Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იურული პერიოდის სამზარეულო – რეცეპტები და სხვა

დიანა ანფიმიადი

დღეს ვიღაც მეტყვის, რომ წარმოუდგენელი სასწაულია 5 პურით და 2 თევზით ათასობით ადამიანის დაპურება, მე კი ვუპასუხებ – ესეთები მიკვირს? ჩვენთან ხმელი პური ხაჭაპურად, ხოლო იაფფასიანი ერბო შოკოლადის კარაქად იქცეოდა.
ხომ იცით რა წლები იყო?
მამა აღარ გვყავდა, სამნი ვიყავით და დედაჩემი, თითქმის პატარა გოგო, ცდილობდა, რომ როგორმე გაგვეძლო.
სახლი გვქონდა, რომელსაც ვერ ვათბობდით და კიდევ პატარა ბაღი გარეუბანში, ავჭალაში, სასაფლაოსთან ახლოს, სადაც მამა იყო დაკრძალული.
შაბათს და კვირას ავდგებოდით სამი ბავშვი და ერთი დედა და ფეხით მივდიოდით იქ, ტრანსპორტი უკვე აღარ იყო, ტრამვაი დადიოდა ათასში ერთხელ. მთელ ქალაქში არ იყო მაშინ ელექტოენერგია.
მერე ვბარავდით, ვრგავდით, მოგვყავდა – ლობიო, პომიდორი, ბადრიჯანი, მწვანილები, ხახვი, ნიორი, ვაზის პატარა ხეივანიც ჰქონდა დედას.
ერთხელ მამის საფლავზე შევლილებს დიდი კალათით წითელი პომიდორები მოგვპარეს, დღემდე მახსოვს.
დედა ამ მოსავალს აბინავებდა, გადაარჩევდა და ზაფხულში და შემოდგომის პირს იწყებოდა კონსერვების დამზადება.
საერთოდ ზამთრისთვის შესანახი პროდუქტების მომზადება ცალკე პარაგრაფია კულინარიის დიდ სახელმძღვანელოში. დედაჩემი ამ საქმეების მაგისტრი იყო – პომიდორი - მწვანე, ყვითელი და წითელი, ბადრიჯნის ათასგვარი სახეობა, მწვანე ლობიო ასე, ამით და კიდევ სხვაგვარად, ათასგვარი მწნილი – მკვახე ვაშლით დაწყებული თეთრი ბლით დამთავრებული. ნიორი, პრასი და ნიახური და ა.შ. და ა.შ. (სხვათაშორის, ამ ბოლო დროს დედამ კალმარების კონსერვიც კი მოამზადა , რითაც დიდი გაოცება გამოიწვია მეზობელ ბერძნებში).
მერე ამ ბაღის გაყიდვა მოგვიწია, როცა ჩემი და-ძმა წამოიზარდა და უნივერსიტეტისათვის მომზადების პერიოდი დაგვიდგა.
ერთფეროვანი, მაგრამ საინტერესო იყო იმ პერიოდის ჩვენი მენიუ, თუ კარტოფილი გქონდა, საერთოდ მეფური ვახშმის მომზადება შეიძლებოდა. კიდევ შავი პური, ლობიო, სოიო – რომელზეც უბრალოდ ლეგენდები დადიოდა, ხაჭაპურები უყველოთ და ა.შ.
თუ არ გაგისინჯავთ, აუცილებლად ნახეთ:
 
კარტოფილის პიცა
 
მასალად საჭიროა:
 
2 საშუალო ან ერთი დიდი ზომის კარტოფილი
1 თავი ხახვი
ერთი ჭიქა ფქვილი და წყალი და მარილი, რამდენიც ამ ფქვილის ცომად ქცევას დასჭირდება
ნახევარი ჩაის კოვზი ერბო – აღარ მახსოვს რა სახეობის იყო, მხოლოდ ის, რაც იმ დროს იყიდებოდა.
 
მომზადება:
 
ერბო გააცხელეთ ტაფაზე, მრგვლად დაჭრილი კარტოფილები შებრაწეთ, აგრეთვე ალყად დაჭრილი ხახვი რომ შეიბრაწება, თხელი ცომი მოამზადეთ და დაასხით, რამდენიმე წუთში მზად იქნება და გადმოიღეთ თეფშზე.
 
კატლეტი
 
მასალად საჭიროა:
შავი პური, გატარებული ხახვი, რაც შეიძლება ბევრი მწვანილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი – ყველაფერს გაატარებთ, ერთმანეთში აურევთ და შეწვავთ .
 
ხახვის ჩიპსები
 
მრგვლად დაჭრილი ხახვი, წყლით, ლუდითა და ფქვილით მომზადებული თხელი არაჟნის მაგვარი ცომი, ზეთი, მარილი – ხახვებს ამოავლებთ ამ ცომში და შებრაწავთ, მოაყრით მარილს.
 
ხახვის სუპი (ფრანგები შემედავებიან, მაგრამ მე სხვაგვარი რეცეპტი მაქვს)
 
წყალს აადუღებთ, დაჭრილ 2 ცალ კარტოფილს მოხარშავთ, ზეთში შებრაწულ ხახვს დაუმატებთ, 2 ღერი მწვანილი და მარილი.
 
პურის ხარჩო
 
ერთ ნაჭერ პურს ვჭრით კუბიკებად, ხახვს მოვხრაკავთ ერთ კოვზ ზეთში, ადუღებულ წყალში ჩავასხამთ, ჩავყრით პურის ნაჭრებს და გამოვრთავთ.
 
აჩმა
 
მარილიან წყალში დაალბეთ თონის პური და ზეთში შებრაწეთ,
 
ფენოვანი
 
ჩვეულებრივად ამზადებთ ფენოვან ცომს, ოღონდ მაწვნისა და მსგავსი ზედმეტი რაღაცების გარეშე, მოაყრით მარილს და გამოაცხობთ (განსაკუთრებული სტუმრებისთვის მარილიანი მაკარონის გულსართის გამოყენებად შეიძლება).
 
იმერული ხაჭაპური
 
ისევ აცხობთ ხაჭაპურს, მაგრამ ყველის ნაცვლად მოაყრით მარილს .
 
ნამცხვარი სიგუა
 
5 ვაშლი გახეხეთ, ნახევარი ჭიქა შაქარი, ერთი ჭიქა ფქვილი, სოდა – ძმრით - დაასხამთ ტაფაზე და გამოაცხობთ ღუმელში.
 
კიდევ: ნამცხვარი “გამსახურდია”, კარტოფილი “ა ლა ჯაბა”, მარილწყლის სუპი ნანულის რეცეპტებიდან, აჯიკა წიწაკისა და ნიგვზის გარეშე - “არძინბა”, ცარიელი პურის ჰოთდოგი – “მხედრიონი”, ტაფაზე მოხრაკული ხახვი პარლამენტის სამზარეულოს მენიუდან და ა.შ და ა.შ.
ერთ დილით დედამ გაიღვიძა და გვითხრა, წუხელ მთელი ღამე “ ედვარდინებს” ვაცხობდიო, ხო, ვაცხობდით და თანაც ვჭამდით.
დღეს ვიღაც მეტყვის, რომ წარმოუდგენელი სასწაულია 5 პურით და 2 თევზით ათასობით ადამიანის დაპურება, მე კი ვუპასუხებ – ესეთები მიკვირს? ჩვენთან ხმელი პური ხაჭაპურად, ხოლო იაფფასიანი ერბო შოკოლადის კარაქად იქცეოდა.
ხომ იცით რა წლები იყო?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული