Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბაროსა - ავსტრალიური მეღვინეობის გული

"ავსტრალიის ყველაზე ცნობილი ღვინის რეგიონი, ადგილობრივი ღვინის ინდუსტრიის გული," - ასე მოიხსენიებენ ბაროსას ოქსფორდის ღვინის ლექსიკონში. ამ საკითხზე დღეს არავინ დავობს: მიუხედავად იმისა, რომ მწვანე კონტინენტზე არაერთი მნიშვნელოვანი მეღვინეობის რეგიონია, ავსტრალიური ღვინო, უპირველესად, ბაროსასთან ასოცირდება.

ავსტრალიური მეღვინეობის ისტორია სიდნეის მახლობლად დაიწყო და კონტინენტის კოლონიზაციის პარალელურად მიმდინარეობდა. იქ, ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე დიდი ბრიტანეთის მთავრობა კატორღელებს აგზავნიდა, რომელნიც გადარჩენისა და თავის გატანისთვის თავდაუზოგავად შრომობდნენ. ზოგიერთი ვაზის მოშენებას და კარგი ღვინის დაყენებასაც ცდილობდა. სხვათა შორის, ამ ღვინოთაგან რამდენიმემ XIX საუკუნის პირველ მეოთხედში ჯილდოებიც კი დაიმსახურა. გამორჩეული იყო ჯეიმს ბასბი, რომელმაც პირველმა გააშენა დიდი ვენახები და შექმნა ისეთი სერიოზული მეღვინეობის რეგიონი, როგორიც ჰანტერის ველია. იმავე პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ღვინის საწარმოებს, რომელთა ნაწილი დღესაც მოქმედებს. ერთი სიტყვით, XIX საუკუნის შუა წლებში ავსტრალიაში ღვინის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს ყველაფერი ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში, ვიქტორიასა და ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხდებოდა.

რაც შეეხება ბაროსას, აქ ყველაფერი განსხვავებულად - კატორღელებისა და იძულებითი შრომის გარეშე მიმდინარეობდა. მეღვინეობის ეს რეგიონი სამხრეთ ავსტრალიის შტატში მდებარეობს (სიდიდით ქვეყნის მეოთხე შტატი, მოსახლეობა - 1, 650 მლნ ადამიანი, დედაქალაქი - ადელაიდა, უმაღლესი წერტილი - 1435 მ, საშუალო ტემპერატურა - იანვარში 29 გრადუსია, ივლისში - 15 გრადუსი.) შტატი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე 1836 წელს გაჩნდა. იმავე პერიოდში დაიწყეს დასახლება თავისუფალმა კოლონიზატორებმა, რომლებიც აქ უკეთესი მომავლისა და ბარაქიანი მიწების საძიებლად მოდიოდნენ. ლამაზბორცვებიან ველს სახელი პოლკოვნიკმა უილიამ ლაიტმა უწოდა. ბაროსა პატარა ქალაქია ესპანეთში, კადისის ახლოს, სადაც ინგლისის, ესპანეთისა და პორტუგალიის ჯარებმა სასტიკად დაამარცხეს ფრანგები. დროთა განმავლობაში ეს ადგილი Barossa Valley-დ, ანუ ბაროსას ველად გადაიქცა.

"ნაღები, სუფთა ნაღები და არაფერი ნაღების გარდა" - ასე შეაფასა ეს ტერიტორია იოჰანეს მენგემ, რომელიც ბაროსას XIX საუკუნის 30-იან წლებში იკვლევდა. განსხვავებით კონტინენტის  დანარჩენი მიწებისგან, სამხრეთ ავსტრალიაში ინგლისელებთან ერთად გერმანელებიც ჩამოდიოდნენ, უფრო ზუსტად, პრუსიული სილეზიის მკვიდრნი. XIX საუკუნის შუა წლებში ერთ-ერთმა სამხრეთავსტრალიურმა კომპანიამ სამი გემი გააგზავნა სილეზიაში. მიწა და სხვა სიკეთეები - ასეთი იყო შეთავაზება მათთვის, ვინც ავსტრალიაში გამგზავრებას და კოლონიების შენებაში დახმარებას დათანხმდებოდა. უკან დაბრუნებულ გემებს 500 სილეზიელი ოჯახი ჩამოჰყვა. ახალჩამოსულები ბაროსაში დასახლდნენ, სადაც მალევე გაჩნდა ლუთერანული ეკლესია, სკოლა და გერმანულენოვანი გაზეთიც კი. ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, ფერმები იყო, რომელთაც პატრონები გულმოდგინედ უვლიდნენ. თითქმის ყველა მათგანმა ვენახიც ჩაყარა. ნისლიანი ალბიონის მკვიდრთაგან განსხვავებით, სილეზიელები ღვინის სმასთან ერთად ვაზის გაშენებაზეც ფიქრობდენენ. მათი წყალობით ცოტა ხანში მთელი ბაროსა რისლინგით მოიფინა. დღეს ეს ჯიში ავსტრალიის ზოგიერთ ნაწილში არაჩვეულებრივ ღვინოს იძლევა, XIX საუკუნეში კი მისგან მძიმე და მაღალალკოჰოლური ღვინო დგებოდა - მწველი მზე ყურძენს ზედმეტად ამწიფებდა. სამაგიეროდ, დიდი რაოდენობით ბრენდის აწარმოებდნენ.

1840-იან წლებში ბაროსაში გაჩნდა ისეთი მარნები, როგორიცაა Jacob’s Creek და Yalumba, რომლებიც დღესაც ავსტრალიის ყველაზე მნიშვნელოვან ღვინის მწარმოებელთა რიცხვშია. მოგვიანებით აქ შირაზი და გრენაშიც გავრცელდა, თუმცა მათგან ძირითადად პორტოს სტილის შემაგრებულ ღვინოებს ამზადებდნენ. საერთოდ, ავსტრალია დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა შემაგრებულ ღვინოთა მწარმოებელ ქვეყნად. ვითარება გასული საუკუნის შუა წლებში შეიცვალა, როდესაც წინა პლანზე მშრალმა ღვინოებმა გადმოინაცვლა - შირაზსა და გრენაშთან ერთად ბაროსაში ნელ-ნელა გავრცელდა კაბერნე სოვინიონი და მალბეკი. ასევე სემილიონი, რომელიც საოცრად სქელ და გაჯერებულ თეთრ ღვინოებს იძლევა. იმ პერიოდში აღმოჩნდა, რომ ბაროსას კლიმატი არც ისე ცხელია და შესწევს უნარი სხვა თვისებებთან ერთად სასმელს ელეგანტურობაც მიანიჭოს. დღესდღეობით ადგილობრივი მწარმოებლები გაცილებით სერიოზულ ღვინოთა დამზადებას ცდილობენ, მათ შორის, ელიტურის.

1951 წელს სამხრეთ ავსტრალიაში ლეგენდარული ღვინის, გრანჯის (Grange) პირველი ვინტაჟი გამოუშვეს, რომელიც იმ პერიოდში Grange Hermitage-დ იწოდებოდა. ის დღემდე რჩება ყველაზე ცნობილ, აღიარებულ და ძვირადღირებულ ავსტრალიურ ღვინოდ. გრანჯის წარმატება გარკვეულწილად ბაროსამაც გაიზიარა (სასმელს რეგიონი არა აქვს მითითებული, მაგრამ ცნობილია, რომ მისი წარმოშობა ნაწილობრივ ბაროსასაც უკავშირდება), მთავარი წვლილი კი შირაზს (საფრანგეთში სირას სახელითაა ცნობილი) მიუძღვის, ჯიშს, რომელმაც ავსტრალიაში მეორე სამშობლო იპოვა. მან ფურორი მოახდინა მსოფლიო ბაზარზე, უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა და კვლავაც იპყრობს მათ გულებს, როგორც ახალი სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო სასმელი. დღეს შირაზი უპირობოდ მიიჩნევა ავსტრალიური მეღვინეობის სიმბოლოდ. ამ ჯიშის ყურძნითYყველაზე ცნობილი რეგიონი კი სწორედ ბაროსაა. აქაური შირაზი სქელია, მდიდრული და სხეულიანი. არომატული გამაც ფართო სპექტრით ხასიათდება. ოზი კლარკი მას  "მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულს" უწოდებს. "მდიდარი, შოკოლადისა და სანელებლების გემოთი, ძალზე დამყოლი, ეს ღვინოები შეიძლება დამაინტრიგებლად სავსეც იყოს და ცხიმოვან-მაგარიც. მწველ მზეზე მარცვალი სწრაფად მწიფდება, იმდენად სწრაფად, რომ მჟავიანობას მოსავლის აღებამდე კარგავს. მეღვინეებს ეს ფაქტი ძალზე აშფოთებთ და ზოგიერთი დადგენილ დროზე ადრე კრეფს ყურძენს, რათა არომატთა სიხალასე და ბუნებრივი მჟავიანობა შეინარჩუნოს" - წერს ის.

XX საუკუნის 70-იანი წლებიდან ბაროსაში მშრალ ღვინოთა წარმოებამ შემაგრებულებს გადააჭარბა - იმ დროისთვის ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებდა. მას შემდეგ ტენდენცია შენარჩუნდა და დღეს ამ რეგიონში შემაგრებული ღვინოები ერთგვარ ეგზოტიკად მიიჩნევა.

მაშ ასე, ბაროსა უმსხვილესი ავსტრალიური რეგიონია, რომელიც ხარისხიან ღვინოს (ძირითადად წითელს) აწარმოებს. ის შტატის დედაქალაქ ადელაიდასთან ახლოს (70 კმ-ში) მდებარეობს. ბაროსას ესაზღვრება გრილი კლიმატით ცნობილი ისეთი ველები, როგორიცაა კლერი და იდენი. მათთან შედარებით ბაროსა გაცილებით ცხელია. ზაფხულში (რომელიც დეკემბრიდან თებერვლამდე გრძელდება) ტემპერატურა 29 გრადუსს აღწევს. ამ პერიოდში აქ უხვადაა მზე. შემოდგომა და გაზაფხულიც მზიანია, თუმცა შედარებით გრილი და დღე-ღამეს შორის ტემპერატურული რყევაც საგრძნობია. ზამთარში (ივნისიდან აგვისტომდე) შედარებით ცივი და წვიმიანი ამინდია. თუმცა ეს მაინც პირობითი აღწერაა. საქმე ისაა, რომ ბაროსა უხვადაა მოფენილი ბორცვებით, რომლებიც არაერთგვაროვან კლიმატს განაპირობებს. ზოგიერთი ვენახი შედარებით გრილ მიკროკლიმატურ ზონაში მდებარეობს. აქ დილაობით ნისლია და ტემპერატურაც მკვეთრად იცვლება. ზოგიერთი - მზის გულზეა განლაგებული და ვაზიც თავს უკეთ გრძნობს. ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ ბაროსა ძალზე "ტერუარული" ადგილია.

ვეგეტატიურ პერიოდში მინიმალური ოდენობის ნალექი მოდის, უფრო ზუსტად, ნალექი თითქმის არ არის. ავსტრალიაში ზოგადად წყლის პრობლემაა და გამონაკლისს არც ბაროსა წარმოადგენს. ფართოდაა გავრცელებული ხელოვნური მორწყვა (წვეთოვანი), განსაკუთრებით იმ ვენახებში, სადაც დიდი ხნის ნარგავებია. მათი რიცხვი კი ბაროსაში არცთუ მცირეა და ისინი შესანიშნავ ღვინოს იძლევა. ზოგიერთი ვაზის ასაკი 150 წელსაც აღწევს. თუმცა ისეც არ უნდა ჩავთვალოთ, რომ შირაზის გარდა ამ ადგილებში არაფერი ხარობს. ბაროსას ველზე წარმატებულად ავლენენ თავიანთ თვისებებს სხვა ჯიშებიც. მაგალითად, კაბერნე სოვინიონი, რომელიც მძლავრ, კარგად სტრუქტურირებულ ღვინოს იძლევა; ასევე გრენაში და მურვედრი, რომელსაც ადრე მატაროს ეძახდნენ. თეთრი ჯიშებიდან ხარობს სემილიონი (აქ ავსტრალიაში საუკეთესო სემილიონი იზრდება - მდიდარი, გაჯერებული, სქელი) და რისლინგი (სილეზიიდან გადმოსახლებულთა მემკვიდრეობა). მაგრამ ადგილობრივი მეღვინეები ამით არ კმაყოფილდებიან. ავსტრალია იოლად იღებს ნოვაციებს ამ სფეროში და გამონაკლისი არც ბაროსაა. ბოლო წლებში ისეთი იშვიათი ჯიშები გამოჰყავთ, როგორიცაა თეთრი სავანიენი საფრანგეთის რეგიონ ჟიურადან, პორტუგალიური წარმოშობის ტურიგა ნასიონალი და ტრადიციული ესპანური ტემპრანილიო.

ბაროსა ცნობილია არა მხოლოდ მონოსეპაჟური ღვინოებით. აქ დამკვიდრდა და პოპულარულია ისეთი კუპაჟები, როგორიცაა შირაზს + ვიონიე, კაბერნე სოვინიოს + შირაზი. ორივე შეხამება ძალზე საინტერესოა: პირველი ჩრდილოეთ რონისთვისაა დამახასიათებელი და მისი ანალოგიით მზადდება, მეორე - ტიპური ავსტრალიური კუპაჟია.

ბაროსას ველი ღვინის ტურიზმის მოყვარულთა შორისაც პოპულარულია. ულამაზესი ბუნება და უამრავი მარანი, სადაც სტუმრებს სიამოვნებით ელიან, გულგრილს არავის ტოვებს. ამას ემატება ადგილობრივი სამზარეულო, რომელიც ისეთივე გამორჩეული და მდიდარია, როგორც აქაური ღვინო. ბაროსელთა ძირითადი კოზირი მრავალფეროვანი ხორცეულია. აქ შეგიძლიათ კენგურუს ხორციც კი გასინჯოთ, თუმცა ეს არ არის მათი მთავარი კერძი. მთავარი ბაროსაში და ზოგადად, ავსტრალიაში, საქონლის უგემრიელესი სტეიკია, რომელიც მსოფლიოშია განთქმული. ხორცთან ერთად მასპინძლები სხვადასხვა სახეობის უგემრიელეს ყველს, ხილს და ბოსტნეულს, ასევე ადგილობრივ დელიკატესს - ზეითუნის ზეთსაც შემოგთავაზებენ. ერთი სიტყვით, არჩევანი დიდია. მთავარია, ძალიან მოინდომოთ და როგორმე ბაროსაში აღმოჩნდეთ.     

მოამზადა ნანა კობაიძემ           

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.