Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის დიდი გამარჯვება

ნინა ახლოური

     წელს ლონდონში ჟურნალ "დეკანტერის"  ღვინის მორიგი საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. ბოლო წლებში თითქოს შევეჩვიეთ, რომ ქართული ღვინის კომპანიები საერთაშორისო კონკურსებსა თუ გამოფენებზე ზედიზედ მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდნენ, ღებულობდნენ ოქროს, ვერცხლის მედლებსა და საპატიო დიპლომებს. შესაბამისად, ქართული ღვინის მოყვარულები თუ მხარდამჭერები ახლაც პოზიტიური შედეგების მოლოდინში იყვნენ, თუმცა იმ გამარჯვებას, რომელიც ქართულმა ღვინომ მოიპოვა, არავინ ელოდა. ეს ალბათ იმიტომ, რომ აქამდე არცერთ ქართულ ღვინოს საზღვარგარეთ ოქროს გრან-პრი არ აუღია. დიახ, საქართველო ამჯერად უმაღლესი პრიზის მფლობელები გახდა - "ბადაგონის" მიერ ჩამოსხმულმა ალავერდის მონასტრის საფერავმა რეგიონალური ჯილდო (Regional Trophy) მოიპოვა.
     დიდი ოქროს მედალი ალავერდის მონასტრის მარანში წარმოებულ ღვინოს გადაეცა 10 ფუნტზე მეტი ღირებულების წითელი ღვინის ნომინაციაში. ეს არის რეგიონალური ჯილდო აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მასშტაბით. თავად გამარჯვებული წითელი მშრალი ღვინო მუხის კასრებშია დავარგებული. ესაა დონატო ლანატის ტექნოლოგიით 2007 წელს დაყენებული საფერავი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "ბადაგონის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი სალაყაიამ ამ მოვლენას "ქართული ღვინის მორიგი საერთაშორისო აღიარება" უწოდა, რთულია ასეთი ღირსშესანიშნავი ფაქტი მხოლოდ მორიგ გამარჯვებად მიიღო. ეს არის "დეკანტერის" მიერ ქართული ღვინის პირველი დიდი აღიარება, რაც მომავალში აუცილებლად ხელს შეუწყობს არა მხოლოდ კომპანია "ბადაგონის", არამედ ზოგადად ქართული ღვინის პრესტიჟის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.
     ალავერდის ეპარქიის წინამძღოლი, ამბა ალავერდელი, მიტროპოლიტი მეუფე დავითი მიიჩნევს, რომ ეს გამარჯვება დიდი სიხარულის მომტანია. მეუფემ ასევე მითხრა, რომ ალავერდის მონასტრის მარანში წარმოებული ღვინის ასეთი მნიშვენლოვანი აღიარება სიმბოლური დატვირთვის მატარებელი უნდა იყოს. ამას იგი ღვთის წყალობად მიიჩნევს. ჩემი მხრივ კი, დავამატებდი, რომ ბერების დაყენებულ ღვინო მართლაც ყოველთვის გამორჩეულია ხოლმე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ალავერდის ღვინო საქართველოს ეპარქიებში საეკლესიო რიტუალებისთვის გამოიყენება.
     ალავერდის მონასტრის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროექტი 2005 წელს დაიწყო. მას ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და ღვინის კომპანია "ბადაგონი". ალავერდის მარანის რესტავრაციაც, რომელიც "ბადაგონის" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, სწორედ ამ დიდი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გახლდათ. პირველი საფეხური არქეოლოგიური გათხრები იყო, რომელმაც დაადგინა, რომ ძველი მარანი XI – XII საუკუნეებით თარიღდება. მარნის ეზოში არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი თითქმის ყველა ასაკის ქვევრია გამოფენილი. ყველაზე ძველი – XII საუკუნის ან უფრო ადრინდელი ხანისაა, ახალგაზრდა კი XX საუკუნის. გათხრების დამთავრების შემდეგ, 2006 წელს, აღდგენილ მარანში პირველად ჩამოისხა საფერავის ღვინო, რომელიც ახლა ფრანგული მუხის კასრებში ინახება. რა თქმა უნდა, ბადაგონი მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით არ შემოიფარგლა – თუ მონასტრის საძმოს წევრები ღვინის დაწურვაზე შრომობენ, დაღვინება კომპანიის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ ხდება.
     დღესდღეობით, ალავერდის მარანში ღვინო ორნაირი მეთოდით იწურება – ტრადიციული ძველქართულითა და ევროპულით. შესაბამისად, არის ტრადიციული ქვევრებიანი და ევროპული, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი დარბაზები. ტრადიციული კახური ტექნოლოგიის კონსულტანტი ცნობილი ქართველი პროფესორი და სპეცალისტი, ბატონი თეიმურაზ ღლონტია, ევროპული ღვინოები კი, ცხადია, დონატო ლანატის მეთვალყურეობის ქვეშ ღვინდება. ისე კი, ორივე სახის ღვინისთვის ყურძენი თანამედროვე საჭყლეტებით იწურება, საწნახელის გარეშე. ალბათ ამაშია ალავერდის ღვინის წარმატების საიდუმლო – ძველი და ახალი ტრადიციების გონივრული შერწყმით საუკეთესო შედეგის მიღებაა შესაძლებელი.
     მინდა, ამ წარმატების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი. "დეკანტერი" მსოფლიოში, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და გავლენიანი ღვინის ჟურნალია, ყდაზე ყოველთვის მოჰყვება კიდეც ასეთი წარწერა (The World’s Best Wine Magazine). იგი 1975 წელს დაარსდა და დღეს ყოველთვიურად 90 ქვეყანაში ვრცელდება. მას დამსახურებულად უწოდებენ ღვინის ბიბლიას, რადგან ძალიან მრავლისმომცველ ინფორმაციას შეიცავს ღვინოზე, მისთვის წერენ საუკეთესო ექსპერტები და სომელიეები. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ერთგვარი გიდი ღვინის სამყაროში - რეკომენდაციებით, მიმოხილვებით, ინდუსტრიის სიახლეებით. ჟურნალი იყენებს ღვინის შეფასების ხუთვარსკვლავიან სისტემას, რომელიც თავის დროზე მაიკლ ბროდბენტმა დაამკვიდრა. ჟურნალმა ღვინის საერთაშორისო კონკურსს 2004 წელს ჩაუყარა საფუძველი. ამ უკანასკნელმა მალევე მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და გავლენიანი კონკურსის სახელი მსოფლიოს მასშტაბით. ჟიურის, რომელიც დაკომპექტებულია ექსპერტებით მთელი მსოფლიოდან, ხელმძღვანელობს ბრიტანელი სტივენ სპურიე, ასევე ცნობილი ღვინის ექსპერტები და ჯილდოები, რომლებსაც ისინი გასცემენ, ძალიან პრესტიჟულია. ფაქტიურად, მიიღო "დეკანტერის" ჯილდო, ნიშნავს მიიღო საერთაშორისო აღიარება. ალავერდის ღვინომ კი უმაღლესი, რეგიონალური ჯილდო დაიმსახურა.
     კონკურსზე შეფასება 20 ქულიანი სისტემით ხდება, რომლის მიხედვითაც შემდეგ ჯილდოები ნაწილდება. ოქროს მედალს 18,5 – 20 ქულის მფლობელი იღებს (ღვინო ფასდება როგორც დიადი, უბრწყინვალესი), ვერცხლისას – 17 – 18,4 ქულიანი (ძალიან კარგი ღვინო), ბრინჯაოსას – 15,5 – 16,9 ქულიანი (კარგი, გამორჩეული ღვინო), 14,5 – 15,4 ქულიან ღვინოს კი სარეკომენდაციო ბეჭედი ეძლევა. წელს წარდგენილი ღვინოების 68.8%-მა ჯილდო დაიმსახურა, მაგრამ მხოლოდ 2.86%-მა მოიპოვა ოქროს მედალი და გრან-პრი. აქვე, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წელს "დეკანტერის" არსებობის მანძილზე ღვინოების რეკორდული რაოდენობა (თერთმეტ ათასამდე) იყო წარდგენილი, ეს ალავერდის ღვინის გამარჯვებას უფრო სახელოვანს ხდის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქართული ღვინის წლევანდელ კონკურსზე "საქართველო – ღვინის სამშობლო" ალავერდის ეს ღვინო ნაკლებად დააფასეს - ის მხოლოდ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. თუმცა ასეთი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა ღვინის სამყაროში.
     წელს ეს კომპანია ბადაგონისა და ალავერდის მარანის პირველი საერთაშორისო აღიარება არ ყოფილა. მანამდე მოლდავეთში, ღვინის ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე Chisinau Wines&Spirits Contest, რომელიც 1992 წლიდან ყოველ გაზაფხულზე ტარდება, ალავერდის თეთრმა ქვევრის ღვინომ საპატიო დიპლომი მიიღო. ბადაგონის თეთრ მშრალ ღვინო "ტრიონს" ოქროს მედალი არგუნეს, "კახურ წარჩინებულს" და "გაუ №5"-ს კი – ვერცხლის მედლები.
     წლევანდელი დეკანტერის ჯილდოები სხვა ქართული ღვინის კომპანიების წარმოებულმა ღვინოებმაც მიიღეს. მათი სრული სია ასე გამოიყურება:
 
ვერცხლის მედალი:
 
თელავის მარანი, კონდოლის ვენახები, საფერავი 2005
თელავის მარანი, ქინძმარაული 2008
 
ბრინჯაოს მედალი:
 
ბადაგონი, ალავერდის ტრადიციები 2007
ბადაგონი, კახური წითელი წარჩინებული 2007
ბადაგონი, ტრიონი 2008
ოროველა საფერავი 2005
თბილღვინო Georgian Valleys მუკუზანი, 2007
თბილღვინო Georgian Valleys, საფერავი 2009
თბილღვინო ხვანჭკარა 2009
თბილღვინო, სპეციალური რეზერვი მუკუზანი 2008
თბილღვინო, სპეციალური რეზერვი საფერავი 2008
თელავის მარანი, მწვანე 2009
თელავის მარანი, ნაფარეული 2008
თელიანი ველი, შარდონე-რქაწითელი 2008
თელიანი ველი, წინანდალი 2007
 
სარეკომენდაციო ბეჭედი:
 
ბადაგონი, კახური წარჩინებული 2008
შატო მუხრანი საფერავი 2007
ჭანდრები ოროველა საფერავი-კაბერნე სოვინიონი 2006
თბილღვინო Georgian Valley ქინძმარაული 2009
თბილღვინო რქაწითელი 2009
თბილღვინო საფერავი 2009
თბილღვინო სპეციალური რეზერვი, წინანდალი, 2008
თბილღვინო წინანდალი 2009
თელავის მარანი, კონდოლის ვენახები მწვანე-კისი 2008
თელავის მარანი, კონდოლის ვენახები რქაწითელი 2007
თელავის მარანი, კონდოლის ვენახები საფერავი-მერლო 2007
თელავის მარანი, მუკუზანი 2008
თელავის მარანი, შარდონე-რქაწითელი 2008
თელავის მარანი, საფერავი 2008
თელავის მარანი, კაბერნე-საფერავი 2008
თელავის მარანი, ტვიში 2009
თელიანი ველი, გაუფილტრავი საფერავი 2007
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული