Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის გზამკვლევი – წიგნი ყველასათვის

ლევან სეფისკვერაძე

მიუხედავად მევენახეობა-მეღვინეობის დიდი ტრადიციისა, საქართველო ღვინოსთან დაკავშირებული ლიტერატურის ერთგვარ დეფიციტს ყოველთვის განიცდიდა. მართალია ქართულ ენაზე ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში და მერეც გამოიცა არაერთი საინტერესო წიგნი თუ ამპელოგრაფიული ნაშრომი, რომელიც ქართულ ღვინოზე და ღვინოსთან დაკავშირებულ ნიუანსებზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციებს გვაძლევენ., მაგრამ ეს ლიტერატურა სამწუხაროდ ხშირად ბოლომდე ვერ აკმაყოფილებდა იმ ინტერესს, რაც ბოლო დროს ქართულ ღვინისადმი როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ გაჩნდა.

სწორედ ამიტომ, ღვინით დაინტერესებული ადამიანების შეფასებით ძალიან დიდ ნაბიჯად უნდა განვიხილოთ მწერლისა და ღვინის კლუბის პრეზიდენტის, მალხაზ ხარბედიას მიერ შედგენილი და ”მედია ჰაუს დეკომის” მიერ გამოცემული სამასგვერდიანი მეტად პრაქტიკული წიგნი ”ქართული ღვინის გზამკვლევი”, რომელიც მეღვინეებისა და ღვინის სპეციალისტების თქმით, ქართული ღვინით დაინტერესებული ადამიანებისათვის შესაძლებელია სამაგიდო წიგნიც კი გახდეს.

”პრაქტიკული წიგნები მაინც იშვიათია”

2011 წლის ბოლოს, კერძოდ კი 29 დეკემბერს, სასტუმრო “თბილისი მერიოტის” საპრეზენტაციო დარბაზში “ქართული ღვინის გზამკვლევის“ პრეზენტაციაზე შეკრებილი სტუმრები წიგნზე საუბრის დროს უპირველეს ყოვლისა ამ გზამკვლევის პრაქტიკულ საჭიროებაზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ასეთი წიგნი აქამდეც უნდა გამოსულიყო.

მალხაზ ხარბედიას წიგნის პრეზენტაციაზე ნახავდით ცნობილ მეღვინეებს, ღვინის სპეციალისტებს, ჟურნალისტებს, მწერლებს... სტუმრებს შორის ბევრი ახალგაზრდაც იყო. წიგნის პრეზენტაციაზე როგორც დიდ, ასევე ოჯახურ მარნებს საკუთარი ღვინოც ჰქონდათ წარმოდგენილი და სტუმრებს საშუალება მიეცათ, რაზეც წიგნში იყო საუბარი, სწორედ ის ღვინოები დაეგემოვნებინათ. ბევრი საინტერესო ღვინოც დაილია და ბევრი მნიშვნელოვანი მოსაზრებაც გამოითქვა. ერთ-ერთი მიწვეული ჟურნალისტი ხუმრობით ამბობდა: ”როდესაც ხელში კარგი ღვინო გიჭირავს, აზრებიც თავისთვად საინტერესოდ ლაგდებაო”. ეს შეხედულება სიმართლისგან შორს ალბათ ნამდვილად არ არის. მწერალ ბესო ხვედელიძის თქმით, პირველ რიგში ის არის სასიხარულო, რომ მალხაზ ხარბედიას მიერ შედგენილი წიგნი ისეთ ადამიანებსაც გამოადგებათ, რომლებიც ახლა იწყებენ ქართული ღვინის ავან-ჩავანში გარკვევას.

ბესო ხვედელიძე, მწერალი:”ბოლო დროს საქართველოში საკმაოდ ბევრი ახალი წიგნი გამოიცემა, რაც სასიხარულოა, თუმცა ასეთი საჭირო და პრაქტიკული წიგნები მაინც იშვიათია. ”ქართული ღვინის გზამკვლევში” განსაკუთრებით ის მომწონს, რომ კონკრეტული ქართული ღვინოების დახასიათების გარდა, ასევე მითითებულია, თუ სად შეიძლება ამ ღვინის შეძენა და დაგემოვნება. ყველაზე მეტად რასაც განვიცდით, ეს ამ სფეროში ინფორმაციის ნაკლებობაა და ძალიან კარგია, რომ მალხაზ ხარბედია სწორედ ამ ვაკუუმის ამოვსებას ცდილობს. მე იმედი მაქვს და მჯერა, რომ ეს წიგნი ქართული ღვინისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. მით უმეტეს, რომ წიგნი ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურადაა შედგენილი”.

როცა სტუმარი გვეწვევა...

ღვინის კლუბში გამართული შეხვედრებისა და ქართველ მეღვინეებთან პრივატული საუბრების დროს, ხშირად იკვეთება ერთი მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დღეს ქართულ მეღვინეობას აწუხებს. ეს არის სხვადასხვა ტიპის ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული ინფორმაციის დეფიციტი. ღვინით დაინტერესებული ჩვენი მოქალაქეების ერთ ნაწილს განსხვავებული დასახელების ქართული ღვინის შესახებ ხშირად მხოლოდ ლეგენდების დონეზე სმენიათ. მაგალითად, ყველაზე ცნობილი ლეგენდა ისაა, რომ კარგი წითელი ღვინო აუცილებლად ჭიქაში სქელ და ბლანტ ლექს უნდა ტოვებდეს, რომ კარგი ღვინო მხოლოდ დალევის მეორე დღეს, ნაბახუსევობის სიმძიმის ხარისხით განიზომება, ქვევრი სიბინძურის წყაროა და მის ჯეროვნად მოვლას ვერავინ შესძლებს და სხვა... აღნიშნული წიგნის პრეზენტაციაზე შეკრებილი ადამიანების აზრით, ”ქართულ ღვინის გზამკვლევში” ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი ნიუანსია განმარტებული, რაც ნებისმიერ ადამიანს აუცილებლად გამოადგება.

გია ნაცვლიშვილი, მუსიკოსი: ”მე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, ვინც განსაკუთრებულად ელოდა მალხაზის ამ წიგნის გამოსვლას. ველოდი თუნდაც იმიტომ, რომ ვიცოდი, აუცილებლად გავიგებდი ბევრ ისეთ რამეს, რასაც ზოგადად, პირად საუბრებში ნაკლებად გაიგებ. ჯერ წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ახლა ვფურცლავ და უკვე ვნახე ბევრი საინტერესო რამ. განსაკუთრებით ღვინოების ხარბედიასეული მოქნილი ენით აღწერები და დახასიათებები მომწონს. მალხაზი ისე აღწერს კონკრეტული ღვინის გემოს, სურნელს და არომატებს, რომ აუცილებლად გაგიჩნდება ამ ღვინოების შეძენის სურვილი. ერთ დღეს ყველა ქართულ ღვინოს რა თქმა უნდა ვერ შევიძენთ, მაგრამ გზაკვლევი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიტუაციაში გადავშალოთ და დასკვნების გამოტანაში დაგვეხმაროს”.

წარმოვიდგინოთ, საქართველოში ისედაც ძალიან ადვილად წარმოსადგენი სიტუაცია. თბილისში (და საერთოდ - ქალაქად) მცხოვრებ ადამიანს განსაკუთრებით საპატიო სტუმრები ეწვივნენ. ოჯახის უფროსი, როგორც ამ დროს ხდება, დაფაცურდება და დაიწყებს საჭმელ-სასმელზე ზრუნვას. მისი საფიქრალი კი უპირველეს ყოვლისა ღვინოს დასტრიალებს. რომელი ღვინო იქნება უკეთესი იმ კერძებთან. რის მომზადებასაც ოჯახი აპირებს?! ღვინო ხომ ხშირ შემთხვევაში არამხოლოდ სუფრის ხარისხს, სუფრაზე მსხდომი ადამიანების განწყობებსაც განსაზღვრავს... პარლამენტარი ნიკა ლალიაშვილის თქმით, მას სწორედ ასეთ დროს გამოადგება ”ქართული ღვინის გზამკვლევი”, რადგან მასში სხვა მრავალ საინტერესო საკითხებთან ერთად, კერძისა და ღვინის შეხამებებიცაა განმარტებული.

ნიკოლოზ ლალიაშვილი, პარლამენტარი:”მალხაზთან ხშირად მქონია საუბარი იმაზე, თუ რომელ კერძთან როგორი ღვინის მიყოლებაა უკეთესი. ტელეფონზეც კი დამირეკავს მისთვის, როდესაც ღვინის შეძენას ვაპირებდი და რჩევა მჭირდებოდა. ახლა, როდესაც ეს წიგნი ხელში მაქვს, უკვე მეც ადვილად შევძლებ ასეთი პრობლემების მოგვარებას. მით უმეტეს, რომ ყველაფერი ძალიან ზუსტად არის ახსნილი და განმარტებული. ვისაც ქართული ღვინო უყვარს და აინტერესებს, ყველას მინდა მოვულოცო ”ქართული ღვინის გზამკვლევის” გამოცემა, რადგან ბევრად უფრო გაგვიადვილდება არჩევანის გაკეთებაცა და სასურველი ხარისხის მიგნებაც. პირადად მე, ამ წიგნს მთელი ცხოვრების მანძილზე გამოვიყენებ”.

რა დავლიოთ, როგორ დავლიოთ, რასთან ერთად დავლიოთ...

”ქართული ღვინის გზამკვლევის” ავტორს, ღვინის კლუბის პრეზიდენტს, მალხაზ ხარბედიას მიაჩნია, რომ მის მიერ შედგენილი წიგნი მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ გზაზე, რასაც ღვინოსთან დაკავშირებული თანამედროვე ქართული ლიტერატურა შეიძლება ეწოდოს. ღვინის კლუბის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უკვე არაერთი საინტერესო ბროშურა, წიგნი და ბუკლეტი გამოიცა. გრძელდება ახალ წიგნებზე მუშაობა, რომელთა უმთავრესი დანიშნულება რასაკვირველია ღვინოსთან დაკავშირებული ზოგადი ცოდნის ამაღლებაა. კონკრეტულად ”ქართული ღვინის გზამკვლევი” კი მალხაზ ხარბედიას რამდენიმეწლიანი შრომის შედეგი გახლავთ.

მალხაზ ხარბედია, მწერალი, ღვინის კლუბის პრეზიდენტი: ”მე და ჩემი მეგობრები, ვინც ამ წიგნზე ვმუშაობდით, ვეცადეთ, რომ წიგნი რაც შეიძლება ინფორმაციული გამოსულიყო და ბევრი პრაქტიკულად გამოსაყენებელი რჩევაც ყოფილიყო. ბოლო წლების მანძილზე ყველა ვხედავთ, რომ ქართული ღვინის ხარისხი შესამჩნევად გამოსწორდა და ბევრმა ღვინის დიდმა თუ პატარა კომპანიამ გააუმჯობესა წარმოებული ღვინის ხარისხი. ამას ჩვენ, ღვინის კლუბის წევრები ვხედავთ და გვიხარია, მაგრამ ქართულ მეღვინეობაში მიმდინარე პროცესები ფართო საზოგადოებისათვის ხშირად უცნობი რჩება. წიგნის ერთ-ერთი მიზანი მომხმარებლებისათვის სწორედ იმ ღვინოების გაცნობააა, რომლებიც დღეს იწარმოება და ჩვენი აზრით, უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებენ.

წიგნში რასაკვირველია არ არის ყველა ქართული ღვინო აღწერილი, რაც დღეს ბაზრაზე არსებობს, თუმცა მკითხველს თანამედროვე ქართულ ღვინოზე მეტ-ნაკლებად ნამდვილად შეექმნება წარმოდგენა. ასევე “ქართული ღვინის გზამკვლევში“ მითითებულია, თუ რომელი ქართული კომპანია როგორ ღვინოსა და ჭაჭას აწარმოებს და რაც მთავარია, სად შეიძლება ამ სასმელის შეძენა. წიგნი, როგორც ხედავთ, უკვე გავიდა ქსელში და მკითხველები ყველაზე კარგად შეაფასებენ მას. მე კი განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს უნდა ვუთხრა, ვინც წიგნის გამოცემაში დამეხმარა. რომ არა ეს ხალხი, მხოლოდ საკუთარი ძალებით “ქართული ღვინის გზამკვლევის“ გამოცემას ნამდვილად ვერ შევძლებდი“.

თბილისში არსებობს რამდენიმე საკმაოდ კარგი ღვინის მაღაზია, სადაც ყველას შეუძლია ხარისხიანი ღვინის შეძენა. თუმცა, როდესაც ღვინის მაღაზიაში შედიხარ და არჩევანი ძალიან დიდია, რასაკვირველია ადამიანს უჭირს სასურველი არჩევანის გაკეთება. “ქართული ღვინის გზამკვლევი“ ამიერიდან არამხოლოდ არჩევანის გაკეთებაში დაგვეხმარება, საშუალებას მოგვცემს, კარგად გავერკვეთ რას დავლევთ, როგორ დავლევთ და რასთან ერთად დავლევთ. არადა, ხშირად სწორედ ეს ერთი შეხედვით მარტივი რამაა ყველაზე რთული და ძნელად გადასაწყვეტი.

© ღვინის კლუბი/Weekend



ძალიან მოხარული ვარ ამ წიგნით. ჯერ-ჯერობით სამაგიდო წიგნად კი არა, გულის ჯიბის წიგნად მაქვს ქცეული. (იმედი მაქვს ამის გამო მავანნი მეც საბჭოთად და სტალინად არ მომიხსენიებენ)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული