Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინისა და ვაზის მუზეუმი – ტურისტებისთვის და მეცნიერებისთვის

ალეკო ცქიტიშვილი

ღვინის ტურიზმი საქართველოში ფეხს ახლა იდგამს, რაც ტრადიციული მეღვინეობისა და მდიდარი სამზარეულოს მქონე ქვეყნისთვის უჩვეულო რეალობაა. თუმცა, ამ პარადოქსს მარტივი ახსნა აქვს - საბჭოთა ასწლეულში მევენახეობა-მეღვინეობის დარგს სახელმწიფო კოლმეურნეობები განაგებდნენ, რომელთაც ღვინის ტურების ორგანიზება აზრადაც არ მოსვლიათ. დღეისათვის, ღვინის, სარესტორნო და ტურისტული ბიზნესის განვითარების კვალდაკვალ, ღვინის ტურიზმის აღორძინებაც დაიწყო. ღვინის კომპანიები ინფრასტრუქტურის იმგვარ მოდერნიზებაზე ფიქრობენ, რის შემდეგაც ადვილად შეძლებენ ტურიზმში ჩართვას. ეს მათთვის დამატებითი შემოსავალიც იქნება და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაც.  

მაინც რა უნდა შესთავაზონ ტურისტებს ღვინის კომპანიებმა? ამ კითხვას ბევრი მარტივად უპასუხებს - ქართული სუფრა და ღვინო. თუმცა, კიდევ უფრო კრეატიული და მრავალმხრივი მიდგომაც არის შესაძლებელი. ნადიმისა და გართობის გარდა, კერძო კომპანიაში ტურისტების სტუმრობას შემეცნებითი და საგანმანათლებლო დატვირთვაც შეიძლება ჰქონდეს.

სწორედ ასეთი მრავალმხრივი ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა კომპანია„შუმის“განკარგულებაში არსებულიმეღვინეობის მუზეუმი, ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ და ვაზის ჯიშების საკოლექციო ვენახი.

"შუმის" ისტორია 2001 წლიდან იწყება. რუსეთის ემბარგომდე კომპანია ინტენსიურად ვითარდებოდა. წინანდალში ჭავჭავაძეების ისტორიული მამულის გვერდით, მდინარე კისისხევის ნაპირას არქიტექტურულმა ჯგუფმა "არსმა" დააპროექტა მეღვინეობის კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებდა: საწარმოს, საძველეს, სადეგუსტაციო დარბაზს, ღვინის მუზეუმსა და ბიზნესის მრავალმხრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვა კომპონენტებს. ეს ინფრასტრუქტურა საკუთარ თავში იმთავითვე მოიაზრებდა ღვინის ტურიზმს, შემეცნებით-საგანმანათლებლო ელემენტებით.

ღვინის მუზეუმი

2006 წლის რუსეთის ემბარგომ და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ღვინის ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა, რის გამოც კომპლექსის დასრულება შეფერხდა. თუმცა, კომპანიის განკარგულებაში უკვე არსებობს კეთილმოწყობილი ღვინის მუზეუმი, ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ, სადეგუსტაციო დარბაზი და ვაზის ქართული ჯიშების საკოლექციო ვენახი, რაც "შუმს“ საშუალებას აძლევს, საზოგადოებას შესთავაზოს შემეცნებით-საგანმანათლებლო ტური: ღვინის მუზეუმში უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტების დათვალიერება, ცოცხალ ეთნოგრაფიულ კუთხეში ქართულ მეღვინეობასა და სამზარეულოსთან დაკავშირებული ტრადიციების გაცნობა, კომპანიის ღვინოების, მათ შორის - ბიოღვინის დეგუსტაცია, საკოლექციო ვენახში დაცული ვაზის ქართული და უცხოური ჯიშების დათვალიერება.

"შუმის" მეღვინეობის მუზეუმის კონცეფციით, დამთვალიერებელმა უნდა მიიღოს პასუხი კითხვაზე, რატომ არის საქართველო ღვინის სამშობლო. მუზეუმში გამოკრულია რუკა, რომელზეც ასახულია კულტურული მევენახეობის ისტორიული არეალი და მეღვინეობის უძველესი კერები. აქვე წარმოდგენილია ეროვნული მუზეუმის მნიშვნელოვანი ექსპონატების ასლები – ღვინის წარმართული ღვთაების -ბადაგონის ქანდაკება, ვაზის ლერწების ვერცხლის გარსაკრავები და ა.შ. თუმცა, მუზეუმის მთავარი ღირსება არის კახეთის არქეოლოგიურ ექსპედიციასთან თანამშრომლობით გამოფენილი ორიგინალური არქეოლოგიური არტეფაქტები, რომლებსაც აქ დაცვის საუკეთესო პირობები აქვს შექმნილი. ეს ნივთები დამთვალიერებელს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მეღვინეობის უძველეს ტრადიციებზე მოუთხრობს.

კახეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევრითა და III ათასწლეულით დათარიღებული თიხის საღვინე ჭურჭლეული შესრულების უმაღლესი ტექნიკით და დახვეწილი ფორმებით გამოირჩევა.  სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა სტილის, სხვადასხვა ხელოსნური სკოლის ჭურჭელი გვიჩვენებს, რომ ისტორიულად საქართველოში თიხის დამუშავების სხვადასხვა მეთოდი არსებობდა. ჭურჭლის მრავალფეროვანი ფორმები და მრავალნაირი ფუნქციური დანიშნულება მიგვითითებს მეღვინეობის განვითარების მაღალ დონეზე. ასეთი ექსპონატებია: ძვ.წ. XIV ს.-ის თიხის ყანწი უდაბნოს ნაქალაქარიდან, ძვ.წ. XIV-XIII სს.-ის დახვეწილი მინიატურული ჭინჭილა და სხვადასხვა ფორმის მრავალი სასმისი.

ამ ექსპონატებს შორის ჩემი ყურადღება მიიპყრო სანადიმო სასმისის უნიკალურმა ნიმუშმა - ჭინჭილის მსგავსი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტმა, ფერდზე შვიდი დვრილით, საიდანაც მონადიმეები, სავარაუდოდ, ღვინოს სვამდნენ. ასეთ სასმისს ნადიმზე მხიარული განწყობა უნდა შეეტანა.

