Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოჯალეშის რთველი სამეგრელოში

ლევან სეფისკვერაძე

სამეგრელოში ოჯალეშის რთველი ქართული მედიასაშუალებების მიერ ბოლო ათწლეულების მანძილზე არ გაშუქებულა. ამას სამწუხაროდ ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა. გასული საუკუნის 90-იანი წლების პრობლემები მეგრულმა მევენახეობამ ყველაზე მწვავედ იწვნია და მოხდა ისე, რომ ოჯალეშის ვენახები ამ კუთხეში კატასტროფულად შემცირდა. თუკი 40-50 წლის წინ, მარტვილის რაიონის თითქმის ყველა სოფელში ვაზის წამყვან ჯიშს ოჯალეში წარმოადგენდა, ოჯალეში თანდათან ცოლიკოურმა და ჰიბრიდულმა ადესამ ჩაანაცვლა. ალაგ-ალაგ შემორჩენილ ოჯალეშს კი ბოლო დროს დამკვიდრებული მავნე ”ტრადიციის” გამო, შაქარ-წყალზე აყენებდნენ და ე.წ. “გაკეთებული ღვინის” სინდრომი სამეგრელოში დღემდე ფესვგადგმულია.

სიმინდი ვენახის ნაცვლად

მარტვილის რაიონში, თამაკონის თემის სოფელ თარგამეულში, 4 ნოემბერს “ეკოტურიზმის განვითარების ცენტრმა” და ღვინის კლუბმა ჟურნალისტებთან ერთად, პირველი მცირემასშტაბიანი ერთობლივი რთველი ჩაატარეს. ამ ღონისძიების მიზანი უპირველეს ყოვლისა მეგრული მეღვინეობისა და ოჯალეშის ჯიშის ვაზის პოპულარიზაცია გახლდათ. იყო დრო, როდესაც სამეგრელოში 30-ზე მეტი ვაზის ადგილობრივი ჯიში არსებობდა და ამ ჯიშების უმეტესობა ფართოდ იყო გავრცელებული მთელს რეგიონში. ბოლო პერიოდში კი მაღალხარისხიანი მეგრული ვაზის ჯიშებიდან, ადგილობრივ გლეხებს  ოჯალეშიღა შემორჩათ. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ოჯალეშის ვაზის შენარჩუნებისათვის სამწუხაროდ ბევრი არაფერი გაკეთებულა და დღეს მეგრული მეღვინეობა თავიდან ბოლომდე ენთუზიასტების იმედად არსებობს.

“აგერ, მდინარე ტეხურას აქეთა მხარეს, 1992 წლამდე სულ ოჯალეშის ვენახები იყო გაშენებული. ადგილობრივი კოლმეურნეობა საკმაოდ კარგ ღვინოს აწარმოებდა და ადგილზევე ყიდდა ანდა ურიგებდა გლეხებს. ღვინოს ქვევრშიც ვაყენებდით. შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და კოლმეურნეობის ვენახები გლეხებმა დავინაწილეთ, გლეხების უმეტესობამ ვენახს სიმინდის და სხვა კულტურების მოყვანა არჩია. როგორც იცით, ძალიან დიდი გაჭირვება იყო მაშინ ქვეყანაში და ელემენტარულად სიმინდიც კი ჭირდა. ღვინისათვის არავის ეცალა. ნავენახარზე სიმინდიდან დაწყებული დაირგო: თხილი, პომიდორი, ლობიო, გოგრა და სხვა... ბევრს დაგვწყდა გული ვენახებზე უარი რომ ვთქვით, მაგრამ მაშინ ოჯახის გამოკვება უფრო მნიშვნელოვანი იყო” – გვეუბნება სოფელ თარგამეულის მკვიდრი, ბესო ფარცვანია.

ადგილობრივი გლეხები უძველესი მეგრული ვაზის ჯიშით ღვინის კლუბის დაინტერესებამ ძალიან გაახარა და როგორც თავად ამბობენ, იმედი ჩაესახათ, რომ ასეთი ვიზიტები მათ კუთხეში მეღვინეობის აღორძინებას შეუწყობს ხელს. დაახლოებით იგივე მდგომარეობა დაგვხვდა შარშან, გურიაში ჩხავერის რთველში ყოფნის დროს. მაგრამ, ჩხავერის ჯიშის ვაზით ქართული ღვინის კომპანიებისა და ღვინის კლუბის დაინტერესებამ ბევრ გურულ გლეხს გადააწყვეტინა ძველ გზაზე დაბრუნება და დღეს ჩოხატაურის რაიონში არაერთ ეზოში შეხვდებით ჩხავერის ახალშენ ვენახებს.  

“თბილისს სუფთა ღვინოს არ მოვაკლებთ”

თარგამეულელების აზრით, დაბლარად გაშენებულ ერთ ძირ ოჯალეშის ვაზზე, თუკი ვენახს მოვლას არ დააკლებენ, მაქსიმუმ 1-1.5 კილოგრამი ყურძენი უნდა მოვიდეს. ოჯალეში სამეგრელოში მაღლარზეც არის გაშენებული, მაგრამ მაღლარზე ასული ვაზი საუკეთესო ხარისხის ყურძენს ვერ იძლევა. სამწუხაროა, რომ სამეგრელოში იშვიათობად იქცნენ გლეხები, რომლებიც კვლავინდებურად ქვევრის ღვინოს აყენებენ. ქვევრის უარყოფის მიზეზები აქაც იგივეა, რაც საქართველოს სხვა კუთხეებში. გლეხები ფიქრობენ, რომ “ქვევრის მოვლა ძალიან ძნელია” და “ქვევრს თავისებური სუნი აქვს.” თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ღვინის მყიდველების გამოჩენის შემთხვევაში, ქვევრებსაც დაუბრუნდებიან და არც ახალი ქვევრების ჩარგვაზე იტყვიან უარს.

ბაჩო გაბუნია, სოფელ თარგამულის მკვიდრი, მევენახე: “ოჯალეშს დღესაც ვწურავთ, მაგრამ ე.წ. ‘სუფთა წვენი” ანუ ნატურალური ღვინო ჩვენს მხარეში აქა-იქ თუ ექნება ვინმეს. ვენახების რაოდენობა მცირეა და იმის გამო, რომ ღვინო მთელი წლის განმავლობაში ყველას გვჭირდება, ღვინის რაოდენობის ამ გზით გაზრდაც ამიტომ ხდება. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენთან ბევრი ადამიანი უკვე ისე მიეჩვია “გაკეთებულ ღვინოს”, რომ ნატურალურს ისევ შაქარდაყრილი ურჩევნიათ. არის აზრი, რომ ოჯალეშის სუფთა წვენი სუფრაზე მძიმე დასალევია. ყველა თარგამეულელის დიდი სურვილია, რომ თბილისში და ჩვენი ქვეყნის სხვა მხარებშიც იცოდნენ, რომ ოჯალეში მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს სამეგრელოში. თუ ოჯალეშის ღვინის მყიდველი გამოჩნდება, თბილისს სუფთა ღვინოს არ მოვაკლებთ.”    

სოფელ თარგამეულში წელს შედარებით ნაადრევად დაიწყო ოჯალეშის რთველი. წელს მთელს დასავლეთ საქართველოში ყურძენი ადრე დამწიფდა. როგორც უკვე ვთქვით, სამეგრელოში ჩვენი ჩასვლის მიზანი ოჯალეშის ჯიშის ყურძნის პოპულარიზაცია იყო. ღვინის კლუბთან ერთად, მარტვილელებმა “ეკოტურიზმის განვითარების ცენტრს”, ამავე ცენტრის სამეგრელოს წარმომადგენლობას და ადგილობრივი ჟურნალისტებსაც უმასპინძლეს. ეს ღონისძიება კი მთლიანად ღვინის კლუბის წევრისა და “ეკოტურიზმის განვითარების ცენტრის” თანამშრომლის, ზაზა გაგუას მიერ იყო ორგანიზებული.

ზაზა გაგუა, ღვინის კლუბის წევრი: “მარტვილის რაიონში ღვინის ტურიზმი რომ განვითარდეს, აუცილებლად უნდა გაიზარდოს ღვინის ხარისხი და სხვადასხვა სოფლებში უნდა დაიწყოს ღვინის ადგილზე წარმოება. სამეგრელოში ამ ეტაპზე ეს ნაკლებად ხდება. ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივ გლეხებს ოჯალეშის ჩაბარებისათვის სტიმული გავუჩინოთ, რაც ჯაჭვური პრინციპით, ვენახების უფრო მასობრივად გაშენებას გამოიწვევს. წელს რამდენიმე ასეული კილოგრამი ოჯალეში შევიძინეთ ადგილობრივი გლეხებისაგან. მომავალში საკუთარი ვენახის ჩაყრასაც ვგეგმავ და ამის პარალელურად, არ მინდა გლეხებთან ურთიერთობის გაწყვეტა. ჩვენი სურვილია, რომ თარგამეულში მომავალში კოოპერატივის ტიპის მეურნეობა ჩამოყალიბდეს, სადაც ერთობლივად დაიწურება ყურძენი, დაყენდება ღვინო და მთელი სოფელი ერთად იზრუნებს ღვინის რეალიზაციაზე.”

მშრალი თუ ნახევრადტკბილი?

ოჯალეში სამეგრელოს სულ რამდენიმე სოფელშია შემორჩენილი. სოფელ სალხინოში ადგილობრივი მონასტრის ბერებმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გააშენეს ოჯალეშის ვაზი. თუმცა, მონასტერში მოწეული ყურძნისგან დაწურული ღვინო ქართული ღვინის ბაზარზე არ იყიდება და მხოლოდ მონასტერში სარიტუალო დანიშნულებით გამოიყენება. სალხინოს გარდა, ასევე, განსაკუთრებულ მოკროზონად ითვლება სოფელი თარგამეული, რომელიც მდინარე ტეხურას ორივე ნაპირზე მდებარეობს. მარტვილის რაიონის სოფლებს შორის ჯერ კიდევ მიმდინაროებს დავა იმასთან დაკავშირებით, თუ სად გაშენდა პირველად ოჯალეში – თარგამეულში თუ თამაკონში... როგორც ოფიციალური წყაროებიდან ვიცით, ოჯალეში მიურატმა გააკულტურა და სწორედ მან ”ჩამოიტანა” ვაზი ხიდან და ე.წ. ნახევარმაღლარი გააშენა.

იასონ შეროზია, “ეკოტურიზმის განვითარების ცენტრის” სამეგრელოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: “თარგამეულში ოჯალეშის რთველში ჩვენი ჩამოსვლის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ცენტრმა მარტვილის რაიონში ტურისტული შესაძლებლობების კვლევა გადაწყვიტა. ზოგადად ეს მუნიციპალიტეტი და მთელი რეგიონი ეკოტურიზმის განვითარების კუთხით მიმზიდველია, რადგან აქ არის განსხვავებული ბიომრავალფეროვნება. ასევე, მშვენიერი ადგილია საფეხმავლო ტურიზმისათვის. მრავალი სახით შეიძლება მუშაობა. სამეგრელოში ბოლო დროს მეღვინეობაში ბევრი პრობლემაა და ოჯალეშს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ეს უძველესი კოლხური ჯიში შეიძლება ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო გახდეს ახლო მომავალში.”

საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, ოჯალეში ძირითადადად წითელი ნახევრადტკბილი ღვინის სახით მზადდებოდა. ამის მიზეზი სავარაუდოდ ისიც იყო, რომ რუსეთში განსაკუთრებულად ტკბილი ღვინოები მოსწონთ და ქართული მეღვინეობაც სწორებას, როგორც წესი, სწორედ საბჭოელი მომხმარებლების სურვილებზე ახდენდა. არადა, ცნობილი ამბავია, რომ საუკუნეების მანძილზე, მეგრელები ოჯალეშისაგან წითელ მშრალ ღვინოს აყენებდნენ. ასევე ცნობილია რომ, მშრალად დაყენებული ოჯალეში დადიანებს ექსპორტზეც კი გაჰქონდათ შავი ზღვის აუზის ქვეყნებში.

სამეგრელოში, ისევე როგორც კახეთში ან იმერეთში, გლეხების დიდი ნაწილი ღვინის დაყენებას ყურძნის გაყიდვას ამჯობინებს. იქიდან გამომდინარე, რომ სამეგრელოში ოჯალეშის ვენახების ფართობები თუნდაც ქართლზე ან კახეთზე განუზომლად მცირეა, დღეს ადამიანმა შეიძლება მთელი სამეგრელო ისე მოიაროს, რომ ნატურალურად, შაქარ-წყალის გარეშე დაყენებული ოჯალეში ვერ დალიოს. ეს მაშინ, როდესაც სამეგრელოში ყოველთვის განსაკუთრებულად ბევრი ღვინო ისმებოდა და რაც მთავარია ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არავინ იცოდა ე.წ. გაკეთებული ღვინო რა იყო.

მშრალი ჰავით ცნობილ კახეთშიც კი, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ყურძნის ბუნებრივ შაქრიანობას 25-26 პროცენტამდე ასვლა გასჭირვებია. სოფელ თარგამეულში კი, ადგილობრივ ოჯალეშს შაქრიანობა 28-29 % აღმოაჩნდა. ეს დიდი სიურპრიზი შეიძლება იყოს ბევრი გამოცდილი ქართველი მეღვინისათვის. ყველაფერი (ისტორია, პოტენციალი, ხარისხი...) მეტყველებს იმაზე, რომ ოჯალეშსა და საერთოდ მეგრულ მევენახეობა-მეღვინეობას სათანადო ყურადღებისა და დაფასების შემთხვევაში, ძალიან კარგი პერსპექტივები გააჩნია. ამისათვის კი ადგილობრივ მეღვინეობაში არსებული პრობლემების ეტაპობრივი დაძლევაა საჭირო.     

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული