საკუთარი ნიჩბებით აეშენებინათ ის, მაგრამ დუღაბის  ნაცვლად მათ უნდა გამოეყენებინათ დატკბილული რიკოტა, სანელებლებსა და წიწაკაში შერეული სხვა ყველის სახეობები, სამშენებლო მასალად - აგურებად, ბლოკებად, და კრამიტებად კი ფუნთუშები, პურები და ტკბილი ფოკაჩის ნაჭრები. მუშაობის პროცესში მოსამსახურეებმა შემოიტანეს ღვეზელებითა და შემწვარი ღვიძლის ნაჭრებით მომზადებული კვარცხლბეკი, ასევე მოხარშული ყვერულებითა და ხბოს ხორცით სავსე კოლონა. ამავე კლუბის წევრები ხშირად მართავდნენ სადილებს ე.წ. ”ჯოჯოხეთში”, ეს იყო შემზარავად განათებული ოთახი, რომელიც მოხატული იყო ტანჯული სულების ფრესკებით, საშინელი კივილი და ყვირილი აპობდა ჰაერს, დემონის ტანსაცმელში გამოწყობილი მსახური აწყობდა რჩეული ხორცისაგან დამზადებული გველების, ობობების, ღამურების ფორმის კერძებს.
ჯოვანი ფრანჩესკო რუსტიჩი იყო დიდი სიმდიდრის მქონე დიდებულთა ოჯახიდან და ამდენად შეუზღუდავი, საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნებაში და სურვილების ასრულებაში. წვეულებები, რომელსაც ის აწყობდა ამ სამეგობროებთან ერთად, შთაგონებული იყო შემოქმედებითი თავისუფლებით. თუმცა ხშირად დიდი წვეულებები უფრო მასპინძლის ძალაუფლების მაჩვენებელი იყო, ვიდრე ხელოვნების ნიმუში, რადგან სხვა ოსტატებს, რუსტიჩისგან განსხვავებით, საკუთარი თავის დამკვიდრების მიზნით, ხშირად უწევდათ მდიდარი დამქირავებლისთვის ანგარიშის გაწევა. ერთ-ერთი ასეთი ხელოვანი იყო ლეონარდო და ვინჩი, რომელმაც 1489 წელს მილანში გააფორმა ჯან გალეაცო ფორცასა და იზაბელა არაგონელის საქორწინო ბანკეტი. ეს წვეულება, რომელიც სასახლეში გაიმართა, მმართველისათვის იყო შანსი ეჩვენებინა საკუთარი სიმდიდრე, გულუხვობა, მიმზიდველობა და სიდიადე.
თუმცა რუსტიჩისა და ამ სამეგობროების მიერ მოწყობილი წვეულებები გამოირჩეოდა ხელოვნებისა და კულინარიის უზადო შეხამებით, ამ ეპოქის კულინარიული შედევრების მწვერვალად მაინც მიიჩნევა 1529 წლის 24 იანვარს ქრისტეფორო და მასისბუგოს მიერ ორგანიზებული ფერარას პრინცისა და საფრანგეთის მეფის ასულის ქორწინების აღსანიშნავი წვეულება.

ინგლისურიდან თარგმნა რამაზ ნიკოლაძემ

© ღვინის კლუბი/vinoge.com


Bravo Maestro ! საინტერესო სტატიაა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.