მუზეუმის ცენტრალური ექსპონატი, რომელსაც ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უკავია, ძვ. წ. XII საუკუნით დათარიღებული ქვევრია. ეს არის საქართველოში აღმოჩენილი ერთ-ერთი უძველესი ქვევრი, რომელიც შეგვახსენებს, რომ ქართული მეღვინეობა რამდენიმე ათასწლეულს ითვლის.

"შუმის" ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ გვიჩვენებს, რომ ათასწლეულების განმავლოვაში ჩამოყალიბებული ტრადიციები დღესაც ცოცხალია. აქ წარმოდგენილია ქართული სოფლის ყოფისა და სამზარეულოს ატრიბუტები: საწნახელი, არყის სახდელი (ე. წ. ზაოტი), პატარა ქვევრები - ქოცოები, თონე, ურემი და სხვა ნივთები. მნიშვნელოვანია, რომ თონე და
„ზაოტი“მოქმედია და სტუმარს შეუძლია, თვითონაც გამოაცხოს პური და მონაწილეობა მიიღოს „ჭაჭის“გამოხდაში.    

ვაზის მუზეუმი

ვაზის ქართული ჯიშების საკოლექციო ვენახი „შუმის“გარდა მხოლოდ „ქინძმარაულის მარანს“აქვსსაქართველოს ღვინის კომპანიებს შორის. რამდენიმე ახლა აპირებს მსგავსი ვენახების გაშენებას. კერძო კომპანიების ეს ინიციატივა ერთი-ორად დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საკოლექციო ვენახების მოვლა-პატრონობა მხოლოდ ხარჯთან არის დაკავშირებული და მისგან პირდაპირი ეკონომიური სარგებელიარაფერია. 21-ე საუკუნემდე ვაზის ქართული ჯიშების საკოლექციო ვენახები მხოლოდ მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო ინსტიტუტს დასასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტსჰქონდა. კერძო სექტორის ჩართვა ამ საქმეში ვაზის ქართული ჯიშების დაცვის, შესწავლისა და გამრავლების შესაძლებლობებს ზრდის.  

„ქინძმარაულის მარნის“საკოლექციო ვენახში ვაზის ქართული ჯიშები, ძირითადად, ძველი კოლექციებიდან არის გადმოტანილი. „შუმმა“კი უფრო რთული გზა აირჩია. ძველი კოლექციებიდან ქართული ჯიშების გადმოტანის პარალელურად, კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოგზაურობენ და ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების ნიმუშები მოსახლეობიდან მოაქვთ. მართალია, ეს პროცესი სოფლებიდან კოლექციაში გადმოტანილი ჯიშების ხელახალი იდენტიფიკაციის ხანგრძლივ პროცესსაც გულისხმობს, მაგრამ სამაგიეროდ, ამ გზით სრულიად უცნობი მივიწყებული ჯიშების აღმოჩენის შანსი იზრდება.

ამ თვალსაზრისით „შუმის“საკოლექციო ვენახს არა მარტო შემეცნებით-საგანმანათლებლო, არამედ დიდი სამეცნიერო ღირებულებაც აქვს. ამას ჩვენთან საუბრისას ადასტურებს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა-სელექციის განყოფილების ხელმძღვანელი დავით მაღრაძე. იგი აქტიურად თანამშრომლობს კომპანია „შუმთან“და მის კოლექციაში დაცული ჯიშების აპრობაციაზე მუშაობს.

„მადლობა უნდა ვუთხრათ „შუმს“, რომ საკუთარი ხარჯებით გააშენა და უვლის ვაზის ქართული ჯიშების კოლექციას. ამავე დროს, აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან, მეცნიერებთან – მასალებიც ხელმისაწვდომია და ადგილზე კვლევის საშუალებაც გვაქვს. კოლექცია იმითაც არის უნიკალური, რომ საკმაოდ მრავალფეროვან უცხოურ ჯიშებს მოიცავს. აქ დაცული ზოგიერთი უცხოური და ქართული ჯიში სხვა ქართულ კოლექციაში არ გვხვდება“, - გვიხსნის დავით მაღრაძე და დასძენს: „კულტურულ მცენარეთა, მათ შორის - ვაზის ჯიშების დაცვა და გენეტიკური მასალის შენარჩუნება თანამედროვე მსოფლიოს პრობლემაა. წარმოებაში მხოლოდ საუკეთესო ჯიშების დანერგვის შედეგად სხვა ჯიშების რიცხვი მცირდება. თუმცა, ცვალებადი ეკოლოგიური და საბაზრო პირობების გამო, ესა თუ ის ჯიში, რომელიც დღეს არ არის პატივდებული, ხვალ და ზეგ შესაძლოა, საინტერესო გახდეს ამა თუ იმ მიზეზის გამო. ვაზის ქართული ჯიშების დაცვა, ამავე დროს, ჩვენი მევენახეობის ისტორიის დაცვასაც გულისხმობს. თითოეული ეს ჯიში ცოცხალი ისტორიული ძეგლია და ვალდებული ვართ, ისინი დავიცვათ. უნდა დავეთანხმოთ ცნობილ ამპელოგრაფს, მაქსიმე რამიშვილს, რომელმაც თქვა, რომ რქაწითელის გამოყვანაზე ქართველმა კაცმა იმდენივე იშრომა, რამდენიც სვეტიცხოვლის აშენებაზე. ჯიში დაცულად ითვლება, თუკი იგი, სულ ცოტა, სამ კოლექციაში მაინც არსებობს. ასეთ შემთხვევაში, მისი დაცვის ხარისხი დამაიმედებელია“.

უნიკალური ჯიშები

ვაზის ქართული ჯიშების საკოლექციო ვენახის გაშენება „შუმმა“
2005 წლიდან დაიწყო. ეს კოლექცია პრაქტიკულად ქართული ვაზის მუზეუმია. კოლექციის შევსება დღესაც გრძელდება. ზოგიერთი ნიმუში ახალგაზრდაა და ჯერ ნაყოფს არ ისხამს. ამიტომ მორფოლოგიურად მათი აპრობაცია ჯერჯერობით სრულყოფილად ვერ ხერხდება. დავით მაღრაძეს უკვე კოლექციის თითოეული ნერგი აქვს აღნუსხული და მათ ყოველწლიურად აკვირდება. როგორც კომპანია "შუმის“ ხელმძღვანელი, აკაკი ცოფურაშვილი ამბობს, აგვისტოში, როცა საკოლექციო ვენახში ყურძენი მწიფდება და მისი შესწავლის საუკეთესო დრო დგება, მეცნიერი დილის 6 საათიდან შუადღემდე ვენახში ფუსფუსებს და ჩანაწერებს აკეთებს. ეს პროცესი საკმაოდ დამღლელი და შრომატევადია.

დავით მაღრაძის თქმით, აპრობაცია ნებისმიერი ახალი საკოლექციო ვენახის აუცილებელი პირობაა. კოლექციაში თავმოყრილი ნიმუშები უნდა შედარდეს სხვა კოლექციაში მსგავსი სახელწოდებით დაცულ ნიმუშებთან.  ლიტერატურაში აღწერილი მორფოლოგიური ნიშნებით უნდა დადგინდეს ჯიშების ნამდვილობა. შუმის კოლექციაში დაცულია რამდენიმე ჯიში, რომლებიც (მათი სახელწოდებების თანახმად) ინსტიტუტის კოლექციებში არ არის, ზოგიერთი კი არც ამპელოგრაფიაშია მოხსენიებული. მათი ორიგინალობის დასამტკიცებლად დეტალური ამპელოგრაფიული ანალიზია საჭირო. ასეთი ჯიშებია: კლარჯული ვარდისფერი, ჩხავერი ძველებური, ჩხავერი ველური, სატერცველი, საბატონე მსხვილმარცვალა, შავშურა, წითლანა, წვიტკეკალა, ხითერი, თავკვერი თეთრი, თხელკანა, წითლანა, ხითერი, ქალის თითა.

დავით მაღრაძემ მოგვაწოდა იმ ჯიშების სია, რომლებიც “შუმის” კოლექციაში უკვე იდენტიფიცირებულია. ქართული ვაზის გულშემატკივარ ენთუზიასტებს ამ ჯიშების ნახვა შეუძლიათ “შუმის” საკოლექციო ვენახში: ადრეული თეთრი, ალექსანდრეული, ასურეთული შავი, ახმეტის წითელი, ბეგლარის ყურძენი, ბუა ყურძენი, ბუერა, ჩიტისთვალა ბოდბური, ცოლიკოური, ცოლიკოური მცვივანი, დანახარული, დიდშავი, დიღმურა, დონდღლაბი შავი, გაბეხაური შავი, გორულა (კლონი), გორული მწვანე, იმერული შავი, ინსტიტუტის გრძელმტევანა, იყალთოს წითელი, ჯაჭვაძისეული, კამური შავი, კაპისტონი წიწილიანი, კახის თეთრი, კრახუნა, კურკენა, მირზაანული, მსხვილთვალა თეთრი, მურადოული, მწკლარტა, მხარგრძელი ყვითელი, ქისი, ქვიშური, ქველოური, რცხილი, რქაწითელი ვარდისფერი, რქაწითელი წითელი, რქაწითელი, ღვინის თეთრი, საფენა, საფერავი ბუდეშურისებური, საფერავი ფაჩხა, შავთხილა, სეურა, სირგულა, ტაგიძურა შავი, თამარის ყურძენი, ტყუპკვირტა, უბაკლური, ვერტყვიჭალის თეთრი, წნორის თეთრი, ჭროღა, წყობილა, ხარისთვალა მესხური, ხარისთვალა თეთრი, ხიხვი ლოლაძის, ხუშია შავი, ზაქათალის თეთრი.      

© ღვინის კლუბი/Weekend



"ტაგუძურა შავი" არაა მთლად სწორი გამონათქვამი. აჭარის ამ ჯიშს ქვია "ტაგიძურა". არასწორია ასევე "თამარის ყურძენი"... ასეთი ჯიში უბრალოდ არ არსებობს! აღნიშნულ ღვინის ქარხანას ამ 5 წლის წინ გადავეცი ორი ძველი ქართული ვაზის ის ჯიში, რომელიც მათ არ ქონდათ კოლექციაში. ეს ჯიშები მათ გაახარეს, თუმცა ჩამონათვალში ნახსენებია მხოლოდ ერთი მათგანი. საინტერესოა ასევე ნახსენები ჯიში "ქვიშური" და "რქაწითელი წითელი". ესენი რაიმე ახალი ჯიშბია? და ვინ და როდის გამოიყვანა ხსენებული ჯიშები?


ღრმად პატივცემულო ქვევრო, ნამდვილად ტაგიძურა არის სწორი და ტექსტშიც სწორედაც რომ ტაგიძურა წერია. გაზეთშიც ჩავხედე და იქაც ასევე მიწერია. რაც შეეხება თამარის ყურძენს, შუმის კოლექციაში ამ სახელით არის დაცული ერთ–ერთი ჯიში, აპრობაციაც ამ სახელით აქვს გავლილი. ამ ჯიშთან დაკავშირებით მეც ვარკვევ დეტალებს. კეცხოველის, რამიშვილისა და ტაბიძის "საქართველოს ამპელოგრაფიაში" მოცემულ სიაში ეს ჯიში ნახსენები არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ასეთი ჯიში არ არსებობს". ამპელოგრაფიაში მოცემულ სიაში კიდევ სხვა რამდენიმე ჯიშიც არ არის ნახსენები (მაგალითად: შონური, ცოლიკოური მცვივანი, მესხური მცვივანი და ა. შ.). ამ საკიტხზე სამომავლოდ კიდევ ვრცლად ვაპირებ დაწერას. შესაძლოა, თამარის ჯიშიც ასეთი იყოს. რაც შეეხება რქაწითელ წითელს, შუმის კოლექციაში ამ სახელით არის ნიმუში დაცული. ასეთივე სახელით აქვს აღწერილი მაქსიმე რამიშვილს ეს ჯიში მონპელიეს კოლექციაში. ახლა მიმდინარეობს კვლევა – რქაწითელი წითელი სინამდვილეში ხომ არ არის იგივე ვარდისფერი რქაწითელი, ანუ ხომ არ გვაქვს საქმე ერთ ჯიშთან, რომელსაც ორი სხვადასხვა სახელი აქვს. ვიდრე ეს კვლევა არ დასრულებულა, მანამდე ორივე სახელწოდება ძალაში რჩება. ორი სახელით ცნობილი ერთი და იგივე ჯიშები სხვაც ვიცით. გლდანურა, მაგალითად, არის იგივე გორულა.


საერთოდ, ქართული ჯიშების კვლევა გასაგრძელებელია. კვლავ და კვლავ მოსაძიებელია სოფელ–სოფელ ძველი თუ ახალი ჯიშები, შესადარებელია კოლექციებში დაცულ ჯიშებთან და გასარკვევია, ვაზის რამდენი ქართული ჯიში გვაქვს საბოლოო ჯამში. ჩემი ვარაუდით, კეცხოველი–რამიშვილი–ტაბიძის მიერ დასახელებული ციფრი 525 არ არის რეალური და ჯიშები ბევრად მეტია. ამ ჯიშების სახელები იგივე ამ ავტორების სხვადასხვა წიგნებში არის გაბნეული. იგივე ამპელოგრაფიაშიც კი სხვადასხვა სტატიებში ახსენებენ ჯიშებს, რომლებიც მერე თავიანთ სიაში შეტანილი არა აქვთ. ეს ალბათ იმიტომ, რომ ვერ მოხერხდა ზოგიერთი ჯიშის ბოლომდე შესწავლა და რაც მეტ–ნაკლებად სრულყოფილად შეისწავლეს, მხოლოდ იმ ჯიშების სია დაგვიტოვეს. ასევე საინტერესოა და გადასაწყვეტია ე. წ. გამოყვანილი ჯიშების საკითხი. ჩემი აზრით, ის ჯიშები, რომლებიც სელექციური (და არა ჰიბრიდიზაციით ან გენეტიკური მოდიფიკაციით) გზით არის გამოყვანილი, ყურადღებას იმსახურებს. მაგალითად, ჩვენ ვიცით ვარდისფერი რქაწითელის დაბადების თარიღი – 1948 წელი (იხ. "საქართველოს ამპელოგრაფიაში" სტატია რქაწითელის შესახებ). იგი წარმოშობილია რქაწითელისგან, მაგრამ დღეისათვის ეს არის სრულიად სხვა ჯიში – განსხვავებული მორფოლოგიური ნიშნებით, განსხვავებული მონაცემებით. ამიტომ, ამპელოგრაფების ნაწილი (იგივე – დავით მაღრაძე) მიიჩნევს, რომ დღეისათვის ეს არის სრულიად სხვა, დამოუკიდებელი ქართული ჯიში და არა რქაწითელის კლონი. ქვიშურს რაც შეეხება, იმედი მაქვს კორექტურული შეცდომა არ არის და ქიშურთან არა გვაქვს საქმე. გავარკვევ ამ საკითხსაც. ტაგიძურასთან დაკავშირებით თუ მხედველობაში გქონდათ, რომ ზედსართავი "შავი" ზედმეტია, მართალი ბრძანდებით. თქვენს მიერ გადაცემული ჯიშების თაობაზე თუ მომწერთ, კერძოდ რა ჯიშები გადაეცით, მე მაქვს დავით მარაძის უფრო სრული სია, სადაც ის ჯიშებიც არის ნახსენები, რომლებმაც აპრობაცია ვერ გაიარეს, ანუ აღმოჩნდა, რომ ჯიში არ შეესებამება იმ სახელს, რა სახელითაც არის კოლექციაში. ასევე ზოგიერთი ჯიშის აპრობაცია ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ჯერ ახალგაზრდაა და ნაყოფს არ ისხაბს. თუ თქვენს მიერ "შუმისთვის" გადაცემული ჯიში არც ასეთი ახალგაზრდაა, მაშინ მართლა საინტერესოა მისი ბედი. შემიძლია დაგეხმაროთ ამ საკითხის გარკვევაში, ოღონდ უნდა მომწეროთ რა ჯიშზეა საუბარი: a.tskitishvili@gmail.com


საიდან მოიტანა ქვევრმა ბარისაშვილმა რომ ტაგუძურა წერია? :)) ღმერთ–რჯული, აქაც და გაზეთშიც ტაგიძურაა.



ტექსტში წერია "ტაგიძურა შავი". მე ხოლოდ იმაზე დავწერე რაც წავიკითხე. ამ ჯიშს ასე არ ქვია, არამედ "შავი" :) მოსაშორებელია. "თამარის ყურძენი" არც ადრე არსებობდა და არც ახლა. ვინმემ, რომელიმე ამოუცნობ ვაზს თუ მიაწერა ეს სახელი არაა სწორი, რადგან ყველაფერს თვისი წესი აქვს. რაც შეეხება "ქვიშურს" არც ესაა მართალი და ამგვარი ჯიში არა გვაქვს. რაც შეეხება "რქაწითელი წითელს" არ ამგვარი ჯიში მოგვეპოვება და ეხლა მითხარით ამ ყველაფერში რაიმე ჩემი ბრალია?


საერთოდ, სანამ ესა თუ ის ჯიში ჯიშთა გამოცდას არ გაივლის მისი, უკვე ჯიშად შერაცხვა არაა მართალი. ამ ყველაფერს თავისი წესი აქვს და ამ წესით უნდა ისარგებლოს ყველამ. იგივე "რქაწითელი წითელი" ავიღოთ, რომელზეც ამჯერად მხოლოდ ვარაუდები არსებობს და სანამ საქმე ბოლომდე არ მივა მაშინ რა ხდება? შეცდომით არა ერთხელ მინახავს ამპელოგრაფიულ ნაკვეთებში ვაზის წარწერები.(თელავში, სკრაში, დამპალოში, დიღომში, შუმში, საგურამოში მაგრამ შეცდომა შეცდომაა და ამით დიდი არაფერი შავდება, რადგან ეს გამოსწორებადია. მაგრამ "თამარის ყურძენის" ქართული ვაზის ჯიშებში შეტანა არაა ბატონებო სწორი და ეს შეცდომაა! ამგვარი ჯიში არ არსებობს. კაცმა არ იცის რა ჯიშია და რატომ ნათლავენ მავანნი მას უკვე ჩამოყალიბებულ ჯიშად?


ალეკო იქნებ კითხო დავით მაღრაძეს თამარის ყურძენის შესახებ? რომელი წყაროთი სარგებლობენ საინტერესოა, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა ჩამოვყალიბდეთ ამის შესახებ?


"რქაწითელი წითელი" არა მარტო შუმის კოლექციაშია დაცული, არამედ უცხოეთის ერთ–ერთ კოლექციაშიც, კერძოდ – მონპელიეში. გარდა ამისა, როგორც ერთ–ერთი ჩემი წყაროდან ვიცი, ამ ჯიშს ცალკე, როგორც დამოუკიდებელ ჯიშს აღწერს ავტორიტეტული ამპელოგრაფი რეზო რამიშვილი (მაქსიმეს შვილი). კერძოდ, რომელ წიგნში, ამას ვაზუსტებ და მერე ამ წიგნამდეც მივალ. რეზო რამიშვილის გარდა, სახელწოდება "რქაწითელი წითელი" ასევე ნახსენები აქვს ამ დარგის კიდევ ერთ ავტორიტეტს – ს. ჩოლოყაშვილს ჯერ კიდევ 1930–იან წლებში, ვიდრე რქაწითელის ყველაზე განსხვავებულ ვარიაციას – ვარდისფერ რქაწითელს აღმოაჩენდნენ (1948 წ.)ასე რომ, ტერმინი "წითელი რქაწითელი" უფრო ძველია, ვიდრე ვარდისფერი რქაწითელი. ს. ჩოლოყაშვილის ეყრდობიან და "წითელ რქაწითელს" ახსენებენ ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი და დიმიტრი ტაბიძე თავიანთ ფუნდამენტურ ნაშრომში "საქართველოს ამპელოგრაფია". აი ციტატა: „მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში და ადგულობრივ მევენახეთა შორის რქაწითელი ცნობილია რიგი დამატებითი სახელწოდებითაც. სხვადასხვა რაიონში, სადაც კი რქაწითელი მოიპოვება, ზოგჯერ ეს სახელწოდებები სხვადასხვაა. ხანდახან ეს სახელწოდებები თვით ჯიშის განსხვავებული მოდგმებისგანაა წარმოდგენილი. მაგალითად, კახეთში ძველად ნამდვილი რქაწითელის გარდა, არჩევდნენ მამალ და დედალ რქაწითელს (ლ. ჯორჯაძე), ყვითელ და წითელ რქაწითელს (ს. ჩოლოყაშვილი)". მიაქციეთ ყურაღება, რომ ეს ყველაფერი ძირითადად 60–70 წლის წინანდელი ამბებია, თუ არ ჩავთვლით რეზო რამიშვილის მიერ უკვე ამ ჯიშის ცალკე აღწერას, რაც შედარებით გვიანდელია – 70–იანი, 80–იანი წლების. ვიდრე რეზო რამისვილის წიგნამდე მივაღწევ, თავს უფლებას ვაძლევ ვივარაუდო, რომ რეზო რამიშვილმა წითელი რქაწითელი შეისწავლა და ცალკე ჯიშად დაასახელა. რაკი რქაწითელის ვარიაციებმა ასეთი დიდი დაინტერესება გამოიწვია, გპირდებით, რომ ამ თემაზე ცალკე სტატიას დავწერ.


მეც მიჩნდება კითხვა, ასე კატეგორიულად რატომ ამტკიცებ, რომ ჯიში "რქაწითელი წითელი" არ მოგვეპოვება და "თამარის ყურძენი" არც ადრე არსებობდა და არც ახლა არსებობს? თამარის ყურძენზე გავარკვევ დამატებით, საიდან და როგორ გაჩნდა, მაგრამ "რქაწითელი წითელი" წყაროებშიც არის ნახსენები და აღწერილიც არის, როგორც ცალკე ჯიში (ანიუ სავარაუდოდ – შესწავლილია კიდეც). ეს მაშინ, როდესაც აქ არაერთხელ ნახსენებ 525–ჯიშიან სიაში ნახსენებ ზოგიერთ ჯიში უფრო ნაკლებად შესწავლილია და მათ შესახებ ცნობები პრაქტიკულად არ გვაქვს. მაგალითად –"ახმეტის შავი" და "ახმეტის წითელი" ერთი და იგივე ჯიშია თუ სხვადასხვა? არსებობს ეჭვი, რომ ერთი და იგივე ჯიშია, მაგრამ ეს საკითხი შესწავლილი საბოლოოდ არ არის. და თუ შესწავლილი არ არის, მაშინ სიაში რატომ არის? და თუ ამ ორი ჯიშის ამ სიაში არსებობას არ ვეწინააღმდეგებით, რატომ მაინცდამაინც "რქაწითელი წითელი" არ გვინდა რომ ცალკე ჯიშად იყოს ნახსენები, თუნდაც – საკითხის ბოლომდე გარკვევამდე? ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ორმაგი სტანდარტით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ. ყველა ჯიშზე ერთი სტანდარტით უნდა ვილაპარაკოთ და ვიმოქმედოთ. რაც შეეხება "ქვიშურს", ეს აკრეფისას ჩემი შეცდომის გამოა, უნდა ეწეროს – "ქიშური". "ტაგიძურას" ცალკე ზედსართავი "შავი" მართლაც არ ჭირდება.


მოკლედ ქიშური და "შავი" გავარკვიეთ როგორც იქნა:), რჩება წითელი რქაწითელი და თამარის ყურძენი. ამ უკანასკნელზე მე ჩემს აზრზე ვრჩები, რადგან ამ ყოველივეს თავი და თ჻ვი ვიცი. ამ წუთას მეჩქარება მეგობართან(ალბათ ხვდებით რაც მელის...) და მერე დავწერ. ისე კი ვიმეორებ, რომ ასეთი ჯიში არ არსებობს, ოღონდ მართლა... მიუხედავად ქართული ამპელოგრაფიის კორიფეების ჩამონათვალისა, სწორედ მათ მიერ გაკეთებულია ის სია, რომელიც არა გადამოწმებას, არამედ ძირეულად, ახლიდან შესწავლას საჭიროებს. მაგალითად სწორედ მათი აღწერილი კახური თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში "ოქროულა", როგორც ალაზნის კერაში წამოშობილი კახური ჯიში. ეს უკანასკნელი კი, როგორც ირკვევა სხვა არაფერია თუ არა "ჩინური" და ასეთები ბევრია. ქიშურზე გამახსენდა და ვიტყვი "ქვიშხურსაც" რომელიც გორული მწვანეა, მაგრამ მავანი გამხეცკბილებული იცავს ამ სახელს რატომღაც. თავის დროზე ვიღაცამ ეს ჯიში თავის სიმამრს წაუღო გასამრავლებლად, მერე ვიღაცამ მოიკითხა სადაურიაო, მერე ვიღაცამ თქვა - აბა მე რავიცი ქვიშხეთიდან ამოვიტანე და მეტი არაფერი ვიციო, მერე ვიღაცამ თქვა- ხოდა მაშინ ქვიშხური ყოფილაო, მერე, მერე, მერე, ვიღაცამ, ვიღაცამ, ვიღაცამ.... აბა ეხლა კაი დედმამიშვილი ხარ და ადი ზემოიმერეთში და თქვი, რომ ეს გორული მწვანეაო. შეიძლება თავი გაგიტეხონ... ასეა თამარის ვაზის ამბავიც. არაა ბატონებო ასეთი ჯიში და რა ვქნათ ეხლა? რახან შუმში და კიდევ ვიღაცეებთან სადღაც ასეა დაწერილი ეს ხომ იმას არ ნიშნავსმ ასეა? წითელ რქაწითელზე და მის ავან-ჩავანზე ძალიან კარგი ცნობები მაქვს და მეც შემოგაშველებ შენ რომ დაწერ.


ბარემ შემომაშველე, სანამ სტატიას დავწერ, თუ რამე გაქვს სათქმელი და სტატიაშივე განვიხილავ შენს მოსაზრებას "წითელ რქაწითელზე". "კორიფეებს" რაც შეეხება, ცხადია, მათ შეცდომები ჰქონდათ. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან პირველები იყვნენ, ვინც ამ საქმეს მეცნიერულად მოჰკიდეს ხელი. თუმცა, ეს შეცდომები, როგორც შენ ამბობ, გამოსწორებადია და "კორიფეების" ირონიულად ხსენება კი არ არის საჭირო, არამედ მათ მონაცემებისა და მოსაზრებების არგუმენტირებული ანალიზი. მართლაც კარგია, რომ "ქვიშური"–"ქიშური"–სა და "ტაგუძურა"–"ტაგიძურა–"ტაგიძურას შავი"–ს ამბავი გავარკვიეთ. იმედია, "წითელი რქაწითელისა" და "თამარის ვაზის" ამბავსაც გავარკვევთ. მე მაინც ვერ გავიგე, თამარის ვაზის ხსენებაზე ასე რატომ ცხარდები. არ მესმის, რატომ არ შეიძლება ამ სახელწოდების ვაზის ჯიში არსებობდეს? თამარის ციხე, თამარის ხიდი, თამარის ჯვარი და სხვა ბევრი რამ თუ არსებობს და შემონახული გვაქვს თამარისა, ვითომ თამარის ვაზი რატომ არ შეიძლებოდა, გვქონოდა. მითუმეტეს, მე როგორც ვიცი, ხალხში ვაზის ასეტი სახელწოდება ცნობილია. მე, მაგალითად, ეს სახელი პირველად ახლა არ გამიგონია. თუ სწორად მახსოვს, რეზო ჩხეიძის მხატვრულ ფილმში – "მშობლიურო ჩემო მიწავ, რაიკომის მდივანი" არის ნახსენები ეს ჯიში, როცა ერთ–ერთი გმირი დაკარგულ და მივიწყებულ ვაზის ჯიშებს იხსენებს. რაც შეეხება "წითელ რქაწითელს" ახლახან მივიღე კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ "რქაწითელი წითელის" აღწერა ასევე შეგვიძლია ვიხილოთ წიგნში: Ампелография СССР. 1970. Справочный том. с.336. სადაც სტატიის ავტორი გახლავთ ერთ–ერთი კორიფე – დიმიტრი ტაბიძე.


ზემო ვარძიაში ცხოვრობდა ერთი ძალიან კარგი ადამიანი და დიდი ქართელი პაპა ბარგატ დევნოსაძე, რომელიც ამ ათიოდე წლის წინ გარდაიცვალა. პირადად ვიცნობდი ამ ლეგენდარულ ადამიანს. კლდეში გამოკვეთილ მარანში ცხოვრობდა და ხშირად საწნახელში ეძინა. არაერთხელა ვარ ნამყოფი მასთან. წარმოიდგინეთ მისი გამოხდილი ჭანჭურის არაყიც კი მომეპოვება ჩემს მცირედ კოლექციაში. დიდი ქომაგი იყო ვაზისა და ხეხელისა. შენ რომ ფილმი ახსენე სწორედ ბაგრატა პაპა "თამაშობს" ამ ფილმში. ეს ადამიანი საზღვარზეც გადაპარულა არაერთხელ და ერუშეთის იქითა ნაწილში ვაზისა და ხეხილის ნერგებს ეძებდა და აგროვებდა. თავის კარმიდამოში სწორედ ასეთი ვაზი და ხეხილი ხარობს დღესაც. ეხლა რატომ მოვყევი ეს ყველაფერი... ბაგრატა პაპას ჩემთვის ნაჩვენები აქვს ვაზი, რომელზეც მითხრა, რომ ერუშეთიდან ჩამოვიტანე და თამარის ვაზი (და არა თამარის ყურძენი, როგორც შუმშია და სხვები ეძახიან)დავარქვიო. მესხეთში მას მერე გავრცელდა ეს სახელი, მაგრამ, მაგალითად ასპინძაში, როდესაც მესხური ვაზის ჯიშების მოსაკვლევ ექსპედიციაში გახლდით, ვნახე სახეობათა შორის ჰიბრიდი და თან სამი ვერსია, აქედან ერთი თეთრი და ორი წითელი, რომელსაც მოსახლეობა თამარის ვაზს ეძახდა. ღვინოებიც გავსინჯე და ტიპური ჰიბრიდები იყო. თუმცა ჯიშიც მინახავს, მაგალითად ქვაბისხევში, მუსხში და კლდეში. ესენიც ერთმანეთისაგან განსხვავებული ჯიშები იყო... (ვისაც მესხეთის შესახებ უნდა მიიღოს მეტი ნფორმაცია ვურჩევ თვალი გადაავლოს შ. წიქვაძეს). მე თამარის ხსენება არ მაღიზიანებს, რისგანაც ღმერთმა დამიფაროს. რა მაგის პასუხია და ჩემს შვილს თამარ მეფის დიდი სიყვარულით სწორედ ეს სახელი დავარქვი, არამედ ისაა ცოტა დასაფიქრებელი, რომ საქმე წიგნიერად უნდა გაკეთდეს და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, დღეს თუ არა ხვალ მაინც. არც კორიფეები მომიხსენიებია ირონიულად, რადგან ეს ხალხი რომ არ ყოფილიყო ჩვენ ხვიშტი გვექნებოდა და ამ ხალხის დამსახურებაა ის, რომ ქართულ ჯიშებს მიაქციეს ყურადღება და ქვეყანას გააცნეს ჩვენი სიმდიდრე და ვიღაცეებივით კაბერნესა და შარდონეს ფართოდ შემოტანა და გაშენება კი არ დაიწყეს , არამედ შექმნდეს ქართული ამპელოგრაფიული ნაკვეთები და სხვა და სხვა. კეცხოველი უდიდესი კაცი იყო და ჭეშმარიტი ქართველი. იგი, მიუხედავად იმისა, რომ ამპელოგრაფი არ იყო, ქართული ვაზის საქმეში აუარება საქმე აქვს გაკეთებული. ამის გარდა ის ნამდვილი გმირიც იყო, მაზნიაშვილთან ერთად ებრძოდა საბჭოთა არმიას და ხელშიც კი იყო დაჭრილი. ემიგრანტები რომ გაიქცნენ ეს კაცი აქ დარჩა და ასე უთქვამს, რომ იმდენი საქმეა გასაკეთებელი და მე რომ წავიდე მერე ამას ვინ გააკეთებსო... საქართველოს ამპელოგრაფია სწორედ ამის მერე დაწერა. მოკლედ მე სიტყვის მასალად ვთქვი "კორიფეები" და არა ცინიკურად. თამარის ვაზზე, იქიდან გამომდინარე, რომ პაპა ბაგრატა ცოცხალი აღარაა და მის საქმე თავისი შვილები სამწუხაროდ აღარ აგრძელეენ,აზრთა გარკვეული სხვადასხვაობაა და ვისაც არ ეზარება უპრაგონოდ ითვიდებენ ამ ამ ყველაფერს. არაერთი მითი გამიგია ამის შესახებ. სწოდერ ზემოთხსენებული ექსპედიციის დროს ერთმა ასპინძელმა (გვარად დიასამიძემ) მითხრა ერთი მათგანი, მაგრამ მეორე დღეს რომ შევხვდი და ერთი ძეგლის სანახავად მეგზურობა ვთხოვე უკვე მეორე მითი შემომთავაზა. მერე მითხრა, რომ -აბა მე რავიცი ძმაო ზოგი ისე ამბობს ზოგი ასეო. მოკლედ, ჯერ ერთი არა "თამარის ყურძენი" არამედ "თამარის ვაზი" და მეორე, გთხოვთ ეს წერილი კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ:}


მშვენიერი პოსტია – უიშვიათესი! და ბლოგის უსტაბაშიც დამეთანხმება – ფაქტობრივად ნახევარი სტატიაა! კიდევ ერთი ამდენიც რომ დაწერო, თამარის ვაზზე, ბაგრატა პაპაზე და მესხური ვაზის ჯიშების პრობლემატიკაზე, ძალიან საჭირო სტატია გამოვა – "მარანში" დასაბეჭდი. რამდენიმე სამუშაო თემა ფორუმზე მაქვს ჩანიშნული. აი, მაგალითად, აღურიცხავი ჯიშების შესახებ ცალკე თემა გავხსენი. შენც თუ შემოგვიერთდები, კარგი იქნება. http://vinoge.com/forum/index.php?showtopic=515&st=0


ბაგრატა პაპას ისტორიაში ერთი რამ არის საინტერესო: თვითონ ის ვაზი თუ გაქვს ნანახი და მისი ღვინო თუ გაქვს გასინჯული, რაც ერუშეთიდან ჩამოიტანა და თავის ნაკვეთში დარგო? 1) თუ ეს ჯიში არ არის ჰიბრიდი და კულტურული ჯიშია 2) თუ რომელიმე თურქული ჯიში არ არის და ქართული ჯიშია 3) თუ რომელიმე მესხური ჯიში არ არის და ნამდვილად განსხვავებნული, უსახელო ჯიშია, მაშინ (ამდენუ "თუ"–ს პრობლემის გადაჭრის შემდეგ) ჩემი აზრით, ბაგრატა პაპას ღვაწლი იმსახურებს იმას, რომ ამ ჯიშს თამარის ვაზი ვუწოდოთ და ამ სახელწოდებით გავავრცელოთ. ანუ ბაგრატა პაპა იქნება ნათლია. ეს ტრადიცია ქართუყლ ამპელოგრაფიაში არსებობს. ასე მონათლა მაქსიმე რამიშვილის ჯგუფმა აჭარის ვაზის რამდენიმე ჯიში თავიდან, რადგან აჭარლებს ბევრი საღვინე ჯიშის სახელი დავიწყებული ჰქონდათ. მაქსიმე რამიშვილი ძირითადად იმ სოფლის სახელებს არქმევდა, სადაც ასეთ ჯიშებს პოულობდა. და კიდევ – "ინსტიტუტის გრძელმტევანა" თუ გვაქვს, "თამარის ვაზი" რომ დავარქვათ რომელიმე უსახელო ვაზს, ამით რა დაშავდება?


მგონი ამ ბოლო წერილით უნდა დაგვეწყო:). რაც შეეხება სტატიას, სამი წლის წინ ეს სტატია პალიტრაში იყო დაბეჭდილი. სხვისი სტატიაა, მაგრამ ჩემი კომენტარებით იყო ბაგრატა პაპაზე. ღვინო არ გამისინჯია. ეს ვაზის მაშინ კი მანახა პაპა ბაგრატამ, მაგრამ იქვე სხვა ვაზებიც იყო...და წარწერები არ ქონია და არც ახლა აქვს. მასთანვე ინახება ერთ–ერთი უძველესი ვაზის შტამბი, უიშვიათესი რამაა. მაშნ რაც მანახა ეს არ იყო ჰიბრიდი, მაგრამ ვერვ იმას ვიტყვი საღვინე იყო უ სასუფრე. მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრს მოჰქონდა ამ ვაზის ლერწები, მაგრამ არა კონკრეტულად იმ ვაზიდან, არამედ მისი სამეზობლოდან. ამაზე მესაუბრა ამჟამად იქ დროებით შესახლებული ვინმე ვაჟა. მან მითხრა, რომ ვისაც რა მიაქვს ყველას "თამარის ვაზათ" მიაქვთ თეთრია თუ წითლიო. მე იქ ბოლოს ორი წლის წინ ვიყავი. შევიარე და იქაურობა დავათვალიერე. კაცი ვერ გაიგებს სადაა ეხლა კონკრეტულად ის ვაზი:( არც ვაჟამ იცის სამწუხაროდ. ის ადგილი მე კი მაქსოვს, მაგრამ მერე ეტყობა გარშემო კიდევ შემოურგო ვაზები პაპა ბაგრატამ. მოკლედ ძირეული კვლევაა საჭირო.


pirvel rigshi madloba saitis shemqmnels))....1 shekitxva meqneba tqventan: kvelas moexseneba glexis ojaxshi dakenebuli gvino (karg gvinoze vsaubrob!!))...) gemrielia da mis dalevas araferi sjobs...sheudzlia tu ara kacma daakenos gvino ojaxis maranshi da shemdgom gakidos oficialurad?...anu saxelmcifo nebas dartavs ?davushvat sheqmnas tavisi patara savachro obiekti glexuri cesit dakenebuli gvinistvis?...gtxovt tu vinmem icit pasuxi ar daizarot...


რა თქმა უნდა შეუძლია :) დღეს არაერთი ასეთი ღვინოა ქართულ და უცხოურ ბაზარზე. პირიქით, მართალმა ღვინომ უფრო ადვილად შეიძლება იპოვოს გზა. მთავარია ღვინო გამორჩეული იყოს და დაავადება არ ჰქონდეს. 



madloba pasuxistvis....da standartizacia mogcems gakidvis uplebas?...tu saqartveloshi agaraa arc xarisxis certifikati,arc sansadguri,arc licenzia gamoshebaze,arc garkveuli standartebi spirtianoba,eterzetebi,filtracia...sainteresoa))...e.i chachac sheizleba/?...bodishi tqven am sakitxis specialisti brdzandebit?...kovelgvari sarkazmis gareshe...martla mainteresebs


შეეცადეთ ქართულად წეროთ. ქართული კლავიატურით. ან აქ მაინც გადაიყვანეთ ხოლმე ტექსტი: http://convert.ge/ge/text.shtml

ყველაფერი შეიძლება, თუ რა ტქმა უნდა დღესვე ამერიკის ბაზარზე არ გსურთ დამკვიდრება. + ასე კომენტ–კომენტ ძნელია მეწარმეობის დაწყება! 

 

 



მთავარია, რომ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ვთანხმდებით: http://vinoge.com/forum/index.php?showtopic=38&st=420&gopid=34058&#entry...


იშვიათი ჯიშების მეორედ მოსვლაღა გვაკლია და ამ ჯიშების დემონიზირება კიდო... :))



ხო, კიდევ სინონიმების თემაზეც მინდოდა მეთქვა. ეს კიდევ ცალკე სამყაროა. მაგალითად, ქვიშხური და გორული მწვანე ერთი და იგივე ჯიშია. ამაზე აქ იყო საუბარი. დგას საკითხი – რომელი სახელია სწორი? უმრავლესობა იტყვის – გორული მწვანეო. და რატომ? რატომ ქვიშხური არა? იქნებდა თავდაპირველად ქვიშხური ერქვა და მერე დაერქვა გორული მწვანე? ვინ იცის? ამიტომაც, ორივე სახელს, როგორც სინონიმს, არსებობის უფლება აქვს და ვერაფერს ვხედავ ტრაგიკულს, როცა ქვიშხეთში ამ ჯიშს ქვიშხურად მოიხსენიებენ, სხვაგან (ბევრგან) – გორულ მწვანედ. უცხოურ ამპელოგრაფიებში ამა თუ იმ ჯიშის აღწერილობისას, ფოტოსთან ერთად მის რამდენიმე სინონიმსაც ჩამოთვლიან ხოლმე და ეს ჩვეულებრივ ამბად არის მიჩნეული. ჩვენთან ბევრ ჯიშის სახელს არცა აქვს სინონიმი, მაგრამ რასაც აქვს, ის უნდა იყოს აღრიცხული და დაფიქსირებული.


პაპაჩემისგან ვიცი რომ ბაგრატა პაპა ქვემო-ქართლელი იყო, დმანისის რაიონიდან, გვარად დევნოზაშვილი (დევნოსაძე???), როგორც პაპამ მითხრა თავადაც იცნობდა მას, თუ არ ვცდები გვენათესავებოდა კიდეც. "ვაიოს ველებს" ვუყურებდი და მაშინ მითხრა ჩემმა აწ გარდაცვლილმა პაპამ, რომ შემთხვევით მოხდა ბაგრატა პაპას ფილმში გადაღება, ჩასიძებული იყო მესხეთში და მისი სულით-ხორცამდე ქართული ცხოვრების წესით და ტიპაჟით რეჟისორი დაინტერესდა (ვეთანხმები რეჟისორს)


სად მდებარეობს ღვინისა და ვაზის მუზეუმები საქართველოში ტერიტორიულად?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული