Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პრობლემა - ღვინის ფალსიფიკაცია

ლევან სეფისკვერაძე

29 ოქტომბერს, ღვინის კლუბის ტრადიციულ ლექცია–სემინარზე, რომელიც ენოლოგმა გიორგი სამანიშვილმა ჩაატარა, მთავარი განსახილველი თემა, საქართველოში ღვინის ფალსიფიკაცია იყო.

ქართული მეღვინეობა ათწლეულებია ფალსიფიკატორთა წყალობით მრავალი პრობლემის წინაშე დგას და ეს უპირველეს ყოვლისა ქართული ღვინის და ზოგადად მეღვინეობის პრესტიჟს ვნებს. ამას გარდა, ფალსიფიკატორები მომხმარებლის გემოვნების დეგრადაციასაც “უწყობენ ხელს“ და დღეს ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც სრულიად გულრწფელად ამბობენ, რომ ნატურალურ ღვინოს გემოთი ე.წ. გაკეთებული ღვინო ურჩევნიათ და პირადი მოხმარების დროსაც უპირატესობას ფალსიფიცირებულ სასმელს ანიჭებენ.

1998 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ “ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ ზუსტად და ლაკონურადაა განმარტებული თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ღვინო ფალსიფიცირებულად და რა შემთხვევაში უნდა მოხდეს კანონით გათვალისწინებული ბერკეტებისა და მექანიზმების ამოქმედება. ამ კანონმა შემდგომში რამდენჯერმე განიცადა ცვლილება და საბოლოო რედაქციაში ვკითხულობთ:

“ფალსიფიცირებულად ჩაითვლება ღვინოპროდუქცია, თუ: ა) მას დამატებული აქვს ისეთი ნივთიერება, რომელიც არ არის დაშვებული კანონით ან/და ნებადართული ტექნიკური რეგლამენტით, ან პირდაპირ აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით; ბ) მისი წარმოების პროცესში გამოყენებულია დამუშავების ისეთი მეთოდი, რომელიც არ არის გათვალისწინებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით; გ) მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით მის ეტიკეტზე ან თანმხლებ დოკუმენტებში ადგილწარმოშობის დასახელება და სასაქონლო ნიშანი გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

7. გამოვლენილი ფალსიფიცირებული პროდუქციის წარმოებისათვის საწარმოს ხელმძღვანელსა და სხვა პასუხისმგებელ პირებს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

8. ფალსიფიცირებული პროდუქტი ამოღებული უნდა იქნეს სავაჭრო ქსელიდან და საწარმოდან. მისი გადამუშავების ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიისა და “სამტრესტთან“ შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის დასკვნების საფუძველზე“.

როგორც ზემოთაღნიშული კანონის პრემბულაში ვკითხულობთ: “ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის, განვითარებას, კონკურენტუნარიანი ყურძნის, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვას“.

მიუხედავად იმისა, რომ გამყალბლებლების მიმართ კანონი ერთმნიშვნელოვნად მკაცრია, თითოოროლა შემთხვევის გარდა, ფაქტობრივად ვერავინ გაიხსენებს გამყალბებლების მასობრივად გამოვლენის შემთხვევებს. განსაკუთრებით კი  ჩვენი საუკუნის დასაწყისში, როდესაც ღვინის ფალსიფიკაციამ განსაკუთრებულად დიდ მასშტაბებს მიაღწია.

ღვინის ექსპერტი, ენოლოგი გიორგი სამანიშვილი ფიქრობს, რომ დღეს ფალსიფიკატორები განსაკუთრებით დიდი მასშტაბით ე.წ. “ჩამოსასხმელ ღვინოს აწარმოებენ და ბოთლირებული ღვინის მწარმოებლებში ფალსიფიკაცია იშვიათი მოვლენა გახდა. თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოში ბოთლის ღვინის მწარმოებლები არასოდეს სცოდავენ.

გიორგი სამანიშვილი, ღვინის ექსპერტი: “ფალსიფიკაციას პირველ რიგში მოხმარებლები, კონკრეტულად კი მომხმარებელთა ნაკლებინფორმაციულობა უწყობს ხელს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეკონომიკური მხარეც. ყველამ კარგად ვიცით ჩვენს ქვეყანაში ქელეხების, ქორწილების, ე.წ. ორმოცებისა და მსგავსი დღეების აღნიშვნის ტრადიციების შესახებ. ბევრ ოჯახს არ გააჩნია საიმისო სახსარი, რომ ნატურალური ღვინით გააკეთონ ასეულობით ადამიანზე სუფრები. ამიტომ იაფფასიან, გაკეთებულ ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას. მე ამ ტრადიციებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ფალსიფიკაციის სენისგან განკურნება პირველ რიგში მომხმარებლებიდან რომ უნდა დაიწყოს – ცხადია.

ყველანაირი კვლევა ადასტურებს, რომ დღეს ფალსიფიკაცია ე,წ. ჩამოსასხმელი ღვინის სეგმენტზე არის განსაკუთრებით ფართო. უკანასკნელ პერიოდში მე ფაქტობივად აღარ მინახავს ფალსიფიცირებული ბოთლის ღვინო ჩვენს ქვეყანაში. თუმცა უცხოეთში გატანილ ქართულ ღვინოს ხშირად პრობლემა ის აქვს, რომ ღვინის ეტიკეტზე სხვა რამ წერია, ბოთლში კი სხვა ღვინო (შეიძლება ხარისხიანი მაგრამ მაინც სხვა) ასხია, რაც თავის მხრივ სწორი რა თქმა უნდა არაა. მიუხედავად პრობლემებისა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ხელშეწყობისა და მომხმარებელთა ცოდნის ამაღლების პირობებში, საქართველოში ღვინის ფალსიფიკაციის პრობლემა აუცილებლად დაიძლევა. უბრალოდ ჩვენი სურვილია, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს“.

რუსეთში მცხოვრები ღვინის სპეციალისტი, ნუკრი ქურდაძე, რომელიც ჩვენს გაზეთთანაც თანამშრომლობს,  თავის ერთ–ერთ სტატიაში: “ქართული ღვინო და რუსეთის ბაზარი“ რუსეთში მოქმედ ქართული ღვინის გამყალბებლებზე მეტად საინტერესო მოსაზრებებს აყალიბებს. იგი ამბობს, რომ 2006 წლამდე, ანუ რუსეთის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის პირველ (და იმედია უკანასკნელ) ემბარგომდე, ყალბი ქართული ღვინის უდიდესი ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზე მზადდებოდა.

“რაც შეეხება ღვინოს, გამყალბებლები მართლაც რომ შესაშურ ენთუზიაზმს ავლენდნენ და განსაკუთებული "კრეატიულობით" გამოირჩეოდნენ. მაგალითად: ეკატერინბურგის ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახე ე.წ. ქართული ღვინო "შატო მუკუზანი", რომელიც იაფფასიანი ბრენდის ბოთლში იყო ჩამოსხმული და მის ეტიკეტზე რატომღაც შუა საუკუნეების აფრიანი ხომალდი იყო გამოსახული. "მეკობრეების კორპორაცია" - პირველი, რასაც გაიფიქრებდით ამ უბედურების შემყურე. ან, მაგალითად, ვლადიკავკაზში ჩამოსხმული "თამადა" ფირმის მიერ, რომელიც დარეგისტრირებული იყო მრავლისმთქმელ მისამართზე "ул. Неизвестного солдата д.1". სხვათა შორის, ჩრდილოეთ ოსეთს საპატიო ლიდერის ადგილი ეჭირა რუსეთში სასმელის გაყალბებისა და კონტრაბანდის მაჩვენებლით.

სამწუხაროდ, არსებობდა გაცილებით დიდი მოცულობა ე.წ. ქართული ღვინისა, რომელიც მუშაობდა დაბალ საფასო სეგმენტში. მათი ნაწილი, რომელიც იწარმოებოდა საქართველოში, იყო საეჭვო ხარისხის, ხოლო გაცილებით დიდი ნაწილი - მზადდებოდა რუსეთში. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად პრესტიჟული უნდა ყოფილიყო 10-12-მილიონიანი ხარისხიანი ქართული ღვინის კატეგორია, რომ 3-4-ჯერ მეტ გაყალბებულ ღვინოსთან "თანაარსებობის" პირობებში მაინც ახერხებდა განვითარებას და ეკავა საპატიო ადგილი მსოფლიო მეღვინეობის ლიდერი ქვეყნების გვერდით.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ აღნიშნული ყალბი ქართული ღვინის უდიდესი ნაწილი მზადდებოდა რუსეთის ტერიტორიაზე. ძნელი წარმოსადგენია ასეთი მასშტაბების კონტრაფაქტული და გაყალბებული პროდუქციის არსებობა, მაგალითად, ჰოლანდიის ან ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე“ – წერს ნუკრი ქურდაძე

ფალსიფიკაცია დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითაც. კოდექსის 197–ე მუხლში ფალსიფიკაცია შემდგენაირადაა განმარტებული: “ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ანდა რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“. სავალალო შედეგამდე და სიცოცხლის მოსპობამდე იმედია საქმე არ მივა, თუმცა ფალსიფიკაციის დანაშაულებრივი მხარე მართლაც რომ დიდია, ამაზე ღვინის ექსპერტები დღეს უკვე აღარ კამათობენ.

დათო ჩიჩუა, მეღვინე, ღვინის სპეციალისტი: “როდესაც ფალსიფიკაციაზე ვსაუბრობთ, მოდით პირველ რიგში ვთქვათ, რომ სხვადასხვა სახის ფალსიფიკაცია არსებობს. ჩვენ ფალსიფიკაციაში ხშირად ნატურალური ღვინის ფალსიფიცირებას ვგულისხმობთ. ეს არის ყველაზე გავრცელებული ფალსიფიკაცია, როდესაც მასიური მოხმარების ღვინოზეა ლაპარაკი. ე.წ. შაქარწყლიან ღვინოს ძირთადადად აკეთებენ გლეხურ მეურნებაში და იქ ხდება ჭაჭაზე შაქარწყლის დასხმა. ევროპულ ღვინოში ფალსიფიკაცია (ამ ტიპის) ნაკლებად ხდება, წყლის და შაქრის დამატებას ისედაც თხელი ღვინო ვერ იტანს. აი ჭაჭის შემთხვევაში კი შესაძლებელი ხდება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. თუმცა არსებობს ამ პრობლემის მოგვარების გზები. აქ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება საჭირო, რომ ფალსიფიცირებული ღვინო იყოს შემოწმებული და ფალსიფიკატორები იყვნენ დასჯილი. ეს ჩვენთან არ ხდება, რაც პრობლემის სათავეა.

სახლში ადამიანი რას გააკეთებს, ეს მისი საქმეა და მას ვერ ავუკრძალავთ პირადი მოხმარებისათვის შაქრიანი ღვინის წარმოებას. მთავარია ნუ გაყიდის ამ ღვინოს. დღეს დასავლეთ საქართველოში სამწუხაროდ თითქმის ყველა ოჯახში გაკეთებული ღვინოა. ფაქტია, რომ ჩვენი ღვინის რაოდენობით შიდა ბაზარსაც კი ვერ ვაკმაყოფილებთ და რუსეთის ბაზრის გახსნის პირობებში ეს კიდევ უფრო გაჭირდება, თუკი ვენახების ფართობები არ გაიზრდება საქართველოში. უმთავრესია მომხმარებელს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია და გაიზარდოს ცხოვრების დონე. თვითონ მიმხმარებელს არ უნდა უნდოდეს გამყალბებელთა “მსხვერპლად“ გახდომა.

ფალსიფიკაციაა ასევე ისიც, როდესაც ხდება ჰობრიდული ჯიშებით ღვინის დაყენება და სხვა ჯიშებად გასაღება. ასევე ხდება ადგილწარმოშობისა და ჯიშის გაყალბება. მაგალითად, როდესაც საფერავით ხდება ხვანჭკარის ფალსიფიკაცია ან სამთაწყაროს ყურძნით ქინძმარაულის ფალსიფიცირება და სხვა... აქ კონტროლი უფრო რთულია და ამ ტიპის ღვინის შემოწმება მე საკმაოდ შორეული პერსპექტივა მგონია“.

ღვინის ფალსიფიკაციის სახეებია: პროდუქტის ფალსიფიცირება, ღვინის მაგივრად სუროგატის შექმნა, აკრძალული ოპერაციების და ნივთიერებების გამოყენება, ეტიკეტის ფალსიფიცირება და არასწორი მინიშნება: ადგილწარმოშობის, ჯიშის, მწარმოებლის, ქვეყნის, მეთოდის და სხვა..

როგორც გიორგი სამანიშვილი განმარტავს, დღეს განსაკუთრებით პრობლემურია “ეტიკეტის ფალსიფიცირება” და არასწორი მინიშნება, მიმსგავსება: გეოგრაფიული ადგილის, ყურძნის ჯიშის, მოსავლის წლის, მწარმოებლის, ქვეყნის, მეთოდის  და სხვა. მისივე თქმით, ფალსიფიცირების უარყოფითი მხარეებია ისიც, რომ მთლიანობაში მომხმარებელი იხდის უფრო ძვირს ვიდრე ღირს პროდუქტი. ამას გარდა, პროდუქტი შეიძლება საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის და რაც ყველაზე ცუდია, მომხმარებელი კარგავს ნდობას პროდუქტისადმი, რითაც ზარალდება პატიოსანი მწარმოებელი.

გიორგი სამანიშვილს, დავით ჩიჩუას და ქართული ღვინის სპეციალისტების უმეტესობას მიაჩნიათ, რომ ღვინის ფალსიფიკაციის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგვარდება. თუმცა, ეს ადამიანები ამბობენ, რომ მოვლენების მშვიდად დალოდებას აჯობებს, რომ მომხმარებელთა ცოდნის ამაღლებაზე ვიზრუნოთ. ამისათვის აუცილებელი სხვადასხვა სახის ლექციები, სემინარები, ტრენინეგები, ღვინის ფესტივალები (ამ ყველაფერს ღვინის კლუბი ხშირად ატარებს, თუმცა ეს, ბუნებრივია, არაა საკმარისი) და ნატურალური ღვინის პოპულარიზაცია განსაკუთრებით ახალგაზრდებში. სწორედ მეღვინეობის კუთხით განათლებული ახალგაზრდები იძლევიან იმის იმედს, რომ გაკეთებული ანუ შაქარ–წყლიანი ღვინო ქართული ბაზრიდან კლიენტურის არყოლის გამო უბრალოდ გაქრება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული