Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

1 კგ. რქაწითელისა და საფერავის თვითღირებულება 2015 წლის სეზონზე. შემთხვევის ანალიზი (Case Study) მუნიციპალიტეტების მიხედვით

რა უჯდება მევენახეს კახეთის რეგიონში 1 ჰა ვენახის მოვლა და მოსავლის აღება? 

რა რაოდენობით ყურძნის მოსავალს იღებს 1 ჰა ვენახზე?

რა არის 1 კგ. საფერავისა თუ რქაწითელის თვითღირებულება 2015 წლის სეზონზე?

და ა.შ.
ეს კითხვები ბოლო დროს არაერთხელ დაისვა ტელე- და ბეჭდვით მედიაში. იყო ყურძნის თვითღირებულების კალკულაციის ცალკეული შემთხვევები, შემოსავალ-გასავლის შეფარდების მიხედვით. 

ღვინის საინფორმაციო ცენტრი აგვისტოს დასაწყისიდან, ადრეული რთვლის პერიოდში აღნიშნული საკითხების გარშემო ცალკეულ შემთხვევებზე დაფუძნებულ ჩაღრმავებულ კვლევას ატარებდა. გამოვკითხეთ კახეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის - გურჯაანის, თელავისა და ახმეტის, როგორც ორგანული, ასევე, არაორგანული პრაქტიკის გამტარებელი მევენახეები.  

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არ არსებობს უნივერსალური მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი, შაბლონი, რის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ყურძნის თვითღირებულების განსაზღვრა სხვადასხვა პრაქტიკაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ფართობზე და ა.შ. ამიტომ ჩვენ თავს ვარიდებთ საშუალო ფასების დადგენას.

ამგვარი დათვლები, რასაც სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციები (მაგ. მედია, ბანკები) უძღვებიან, რამდენადმე, პირობითი და, ხშირ შემთხვევაში, არარეპრეზენტატულია. რადგან მათში არ არის გათვალისწინებული ის ფაქტორები, რამაც, შესაძლოა, ფასებში სხვაობები განაპირობოს.  

ეს ფაქტორები შეიძლება იყოს: 

ყურძნის ჯიში 

-    ერთი და იმავე ფართობის, მაგრამ განსხვავებული ყურძნის ჯიშის ვენახები სხვადასხვა რაოდენობის მოსავალს იძლევა.

-    ვენახის მოვლისა და რთვლის პროცესში სხვადასხვა ჯიშის ყურძნით გაშენებული ვენახები რესურსებს სხვადასხვა ხარისხით საჭიროებს, მაგალითად, მწვანე ოპერაციებში საფერავი გაცილებით მეტ მუშახელს ითხოვს, ვიდრე - რქაწითელი. 

ვენახის მდებარეობა 

-    ადგილობრივი მიკროკლიმატი და ნიადაგების სპეციფიკა ვენახის მოვლის (შეწამლვა, მოხნვა, კულტივაცია, მორწყვა და სხვ.) განსხვავებულ ხარისხს ითხოვს. ეს კი, ცხადია, ხარჯებშიც აისახება. 

-    ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზე დამოკიდებულია ვენახის მოსავლიანობა.

-    მუშახელის ანაზღაურება და ტრანსპორტის მომსახურება რამდენადმე განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიხედვით. 

ვენახის ფართობი 

-    მცირე მევენახეებთან მუშახელი მეტ შრომით ანაზღაურებას ითხოვს, ვიდრე - დიდ საწარმოებთან, სადაც მათ სტაბილურ ანაზღაურებას სთავაზობენ.

-    იმ მევენახეებს, ვისაც მიწის გადასახადი ეკისრებათ, ფართობის პროპორციულად ეზრდებათ გადასახადი. 

ვენახის ასაკი 

-    ვენახის ასაკი კავშირშია მის მოსავლიანობასთან.

-    ძველი ვენახების მფლობელები სახელმწიფოს მიწის გადასახადებს არ უხდიან, ახალი ვენახების მფლობელებს აღნიშნული ხარჯი ეკისრებათ. 

ფასების ცვლილებას, ცხადია, განაპირობებს ის ფაქტორი, თუ რამდენადაა ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ესა თუ ის მევენახე. მაგალითად, თუ ზოგიერთი მათგანი ტექნიკის დახმარებით წამლავს ვენახს (მათ შორის კი - მავანს თავად ჰყავს ტრაქტორი, ან - ქირაობს მას), სხვა, შესაძლოა, ხელის შრომით (მუშახელით, ან თავად) აგვარებდეს ამ პრობლემას და ა.შ. 

ზოგიერთი მევენახე საკუთარ ვენახს თავად უვლის. ცხადია, მისი შრომის შეფასება რთულია და ეს ფაქტორი მსგავს კალკულაციებში მხედველობის მიღმა რჩება. ამიტომ ჩვენი ყურადღების ფოკუსში ის ადამიანები მოექცნენ, რომლებიც ვენახის მოვლაში მუშახელს ქირაობენ. 

ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული ფაქტორი საბოლოო მონაცემებში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ცალკე წარმოგვედგინა თითოეული უნიკალური შემთხვევა. კახეთის სამი მუნიციპალიტეტიდან - გურჯაანიდან, თელავიდან და ახმეტიდან შევარჩიეთ სამ-სამი მევენახე, რომლებმაც ერთსა და იმავე ფართობზე (0.5 ჰა) შემოგვთავაზეს ვენახის მოვლისა და მოსავლის აღების თავიანთი კალკულაცია, აგრეთვე, მოსავლის რაოდენობა იმავე ფართობის მიწის ნაკვეთზე.  თითოეული შემთხვევის დეტალური ანგარიში შეგიძლიათ, იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში. 

ზურა ვეფხვიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. წინანდალი

ვენახის მოვლის ხარჯი (0.5 ჰა) - 2 270 ლარი
ყურძნის ჯიში - რქაწითელი
მოსავლის მოცულობა (0.5 ჰა) – 6 500 კგ. 
ყურძნის ჯიში - საფერავი
მოსავლის მოცულობა - 5 000 კგ. 
1 კგ. ყურძნის თვითღირებულება 
რქაწითელი - 0.17 ლარი
საფერავი - 0.22 ლარი

ზურაბ თოფურიძე, გია გამგონეიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. კონდოლი

ვენახის მოვლის ხარჯი (0.5 ჰა) - 2 745 ლარი
მოსავლის მოცულობა (0.5 ჰა) – 4 000  კგ. 
ყურძნის ჯიში - საფერავი 
1 კგ. ყურძნის თვითღირებულება - 0.68 ლარი

რეზო პეტრიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ხოდაშენი

ვენახის მოვლის ხარჯი (0.5 ჰა) – 1 662.5 ლარი
ყურძნის ჯიში - რქაწითელი 
მოსავლის მოცულობა – 2500 კგ. 
ყურძნის ჯიში - მწვანე 
მოსავლის მოცულობა - 2 000 კგ.
1 კგ. ყურძნის თვითღირებულება (საშუალო) – 0.36 ლარი

ალექსი ციხელიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, ობოლიძიანი

ვენახის მოვლის ხარჯი (0.5 ჰა) – 1 212 ლარი  
ყურძნის ჯიში - რქაწითელი 
მოსავლის მოცულობა - 1 250 კგ.
ყურძნის ჯიში - მწვანე
მოსავლის მოცულობა - 250 კგ.
ყურძნის ჯიში - ჟღია
მოსავლის მოცულობა - 125 კგ.
1 კგ. ყურძნის თვითღირებულება (საშუალო) – 0.74 ლარი

ზურა მალვენიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ხოდაშენი

ვენახის მოვლის ხარჯი (0.5 ჰა) – 4 469 ლარი
ყურძნის ჯიში - საფერავი
მოსავლის მოცულობა (0.5 ჰა) – 3 500 კგ. 
ყურძნის ჯიში - რქაწითელი 
მოსავლის მოცულობა - 5 000 კგ.
1 კგ. ყურძნის თვითღირებულება
საფერავი - 0.65 ლარი
რქაწითელი - 0.43 ლარი

ზალიკო ბერიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩუმლაყი

ვენახის მოვლის ხარჯი (0.5 ჰა) - 2 719 ლარი
ყურძნის ჯიში - საფერავი
მოსავლის მოცულობა (0.5 ჰა) – 4 900 კგ.  
ყურძნის ჯიში - რქაწითელი
მოსავლის მოცულობა -  3 900 კგ. 
1 კგ. ყურძნის თვითღირებულება
საფერავი - 0.38 ლარი 
რქაწითელი - 0.2 ლარი

მალხაზ შალაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ველისციხე

ვენახის მოვლის ხარჯი (0.5 ჰა) – 3 185 ლარი
ყურძნის ჯიში - რქაწითელი
მოსავლის მოცულობა (0.5 ჰა) – 6 500 კგ. 
ყურძნის ჯიში - საფერავი 
მოსავლის მოცულობა - 2 000 კგ. 
1 კგ. ყურძნის თვითღირებულება
რქაწითელი - 0.36 ლარი
საფერავი - 0.39 ლარი

გიორგი მამათელაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩუმლაყი

ვენახის მოვლის ხარჯი (0.5 ჰა) - 2 700 ლარი
მოსავლის მოცულობა (0.5 ჰა) – 7 500 კგ. 
ყურძნის ჯიში - რქაწითელი 
1 კგ. ყურძნის თვითღირებულება - 0.36 ლარი

შემაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ 

-    არაოგრანული მევენახეობის პრაქტიკაში 1 კგ. რქაწითელის ფასი 0.17-დან 0.43 ლარამდეა, ხოლო 1 კგ. საფერავისა - 0.22-დან 0.65 ლარამდე. 

-    ორგანული მეთოდებით მოვლილ ვენახში (თოფურიძე-გამგონეიშვილი, პეტრიაშვილი, ციხელიშვილი) 1 კგ. რქაწითელზე ფასი 0.36-დან 0.74 ლარამდე იზრდება, რაც შეეხება, საფერავის ჩვენ მიერ შესწავლილ მხოლოდ ერთ შემთხვევას (თოფურიძე-გამგონეიშვილი),  1 კგ. საფერავის თვითღირებულება 0.68 ლარს შეადგენს.

-    ორგანული პრინციპებით დამუშავებული ვენახი შედარებით იოლი შესანახია, თუმცა გაცილებით ნაკლებმოსავლიანი. შესაბამისად, ყურძნის თვითღირებულება ასეთ შემთხვევებში, მაღალია. 

როგორც ჩანს, მევენახეობა-მეღვინეობის ბიზნესში 2015 წელს მთავარ პრობლემას ქმნის არა იმდენად ყურძნის ფასი, არამედ - მისი სიჭარბე. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ 2015 წელს ყურძნის მოსავალი უხვია. 

ღვინის კომპანიების დიდი ნაწილი გასულ წელთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ყურძნის შეძენას აპირებს, რადგან ზოგიერთ მათგანს ღვინის ძველი რეზერვები არ ამოწურვია, ზოგი კი საკუთარი ვენახებიდან მოწეულ ყურძენს გადაამუშავებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი თვლის, რომ მევენახე სახლში ღვინის წარმოებას უნდა დაუბრუნდეს. ასე რომ, წლევანდელი წელი, შესაძლოა, საოჯახო მარნების განვითარების საქმეში ერთ-ერთი გარდამტეხი აღმოჩნდეს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



მოგესალმებით. თავად ვცადე მოძიება, მაგრამ ვერაფრით ვერ მივაგენი და იქნებ მითხრათ, როდესაც ხდება ყურძნის თვითღირებულების გამოთვლა, ვენახის მოვლის ხარჯში კონკრეტულად, რომელი ქვეპუნქტები არის შესული? დიდი მადლობა წინასწარ.


გამარჯობა! მეტი გამჭვირვალეობისთვის, ქეისებს თითოეული კალკულაცია მიმაგრებული აქვს. სათანადო სახელსა და გვარზე დაწკაპუნებით გადახვალთ Google Doc-ში და იხილავთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას.


გამარჯობა. რუსთავიდან იყალთოში ვუვლით ნახევარ ჰექტარ ვენახს სადაც მეტწილად რქაწითელია და საშუალოდ წელიწადში 1500 ლარი ჯდება მისი მოვლა (ყურძენი რუსთავში მიგვაქვს და იქ ვწურავთ და ამის ჩათვილთ არის 1500 ლარი). გზაში გვეხარჯება საშუალოდ 350 ლარი. ადგილზე გლეხებს გზის ფული ხომ არ ეხარჯებათ და შესაბამისად 1300 ლარზე მეტი არ ექნებათ ხარჯი. მეჩხერი ვენახია და 4 ტონა მოვიდა შარშან, წელსაც დაახლოებით იგივეს ველოდებით. 1500 ლარის პირობებში 37,5 თეთრი გამოდის 1კგ. ყურძნის თვითღირებულება (ვისაც კარგი ვენახი აქვს 0,5 ჰა-ზე 6 ტონასაც აიღებას და უფრო ნაკლები იქნება თვითღირებულება). რა აყვირებს ამ გლეხებს და რატომ უნდა უხადოს სახელმწიფoმ ჩემი ჯიბიდან ფული? ან სხვა მაგალითი რომ ავიღოთ, ხორბლის ფასი შარშან 55 თეთრი იყო აღებისას და წელს 37 თეთრად იბარებდნენ წისქვილკომბინატები. მაშინ მათ რატომ არ უნაზღაურებენ სხვაობას?


სრულიად ვეთანხმები ზურას რუსთავიდან ... ჩემს ახლობელს შარშან დაგეგმილთან შედარებით მოსავლის ნახევარი ხორბალი მოუვიდა გვალვის გამო და მას არც მოუთხოვია და არც არავის მიუცია სუბსიდია. იმ თანხებით რასაც გლეხებს უხდიან სჯობს სახელმწიფომ სარწყავ სისტემას ან სხვა რამეს მიეხედოს სოფლის მეურნეობაში.


ძველ დროში ჩემი ახლო ნათესავიდან ვიცი, რომ 1კგ ყურძნის თვითღირებულება 1985 წელს შეადგენდა 1,69 მანეთს, თუ ამ კურსით მივუდგებით დღეს ყურძნის თვითღირებულება იქნება მინიმუმ 7,5 ლარი და მაქსიმუმ 15,0 ლარი. თქვენი დათვლა კი მარტო საბრუნავ სახსრებს ეხება, რაც არასწორია. ჩემი აზრით თვითღირებულებაში უნდა შევიდეს მოსავლის მინიმუმ 25 წლიანი დანახარჯები და შემდეგ გაიყოს მოსავლის რაოდენობაზე, რაც არანაკლებ 10,0 ლარი იქნება. პატივისცემით . ...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.