Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

არის თუ არა ქართული სუფრის ტრადიციები ქართული

ლევან სეფისკვერაძე

 

საქართველოში იშვიათია მამაკაცი, რომლესაც ალკოჰოლური სასმელები მეტ-ნაკლებად არ იზიდავდეს. თუმცა დამკვიდრებულია აზრი, რომ ჩვენს ქვეყანაში, სლავური ქვეყნებისაგან განსხვავებით, ლოთური მიდრეკილების ადამიანები ძალიან მცირეა და ქართველები მხოლოდ მოლხენის გამო სვამენ. ამ შეხედულებას აბათილებს ერთ-ერთი ბრიტანული კვლევითი ცენტრის მონაცემები. ამ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საქართველოში ბოლო 5 წლის მანძილზე ალკოჰოლის მოხმარებამ 1.3%-ით მოიმატა. ეს ძალიან დიდი ციფრია, თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აშშ-ში, გერმანიაში, კანადაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში პირიქით ხდება და მოსახლეობაში ალკოჰოლური სასმელების პოპულარობა თანდათან იკლებს. ზრდა შეინიშნება მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებში, რუსეთში, უკრაინასა და პოლონეთში. ამ ქვეყნების მოსახლეობის ცხოვრების წესში არაყს მართლაც დიდი ადგილი უჭირავს. საქართველოში კი, როგორც ღვინის ტრადიციის მქონე ქვეყანაში, ნამდვილად უცნაურია ლოთობის მოყვარულთა ასეთი მატება. ბრიტანული კვლევითი ცენტრის `ა.ს.ლ.ნ.` კვლევისას პირველ რიგში გაყიდული სპირტიანი სასმელების შესახებ არსებულ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობოდა. ამ ციფრების დადგენისას არაა გათვალისწინებული საოჯახო პირობებში წარმოებული ალკოჰოლური სასმელები, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტად ეტანებიან. აქედან გამომდინარე ალკოჰოლური სასმელების მოხმარების ზრდა ადვილადაა შესაძლებელი, რომ 1.3%-ზე მეტიც იყოს.

ის, რაც სხვათაგან გადავიღეთ

არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში ბოლო დროს ლოთობის (და არა ქეიფის) სიყვარულის მიზეზები ჩვენი ისტორიის სათავეებთან უნდა ვეძიოთ. როდესაც ქართულ სუფრასთან და ღვინის სმასთან დაკავშირებულ ადათ-წესებსა და უძველეს ტრადიციებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, რომ იმ ადათების უდიდესი ნაწილი, რომელთაც ქართულად მივიჩნევთ, ხშირ შემთხვევაში სულაც არაა ქართული და შემოსულია სხვა ხალხების კულტურებიდან. თითქმის ყველა დამპყრობელმა ქართველებს საკუთარი კულტურის ელემენტები დაგვიტოვა და მრავალი არაქართული, მაგრამ დაუსაბუთებლად ქართულად მიჩნეული ტრადიცია დღემდეა შემონახული. ქართველი ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების ათეული წლების მანძილზე ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ ჩვენი სუფრული ადათ-წესები წმინდა კავკასიური ტრადიციების გარდა, მონღოლურ, არაბულ, ოსმალურ, ირანულ, ურარტულ, სკვითურ და კიმერიულ ტრადიციებსაც ეფუძნება.პრაქტიკულად არ გვყოლია ისეთი დამპყრობელი, რომელსაც ქართულ სიტყვიერებასა და სასმელის სმის კულტურაში რაიმე თავისი არ შემოეტანოს. ალექსანდრე ჯელაძე, ეთნოგრაფი: `მცდარი იქნება, თუკი დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ჩვენი კულტურა მხოლოდ კოლხურ-იბერიულ საწყისებზე აღმოცენდა. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ქართული სუფრა, რომელშიც წმინდა ქართული დღეს ძალიან ცოტა რამ თუ არის. ღვინის დაძალება მონღოლებისაგან გადავიღეთ. მონღოლებისათვის სუფრაზე ღვინის არ დალევა შეურაცმყოფლად ითვლებოდა და თუკი ვინმე მაინც არ დალევდა, ამის გამო ხშირად სიკვდილითაც კი სჯიდნენ. ჩვენთან სიკვდილით არ სჯიან, მაგრამ ამის გამო ჩხუბი არაერთხელ ამტყდარა. ქართულ სუფრაზე დღეს არსებული მერიქიფის ინსტიტუტი ირანულია, ისევე როგორც ტოლუმბაშობა. რაც შეეხება იმას, რომ ქართველ ქალებს ხშირად ძალით სვამენ სუფრასთან და აიძულებენ, მთვრალი ხალხის ცქერით თავი დაიტანჯონ, ესეც არაქართული ტრადიციაა და ამის ფესვები ჩრდილოკავკასიაში, კერძოდ კი დაღესტანში უნდა ვეძიოთ`.

ვახტანგ გორგასალი და დავით აღმაშენებელი პატარა ყანწით როგორ დალევდნენ?

ბოლო დროს გაჩნდა აზრი, რომ ქართულ სუფრაზე არსებული თამადის (სუფრის წინამძღოლის) ინსტიტუტი სულაც არაა წმინდა ქართული და მისი ფესვებიც დამპყრობლების ტრადიციებში უნდა ვეძიოთ. როგორც ჩანს, ეს შეხედულება არაა მართებული. ქართველი ეთნოგრაფების აზრით, თამადის ინსტიტუტი უდავოდ ქართულ ტრადიციებს ეფუძნება და რომ არა საბჭოურ ეპოქაში დამკვიდრებული თამადობის დამახინჯებული ფორმები, ეს ინსტიტუტი უდავოდ ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვნების მომცველი იქნებოდა. ალექსანდრე ჯელაძე: `თამადობა ნამდვილად ქართულია, მაგრამ არა იმ ფორმებით, როგორიც დღესაა. დღევანდელი თამადის სახე კომუნისტურ ეპოქაში ჩამოყალიბდა და ამ ტრადიციის ასეთ დამახინჯებას რუსებს უნდა `ვუმადლოდეთ`. ახლანდელი სუფრული მლიქვნელობა და პირფერობა რა თამადობაა? 1892 წელს გაზეთი `ივერია` წერდა, რომ ბრწყინვალე პიროვნებას - კოტე ბახუტაშვილს გადაუხადეს თამადობის დაწყებიდან 50 წლისთავი. კოტე ბახუტაშვილი ცოტას ლაპარაკობდა და ხალხს აძლევდა მოლხენის საშუალებას. სიმღერა, ცეკვა, იუმორი, კაფია, ლექსი, შაირი იყო ქართული სუფრის მშვენება. აი, ეს იყო თამადობა და ასე ესმოდათ ქართველებს მოლხენა სულ რაღაც ორი საუკუნის წინ.საქმე ბევრი ღვინის სმაში ნამდვილად არაა. ქართულ სუფრაზე ყველა იმდენს სვამდა, რამდენიც შეეძლო. ვახტანგ გორგასალი და დავით აღმაშენებელი ფიზიკურად ისეთი დიდები იყვნენ, პატარა ყანწით როგორ დალევდნენ? ეს წარმოუდგენელია! მაშინ ითქმებოდა მოკლე, ლაკონური და ომახიანი სადღეგრძელო. ქართველი კაცი ყოველთვის ილოცება. სადღეგრძელოც ერთგვარი ლოცვა იყო. უცხოელისთვის ჩვენი ახლანდელი ქეიფი გაუგებარია. უწინ, როცა სოფელი სალოცავში იყრიდა თავს, ყველას თავისი ღვინო - ზედაშე, ნამცხვარი, ხაჭაპური და ნაზუქი მიჰქონდა. კეთილგანწყობის ნიშნად, ქართველი კაცი ღვინის ჭიქას დაადებდა ხაჭაპურის ნაჭერს ან მთელ ხაჭაპურს და ვაჟიშვილს ეტყოდა: ეს მიუტანე ამას და ამასო. ეს იყო მოკითხვა და დალოცვა`.

ნალი, წვრილყელა ჭა და ხარის სისხლი

ისტორიკოსი გიორგი მალხაზიშვილი რამდენიმე წელია, ძველქართული ღვინის სმის და საერთოდ, სუფრული ტრადიციების საკითხზე მუშაობს და ბევრი თავისი კოლეგების მსგავსად ისიც მიიჩნევს, რომ ჩვენი ტრადიციების დიდი ნაწილი სხვა ხალხების კულტურიდანაა შემოსული. იგი იმასაც ამბობს, რომ სლავურ ქვეყნებში არსებული ლოთობის სიყვარული დიდწილად მონღოლებისაგან არის აღებული და ამ ტენდენციას თავის დროზე ვერც საქართველო გადაურჩა გიორგი მალხაზიშვილი, ისტორიკოსი: `ქართულ სუფრის წესებზე განსაკუთრებული კულტურული გავლენა, რა თქმა უნდა, მონღოლებმა მოახდინეს. მონღოლური ელემენტები ცხადად აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება. საქონლის მოვლის წესით დაწყებული და ქორწინება-ქელეხის რიტუალებით დამთავრებული, თითქმის ყველაფერში წააწყდებით მონღოლურ ელემენტებს. კაცის მხრიდან გლოვა რომ სირცხვილად ითვლება, ღვინოს რომ გათიშვამდე სვამენ, სახლების შესასვლელებში რომ ნალებს კიდებენ, წვრილყელიან ჭებს რომ აშენებენ, ხარის სისხლით საჭმელებს რომ კმაზავენ და სხვა… ეს ყველაფერი წმინდა მონღოლური ტრადიციის ნაყოფია და არანაირი კავშირი ქართულთან არა აქვს. ქართული სუფრა თავისი თავანკარა სახით რომ შემორჩენილიყო და მასზე ჯერ მონღოლებს, შემდეგ კი სპარსელებს, თურქებსა და რუსებს უარყოფითი გავლენა არ მოეხდინათ, დამერწმუნეთ, მსოფლიოში ბევრი დარწმუნდებოდა, რომ ღვინის სამშობლო ნამდვილად საქართველოა და ამ ჭეშმარიტების სააშკარაოზე გამოსატანად ამდენი ძალისხმევა არ დაგვჭირდებოდა. დღეს კი, როდესაც უცხოელი ხედავს ქართულ სუფრაზე არსებულ ღვინის დაძალების და გახშირებული ჩხუბების ფაქტებს, იგი, რა თქმა უნდა, ფიქრობს, რომ ნამდვილ ღვინის სამშობლოში ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს და რა გასაკვირია, რომ არც სჯერა ამ ყველაფრის...`

ის რაც ქართულია

ცნობილი ფაქტია, რომ კულტურული მრავალფეროვნება სხვადასხვა ტრადიციების შეჯერების შემდეგ ყალიბდება და ეს მოვლენა პროგრესის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტადაა შეფასებული. თუმცა საუბარია მხოლოდ სხვა ხალხების კარგ და მისაღებ ტრადიციებზე. ქართველი ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების აზრით, კი ჩვენ სხვა ხალხისაგან სუფრული ტრადიციების უმეტესად ცუდი მხარეები შევითვისეთ და სწორედ ამიტომაცაა, რომ ნამდვილი, ღირებული ქართული ადათების მოძიება ძალიან გვიან, 21-ე საუკუნეში გვიწევს. არადა, ის, რაც ათეულობით წლების მანძილზე ქართული სუფრის უძველესი ადათი გვეგონა, შესაძლებელია ყველაფერი იყო ქართულის გარდა. როგორი იყო ნამდვილი ძველქართული სუფრა, ამის დასადგენად გადავწყვიტეთ ისევ ეთნოგრაფებისათვის მიგვემართა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ ვარაუდის დონეზე დგინდება, მაგრამ მკითხველისათვის ამ სურათის აღდგენა ვფიქრობთ, რომ საინტერესო უნდა იყოს. დავით კობიძე, ეთნოგრაფი: `ძველი წყაროებისა და სხვადასხვა ეთნოგრაფიულ მასალების შეჯერების შემდეგ, ძველქართული სუფრის რამდენიმე ელემენტია გამოსაყოფი. პირველ რიგში უნდა გაიმიჯნოს საგლეხო და საბატონო ნადიმი. აღმოსავლეთ საქართველოში, გლეხებსა და თავადებს მეტ-ნაკლებად მსგავსი წეს-ჩვეულებები და სუფრის ტრადიციები ჰქონდათ. განსხვავება უფრო დასავლეთ საქართველოშია თვალშისაცემი. დავიწყოთ იმით, რომ იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში ქეიფი მაქსიმუმ სამი საათის მანძილზე გრძელდებოდა. სუფრის წინამძღოლი შესაძლებელი იყო ქეიფისას რამდენჯერმე შეცვლილიყო. საერთოდ, ცნობილია, რომ მე 19-ე საუკუნემდე ქართული სუფრა უფრო თავისუფალი იყო და ხშირად, როგორც დღეს ამბობენ, `ყველა თავისი ჭიქის თამადა იყო` თუმცა სუფრის წინამძღოლის ინსტიტუტი იქაც არსებობდა. თავადების სუფრა უფრო დიდ ხანს გრძელდებოდა. სუფრის წესების და სადღეგრძელოების დიდი ნაწილი უფრო თავადებისაგან შემორჩა. სადღეგრძელოები იყო ძალიან მოკლე, ხშირად რამდენიმესიტყვიანი და როგორც წესი ძირითადად სუფრის წევრები ერთმანეთს ლოცავდნენ და ჯანმრთელობას უსურვებდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად ქართლ-კახეთში იყო შემთხვევები, როდესაც ბატონი და გლეხი ერთ სუფრაზე ქეიფობდნენ. ცნობილი ამბავია, რომ გიორგი ამილახვარს ძალიან უყვარდა გლეხებთან ქეიფი და იმასაც კი ამბობდა: `გლეხებთან ქეიფს სხვა ეშხი აქვსო`. საერთოდ ქართლ-კახეთში კლასობრივი განსხვავება ძალიან თვალშისაცემი არ იყო, როგორც მაგალითად აფხაზეთში, სადაც აზნაურიც კი არ იკადრებდა გლეხთან პურის გატეხვას. ერთ-ერთი უძველესი კახური სადღეგრძელოებია: `სამი სახარება გვეწეოდეს`. `დავრჩენილიყავით` (ეს სადღეგრძელო ალბათ კახეთის მტრის მიერ მუდმივი აოხრებების შემდეგ გაჩნდა, როდესაც ხალხის ფიზიკურად გადარჩენა იყო მთავარი) და სხვა… იმერეთში ერთი ძალიან საინტერესო სადღეგრძელოს მივაგენი, რომელიც იმის ვარაუდის საკმაო საფუძველს იძლევა, რომ ძალიან ძველი უნდა იყოს - `გვეცადოს, რომ არ გვეცოდოს`, ჩემის აზრით ეს სადღეგრძელო ქართული სიტყვიერების პატარა შედევრია! დღევანდელ ქართულ სუფრაზე ძველი და ნამდვილად ქართული ელემენტები ძალიან მცირეა და რაც არის, ისიც თანდათან ქრება`. იმედია ამ საკითხზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება და მომავალში უფრო ნათლად გვეცოდინება თუ როგორი იყო ნამდვილი ძველქართული სუფრა. კარგი და ღირებული ტრადიციების აღდგენა ხომ ნაგვიანები, მაგრამ გემრიელი ნაყოფის მომცემი ხეჭეჭურის ხის დარგვას ჰგავს.



,,როდესაც ქართულ სუფრასთან და ღვინის სმასთან დაკავშირებულ ადათ-წესებსა და უძველეს ტრადიციებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, რომ იმ ადათების უდიდესი ნაწილი, რომელთაც ქართულად მივიჩნევთ, ხშირ შემთხვევაში სულაც არაა ქართული და შემოსულია სხვა ხალხების კულტურებიდან. თითქმის ყველა დამპყრობელმა ქართველებს საკუთარი კულტურის ელემენტები დაგვიტოვა და მრავალი არაქართული, მაგრამ დაუსაბუთებლად ქართულად მიჩნეული ტრადიცია დღემდეა შემონახული. ქართველი ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების ათეული წლების მანძილზე ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ ჩვენი სუფრული ადათ-წესები წმინდა კავკასიური ტრადიციების გარდა, მონღოლურ, არაბულ, ოსმალურ, ირანულ, ურარტულ, სკვითურ და კიმერიულ ტრადიციებსაც ეფუძნება.პრაქტიკულად არ გვყოლია ისეთი დამპყრობელი, რომელსაც ქართულ სიტყვიერებასა და სასმელის სმის კულტურაში რაიმე თავისი არ შემოეტანოს. ალექსანდრე ჯელაძე, ეთნოგრაფი: `მცდარი იქნება, თუკი დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ჩვენი კულტურა მხოლოდ კოლხურ-იბერიულ საწყისებზე აღმოცენდა. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ქართული სუფრა, რომელშიც წმინდა ქართული დღეს ძალიან ცოტა რამ თუ არის. ღვინის დაძალება მონღოლებისაგან გადავიღეთ." - ამას რომ ადამიანი დაწერს ის სტატია არც უნდა წაიკითხო :):) - ,,როდესაც ადამიანს ღვინის დაძალება ტრადიცია ჰგონია და მასზედ ამდენს საუბრობს მეცნიერული თვალსაზრისით! ეს უკვე საკმარისია მიხვდე თუ რა დონის მცოდნესთან გაქვს საქმე! მითუმეტეს თუ ამ ავტორს დაუჯერებთ უზველესი ღვინის და სუფრის ქვეყანას (ჯერ კიდევ მაშინ არსებულს როდესაც არ მონღოლები არ არსებობდნენ, არც რუსები და მრავალი სხვა და მათი ტრადიციებიც) თითქმის არ გვქონია (არ შემოგვრჩენია)საკუთარი ტრადიცია...მარტო უნდა გაიღიმო... მითუმეტეს ავტორმა არც ტრადიციის მეცნიერული განსაზღვრება იცის რადგან ტრადიცია ეს არის სიღრმისეული (კულტურული ჩვევა, რომელიც მკვიდრედება არა საუკუნის არამედ ათასწლეულთა განმავლობაში!!! მრავალი თაობების მიერ!!!) და იგი საუკუნეთა მანძილზე აერ ქრება, შეიძლება ადგილობრივს დაემატოს რამე სხვა ტრადიცია და არა გაქვრეს ადგილობრივი და იქცეს დამპყრობლის (თუნდაც რამდენიმესაუკუნოვანი) ბოგინის შემოტანილად... ადგილობრივი ტრადიციისთვის უცხო და მიუღებელი ტრადიცია, თითქმის შეუძლებელია რომ ნებაყოფლობით დამკვიდრდეს ერის კულტურაში...


ნამეტანი ბოდიში მომითხოვია, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები კონკრეტულად რას აკრიტიკებთ. ანუ იმის თქმა გინდათ, რომ სამეგრელოში ნებისმიერ დიდ სუფრაზე სასმელს ძალით რომ გასხამენ პირში ეს ტრადიცია არაა? მე არ ვიცი თქვენ "მეცნიერულ განსაზღვრებას" რას ეძახით, მაგრამ მთელი რიგი ტრადიციები, გამოთქმები და ჩვეულებები დამპყრობლების შემოტანილი რომაა, სიახლეა ამაში რაიმე? რაც შეეხება "უცხო და მიუღებელი ტრადიციის ნებაყოფლობით დამკვიდრებას", უმორჩილსად გთხოვთ გაეცნოთ თუ რა ხდებოდა საქართველოში ჯერ არაბების შემოსვლის დროს და მოგვიანებით – როსტომ მეფის ხანაში. მანდ ნახავთ, "უცხო და მიუღებელ" ისლამის ტრადიციებს ქართველები როგორი შხმუტუნით იღებდნენ...


ამ თემაზე ეთნოგრაფები მუშაობენ და ის რაც გამოკვლეულია და ფაქტებია ვერ შეცვლით ამის მტკიცებით.. ასევე სრულიად არ გეთანხმებით იმაში რომ უცხო და მიუღებელი ტრადიცია ვერ დამკვიდრდეს ერის კულტურაში ადგილს. ამაშიც ისტორია გვაძლევს უტყუარ ფაქტებს. აქვე დავამატებდი რომ დღეს შეიძლება ისეთივე დამპყრობლური მეთოდებით არა მაგრამ ქრება (და არა ემატება) ბევრი სწორედ თქვენი ნახსენები "ადგილობრივი" ტრადიცია და იცვლება არაქართულით. სტატია ძალიან საინტერესო იყო...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.