Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნუკრი ქურდაძე, ფაფრის ველი, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (46)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

 მევენახეობა-მეღვინეობის ჩანაფიქრი საკმაოდ დიდი ხნის წინ გამიჩნდა, მისი ხორცშესხმა კი 2004 წლიდან დავიწყე. პირველ რიგში, კახეთში, ფაფრის მინდვრებზე ვენახების შეძენა-მოშენებით დავკავდი. მიწის და გარემო პირობების ანალიზის შედეგად შერჩეული იქნა სპეციალური საძირეები და შემდგომ პროცესები ბიოტექნოლოგიების გამოყენებით განვითარდა. ამჟამად მეურნეობა გარდამავალ პერიოდშია და 2014 წლიდან სერტიფიცირების ორგანოს შპს "კავკასსერტის" ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. 2008 წლიდან კომპანია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრია. მიუხედავად ბიო სტატუსისა, ვიყენებ ბიო დინამიკისა და ნატურალური მევენახეობა მეღვინეობის ელემენტებსაც, ვიმუშავებ ჩემ მეთოდს ამ სამი მიმდინარეობის გათვალისწინებით.  

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

 საფერავი და რქაწითელი, ვენახის საერთო ფართი არის 9.3 ჰა. ვაზის ასაკი სხვადასხვაა: 47, 16 და 8 წელი.  მაქვს კიდევ მოსაშენებელი ფართი.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

 ორი სახეობის ჯიშისგან ვაყენებ ღვინოს - საფერავს და რქაწითელს. ექსპერიმენტის სახით, 2016 წლის რქაწითელთან ვინტაჟში ჩინური ვიხმარე, ასე შეიქმნა ჩინური-რქაწითელი, რომელსაც „ქართლ-კახეთი“ დავარქვი. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ვენახი, მარანი და  სარდაფი ერთ სივრცეშია განლაგებული, ფაქტიურად ეს პირველი მარანი-დომენია ფაფრის მინდვრების ზონაში.

ძნელია ილაპარაკო საკუთარ ღვინოზე, მე მხოლოდ ჩემ ხედვას შევეხები. საქართველოში 500-ზე მეტი ყურძნის ჯიშია და უამრავი ტერუარი. დღეს ჩვენ  ათასწლოვანი ცოდნის აღდგენისა და შესწავლის საწყის ფაზაში ვიმყოფებით, ფაქტიურად ოკეანის პირას. ეს სამუშაო ათეულობით და ასეულობით მეღვინეთა თაობას ეყოფა საინტერესო ღვინოების დასაყენებლად. ჩემი მიზანი ქართული ტრადიციული  მეთოდების გამოყენებით ტერუარის ღვინის შექმნაა. მეღვინეების ყოველმა ახალმა თაობამ  განვითარების გარკვეული ელემენტი უნდა შეიტანოს ამ საქმეში, ამავე დროს,  არ უნდა დაარღვიოს ქვევრის ღვინის იდეოლოგია და კონცეფცია, სხვანაირად ის სახეს დაკარგავს. ყოველივე ამის გათვალისწინებით ვცდილობ ტრადიციისა და მოდერნის შეხების წერტილები ვიპოვო და მიმჩნია, რომ რასაც ვაკეთებ, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

გაყიდვები  ღVino Underground -ში დაიწყო, 2016 წლის ზაფხულში. არც თუ ისე ბევრი ღვინო მქონდა, სულ 1300 ბოთლი, ამიტომ შეზღუდულ ადგილებში იყიდებოდა, თუმცა დღესაც ვერ ვიტყვი რომ ბევრ ადგილზეა წარმოდგენილი     „ფაფრის ველი“  მაგრამ ამის მიზეზი უკვე ექსპორტზე მოთხოვნილების გაზრდაა.   

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ღვინო გადის ოთხ ქვეყანაში: იაპონია, აშშ, ნიდერლანდები და საფრანგეთში. იმ რაოდენობის ღვინისთვის, რასაც ვაწარმოებ, ეს სავსებით საკმარისია. წელს ალბათ მაქსიმუმ ზღვარზე გავალ, საავტორო ღვინო შეუძლებელია დიდი ტირაჟით იწარმოებოდეს.  

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

სირთულეები ყოველთვის თან სდევს ჩვენ საქმეს - დაწყებული ამინდით და ტექნიკით და მუშახელით დამთავრებული.  სირთულეები ძირითადად  ვენახთან არის დაკავშირებული, სადაც ჩემი  შრომის და  70-80% იხარჯება, ამიტომ ჩემ თავს პირველ რიგში მევენახედ ვთვლი, შემდეგ უკვე მეღვინედ.

რაც შეეხება ღვინის სფეროს, უახლოეს პერიოდში ქართული ღვინის ყველაზე მთავარი გამოწვევა იქნება ხარისხიანი ვენახების სიმცირე და ერთგვაროვანი,  ინდივიდუალობას მოკლებული მასობრივი ღვინოების სიმრავლე,  რაც ძირითადად რუსეთისა და ჩინეთის ბაზრით არის განპირობებული. ასეთ შემთხვევაში კატეგორია განწირულია საშუალი საფასო სეგმენტისთვის. არის კარგი ძვრები ამ „მარყუჟიდან“ თავის დასაღწევად, მაგრამ ძალიან ბევრია ამ მიმართულებით გასაკეთებელი.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

–  აქ შეგვიძლია გარკვეული დიფერენცირება შევიტანოთ: თუ ვიგულისხმებთ ღვინის მოხმარებისა და შეფასების კულტურას, საერთო კულტურული ფონის გარეშე ეს ძნელია და ხშირად შეუძლებელი. ღვინის წარმოების კულტურისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, თუმცა აქაც ამ მაგიური სიტყვის გარეშე არაფერი გამოვა, რადგან განსაკუთრებული და საინტერესო ღვინო მხოლოდ  წარმოებისა და ხელოვნების ელემენტების სინთეზის შედეგად  იბადება. რაც უფრო განათლებულია ქვეყნის მოსახლეობა, მით მეტად ერკვევა ღვინოში და სიამოვნებასაც შესაბამისს იღებს. ეს გლობალური კვლევებშიც  ჩანს, არსებობს პირდაპირი კოლერაცია ქვეყნის განვითარებასა და ღვინის მოხმარებას შორის. საქართველოში,  განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, შეინიშნება კარგი ინტერესი ღვინის მიმართ,  რაც ყველა იმედს იძლევა იმისთვის,  რომ ეს პროცესი ჯანსაღი მიმართულებით წავიდეს.

საერთოდ „ღვინო და კულტურა“- ეს ის ფრაზაა,  რომელსაც  გავურბივარ ხოლმე. უპირატესობას ვანიჭებ ღვინოსთან გასაუბრების უნარს. ჩემთან ვენახში დამხმარე  გლეხებს როცა გავასინჯე ღვინო, ერთი ორი ძუნწი სიტყვებით ისეთი შეფასება მიცეს მას, რომ  ძენის ოსტატსაც კი შეშურდებოდა. ეს მუხტი შეუძლებელია არ იგრძნო. ღვინის სერვირებისა და საბაზისო პროფესიონალური ტერმინების სწავლა საკმაოდ ადვილია, ხოლო როდესაც ამ ტერმინებით ხაზგასმულად თავს იწონებენ ჩვეულებრივ გარემოში, მაგალითად ოჯახში მოწვეულ სტუმრებთან, გულუბრყვილო სნობიზმის ატმოსფერო იქმნება ხოლმე რატომღაც. მიუხედავად იმისა, რომ  ხანდახან მასტერკლასები მიმყავს ღვინოზე, როდესაც ანალოგიურ კითხვას მისვავენ, ყოველთვის ვეუბნები რომ  თვით ღვინოზე კარგი მასწავლებელი არავინაა.

გასინჯეთ სხვადასხვა ღვინო, ქართული, უცხოური, ქვევრის, ინდუსტრიული და ა.შ. და დაიჭერთ ღვინოსთან ურთიერთობის სიამოვნებას, თუ მასთან „გასაუბრებასაც“ მოახერხებთ კიდევ უკეთესი. ქართველებს გენეტიკური კოდიც გვიწყობს ამ კარგ საქმეში ხელს.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

დამოკიდებულია იმაზე, თუ დამწყებ მევენახე-მეღვინეს რა მიზანი აქვს: თუ მას სურს შექმნას ღირსეული ღვინო, იფიქროს პირველ რიგში ვენახზე და შემდეგ მარანზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჭირდება გასცდეს სტანდარტულ სტილს, ან მოუწევს ტურისტებისთვის ატრაქციონების მოწყობა. მართალია დიდი პატივს ვცემ ორივე ამ მიმართულებას, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.    

მარნის დასახელება: მევენახეობა- მეღვინეობა  „ფაფრის ველი“

მარნის მისამართი: კახეთი, ახაშენი, ფაფრის მინდვრები.

ტელეფონი: +995 599 17 71 03

ელფოსტა: paparivalley@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/papari.valley

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.