Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო შეცდომებისა და შესაძლებლობების ზღვარზე

მალხაზ ხარბედია

ქართულ ღვინოს რომ დიდი შესაძლებლობები აქვს ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე, ამაზე ყველა საუბრობს, მაგრამ ჩვენს მიერ წარსულში დაშვებული შეცდომები და ის არასწორი გზა, რომელსაც ჯერ კიდევ ვადგავართ, ძალიან გვიშლის ხელს მართალი გეზის აღებაში და ახალი, განსაკუთრებული მიდგომების ჩამოყალიბებაში. ქართული ღვინის მსხვილ და შედარებით მცირე კომპანიებს, რა თქმა უნდა ყველას აქვს თავიანთი მარკეტინგული ხედვები, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ვერ გააკეთეს მკვეთრი, გნებავთ ერთიანი არჩევანი, რაც ქართულ ღვინოს სრულიად ახალ იმიჯს შეუქმნის.

ქართული ღვინის მარკეტინგი და მის იმიჯზე ზრუნვა, დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა. “ღვინის კლუბის” წევრებსაც არაერთხელ დაუწერიათ ამ პრობლემაზე, საჯარო პუბლიკაციებში თუ ფორუმზე, რამდენიმე დღის წინ კი, 1 ნოემბერს, ჩვენთან, კლუბში მარკეტოლოგი ნიკო თევდორაშვილიც მოვიწვიეთ, ვინაც ძალზე საინტერესო მოხსენება წაიკითხა თემაზე: „ქართული ღვინის მარკეტინგი დღეს – შეცდომები და შესაძლებლობები“. მოხსენებას კამათიც მოყვა, გამოითქვა მრავალი განსხვავებული აზრი, გარკვეულ დასკვნებამდეც მივედით, თუმცა, ცხადია, ეს ერთი შეხვედრა ვერ გადაწყვეტს პრობლემას, რომელსაც მრავალი წახნაგი აქვს და სწორი მარკეტინგის გარდა იგი ხარისხზე, მომხმარებლის გათვითცნობიერებაზე და ბევრს სხვა რამეზეა დამოკიდებული. ამ მოკლე სტატიაში ყველაფერს ვერ შევეხებით, თუმცა შეიძლება მოინიშნოს ერთი ძირითადი თემა, რის გამოც თანამედროვე ქართული ღვინო ერთ ადგილს ტკეპნის.

ყველაფერი კი ერთი მარტივი კითხვიდან შეგვიძლია დავიწყოთ, და ეს კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რატომ გახდა ჩვენი ღვინო ასე დამოკიდებული მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბაზარზე? ამ შემთხვევაში რუსულზე და რის გამო იყო, რომ წლების განმავლობაში საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა უფრო ფართო ხედვები, რაც საშუალებას მოგვცემდა ქართული ღვინო არამხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბანაკის, არამედ ყველაზე საინტერესო და მკაცრ ბაზრებზედაც დაგვემკვიდრებინა? ამ მხრივ არც დღეს შეცვლილა რამე, დღესაც, ისევე, როგორც 2005 წელს, ქართული ღვინის ექსპორტის წილი ძალიან ერთფეროვან ბაზრებზე მოდის - უკრაინის, ყაზახეთისა და ბელორუსიის ბაზრებზე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის ნახევრადტკბილი ღვინოები, რომელიც ამ ქვეყნებში ყველაზე მოთხოვნადია, ნამდვილად არ წარმოადგენს ქართული ღვინის სახეს. აუცილებელია, რომ პოზიციები არ დავკარგოთ ამ ქვეყნებში და პირიქით, გავფართოვდეთ, მაგრამ გაცილებით დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ღვინოებს, რომელიც ქართული ღვინის ახალ სახეს შექმნიან.

რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის 20 წლიანი გამოცდილება წყალში არ უნდა ჩაიყაროს და შეცდომების დაშვების შემდეგ ყველას აქვს შანსი გამოასწოროს ეს შეცდომები, ისევე როგორც, ყველამ, ვინც ამ პერიოდის მანძილზე წარმატებას მიაღწია, ხელიდან არ უნდა გაუშვას ეს სადავეები. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, ერთი რამ ნამდვილად შეიძლება დანანებით ითქვას: მთელი ამ წლების მანძილზე, შედეგის მისაღწევად პირველ რიგში აუცილებელი იყო საბჭოთა ნოსტალგიური იმიჯი ახალი, ჯანსაღი მიდგომებით ჩაგვენაცვლებინა, სადაც თავის ადგილს დაიკავებდა თანამედროვე ტიპის ღვინოებიც და ტრადიციული, უძველესი ტექნოლოგიებით დამზადებული ქართული ღვინოებიც. ამ თემებზე ჩვენ საკმაოდ გვიან ჩავფიქრდით, სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ამ საკითხების მოგვარება და მისი საბოლოო გადაწყვეტით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ქართული ღვინო გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება ნებისმიერი გემოვნებისა თუ სოციალური ფენის ადამიანისთვის.

© tabula

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.