Home
ქართული | English
ოქტომბერი 2017
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ნატურალური ღვინოები ლონდონში

ლევან სეფისკვერაძე

20-21 მაისს, ლონდონში გაიმართა ნატურალური ღვინოების გამოფენა - Raw Fair 2012, რომლის ორგანიზატორი გახლდათYცნობილი ფრანგი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი. ლონდონის ერთ-ერთ ძველ ლუდსახდელში ნატურალური ღვინოები მსოფლიოს თითქმის ყველა ღვინის მწარმოებელმა ქვეყანამ წარმოადგინა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან კი, ლეჟერონმა მხოლოდ ქართველი მეღვინეები მიიწვია.

მოგზაურობა მსოფლიოს ნატურალური ღვინის სამყაროში

გამოფენაზე ცხრა ქართველმა ნატურალური ღვინის მწარმოებელმა მცირე მარანმა მიიღო მონაწილეობა. გამოფენის ორგანიზატორებმა მათ ერთი მოზრდილი სტენდი დაუთმეს. მცირე მარნების მეღვინეებისთვის ლონდონში ვიზიტი საკმაოდ ხარჯიანი იქნებოდა, მაგრამ სამგზავრო ხარჯებზე ქართულ-ბრიტანულმა სავაჭრო პალატამ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და ტურიზმის დეპარტამენტმა იზრუნეს. სწორედ მათ მიერ მიერ გამოყოფილი თანხებით მოხერხდა ნატურალური ქართული ღვინის გაცნობა ბრიტანელი მომხმარებლებისათვის.

მსგავსი ღონისძიება ლონდონში შარშანაც გაიმართა. თუმცა, წელს მონაწილეთა რაოდენობა ბევრად უფრო მეტი იყო. აშკარაა, რომ მსოფლიო მეღვინეობის ე.წ. ნატურალისტური ფრთა თანდათან ძლიერდება და უფრო მეტ კონკურენციას უწევს ინდუსტრიულ ღვინოს. Raw Fair 2012-ის პარალელურად, ლონდონში ასევე იმართებოდა მეორე თითქმის ანალოგიური გამოფენა, სახელწოდებით: Raw Real Fair.თუმცა, ქართველი მეღვინეების უმეტესობამ მაინც იზაბელ ლეჟერონის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რადგან ფრანგ ენოლოგთან მათ მეგობრობაც აკავშირებთ. ამ გამოფენების მთავარი მიზანი იყო ბრიტანეთში მსოფლიო ნატურალური ღვინის პოპულარიზაცია და ნატურალური ღვინის მწარმოებლების ერთმანეთთან დაახლოება. ცნობილია, რომ ბრიტანეთის ღვინის ბაზარი მთელს მსოფლიოში ერთგვარად ტონის მიმცემია და აქ შესულ ღვინის კომპანიებს უკვე მთელს მსოფლიოში აქვთ გზა ხსნილი.

ლონდონის ღვინის გამოფენას ათასობით ადამიანი დაესწრო. გამოფენის პირველ დღეს ორგანიზატორებმა ბილეთები გაყიდეს. ბილეთის ნებისმიერ შემძენ ლონდონელს შენობის შესასვლელში აძლევდნენ ღვინის ახალ ფუჟერს და მას უკვე შეეძლო მსოფლიოს ნატურალური ღვინოების სამყაროში ემოგზაურა, დაწყებული ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ღვინიდან და დამთავრებული ქართული და სლოვენიური ღვინით. გამოფენის მეორე დღე მთლიანად ღვინის სპეციალისტებსა და დისტრიბუტორებს დაეთმოთ, რომლებიც იქვე არჩევდნენ და ინიშნავდნენ მათთვის საინტერესო ღვინოებს, რომლებიც შემდგომში უნდა შეეძინათ.

Raw Fair 2012-ის ორგანიზატორებმა გამოფენის გაპიარებისთვის საკმაოდ დიდი თანხები დახარჯეს. გამოფენამდე რამდენიმე თვით ადრე ამ ღონისძიების შესახებ, ინგლისის ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით, ბევრმა ლონდონელმა იცოდა. ამას გარდა, ძალზე აქტიურად იყო ჩართული სოციალური მედიაც.

ღვინოზე “მონადირეები”

როგორც გამოფენის ქართველმა მონაწილეებმა გვითხრეს, ინგლისელმა ღვინის მოყვარულებმა უკვე იციან ქართული ღვინის შესახებ. ქართველი მეღვინეების გასაკვირად, ბრიტანელებს ჩვენს ღვინოზე საკმაოდ ტევადი ინფორმაცია ჰქონდათ. ამას გარდა, გამოფენას ინგლისში მცხოვრები არაერთი ქართველიც დაესწრო. ქართველი მეღვინეები იუმორით იხსენებენ, როგორ “ნადირობდნენ” ქართველები ქართული ღვინის მოსაპოვებლად და სახლში წასაღებად. მათ იმდენად მონატრებოდათ ნატურალური ქართული ღვინო, რომ ბევრი იქაური ქართველი მეღვინეებს ფულსაც სთავაზობდა ღვინის სანაცვლოდ.

გამოფენის მიმდინარეობისას გვერდით დარბაზში მეღვინეობასთან დაკავშირებული სიანტერესო სემინარებიც იმართებოდა, სადაც დაინტერესებულ მეღვინეებს, პარალელურად, მრავალი საინტერესო და ახალი ინფორმაციის მიღებაც შეეძლოთ. ნატურალური ღვინის მწარმოებელ მეღვინეებს ერთი მეტად საინტერესო თვისება აქვთ და ეს ლონდონის ღვინის გამოფენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ”ნატურალისტები” ერთმანეთს არა კონკურენტებად, არამედ თანამებრძოლებად აღიქვამენ. ნატურალური ღვინის მწარმოებლები ფიქრობენ, რომ მსოფლიოს ღვინის წარმოებაში მათი ღვინის ხვედრითი წილი იმდენად მცირეა, რომ ერთმანეთთან კონკურენციას, უბრალოდ, აზრი არა აქვს და ამას სჯობს, გაერთიანებული ძალებით იბრძოლონ ეკოლოგიურად სუფთა ღვინის  პოპულარიზაციისათვის.

ქართველი მეღვინეების ნაწილი აქამდე მიიჩნევდა, რომ ასეთი ”შინაურული” მიდგომები მხოლოდ ქართული რეალობის ნაწილი იყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მთელი მსოფლიოს ”ნატურალისტები” ერთმანეთისადმი სწორედ ასეთი მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ქართველი მეღვინეები მიიჩნევენ, რომ თუ ყველა ნატურალური ღვინის მწარმოებელი და მოყვარული ერთად არ იქნება, მხოლოდ ქართული ნატურალური ღვინო მსოფლიოში გზას მარტო ვერ გაიკვალავს. ინგლისში ნატურალური ღვინოები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ღვინის მოყვარულებს უნდათ ის, რაც გამორჩეული და ხარისხიანიაა. მათ უკვე იციან, რომ ღვინის ხარისხი მხოლოდ საერთაშორისო კონკურსებზე მოპოვებული მედლებით არ განისაზღვრება. მით უმეტეს, ნატურალური ღვინოების გამოფენებზე კონკურსები და შეჯიბრებები იშვიათად იმართება.

მთელი წელი ჭაჭაზე დატოვებული ესპანური ღვინო

გამოფენაზე ღვინის სპეციალისტები და მოვაჭრეები მიწვეულები იყვნენ არა მხოლოდ ინგლისიდან, არამედ ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებიდან და ა.შ. ასეთი ტიპის გამოფენებზე გურმანები და დისტრიბუტორები, ძირითადად, ინფორმაციებს აგროვებენ და შემდეგ უკვე მეღვინეებსა და ღვინით მოვაჭრეებს შორის მყარდება კონტაქტები. ქართველ მეღვინეებს, ევროპელებისაგან უკვე არაერთი საინტერესო შეთავაზება აქვთ.  აშკარაა, რომ ქართული ღვინო თანდათან იბრუნებს თავის ავტორიტეტს ევროპაში. ასევე იზრდება ქართული ქვევრისადმი ინტერესიც.

ნატურალური ღვინის გამოფენაზე მიწვეული მეღვინეები ერთმანეთის ღვინოებსაც სინჯავდნენ. ქართველი მეღვინეების განსაკუთრებული მოწონება ესპანურმა ღინოებმა დაიმსახურეს. გამორჩეული ინტერესი კი ერთ-ერთი მხცოვანი ესპანელი მეღვინის მიერ დაყენებულმა ღვინომ გამოიწვია. ამ ესპანელ მეღვინეს ღვინო ზუსტად ერთი წლის მანძილზე მთლიანად ჭაჭაზე ჰქონდა დატოვებული და როგორც ღვინით გაკვირვებული ქართველები ამბობენ, ასეთმა თამამმა ექსპერიმენტმა და გასინჯული ღვინის ხარისხმა ძალიან მოხიბლათ. ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა სლოვენიურმა ღვინოებმა, რომლებიც მკვეთრად გამოირჩეოდნენ სხვა ღვინოებისაგან. ეს ყველაფერი ქართველ მეღვინეებს იმედს აძლევთ, რომ საქართველოში სულ მალე დადგება დრო, როდესაც ღვინის ქართველ მოყვარულებს ქართულის გარდა, სხვა ქვეყნების ნატურალური ღვინოების გასინჯვაც შეეძლებათ.

ინგლისიდან საქართველოში დაბრუნებულმა ცხრა ქართველმა მეღვინემ ლონდონიდან 30-მდე დასახელების უცხოური ნატურალური ღვინო ჩამოიტანა. ეს ღვინოები მათ ევროპელ და ამერიკელ ნატურალური ღვინის მწარმოებლებს საკუთარ ღვინოში მეგობრულად გაუცვალეს და უახლოეს მომავალში ამ იშვიათი ღვინოებით ღვინის სპეციალისტებისათვის დეგუსტაციის მოწყობას გეგმავენ. ჩამოტანილი ღვინოების აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი ღვინის სპეციალისტებისათვის ახალი თუნდაც იმიტომ იქნება, რომ ღვინის ეს ნიმუშები ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება და ვერც ერთ დიდ სავაჭრო ქსელში ვერ შეხვდებით.

როკ-ენ-როლი ქართულ ფანდურზე

ლონდონის ღვინის გამოფენაზე მიწვეული მეღვინეებისათვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო გამოფენის კულმინაცია – ქართული სუფრა, რომელიც მეღვინეებს ქართულ-ბრიტანულმა სავაჭრო პალატამ და ტურიზმის დეპარტამენტმა დაახვედრა. ქართული ტრადიციული კერძებით გაწყობილ სუფრაზე გამოფენის მონაწილე უკვლებლივ ყველა მეღვინე იყო მოწვეული და ის საღამო ბევრ ადამიანს ალბათ სამუდამოდ დაამახსოვრდება.

ავსტრალიელმა, ზელანდიელმა, ამერიკელმა, ქართველმა, ჩილელმა, ფრანგმა, ხორვატმა, სლოვენიელმა, გერმანელმა, იტალიელმა და კიდევ სხვა ქვეყნების მეღვინეებმა, ქართულ სუფრას საკუთარი ღვინოები შემატეს და შეიძლება ითქვას, რომ ერთ დიდ ქართულ სუფრაზე თითქმის მთელი მსოფლიოს ნატურალური ღვინო იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, ანსამბლ ”ქართული ხმების” მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერებით აღფრთოვანებული უცხოელი მეღვინეების ემოციები, ნორვეგიელი მეღვინის მიერ ქართულ ფანდურზე შესრულებული როკ-ენ-როლი და ქართველი მეღვინეების: კახა ბერიშვილის და სოლიკო ცაიშვილის ბულგარულ მეღვინეთან ერთად შესრულებული ბულგარული სიმღერა.  

ლონდონში გამართულმა ნატურალური ღვინის გამოფენა Raw Fair 2012-მა ქართველი და არა მარტო ქართველი მეღვინეების მოლოდინები ნამდვილად გაამართლა. მათ დაინახეს, რომ ნატურალურ მეღვინეობას მომავალი მთელს მსოფლიოში აქვს. გამოფენაზე იყვნენ მეღვინეები, რომლებიც ნატურალური ღვინის წარმოებაზე სულ ახლახანს გადავიდნენ. გამოფენის უკლებლივ ყველა მონაწილე, პირველ რიგში, იზაბელ ლეჟერონს ემადლიერება - ქალს, რომელმაც ნატურალური ღვინის პროპაგანდისათვის მთელს მსოფლიოში ბევრი რამ გააკეთა და მომავალშიც ბევრს გააკეთებს. მარტო ის რად ღირს, რომ მის მიერ ორგანიზებული მსოფლიოს ნატურალური ღვინის გამოფენები უკვე ყოველ წელს გაიმართება.       

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.
საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.